თორნიკე რიჟვაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თორნიკე რიჟვაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობა, არსებული სერვისები და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს.

თორნიკე რიჟვაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიესალმა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნესის როლსა და მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბიზნესისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ინტერესების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, რეგიონულ დონეზე შესაბამისი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების არსებობა უზრუნველყოფილია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიზნესმენებს და საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს არსებულ მექანიზმებზე, სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამებზე და მეტი მიმართვიანობა იყოს, მეტი აქტიურობა. ასევე, ბიზნესს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე და რეგულარული, ვინაიდან თქვენგან წამოსული ინიციატივებს ვანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა სამართლიანი და თანმიმდევრული თამაშის წესების შემოღებაზე, რაც ხელს უწყობს მეწარმეების ინტერესის გათვალისწინებასა და დაცვას.

რამდენიმე თვეა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს თავისი წარმომადგენელი ჰყავს აჭარაში, ასევე, ადგილზეა შესაძლებელი პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვა, რომლის ფარგლებში არაერთი პროექტი დაფინანსდება.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შემოსავლების სამსახურში გაიმართა და მას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ბუბუტეიშვილი ესწრებოდა.