თელავში, სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით ისტორიულ ცნობებში აღნიშნულ ნაქალაქარს მიაკვლიეს

თელავში, სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით ისტორიულ ცნობებში აღნიშნულ ნაქალაქარს მიაკვლიეს

დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით ისტორიულ ცნობებში აღნიშნულ ნაქალაქარს - „ტყეტბა-გულგულა“ მიაკვლიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ორგანიზებით ჩატარდა.

შედეგად გამოვლენილია არაუგვიანეს ადრე შუა საუკუნეებისა და განვითარებული შუა საუკუნეებით დასრულებული ნაგებობების ნაშთები და სხვა ქალაქისთვის დამახასიათებელი კომპონენტები, (ეკლესიები, გალავნები, საცხოვრისები და სხვ).

ასევე გამოვლენილია კერამიკული მასალა გვიან ბრინჯაოს პერიოდიდან მოყოლებული განვითარებული შუასაუკუნეებით დასრულებული, რაც მოწმობს იმას, რომ აღნიშნული ტერიტორია ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, XII-XIII საუკუნეებით დასრულებული, ინტენსიურად იყო დასახლებული. ტერიტორია რომელსაც საკმაოდ ვრცელ რადიუსზეა განვითარებული, მრავალ, დღემდე უცნობ და მნიშვნელოვან მასალებს ინახავს.

სამუშაოებს არქეოლოგიის დოქტორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტი გიორგი ლაღიაშვილი ხელმძღვანელობს.