ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი განათლების სამინისტროს ანონიმური წერილის გაყალბებაში ადანაშაულებს

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია განათლების სამინისტროს, იმ ანონიმური წერილის გაყალბებაში ადანაშაულებს, რომელიც მისვე განცხადებით, სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლის საფუძველი გახდა. შენგელია ვარაუდობს, რომ წერილი სკოლიდან არ გაუგზავნიათ, არამედ სპეციალურად ამ საქმისთვის დაიწერა.
„წერილი არის გაყალბებული და ამაში ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებ განათლების სამინისტროს, შემდეგ კი იმ ინსპექტირების თანამშრომლებს, რომლებიც ასე ოპერატიულად შევიდნენ სკოლაში. წერილში არ არის მითითებული, თუ რა დარღვევები იყო სკოლაში, არც თარიღია და არც ხელმომწერი პირი. ყველაზე საეჭვო ის ფაქტია, რომ არსად წერია, რომ საუბარი ზუგდიდის მე-6 სკოლაზეა. გადაშლილია ნაწილი, სადაც სავარაუდოდ სახელი და გვარი უნდა ეწეროს, თუმცა, მისი გადაშლის მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან თუ ია კერზაიაზე იყო საუბარი, რატომ უნდა გადაეშალათ. წერილი ჯერ კიდევ იას გარდაცვალებამდე გამოვითხოვე და მხოლოდ ნაწილი გამომიგზავნეს. მას მერეც ბევრჯერ ვითხოვე გამოეგზავნათ, მეორე გვერდიც, თუმცა დღემდე ვერ მომაწოდეს, სწორედ ეს ფაქტები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წერილი გაყალბებულია, აღნიშნული ტექსტის საფუძველზე, მეორე ტურამდე უნდა მოესწროთ სკოლაში შესვლა“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბაჩანა შენგელიას ხვალ მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. შენგელია ამბობს, რომ გამოკითხვაზე მისი დაბარება გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს და შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოთხოვნით მან ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ მშვიდობიანი აქციაც გამართა.
ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერზაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა.

























