ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2018

"ფაშიზმის თანამონაწილეები“ - "ოცნების“ დიდი შეტევა არასამთავრობო სექტორზე

რა ელის პაატა ბურჭულაძეს - საქმე აღძრულია მუხლით, რაც 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

***

"ფაშიზმის თანამონაწილეები" - "ოცნების“ დიდი შეტევა არასამთავრობო სექტორზე

“ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორს ესხმის თავს, თან უკვე მერამდენედ და ამჯერად „ფაშიზმის თანამონაწილეებად" ნათლავს მათ, მხოლოდ იმის გამო, რომ არასამთავრობოების მხრიდან გახშირდა „ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ამა თუ იმ განცხადებისა და ქმედების გამო, ხოლო „რუსთავი 2"-ის გენდირექტორის „ფეისბუქში" დაწერილი განცხადების გამო კრიტიკა არ დასცდენიათ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ფაშიზმის თანამონაწილეები“ - "ოცნების“ დიდი შეტევა არასამთავრობო სექტორზე

"საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებების მხრიდან მსგავს თავდასხმებს მიჩვეულები არიან და ამის მიუხედავად არ გაჩერდებიან. „ფაშიზმის თანამონაწილეები" - ასე მოიხსენია ირაკლი კობახიძემ არასამთავრობოები და მის ამ განცხადებას უმალვე მთელი „ქართული ოცნება" შეუერთდა მესამე სექტორის წინააღმდეგ კრიტიკული ნიაღვარით. მათ შორის, თბილისის მერმა განაცხადა, რომ „არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია "ნაცმოძრაობის" მიერ, ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში, არ უნდა გაგვიკვირდეს მათი სიჩუმე ამაზრზენ განცხადებაზე". ხოლო როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ის არ იყო დაცული, როცა "რაცისტი" და ქსენოფობი დაარქვეს.„მე არ ვიყავი მათ მიერ დაცული, როცა ზღვა ცილისწამების და ლანძღვის წამოვიდა ჩემზე. პირადად სახელით და გვარით დამარქვეს რაცისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა,"- განაცხადა ზურაბიშვილმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა მათ წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ერთი - კობახიძე მათ დისკრედიტაციას ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში და მეორე - მმართველი ძალა ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები, რაზეც მესამე სექტორი ხელისუფლებას აკრიტიკებს. მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა,"- წერია განცხადებაში. საგულისხმოა ის, რომ ბოლო დღეებია „ქართული ოცნების" მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გავრცელდა არასამთავრობო სექტორიდან. მათგან ერთი ეხებოდა „ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებული სკანდალურ ჩანაწერებს და 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახეზეა ელიტური კორუფციის ცხადი ნიშნები და კლანური მმართველობა სასამართლოში, რის გამოც კორუფციულ დანაშაულების მიუკერძოებელი გამოძიების იმედი საზოგადოებაში არ არის“, - განაგრძობს გამოცემა.

"გარდა ამისა, არასამთავრობოების კრიტიკა მოჰყვა „ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურ სომხებთან გაკეთებულ განცხადებას, რომ სააკაშვილმა თურქებს დაურიგა მოქალაქეობა და სომხებს არა. ამჯერად 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება და ზურაბიშვილი ქსენოფობიასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს, ცესკოს კი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდეს. სწორედ ამ ორი ჯგუფური კრიტიკული განცხადების გამოა „ქართული ოცნება" მესამე სექტორზე განრისხებული და „რუსთავი 2"-ის გენდირექტორის რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე" დაწერილი სტატუსი გამოიყენა არასამთავრობოებზე თავდასხმის საბაბად. ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს ან აფინანსებს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ, დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ". პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორშაბათ დილით საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა გვარამიას ამ სტატუსს და განაცხადა, რომ „ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება", ხოლო „ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა. „სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობოების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან", - აღნიშნა კობახიძემ“, - დასძენს გამოცემა.

"მისი თქმით, საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას გვარამიას „ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით", თუმცა, ასეთი გამოხმაურება არ ყოფილა. მეტიც, მიხეილ ბენიძემ გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ „რეალურად, უკადრებელი იკადრა". პარლამენტის სპიკერმა არასამთავრობოების ნაწილი პოლიტიკურ ანგაჟირებულობაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ, „შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია". ცნობისათვის, კობახიძემ მიხეილ ბენიძე „პრაიმტაიმისათვის" მიცემული კომენტარის გამო გალანძღა, სადაც ბენიძე ამბობს, რომ შესაძლოა, გვარამიას განცხადება "ვინმეს გემოვნებაში არ ჯდება", თუმცა ის ჯდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. როგორც ლანძღვის უშუალო ადრესატი, „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, მმართველ პარტიას და პირადად ბატონ კობახიძეს დასჩემდათ, რომ კვირაში ერთხელ გამოდიან და სხვადასხვა ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციებს ესხმიან თავს. მისივე თქმით, აქვს ეჭვი, „ხომ არ აპირებს ხელისუფლება საარჩევნო პროცესში რაიმე მანიპულაციების შემოთავაზებას და ხომ არ სურს, რომ წინასწარ, არჩევნებზე დამკვირვებელი სანდო, მიუკერძოებელი ორგანიზაციების რეპუტაცია შელახოს და აზრი გაანეიტრალოს", - წერს გამოცემა.

"ოცნებიდან" მესამე სექტორზე თავდასხმა დაგმო ოპოზიციამ და ყველაზე მეტად ტერმინი „ფაშიზმის" გამოყენება მიიჩნია მიუღებლად. ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადება ორ დიდ პრობლემაზე მიგვითითებს. ერთი - ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც ფაშიზმს შეეწირა, რადგან ამით ამაიმუნებს და აბაიბურებს ამ ადამიანების ხსოვნას. ამიტომ არის მიუღებელი სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ამ სიტყვის ხსენება. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ ხელისუფლება კრიტიკულ სიტუაციაში კარგავს სახეს, არღვევს ყველანაირ სტანდარტს და არიან სრულიად შეუწყნარებლები. პარლამენტის ყოფილი სპიკერი, საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილის თქმით კი, ადამიანებს, ვინც ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრობენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რაზე საუბრობენ და რა ხიფათს უქმნიან ქვეყანას, რა პრობლემებს იწვევს ეს საზოგადოებაში და რაოდენ იზრდება მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ის „ოცნებას" მიმართავს, რომ ან ბოდიში მოიხადოს ამ ყველაფრისთვის და შეაჩეროს ის ესკალაცია, რაც მგავს ტერმინებს და მსგავს შეფასებებს მოჰყვება, ან კეთილი ინებოს, მიმართოს პრეზიდენტს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, გადადოს საპრეზიდენტო არჩევნები და მართლმსაჯულების წინაშე დააყენოს ყველა, ვინც დამნაშავეა ფაშიზმში, ჰოლოკოსტში და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში“, - წერს სტატიის ავტორი.

რა ელის პაატა ბურჭულაძეს - საქმე აღძრულია მუხლით, რაც 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„მსოფლიო ბანის პატა ბურჭულაძის ირგვლივ სკანდალი კვლავ გრძელდება და პროკურატურამ დაკითხვაზე ახლა მისი მეუღლე დაიბარა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელობის მხრიდან ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დასასრულს უახლოვდება. პაატა ბურჭულაძის ფონდის ირგვლივ გამოძიება პროკურატურამ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. უწყება ამ თემას შიგადაშიგ გარკვეულ დროს ააქტიურებს, რაც დროში ბურჭულაძის ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა. იურისტები ამბობენ, რომ მიუხედავად უწყების განცხადებისა, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაშია, მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი ბრალდებული პირი, რომელიც ფონდ „იავნანადან" თანხებს ფლანგავდა. ასევე უცნობია, გამოძიება რა კონკრეტული მიმართულებით მიდის. ამიტომ, მათთვის გაუგებარია გამოძიებამ რა გამოიკვლია და დაადგინა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ელის პაატა ბურჭულაძეს - საქმე აღძრულია მუხლით, რაც 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"აღნიშნული გამოძიების დაწყებას კი საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადება დაედო, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა", რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში. როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ფონდ „იავნანას" თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმე სამ ეპიზოდად იყოფა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პირველი ეპიზოდი ეხება პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ფონდის კუთვნილი თანხებიდან. ლაპარაკია დაახლოებით 700 ათას ლარზე. გამოძიების მტკიცებით, გაუგებარია ბურჭულაძის მეუღლის ანგელინა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში. თუმცა აქვე პროკურატურა აღნიშნავს, რომ ვასილენკო ფონდის ხარჯებით უცხოეთში იმყოფებოდა. მთლიანობაში მასზე ფონდიდან დახარჯულია 254 ათასი ლარი (ავიაბილეთები და სხვა ხარჯები), 25 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურება, სხვა ხარჯებზე კი დაახლოებით 337 ათასი ლარი. მეორე ეპიზოდი - თბილისში ბურჭულაძისთვის სასტუმრო მომსახურების ხარჯები, რომელიც დაახლოებით 40 ათასი ლარია. გამოძიებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცხოვრობდა ბურჭულაძე სასტუმროში, როდესაც მას თბილისში აქვს საცხოვრებელი ფართი, ხოლო ფონდს გააჩნია ოფისი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად. კიდევ ერთი ეპიზოდი ეხება ფონდის ქონებას. საუბარია სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული, ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთ-ერთი საწარმოსთვის იჯარით გადაცემაზე. მასში მრავალი წლის განმავლობაში რესტორანი ფუნქციონირებდა, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოყენებულიყო ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის“, - განაგრძობს გამოცემა.

"პროკურატურამ დაადგინა, რომ საწარმო 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს - ფონდს სრულად არ უხდიდა იჯარის თანხას, თუმცა ფონდს საწარმოსთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია. გამოძიების მტკიცებით, ფონდმა ამის გამო 500 ათას ლარზე მეტი ვერ მიიღო. გარდა ამისა, ფონდის დოკუმენტაციის ანალიზის საფუძელზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004-2017 წლებში შემოწირულობების მხოლოდ 30% ხმარდებოდა ქველმოქმედებას, დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" საოპერო ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს დააფუძნა. „იავნანა" პირველივე დღეებიდან მზრუნველობამოკლებულ მიუსაფარ და ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტები გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიღებული შემოსავალი მთლიანად ბავშვების დახმარებას ხმარდება. გამოძიებამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოკითხა პაატა ბურჭულაძე, მისი მეუღლის გამოკითხვა კი 8 ოქტომბერს მოხდა. ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების გააქტიურება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მან ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს“, - დასძენს გამოცემა.

"პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მის მეუღლეს პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მისაწოდებელი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს. მისივე თქმით, ცდილობდნენ სიტუაცია ისე გამოეჩინათ, რომ ვიღაც ქვეყნიდან გაიქცა, რეალურად კი, როგორც ბურჭულაძე აცხადებს, მისი მეუღლე და გამომძიებელი შეთანხმდნენ, რომ დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით 8 ოქტომბერს მოხდებოდა. გუშინ მობრძანდა პროკურატურის გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებითო და შეთანხმდნენ, რომ 8 რიცხვში მივიდოდნენ და დაკითხავდნენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, რაშიც სხვათა შორის ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან სურათი, თითქოს ვინმე გაიქცა ქვეყნიდან. ჩემი აზრით, გასაქცევად ბიძინა ივანიშვილი ემზადება. 2012 წელს მასაც ჰქონდა შეხვედრა ფონდ „იავნანას" პარიზში წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება", - განაცხადა ბურჭულაძემ. მიუხედავად სისხლის სამართლის საქმისა, ფონდი "იავნანა" მოღვაწეობას აგრძელებს და 25 ოქტომბერს თბილისში საქველმოქმედო გალა-კონცერტის გამართვას გეგმავს. იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფონდ „იავნანას" საქმე მთლიანადდ პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ალაფიშვილი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის აქტიურობისთანავე გამოძიებაც მის წინააღმდეგ გააქტიურებას იწყებს“, - წერს გამოცემა.

"იურისტი აცხადებს, რომ ეს საქმე პორკურატურისთვის გამოწვევაა და ობიექტური დამკვირვებლისთვის უწყების მოქმედებები, სწორედაც რომ საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ალაფიშვილი ამბობს, რომ ფონდ „იავნანას" საქმე რეპუტაციის შემლახველი შეიძლება გახდეს, როგორც პროკურატურისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც. „ძნელია ახსნა ამდენი ხნის განმავლობაში გამოძიება რას აკეთებდა და დღეს კვლავ რატომ გააქტიურდა. ფაქტია, რომ 2016 წლის შემდეგ, პროკურატურა ახლა ერთი მიმართულებით გააქტიურდა და წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ კვლავ ახალი კამპანია დაიწყო. კარგი იქნებოდა, რომ პროკურატურას მინიშნებით მაინც ეთქვა გამოძიება რა და ვისი მიმართულებით მიდის. ეს განცხადებები, რომელსაც პროკურატურა აკეთებს, მხოლოდ ვერსიებია და დოკუმენტის სახით, საბრალდებო აქტი, სადაც კონკრეტული პირის ბრალეულობა გამოიკვეთებოდა არ არსებობს. "მითუმეტეს, ეს სამი ეპიზოდი, რომელსაც უწყება იკვლევს, ამდენი ხნის განმავლობაში რა ვერ გამოიკვლიეს. 700 ათასი ლარი არ მგონია ახლა ისეთი დიდი თანხა იყოს, რომ მისი პოვნა დოკუმენტაციით ვერ მომხდარიყო. რასაც ვუყურებ პროკურატურას, ამ ეტაპზე ფონდ „იავნანას" საქმეზე რაიმე მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამბობენ ვიკვლევთ, მაგრამ საშველი ვერ დააყენეს. ეს საქმე პოლიტიკური სპეკულაციების საგანი რომ არ გახდეს, გამოძიებამ საზოგადოებას და სასამართლოს უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები წარუდგინოს, სჯობია",-აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.