ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა

3 და 4 ოქტომბერს ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიის სამეფოში უკვე გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
თავდაცვის მინისტრების ფორმატში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ლევან იზორია სიტყვით გამოვა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებს. კომისიის სხდომას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მინისტრები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელებენ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციზე, ასევე შეეხებიან შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის.
ნატო-ს შტაბ-ბინაში მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგასთან ჯეიმს მატისთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

























