ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2018

საქართველო "პლაკატების ომმა" მოიცვა

ფული სამართლიანობის წინააღმდეგ - ევროსაბჭოში რუსეთის ტრიუმფით დაბრუნების გეგმა ჩავარდა

***

საქართველო "პლაკატების ომმა" მოიცვა

"საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და, შესაბამისად, კანდიდატებსა და მათ მომხრეებს შორის ბრძოლაც სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი კონკურენტის სააგიტაციო მასალაზე "შურისძიებაა"."პლაკატების ომში", ძირითადად, კონკურენტის სურათების ჩამოხევისა და ზედ გადაკვრის პრაქტიკაა გავრცელებული. "პლაკატების ომი" ძირითადად სამი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის არის გაჩაღებული. ესენი არიან: სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის, დაზიანების ან მასზე კონკურენტის საარჩევნო მასალის გადაკვრის ფაქტებს ძირითადად რეგიონებში ვხვდებით“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო "პლაკატების ომმა" მოიცვა / პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერები ოპონენტების პლაკატებს თავისი კანდიდატების პლაკატებით ფარავენ

"მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თიანეთში ჩხუბი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც "ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი რომა ფაშურიშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატის ჩამოხევის დროს შენიშნეს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ოპოზიციის ლიდერებმა ზაქარია ქუცნაშვილიც, ვინც, მათი მტკიცებით, ფაშურიშვილის ახლო მეგობარია, ამ საკითხზე მანამდე გააფრთხილეს. ოპოზიციის განცხადებით, დაპირისპირება იმდენად სერიოზული იყო, რომ რომა ფაშურიშვილს დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი გამოკითხვა თიანეთის პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც პოლიციამ მას შენობა უკანა კარიდან დაატოვებინა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიდის, თუმცა დასჯილი ჯერ არავინ უნახავთ."სექტემბერში თიანეთის მთელ რაიონში ყველა პლაკატი პრაქტიკულად ჩამოხეულია და ვინ ხევდა? - დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი, ეს ხელმრუდე ვაჟბატონი. მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე ბატონი ქუცნაშვილი, რომ ხელი აეღო ამ დანაშაულებრივი ქმედებისაგან, ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა და მეგობრებმა თიანეთში ფაქტზე წაასწრეს ბიუროს თანამშრომელს და საკადრისი პასუხი გასცეს", - განაცხადა ნიკა მელიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართული ოცნების" წევრისა და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაურის თქმით, ინფორმაცია, თითქოს რომან ფაშურიშვილს პლაკატის ჩამოხევის დროს მიასწრეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ფაშურიშვილი სახლიდან გამოიყვანეს, ჩამოხეული პლაკატით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო კი საბაბად და შესაფუთად გამოიყენეს. როგორც რომან ფაშურიშვილმა მითხრა, ფოტო სხვის მიერ ჩამოხეული პლაკატით გადაიღო და გამოაქვეყნა, რითიც იმის ჩვენება უნდოდა, რომ ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს ხევს და ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას არ დაუშვებს. ამას წერდა ფაშურიშვილი სოციალურ ქსელში, რის გამოც სახლიდან გამოიყვანეს და პასუხი მოსთხოვეს. მას ცხვირი გაუტეხეს და ტვინის შერყევის ნიშნებიც ჰქონდა", - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნას გულისხმობს. "ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო პლაკატების განადგურების მორიგი შემთხვევა სექტემბერში კახეთშიც მოხდა. თელავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები თითქმის მთლიანად ჩამოხიეს. ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათ ფაქტის გამოსაძიებლად სამართალდამცველებს მიმართეს. მათივე თქმით, პოლიციამ დამნაშავის ვინაობა იცის, თუმცა ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და მისი დაკავება ვერ მოხდება. ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. საარჩევნო პლაკატების მასობრივი ჩამოხევის ფაქტებზე რეგიონებში, ასევე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც საუბრობენ. დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატის პლაკატები ჩხოროწყუსა და ცაიშში ჩამოხიეს“, - დასძენს გამოცემა.

"ბაქრაძის საარჩევნო შტაბის განცხადებით, პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ადგილი ასევე გორის რამდენიმე უბანში ჰქონდა. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი ლევან ბაგრი საარჩევნო მარათონში ჩართულ პირებს მოუწოდებს, ყველა კანდიდატს მისცენ საშუალება, თანაბარ პირობებში ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. "ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში პარტია შესაბამის ზომებს მიიღებს. რაც შეეხება მმართველი გუნდის მხადაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პლაკატების დაზიანებას ან ჩამოხევას, მისი საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამის რამდენიმე ფაქტი უკვე დაფიქსირდა. სამხარაძის ინფორმაციით, მაგალითად, კასპში სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს მთლიანად გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები გადააკრეს. მისივე თქმით, ზურაბიშვილის საარჩევნო მასალის დაზიანება თბილისში, მეტროსადგურ "წერეთელზეც" მოხდა. ზურაბიშვილის სურათები გაურკვეველი ნივთიერებით იყო დასვრილი. საარჩევნო შტაბის უფროსი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის დაფიქსირებული. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციისა და მასალის შეგროვება ხდება, რომელსაც რეაგირებისათვის სამართალდამცველ ორგანოებს მიაწვდიან. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“, - წერს სტატიის ავტორი.

ფული სამართლიანობის წინააღმდეგ - ევროსაბჭოში რუსეთის ტრიუმფით დაბრუნების გეგმა ჩავარდა

"რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნება სანქციებისა და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ამჯერად ვერ შედგა. მოსკოვის დიდი მცდელობის მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, დიდი და მწვავე დებატების შემდეგ, რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის 4 წლის წინ დაწესებული სანქციის მოხსნას და დელეგაციისთვის ხმის უფლების დაბრუნებას გულისხმობდა, ჩავარდა და ასამბლეის სპეციალურ კომიტეტს გადაუგზავნეს დამატებით დასამუშავებლად. რუსეთი ახლა უკვე 2019 წლის იანვარის ზამთრის სესიას ელოდება, როდესაც შესაძლოა ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგეს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ფული სამართლიანობის წინააღმდეგ - ევროსაბჭოში რუსეთის ტრიუმფით დაბრუნების გეგმა ჩავარდა

"საკითხის ჩავარდნაზე კი დიდი გავლენა სწორედ იმ მძაფრმა კრიტიკამ იქონია, რაც ასამბლეაზე მოხდა. საქართველო, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, უნგრეთი - ამ ქვეყნების დელეგაცია რუსეთის სასარგებლო საკითხის გატანას აპროტესტებდნენ. მათ შორის ყველაზე მწვავე კრიტიკით უკრაინა და დიდი ბრიტანეთი გამოირჩეოდა. მათი განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დეპუტატებს არ უნდა დაავიწყდეთ, ამიტომაც რუსეთისათვის ხმის უფლების დაბრუნება მიუღებელია მაშინ, როდესაც მოსკოვს არც ერთი დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია. უფრო მეტიც, უკრაინის დელეგაცის ერთ-ერთი წევრი ასამბლეის სხდომაზე სადეზინფექციო ხელთათმანებით მივიდა იმის დემონსტრირებისათვის, რომ „რუსეთთან ურთიერთობა ტოქსიკურია“. თუმცა, რუსებს ევროსაბჭოში მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს ხმის უფლება უნდა დაუბრუნდეს. მხარდამჭერებს შორის იყვნენ ბელგიელი და გერმანელი დეპუტატები და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი“ - აღნიშნავს გამოცემა.

"ცნობისათვის, დღეს განიხილებოდა რეზოლუციის პროექტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტში სანქციების დაწესების წესთან დაკავშირებით ცვლილების შეტანაზე. დღეს არსებული წესით, სანქციების დაწესებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების ნახევარზე მეტი ხმაა საჭირო. ახალი პროექტით კი საუბარია იმაზე, რომ სანქციების დამტკიცება ხმათა 2/3-ით უნდა მოხდეს, ანუ სანქციის დადება ამა თუ იმ დელეგაციის წინააღმდეგ რთულდება. როგორც დიდი ბრიტანეთის და უკრაინის დელეგაციები თვლიან, რეგლამენტში ეს ცვლილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეუძლებელს ხდის, რადგან მოსკოვი მხარდამჭერ 1/3 ხმებს მარტივად მოაგროვებს იმ ქვეყნების დელეგაციების დახმარებით, რომლებიც რუსული გავლენის ქვეშაა, რათა მისი საწინააღმდეგო წინადადებები დაბლოკოს. ასეთ ქვეყნებად მიიჩნევიან, მაგალითად, სომხეთი და სერბეთი. საგულისხმოა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქცია შემოიღო და 2014 წლის გაზაფხულზე ასამბლეაზე რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა. ახლა კი, რუსეთის დიდი მცდელობის შემდეგ, ამ სანქციის გაუქმება დადგა დღის წესრიგში და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთს ორგანიზაციაში ქვეყნებისთვის დაწესებული შენატანი არ შეაქვს, რაც მილიონობით ევროა, ორგანიზაციას კი ფინანსური კრიზისი აქვს და ახლა რუსული ფული ძალიან სჭირდება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენ არ გვსურს შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც ქვეყანა, რომელმაც უარყო ვალდებულებები და რომელსაც დაკისრებული აქვს შეზღუდვები ევროსაბჭოს მხრიდან, მიიღებს შემსუბუქებულ დამოკიდებულებას“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა კოლეგებს. მისი განცხადებით, საქართველოს დელეგაციას არ სურს, რომ ეს მოხსენება იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის პირობად, რომ მან არ შეასრულოს ვალდებულებები. ასევე არ სურს, რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს შანტაჟის, ფინანსური ზეწოლის გზით და ცალმხრივი კომპრომისით. „თუ ჩვენ პრობლემის ასეთ მოგვარებას დავუშვებთ, მაშინ ეს დაასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას და დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას... მოდით არ შევცვალოთ წესები, მოდით მოვძებნოთ ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი", - განაცხადა ჩუგოშვილმა. „თუ რუსეთს კარიდან უშვებთ, შეამოწმეთ კარის სახელური. ხელთათმანებით მოვედი, რათა მეჩვენებინა რა მოხდება, თუ რუსეთი კვლავ გახდება ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი,“ - განაცხადა უკრაინული დელეეგაციის წევრმა ალექსეი გონჩარენკომ, რომელიც რეზინის ხელთათმანებით მივიდა ასამბლეაზე და ამ პერფორმანსით სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაზე გააკეთა აქცენტი. ბრიტანეთის დელეგაციის წევრმა დონალდ ანდერსენმა განაცხადა, რომ ვერავინ უგულველყოფს რუსეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ინტერვენცია, როგორიცაა სოლსბერისში მოწამვლა“, - დასძენს გამოცემა.

"თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ არიევი ამბობს, რომ უკრაინის დელეგაცია სამართლიანობისთვის იბრძვის. „საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილება შემდეგი იქნება: დავრჩეთ ძლიერები და პრინციპულები, ან რუსეთის შანტაჟს დავექვემდებაროთ. ჩვენ გვაქვს დილემა - ფული სამართლიანობის წინააღმდეგ. უკრაინის დელეგაციისთვის არჩევანი აშკარაა: ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძვით. არ შეიძლება აგრესორს ვაპატიოთ“, - განაცხადა მან. რუსეთის მხარდამჭერების ჯგუფში აღმოჩნდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, რომელმაც რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას არასწორი ნაბიჯი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას ემხრობა. ამ განცხადებამ დარბაზში, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა მხრიდან, უკმაყოფილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივანი ასამბლეის წევრი არ არის, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში მას სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს. საბოლოოდ, ასამბლეის რეგლამენტში ცვლილების შეტანას კენჭი უყარეს, თუმცა საკმარისი 2/3 ხმა ვერ მოგროვდა და ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი ავტორმა, ბელგიელმა დეპუტატმა პეტრა დე სუტერამ პროექტი უკან, ისევ კომიტეტში, გაიწვია“, - წერს სტატიის ავტორი.