რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით,დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის პარამეტრები, როგორც შემოსულობების, ისე ხარჯების ნაწილში, ადგილობრივი შემოსავლების გათვალისწინებით, 42 729 100 ლარით განისაზღვრა, რასაც ასევე დაემატება სპეციალური ტრანსფერი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

„2019 წელს პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების განხორციელება რჩება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებისთვის, 2019 წლის ბიუჯეტში 3 870 400 ლარია გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარამდე დაიხარჯება. დაფინანსდება გზების, სანიაღვრე და გარე განათების ქსელების, ავარიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ასევე იმ ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადებისა და ექსპერტიზის ხარჯები, რომელთა რეაბილიტაციაც სამომავლოდ იგეგმება.

საკრებულომ დღესვე მოიწონა რუსთავის მერიის მიერ წარმოდგენილი 9 300 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები. დაფინანსების მოპოვების მიზნით, პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინება.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის (ტარიფის შენარჩუნების) შესახებაც იმსჯელეს, აგრეთვე დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების განხორციელების წესი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.