ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეები „ყვითელი ჟილეტების“ ჩაცმით იმუქრებიან

ტურისტულ ქალაქს ბინძურ ინდუსტრიულ ქალაქად ნუ გადააქცევთ, -ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის "ჩემი ბათუმის" წევრებმა ბათუმის პორტთან განაცხადეს.
შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ქიმიური ტერმინალის მშენებლობა არ უნდა მოხდეს. მათი ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არ არსებობს.
აქციის მონაწილეები ტერმინალის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტაში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობას მოითხოვენ, ასევე ხელისუფლებას მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
"1 200 ათასი ტონა ქიმიური ტვირთი შხამქიმიკატები გადაიზიდება. 20 მილიონი საერთოდ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თანამდეროვე დაცვის სისტემები დააყენო. მოვითხოვთ საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან შეთანხმებით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში „ყვითელ ჟილეტებს“ ჩავიცვამთ. ეს ჟილეტები პარიზიდან პირდაპირ ბათუმშია. ძალიან არ გვინდა ამ ჟილეტების ჩაცმა. ყურად იღონ ჩვენი მოთხოვნა და გარემოს გაუფრთხილდნენ. ტურისტულ ქალაქს ინდუსტრიულ ბინძურ ქალაქად ნუ აქცევთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ყველას, რომ არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ეს ჟილეტები მთელს ევროპას მოედო. ჟილეტები არ ნიშნავს, რომ რაიმეს დაწვას ვგეგმავთ, ეს არის სუფთა აპოლიტიკური პროცესი და ვითხოვთ ჯანმრთელობის დაცვას", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის "ჩემი ბათუმის" წევრმა ვატო ნებუნიშვილმა.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დირექტორის თქმით, პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. აქციის მონაწილეებს ბათუმის პორტის თანამშრომლების ნაწილი შეურთდა.

























