ლევან იზორია - ხელი მოეწერა შეთანხმებას, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანია ნატო-ში საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს

პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბერლინში, გერმანელ კოლეგასთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში“ გაწერილი მიმართულებები საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
მათივე ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროში კოლეგებმა - ლევან იზორიამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს და ახალი მიმართულებებიც გამოკვეთეს.
ლევან იზორიამ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ასევე განიხილა ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან და კანცლერის მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში, ფლოტილიის ადმირალთან ალექს დეერცთან.

























