რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სტიქიის სამივე რეგიონში სტაბილური ვითარებაა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სტიქიის სამივე რეგიონში სტაბილური ვითარებაა

სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ამ დროისთვის სტაბილური ვითარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კორპუსების გადახურვის სამუშაოები დილიდან განახლდა. დაიწყო კაპიტალური სამუშაოები ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დევნილების დასახლებაში. აბაშაში დაიწყო საჭირო მასალის მობილიზება და მიწოდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც გამოთქვა სურვილი, თავად აწარმოოს სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები.

„დღის განმავლობაში მასალის დარიგება გაგრძელდება სამივე რეგიონში. ფაქტობრივად, დასრულებულია ზარალის დადგენის სამუშაოები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან და შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.