ქვიშხეთში მინი სტადიონის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ქვიშხეთში, მჭედლიშვილების უბანში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მათივე ცნობით, პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 46 990 ლარს შეადგენს.
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ სტადიონის მოწყობა ხელს შეუწყობს სოფლად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას.
პროექტი ქვიშხეთში მცხოვრები ახალგაზრდების თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. მინი სტადიონით ქვიშხეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების გარდა, ზაფხულობით სოფელში ჩამოსული დამსვენებლებიც ისარგებლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























