აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბრალდებას ეხმაურება

აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბრალდებას ეხმაურება

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოვლა შენახვისათვის ბიუჯეტიდან 50 მილიონ 880 ათასი ლარი დაიხარჯა,- ამის შესახებ აჭარის საგზაო დეპარტამენტის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მალხაზ ბოლქვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხარაზის ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხარაზს დეპარტამენტისგან ხარჯებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეწოდა.

„რეზო ხარაზს წერილობით გავეცით პასუხი და იქ ზუსტად იყო აღნიშნული, ხელფასები და ყველა ხარჯი რაც საგზაო დეპარტამენტმა 2018 წელს განახორციელა. დანართებით თითოეული მუნიციპალიტეტის ჯამური მოცულობა გადავეცით და მივუთითეთ, რომ დამატებით ჩვენს ვებგვერდზე ენახათ ინფორმაცია, თუმცა ალბათ ამ მითითებამ ხარაზი გააღიზიანა. ვებგვერდზე ასობით დოკუმენტია, რომელსაც ერთი თვე სჭირდება ამოსაბეჭდად და მარტივად მივუთითეთ, ენახათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. რაც შეეხება ხარჯებს, აჭარის საგზაო დეპარტამენტმა 2018 წელს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში 50 მილიონ 880 ათასი ლარი გზის მოვლა- შენახვასა და სხვადასხვა სამუშაოებისთვის დაიხარჯა",- განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელ არჩილ ჩიქოვანს და აჭარის საგზაო დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. როგორც რეზო ხარაზმა განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აიძულებს ინფორმაცია დამალოს, კერძოდ, აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ 2018 წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ. რეზო ხარაზის ინფორმაციით, ოპოზიციას დეპარტამენტიდან საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად არ მიაწოდეს. ის აუდიტის სამსახურს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებს.