ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის სამუშაო კაბინეტში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, თენგიზ ქობალიას სამუშაო კაბინეტში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წოწერიას თქმით, მას სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვიცი ვინ არის მეორე დაკავებული. არ გავცნობივარ დეტალებს. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, თენგო ქობალიას კაბინეტიდან გაყვანა ჯერ არ მომხდარა“, - ამბობს მამაუკა წოწერია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი მერის და ვიცე-მერის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს, ხოლო მოქალაქე - გამოძიებისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო.

























