რუსთავის მერმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბავშვებთან ერთად აანთო

რუსთავის მერმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბავშვებთან ერთად აანთო

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბავშვებთან ერთად აანთო. განათებულ ნაძვის ხესთან ანსამბლმა „თუთარჩელამ“ საშობაო და საახალწლო სიმღერები შეასრულა.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დასრულდა, პარალელურად რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში, საახალწლო განათებები და ილუმინაციები დამონტაჟდა.

რუსთავის მერიის ააიპ ,,რუსთავ-სერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა საახალწლო განათებები და ილუმინაციები კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, თოდრიას, ლეონიძის, მესხიშვილის ქუჩებზე და ჭყონდიდელის დასახლებაში, ცენტრალური ხიდზე, ქალაქის შემოსასვლელიდან, იუსტიციის სახლამდე გამწვანების ზოლში, ჰამლეტ გონაშვილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერებში უკვე დაამონტაჟეს.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, განათებულ გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში, საახალწლო სოფელი მოეწყობა, იქვე გაიმართება საახალწლო გალა-კონცერტიც. ახალი წლის დღეებში კი გიგა ლორთქიფანიძის რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრი, პატარებს სახალწლო სპექტაკლებით უმასპინძლებს.