პროკურორის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის პროცესზე, მოწმეებმა მნიშვნელოვანი გარემოებები გააჟღერეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განმარტებით, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები გააჟღერეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარეს დასაკითხ მოწმეთა სიაში ჰყავს მიხეილ კალანდიაც.
„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 8 მოწმე, რომლებიც დაიკითხნენ მოცემულ სხდომაზე. მოწმეებმა დაადასტურეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც პირდაპირ უშუალო კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან.
მათ განაცხადეს კონკრეტული, ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენების ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დეტალიზაციას ვერ მოვახდენ, რადგან სხდომა დახურულად ტარდება, საქმე ეხება არასრულწლოვნის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს.
ბრალდების მხარეს დასაკითხი ჰყავს, დაახლოებით, 50-60 პირი. უკვე დაკითხული გვყავს 40 მოწმე. ვგეგმავთ ყველა მოწმე, ყველა მტკიცებულება წარმოვადგინოთ და გამოვიკვლიოთ მოცემულ სხდომაზე. მათ შორის ასევე, დაიკითხება მ.კ.-ც", - განაცხადა ქვარცხავამ.

























