DIBS-ის ორგანიზებით, დისტანციური სწავლების მეორე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

DIBS-ის ორგანიზებით, დისტანციური სწავლების მეორე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ფორუმი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება განათლების სფეროში დისტანციური სეგმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და დისტანციურ სწავლებაზე, როგორც ცოდნის შეძენისა და ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან ფორმაზე ისაუბრა. ლელა ჩიქოვანმა დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების საქმეში პარტნიორების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს ჯეფერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და საქართველოსა და აზერბაიჯანში ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვეგარდ სტენსრუდმაც, კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და წარმატებები უსურვეს.

„კონფერენცია მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, დისტანციური სწავლების მიმართულებით მომუშავე და დაინტერესებული ორგანიზაციების, სასწავლო ცენტრების, უნივერსიტეტების შეკრებას, გამოცდილების გაზიარებასა და დარგის შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობას. კონფერენციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, განათლების სექტორიდან სხვადასხვა უწყების 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მომხსენებლებმა, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მსმენელებს განათლებაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, შემეცნების ევოლუციის, შერეული სწავლების, მობილური სწავლების, ონლაინ კურსების, ტრენინგების, ვიდეოლექციების ჩატარების სხვადასხვა მეთოდოლოგიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს ჯეფერსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით მეორედ ჩატარდა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დისტანციური სწავლების 8 კურსი არსებობს, კურსების განმავლობაში 450 ადამიანი უკვე გადამზადდა. სკოლა დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითრების ხელშეწყობას ეროვნულ დონეზე მომავალშიც გააგრძელებს.