მარნეულმა ძიუდოში საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატს, 2001-2003 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟებს შორის უმასპინძლა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ჩემპიონატში საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში შემავალი და აზერბაიჯანიდან მოწვეული კლუბები მონაწილეობდნენ.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ადგილობრივი შემსრულებლები სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით წარდგნენ.
სპორტულ ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი წელს, 30 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ ტურნირში გამარჯვება მოიპოვეს თბილისის, მარნეულის, გორისა და ქუთაისის ძიუდოს კლუბებმა.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი, წელს, მერვედ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზება მარნეულის მუნიციპალიტეტმა და საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ უზრუნველყო.

























