ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2018

"ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისა და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს“
რუსეთ-ისრაელის ურთიერთობა იძაბება: მოსკოვი სირიას ეს-300 მიაწვდის
ცუდი პერსპექტივა: საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება!
***
"ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისა და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს“
“ყოფილი თანაგუნდელები, „ნაციონალები" და „ევროპული საქართველო", ერთმანეთს უპირისპირდებიან, რადგან ირკვევა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი სიების გადამოწმება „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ახლა ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. საქმის დეტალი ასეთია: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" მხარდამჭერთა სიაში, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო შეტანილი, რამდენჯერმე დაფიქსირდა ბესო დონაძის სახელი და გვარი, რომელიც „ევროპული საქართველოს" წევრი და ამავდროულად მარნეულში საოლქო კომისიის წარმომადგენელია. დონაძემ ცესკოს უთხრა, რომ ის ამ პარტიის მხარდამჭერი არ არის და ხელმოწერა გაყალბებულია. ამის შემდეგ კი პროცესმა გადაინაცვლა პროკურატურაში და ხელმოწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო”, - წერს გაზეთ "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისა და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს“ / „ნაციონალებმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ ერთმანეთს სულ "სამარცხვინოები" უძახეს
"ერთ დროს თანაგუნდელი პოლიტიკოსები ახლა ერთმანეთს "სამარცხვინოს" უწოდებენ. აცხადებენ, რომ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილია და ივანიშვილის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ახსნა-განმარტებას „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატისგან ითხოვს. მელიას თქმით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად უნდა გაერთიანდეს, თავად ოპოზიცია უჩივის კოლეგებს და ამას რა ჰქვია, ეს დავით ბაქრაძემ შეაფასოს. „აი, ამ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქთან, იმ ბრძოლაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ წელს ოქტომბრის არჩევნებში, ამ დროს პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო" ჰქვია და რომ ჰკითხო, არის ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, მათი პოლიტიკური საბჭოს წევრი უჩივის სხვა ოპოზიციურ პარტიას პროკურატურაში. აი, რა ჰქვია ამ საქციელს, მე სახელს არ დავარქმევ. ბატონმა დავით ბაქრაძემ გასცეს პასუხი,"- აცხადებს მელია“, - აღნიშნავს გამოცემა.
"გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კოლეგების ქმედება სამარცხვინოა და ოპოზიცია დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც ბრძოლა უწევს ხელისუფლების და ფსევდო ოპოზიციის წინააღმდეგ. „სამარცხვინოა, როგორც ისინი იქცევიან და სამარცხვინოა იმ თამაშში აყოლა, რასაც სუს-ი და „ქართული ოცნება" გეგმავს პროვოკაციულად ჩვენთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ხელისუფლებასთან და ვითომ ოპოზიციასთან ბრძოლა ამ არჩევნებში. ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს 28 ოქტომბერს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს „ევროპული საქართველოც". გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ამ ცილისწამების მოგონებით გაერთიანებული ოპოზიცია ეხმარება ივანიშვილის რეჟიმს და ზურაბიშვილის კამპანიას. მერამდენედ უნდა გაუწოდონ ხელი ივანიშვილს და ახლა უკვე ზურაბიშვილს ოპოზიციის შიგნით კონფლიქტის, ნიაღვარის, ცილისწამების და სიბინძურის დათესვით? ეს მათ სტილად იქცა და ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისთვის და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს", - ამბობს ბოკერია: „ - ან იმ შეთანხმებას რატომ აწერდნენ ხელს თუ მაინც ამ კამპანიას აწარმოებდნენ, სიტყვას რაღაც ფასი ხომ უნდა ჰქონდეს?! ძალიან სამწუხაროა ეს და ვიმეორებ, ამაზე ეფექტური დახმარება ივანიშვილის რეჟიმისთვის და ზურაბიშვილის კამპანიისთვის, ამ ტიპის კონფლიქტები მოიგონო და მათ სტილში, ცილისწამების ნიაღვარი დააყენო, არ არსებობს", - განაგრძობს გამოცემა.
"თავად ბესო დონაძე, ვის გამოც დაპირისპირება დაიწყო, ამბობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში 3-ჯერ იყო მის ნაცვლად ხელი მოწერილი, მას ცესკოდან დაურეკეს ახსნა-განმარტებისთვის, სადაც დაადასტურა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ხოლო პროკურატურაში განცხადება მას არ შეუტანია. საგულისხმოა ის, რომ 11 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნოდ 3-პუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს და პირობა დადეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ურთიერთკრიტიკისგან. თუმცა, თავდაუსხმელობის მემორანდუმის მიუხედავად მათ შორის ბრალდებები მაინც ისმის. ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირებას "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც ეხმაურება. მისი თქმით, „ევროპული საქართველო" ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს და ეს პარტია წარმოადგენს „ოცნებაზე" მეტად „ოცნებას" ივანიშვილის სამეფო კარზე და რა მითითებაც მიიღეს, ისე მოქმედებენ. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა სიებში გაყალბებული ხელმოწერების ირგვლივ სკანდალი ერთი კვირის წინ დაიწყო. თავდაპირველად სკანდალი ატყდა ოპოზიციური პარტია „სახელმწიფი ხალხისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერის აღმოჩენისას. ცესკომ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მაშინვე მიმართა. ამის შემდეგ კი "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" სიაშიც აღმოაჩინა გაყალბებული ხელმოწერა „ევროპული საქართველოს" წევრმა და ახლა ამ ორივე საქმეს პროკურატურა იძიებს“, - წერს სტატიის ავტორი.
რუსეთ-ისრაელის ურთიერთობა იძაბება: მოსკოვი სირიას ეს-300 მიაწვდის
"სირიის კონფლიქტში რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება. „რია ნოვოსტი" ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი სირიას ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რომელსაც შეუძლია 250 კილომეტრის რადიუსში საჰაერო აპარატების ჩამოგდება. რუსეთსა და ისრაელს შორის კი სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელის ავიაიერიშის დროს სირიის სამთავრობო ძალებმა შემთხვევით რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. მართალია, მოსკოვი აღიარებს, რომ რუსული "ილ-20" რუსულივე რაკეტით სირიის საზენიტო დანაყოფმა ჩამოაგდო, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს ისრაელის მოიერიშეების მიერ მიზანმიმართული პროვოცირების ბრალია და "ამ მტრულ ქმედებას მოსკოვი ადეკვატურად გასცემს პასუხს", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთ-ისრაელის ურთიერთობა იძაბება: მოსკოვი სირიას ეს-300 მიაწვდის
"აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა ისრაელის დაჟინებული თხოვნით ერთხელ უკვე გადაიფიქრა სირიისთვის ეს-300-ების გადაცემა, საპასუხოდ კი ისრაელმა უარი თქვა უკრაინისთვის დრონების გადაცემზე. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება თავად რუსეთის მხრიდან იყოს პროვოცირებული, რადგანაც მას სწორედ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად საბაბი სჭირდებოდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, სარაკეტო სისტემა სირიას ორ კვირაში გადაეცემა. ეს სირიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს საგრძნობლად გაზრდის და ამასთანავე სირიის საზენიტო დანადგარებს რუსული რადარებითაც აღჭურავენ, რათა რუსული თვითმფრინავების ამოცნობა შეძლოს“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს „ილ-20"-ის კატასტროფა და საეჭვო სისწრაფით მიიღო სირიისთვის ეს-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გადაცემაზე გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს "რეზონანსთან" საუბრისას სალუქვაძემ იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის პასუხი სირიის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნებოდა. მისი თქმით, ახლა ისრაელის რეაქცია საკმაოდ მწვავე იქნება. „ისრაელისთვის ახლა ყველაზე მიუღებელი სირიის ტერიტორიაზე ირანის გააქტიურებაა. ყველა შეტევა, რომელიც სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან ხდება, გამიზნულია იმ ობიექტებზე, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები იმყოფება. როდესაც რუსეთი „ილ-20"-ის ჩამოგდებაზე საუბრობს, აქ ორ მომენტს გამოვყოფდი. რუსეთი ისრაელს ბრალს სდებს, რომ მათ დროულად არ შეატყობინეს ფრენების შესახებ. დიდი ალბათობით, როდესაც ისრაელი მსგავს ინფორმაციას რუსეთს აწვდიდა, რუსეთი ამ ინფორმაციას ირანს გადასცემდა", -აცხადებს სალუქვაძე“, - განაგრძობს გამოცემა.
"მისი თქმით, ისრაელს რუსეთი ვერც იმაში გაამტყუნებს, რომ მისი პილოტები რუსულ „ილ-20"-ს „ამოეფარენ". ისრაელის მოიერიშე, ცხადია, წინ ვერ გადაეფარებოდა რუსულ თვითმფრინავს და თავს ვერ ჩამოაგდებინებდა. სალუქვაძე ამბობს, რომ რუსეთის ბრალდებები აბსურდულია, რადგანაც სირიისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვას შორის მეტი კორდინაცია უნდა ყოფილიყო. „ჩნდება ეჭვი, რომ ამ ინციდენტს რუსეთი თავად არც თუ დიდად განიცდის. ისინი განა იმას ცდილობენ, რომ ეს ინციდენტი ისრაელთან თანამშრომლობაში გამოიძიონ?! პირიქით, რუსეთმა ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგა და გაჩნდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს ინციდენტი აწყობდა კიდეც, რადგან მათი მთავარი მიზანი ისრაელისთვის საჰაერო სივრცის შეზღუდვაა, რომელიც ირანის ობიექტების დაბომბვაზეა მიმართული. არ მინდა პირდაპირ რუსეთს ბრალი დავდო, რომ მან ეს განზრახ გააკეთა, თუმცა ლოგიკურად თუ დავაკვირდებით, მან ამ ინციდენტიდან ფაქტობრივად მოგება ნახა. ის, რომ მან ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღო და ერთობლივი გამოძიება არ ჩაატარა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს. რუსეთმა, ირანმა და სირიამ ამ ინციდენტიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღეს. მოიმიზეზეს ეს ფაქტი და ისრაელის საჰაერო აქტივობებს შეზღუდავენ", - დასძენს გამოცემა.
"გენერალი საქართველოს და ისრაელის სამხედრო ურთიერთობასაც ეხება და ყველა ანალიტიკოსს მოუწოდებს, რომ ამ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება და ისრაელის მხრიდან მესამე მხარის საწინააღმდეგოდ საქართველოსთვის რაიმე სამხედრო დახმარებაზე აქცენტების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ჩვენთან ისრაელის თავდაცვის მინისტრის საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ, საქართველოს და ისრაელის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა იწყება. თუმცა გენერალი დაუშვებლად მიიჩნევს იმაზე პარალელების გავლებას, რომ ისრაელი რუსეთის საპასუხოდ საქართველოს რამით დაეხმარება. გენერალი ამბობს, რომ მსგავსი პარალელების გავლებისგან თავის შეკავება გვმართებს, რადგანაც ეს ორი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის“, - წერს სტატიის ავტორი.
ცუდი პერსპექტივა: საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება!
„ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს. საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავის ღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი უფრო ზომიერია. მათი გათვლით, ბენზინის ღირებულება 2,80 ლარს არ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ნეგატიური სცენარი განვითარდება. როგორც ვიცით, ნავთობის ფასზე სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, თუმცა იგი, ძირითადად, გაიზარდა იმის გამო, რომ ირანს დაუწესდა სანქციები, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ცუდი პერსპექტივა: საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება!
"ცხადია, ფასი მატულობს საქართველოშიც, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზრებზე 1 ლ „სუპერის" ფასი, საშუალოდ, 2,65 ლარია, „პრემიუმი" 2,55 ლარი ღირს, ხოლო „რეგულარი" 2,45 ლარად იყიდება. ამდენივე ღირს „დიზელი", ხოლო „ევროდიზელის" ფასი 2,55 ლარს შეადგენს. შედარებით დაბალია არაბრენდირებულ სადგურებზე წარმოდგენილი პროდუქტების ფასი. საუბარია იმაზეც, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა, 100 დოლარამდე გაიზარდოს – ასეთ პროგნოზს აკეთებენ სასაქონლო ბაზრებზე მომუშავე ჯგუფები "ტრაფიგურა" და "მერკურია". ამის მიზეზი, როგორც აღნიშნავენ, ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ეკონომიკური სანქციები გახდება“, - აღნიშნავს გამოცემა.
"აზია-წყნარი ოკეანის ნავთობის კონფერენციაზე, რომელიც სინგაპურში გაიმართა, „მერკურია ენერჯი ტრეიდინგის" პრეზიდენტმა დანიელ ჯაეგიმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ამოქმედებული სანქციების გამო, ბოლო კვარტალის მიწურულს, ბაზარს დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობი მოაკლდება. ამის გამო, ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა შესაძლოა, 100 დოლარს მიაღწიოს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ერთი მხრივ, ირანის სანქციების გამო შეიძლება, მიწოდება შეწყდეს, მეორე მხრივ კი შესაძლებელია, კომპენსირება რუსული, არაბული და სხვა ქვეყნების ნავთობით მოხდეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი, თუ რა მოხდება მომავალში, ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია. როგორც მთვრალაშვილი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს და ამანაც შეცვალოს მდგომარეობა, რამდენადაც, გლობალური პოლიტიკური საკითხები ნავთობის ფასის კორექტირებაში დიდ როლს ასრულებს. „ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რის გამოც გრძელვადიან პროგნოზზე საუბარი ჭირს. სხვადასხვა საინვესტიციო ორგანიზაციის ვარაუდი ფასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მართლდება, რამდენადაც სიტუაცია მუდმივად იცვლება. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზეც ფასები მაღალ დონეზეა, ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელზეა და სექტემბერში ვითარება უფრო გაირკვევა“, - განაგრძობს გამოცემა.
"საწვავის ფასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი კეთდება. საუბარია, რომ 100 დოლარამდე გაძვირდეს საწვავი და მაშინ ფასი ადგილობრივ ბაზარზეც მასშტაბურად მოიმატებს. თუკი ლარის გაუფასურების ტენდენციაც გაგრძელდება, საწვავის ფასი 2,80-ს მიაღწევს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ნეგატიური პროგნოზი გამართლდება. ჯერჯერობით ასეთ სხვაობას ვერ ვივარაუდებთ, არა მგონია, მთლად აქამდეც მივიდეს საქმე. რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, ამაზე გარკვეული გავლენა ირანის მიმართ ამერიკის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, რასაც რიგი ქვეყნებიც შეუერთდნენ. გარდა ამისა, 24 სექტემბერს ჩატარდა ოპეკ-ის წევრი და „ოპეკი პლუსის" ქვეყნების შეხვედრა, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობდა. ტრამპმა ოპეკ-ს მოუწოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რაც საწვავის ფასს შეამცირებს, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ წარმოებას არ გაზრდიან, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ფასები შენარჩუნდება. ამან გამოიწვია, რომ ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორ განვითარდება მოვლენები, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, როცა ტრენდი საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით თქმა, რომ კიდევ გაიზრდება ფასი ან შემცირდება, ნაადრევია. ბაზარზე პანიკაა და ეს მოსალოდნელიც იყო, საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა", - აცხადებს მთვრალაშვილი“, - დასძენს გამოცემა.
"რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ფასმა 3 ლარს მიაღწიოს. როგორც ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, საერთაშორისო ფაქტორთან ერთად საწვავის ღირებულებაზე გავლენას ლარის კურსიც მოახდენს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო მაჩვენებელზეა. კემულარია საქართველოს მთავრობას აქციზის შემცირების გადახედვისაკენ მოუწოდებს. „საკმაოდ ნეგატიური ტენდენციაა როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ბაზრებზე და ამ ვითარებას გამოსწორების ნიშანწყალი არ ეტყობა. სამწუხაროდ, საწვავის ხარჯი ქართველი მომხმარებლისათვის მუდმივად იზრდება და დინამიკა გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს და აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ გადაიხედოს, კლება სავსებით შესაძლებელია. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე ფასს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ საქართველოში იმპორტთან ერთად დიდ როლს თამაშობს ლარის კურსი, რაც ასევე არასახარბიელოა. საწვავის ბაზარზე დღეს ფონი იმდენად მძიმეა, რომ პოზიტიური პროგნოზის კეთების საფუძველი არ გვაქვს. წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საწვავი კიდევ გაძვირდება. არ არის გამორიცხული, ფასმა 3 ლარს მიაწღიოს", - ვარაუდობს ბექა კემულარია“, - წერს სტატიის ავტორი.

























