თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ უმასპინძლებს

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რიგით მე-12 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემა იქნება „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“. მეორე სესიის განმავლობაში განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები. მესამე სესიაზე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ, მომდევნო მეოთხე პანელი ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკას“ შეეხება, მეხუთე პანელი კი „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას დაეთმობა.

























