აფხაზეთში დაღუპული პოლკოვნიკის ტარიელ შარიფაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთში დაღუპული პოლკოვნიკის ტარიელ შარიფაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
25 სექტემბერს, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა. პოლკოვნიკის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, მის მშობლიურ სოფელში, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური და უწყების შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან, ტარიელ შარიფაშვილის თანამებრძოლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მისი საფლავი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
„პოლკოვნიკი ტარიელ შარიფაშვილი, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაური, შემდგომ საპატიო მეთაური და კასპის რაიონის გამგებელი იყო. იგი ომის დაწყებიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. 1993 წლის 25 სექტემბერს კი აფხაზეთში, სოხუმის დაცვისათვის, გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტმა, პოლკოვნიკი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასალის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი“, - ნათქვამია საქართველოს ვეტერანთა საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























