საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სწავლება Eternity 2018 დასრულდა

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სწავლება Eternity 2018 დასრულდა

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სწავლება Eternity 2018 დასრულდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ამჯერად თურქეთში, ქალაქ ლულებურგაზში ჩატარდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სწავლების მიზანი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილე პირად შემადგენლობას შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება იყო. Eternity 2018 საველე და საშტაბო კომპონენტისგან შედგებოდა. მონაწილეებმა მრავალეროვნულ შტაბში დაგეგმვის და საშტაბო პროცედურების შესრულების, ასევე ეროვნული ბატალიონების მართვისა და კონტროლის აღსრულების უნარ-ჩვევები განივითარეს.

სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციას ემყარებოდა, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას და ნავთობსადენის პარალელურად სტრატეგიული დანიშნულების რკინიგზის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სწავლება ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით, სამივე ქვეყანაში ტარდება.