ბათუმის საკრებულოში „ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებული განცხადების განმარტებას ითხოვდა.
„თორნიკე რიჟვაძე პირდაპირ დაემუქრა ოპოზიციას შურისძიებით და თვითონ გახდა გარანტი, რომ გაწმენდდა ამ ველს. თუ თქვენ ეთანხმებით ამ პათოსს აქ ვარ და შეგიძლიათ დაიწყოთ შურისძიება", - ასე მიმართა მირდატ ქამადაძემ „ქართული ოცნების" დეპუტატებს.
როგორც მმართველი გუნდის დეპუტატებმა განაცხადეს, გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ჯელალ ქიქავას განცხადება აჭარის მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ბოდიში სწორედ მას აქვს მოსახდელი.
„გამოდით და ბოდიში მოიხადეთ, რომ არა მთავრობის თავმჯდომარის განცხადება ძალიან ცუდი ამბები მოხდებოდა. თავმჯდომარის ვაჟკაცურმა განცხადებამ შეაჩერა ეს პროცესი, - ასე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ ქამადაძეს.
ბათუმის საკრებულოში დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ.

























