რამაზ საყვარელიძე - ხელისუფლებისთვის მომგებიანია ოპოზიციაზე უფრო მკაცრი გახდეს მათ მიმართ, ვინც გამოძიებისას შეცდომები დაუშვა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს მას ჯერ გაცნობიერებული არ აქვს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისიამ მუშაობა კი დაასრულა, მაგრამ ოპოზიციის დასკვნას მმართველი გუნდი რომ არ დაეთანხმება, უკვე ცხადია. „ოცნება“ „ევროპელ დემოკრატებს“ საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებს, არადა, თავიდანვე აშკარა იყო, რომ კომისიის დასკვნაში პოლიტიკური შემადგენელი იქნებოდა.
კომისიამ ჩათვალა, რომ შსს-სა და პროკურატურის მოხელეები მოქმედებით თუ უმოქმედობით პასუხიმგებელნი არიან გამოვლენილ დარღვევებზე. ამის გათვალისწინებით, მათი დასკვნაც საკმაოდ კრიტიკული იყო, რაშიც მათ მმართველი გუნდი არ ეთანხმება. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიის მუშაობამ და ამავე კომისიის ოპოზიციური ნაწილის საბოლოო დასკვნამ?
- გეთანხმებით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ საპარლამენტო კომისია პოლიტიზირებას ვერ გადაურჩებოდა. ცხადი იყო, რომ ოპოზიცია ძალოვანების მიმართ კრიტიკული იქნებოდა და მმართველი პარტია - ლოიალური, გულთმისნობა არ სჭირდებოდა ამის პროგნოზს.
ცხადი იყო, რომ ოპოზიცია ძალოვანების მიმართ კრიტიკული იქნებოდა და მმართველი პარტია - ლოიალური, გულთმისნობა არ სჭირდებოდა ამის პროგნოზს
შეცდომად მიმაჩნია ის, რომ თავიდანვე არ იყო დათქმული, თუ როგორ მოიქცეოდა კომისია წევრების შეუთანხმებლობის შემთხვევაში. ახლა ეძებენ ფორმებს, მაგრამ ცხადია, რომ ამ პროცესს პოლიტიკიდან ვეღარ დააშორებენ და ნებისმიერი ნაბიჯი იურიდიულთან ერთად პოლიტიკურ შედეგსაც მოიტანს.
ამჟამად ოპოზიციის დასკვნა უფრო დამაჯერებელი შეიძლება იყოს ბევრისთვის, რადგან ვერც იმ ადამიანებმა, რომლებსაც ადრე მიჰყავდათ გამოძიება და ვერც თავად იმ გამოძიებამ საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა.
ახლა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მომგებიანია ოპოზიციაზე უფრო მკაცრი გახდეს მათ მიმართ, ვინც დაუშვა გამოძიების პროცესში შეცდომები. მეჩვენება, რომ ხელისუფლებას ეს ჯერ გაცნობიერებული არ აქვს.
- მმართველი გუნდი მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით დადგენილების მიღებას გეგმავს, რომელიც საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციებზე მეტი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იქნება ისინი აღასრულოს.
თუ ამ საკითხზე მმართველი გუნდის განცხადებებით ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ საკითხზე მათ მიერ მიღებულმა დადგენილებამ გახმაურებულ საქმეში სიცხადე შეიტანოს.
თუ კომისიის ოპოზიციური ნაწილი ხორავის ქუჩის საქმის დაგვიანებითა და ხარვეზებით გამოძიებაზე პასუხიმგებლობას პროკურატურას და შსს-ს აკისრებს, ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ამავე უწყებებს პასუხიმგებლობა თუ სრულად არ აარიდოს, ლოიალური იყოს ამ საქმეში ამავე უწყებების მიერ დაშვებული შეცდომებისა თუ გადაცდომების მიმართ.
ბევრი თვლის, რომ, სამწუხაროდ, ხორავას ქუჩის საქმეში დამნაშავეების დაფარვის ალბათობა არა თუ არსებობს, საკმაოდ დიდიცაა, ვინაიდან საქართველო ჯერაც ჩამოუყალიბებელი დემოკრატიის ქვეყანაა. თქვენც ასე ფიქრობთ?
- არ ვიცი, ამ საქმეში შექმნილ ჩიხს დემოკრატიის უმწიფარობა შეიძლება დავარქვათ თუ არა. ამერიკულ დემოკრატიას გამოცდილება არ აკლია, მაგრამ სამართლის და პოლიტიკის ჭიდაობას დღეს იქაც არის. ეტყობა, ეს სირთულეები ადამიანის ყოფას ყოველთვის ახლავს.
დასავლეთის ანუ მომწიფებული დემოკრატიის ქვეყნებში ხალხს აქვს გაცნობიერებული თავისი ძალა და, ამასთანავე, შეურიგებელია უსამართლობასთან. თავის სიძლიერეში დარწმუნებული ხალხის სამართლიანობის მოთხოვნა ხელისუფლებებსაც აიძულებს დაიცვან სიმართლე, რომ მერე უკმაყოფილო ხალხმა არ შეცვალოს ხელისუფლება.
იმედი ვიქონიოთ, რომ ხორავას ქუჩის პროცესიც ისე დასრულდება, როგორც ამას მისი უდიდებულესობა ხალხი მოისურვებს
ჩვენთანაც ქუჩაში გამოსული ხალხის აღშფოთებამ დააწყებინა ხელისუფლებას გამოძიებათა ახალი ციკლი ხორავას ქუჩის საქმეზე. ეს ხალხის დამსახურებაც არის და ხელისუფლებისაც - წინა ხელისულება ხალხსაც არ უწევდა ანგარიშს, რის გამოც ხალხმა იგი გადაირჩია 2012 წელს.
ამდენად, დემოკრატიის, ანუ ხალხის ძალაუფლების კანონები ჩვენშიც მოქმედებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ხორავას ქუჩის პროცესიც ისე დასრულდება, როგორც ამას მისი უდიდებულესობა ხალხი მოისურვებს.
- მართალია, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ქვეყანაში კარგა ხნის დაწყებულია, მაგრამ იგი სრულფასოვნად მას შემდეგ დაიწყება, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? პოლიტიკურ პარტიებს შორის სავარაუდო ძალთა ბალანსს, საზოგადოებრივ განწყობებს...
- რა თქმა უნდა, მეც ისევე, როგორც ბევრ ანალიტიკოსს, ცოტა უცნაურად მეჩვენება შექმნილი მდგომარეობა. გამარჯვების რესურსი ყველაზე მეტი „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამ დროს იგი პირდაპირ არ მონაწილეობს არჩევნებში - აპირებს მონაწილეობას ირიბად ან შეიძლება, უარიც თქვას მონაწილეობაზე.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველ ძალას სიტუაციის გართულება არ სჭირდებოდა, მაგრამ ეს სირთულე შეიძლება ახალი პოლიტიკური რეალობისკენ გადადგმული ნაბიჯიც იყოს
ერთი შეხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ ძალას სიტუაციის ასეთი გართულება არ სჭირდებოდა, მაგრამ ეს სირთულე შეიძლება ახალი პოლიტიკური რეალობისკენ გადადგმული ნაბიჯიც იყოს და ამ მხრივ აღმოჩნდეს საინტერესო. ვნახოთ.
- ასევე მალე გაირკვევა თუ ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მმართველ გუნდს არ სურს საპრეზიდენტო არჩევებში ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ბევრად აჯობებდა თუ იგი სრულად გაერიდებოდა ამ პროცესს და საზოგადოებას მიანდობდა პრეზიდენტის არჩევას.
თქვენც ასე ფიქრობთ თუ თვლით, რომ ამ არჩევნებზე მმართველ გუნდს უნდა ჰყავდეს თავისივე გუნდის ფავორიტი? ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს არ ვგულისხმობ, რომლის “დამოუკიდებელ“ კანდიდატად წარმოჩენა როგორც მინიმუმ, უხერხულიც კია...
- თუ ყველაზე რეიტინგულმა, ანუ მმართველმა პარტიამ უარი თქვა არჩევნებზე, პრეზიდენტის სავარძელს დაეპატრონება მეორე რეიტინგის მქონე პარტია - „ნაცმოძრაობა", რომელიც პრეზიდენტობის ყველა ბერკეტს გამოიყენებს ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის, რაც სირთულეებს გააჩენს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
ეს სცენარი ბევრისთვის მიუღებელია. რაც მთავარია, ოპოზიციისთვის პრეზიდენტის სავარძლის დათმობას მოსახლეობა ჩათვლის მმართველი პარტიის სისუსტედ, რაც ხმებს დაუკარგავს ამ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში.
თუ მმართველმა პარტიამ უარი თქვა არჩევნებზე, პრეზიდენტის სავარძელს დაეპატრონება მეორე რეიტინგის მქონე პარტია - „ნაცმოძრაობა", რომელიც პრეზიდენტობის ყველა ბერკეტს გამოიყენებს ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის, რაც სირთულეებს გააჩენს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ
საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის ირიბად მონაწილეობა გულისხმობს სხვის მხარდაჭერას. დღეს ეს სხვა არ ვიცით ვინაა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მმართველი პარტიის რეიტინგს სჭირდება მისი გამარჯვება.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, მისი "დამოუკიდებლობა" ჩვენზე არაა გათვლილი. ის უცხოეთის თვალში იქნება "დამოუკიდებელი". რეალურად, კი ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატს. ამასთანავე, მას „ოცნების“ კანდიდატებისგან განსხვავებული ნიშანიც ახასიათებს - იგი ნამდვილად არ იქნება "ნაციონალებთან" კოჰაბიტირებული.
- გაქვთ იმის განცდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება“ არა ზურაბიშვილს, არამედ სხვას დაუჭერს მხარს? მხედველობაში მყავს ისინი, ვისი გვარებიც პრესაშიც გაჟღერდა - ზურაბ აბაშიძე და ირაკლი ღარიბაშვილი?
- ძალიან კარგი კანდიდატურებია. პროფესიონალიზმის მაღალი დონით გამოირჩევა ზურაბ აბაშიძე. კოჰაბიტაციის მიდრეკილება არ ექნება ირაკლი ღარიბაშვილს. ოღონდ გაუგებარია, როგორ უნდა შემოვიდნენ ისინი საპრეზიდენტო მარათონში. მმართველი პარტია მათ ვერ დაასახელებს, რადგან იძახის, ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლებაო. დამოუკიდებელ კანდიდატებად მათ წარდგენას ხელმოწერები სჭირდება, რაც საეჭვოა მოესწროს. ამიტომ მგონია, რომ მმართველ პარტიას არა აქვს დიდი არჩევანი.
- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლების მთავარი მიზანია მეორე ტურში არ გავიდეს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
თქვენი დაკვირვებით, 28 ოქტომბრის მთავარი ინტრიგა ის იქნება, აღმოჩდება თუ არა მეორე ტურში „ნაცმოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე?
- ხელისუფლების მთავარი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ მეორე ტურამდე არ მივიდეს საქმე. თუ ამ შემთხვევაში მეორე ტური გახდა საჭირო და ვაშაძე გავიდა, უპირობოდ გაიმარჯვებს ვაშაძის კონკურენტი, რადგან მოსახლეობას არ სურს „ნაციონალების“ აღზევება.
არ მგონია, რომ ხელისუფლებას აშინებდეს ვაშაძის მეორე ტურში გასვლა
ხალხი შვილმკვდარი მამის მხარდასაჭერად აღარ მივიდა, როცა იქ „ნაციონალები“ დაინახა. ვაშაძის მხარდასაჭერად მივლენ?! ამიტომ, არ მგონია, რომ ხელისუფლებას აშინებდეს ვაშაძის მეორე ტურში გასვლა. ვაშაძეს გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია გამოეთიშება არჩევნებს და "ნაციონალური მოძრაობა" მოახერხებს მობილიზაციას პირველი ტურისთვის.
- ცხადია, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკური პარტიებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. პარტიები, რომლებიც თავს მემარჯვენე, ან მემარცხენე კონსერვატიულ პარტიებად მიიჩნევენ, აცხადებენ რომ 28 ოქტომბერს ლიბერალური მიმართულების პარტიებს კონკურენციის გარეშე არ დატოვებენ.
გასაგებია, რომ ჩვენთან ძნელი გასარკვევია ვინაა მემარჯვენე და ვინ მემარცხენე, მით უმეტეს, კონსერვატიული მიმართულების, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, 28 ოქტომბრის არჩევნებზე რომელ პარტიას შეიძლება გაუჩნდეს შანსი უფრო იმედიანად დაიწყოს მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
- გეთანხმებით, მარჯვენა-მარცხენა ჩვენთან ძნელი გასარკვევია. მსოფლიოშიც უჭირთ გარკვევა. ჩვენთან მით უფრო ამ მომენტებს მნიშვნელობა არ ექნება. მემარცხენეა ნათელაშვილი და მემარჯვენეა უსუფაშვილი. არც ერთს არა ჰყავს მნიშვნელოვანი ელექტორატი.
ან სახელისუფლო პარტია უნდა იყოს იმედიანად 2020-სთვის, ან ახალი პარტია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს
ალბათ, მიჩვეულობა-შეუჩვევლობა იქნება გადამწყვეტი. მე მგონი, ან სახელისუფლო პარტია უნდა იყოს იმედიანად 2020-სთვის, ან სავსებით ახალი პარტია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.
- თბილისში 4-7 სექტემბერს სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. რუს კოლეგებთან დიალოგი და გამოცდილების გაზიარება კარგია, მაგრამ თავიდანვე უცნაურად გამოიყურებოდა თუ რა გამოცდილება უნდა გაეზიარებინათ ქართველი კოლეგებისათვის კრემლის აღიარებულ პროპაგანდისტებს.
ფორუმის მონაწილე ალექსეი მალაშენკომ განაცხადა - „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მატარებელმა უკვე ჩაიარა... ეს იგივეა რომ იუგოსლავია ან სსრკ აღდგეს.“ დმიტრი კოსირევმა ბრძანა - „მსოფლიო იცვლება, ქვეყნების საზღვრებიც იცვლება. რუსეთის ხელისუფლება უკრაინისა და საქართველოს და სსრკ-ს სხვა რესპუბლიკების მიმართ ზედმეტად ფრთხილ პოლიტიკას ატარებს. ამის გამო რუსეთში ხალხი უკმაყოფილოა“.
როგორც ჩანს, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო თბილისში იმ მესიჯების გაჟღერება, რაც რუსმა ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა განაცხადეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით, ერთი მხრივ კრემლის ფინანსებით თბილისში ამ ტიპის მედიაფორუმების ჩატარებას, ხოლო მეორე მხრივ იმ გზავნილებს, რომელიც მოსკოველმა პროპაგანდისტებმა თბილისში უხვად არიგეს?
- მიჭირს კრემლის ჩანაფიქრის გამოცნობა, რადგან დღეს სანქციების ქვეშ მოქცეულ კრემლს იმდენი პრობლემები აქვს, რომ, წესით, ასეთ ფორუმებზე არ უნდა იხაჯებოდეს. მით უმეტეს, იმ მესიჯების თბილისში გადმოყრა, რომ ქართველებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი არ უნდა ჰქონდეთ - უაზრობაა. იგივე მესიჯი რამდენჯერმე ისროლა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა და ამან არ იმოქმედა ქართველებაზე.
რუსი პროპაგანდისტების უკანასკნელი ვოიაჟი თბილისში დიდი ხიფათის შემცველი არაა, რადგან მას რუსეთისთვის არანაირი შედეგი არ მოაქვს
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალექსეი მალაშეკოს სიტყვას ლავროვის სიტყვაზე უფრო მეტი ჭრა რომ არ ექნება, ამდენს უნდა ხვდებოდეს კრემლი. კრემლის არალოგიკურობა სავარაუდოს ხდის, რომ იგი კარგად გააზრებული გეგმით კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს უაზრო ინერციით. ამგვარი უაზრო ინერცია მას ბევრი მიმართულებით აქვს - ანტიდასავლურობა, „ხაზეინობა“ პოსტასბჭოთა სივრცეზე, იარაღის ჟღარუნი, როცა ამისთვის სანქციებს უწესებენ, პროპაგანდის დაფინანსება, როცა მისი არავის სჯერა და ა.შ.
რუსეთმა თავად არ იცის რა უნდა, რისკენ მიისწრაფვის. 30 წელია საქართველო ეკითხება რუსეთს თუ რად უნდა ოკუპირებული ტერიტორები, რა სურს მის სანაცვლოდ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან ... რუსეთმა თავად არ იცის რად უნდა ეს ტერიტორიები. უაზრო ინერციით დაისაკუთრა ისინი, ღრმა ჩანაფიქრის გარეშე. ასევე უაზროდ, აგრესიის ინერციით შეუტია უკრაინას და დიდი სლავური ერთობის საკუთარი კონცეფცია დაასამარა.
უაზრო ინერციით რომ ვხსნი რუსეთის მოქმედებას, ეს სიტუაციის გამარტივება არაა, პირიქით - უაზრობასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ერთადერთი რაც მოაქვს ამ თვალსაზრისს, არის ნაკლები ნერვიულობა იმაზე, რომ რუსეთი რაღაც ხაფანგს გვიმზადებს. ხაფანგს ჭკუა უნდა.
ჩვენი ღირსების საკითხია, გავამკაცროთ პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მიერ დაფინანსებული სტრუქტურების და ღონისძიებების მიმართ
დღევანდელ რუსულ პოლიტიკას არ ეტყობა, რომ იგი ჭკვიანურად იყოს გათვლილი. ჭკვიანური პოლიტიკა საკუთარ ეკონომიკას და საერთაშორისო სტატუსს იმ მდგომარეობაში არ ჩააგდებდა, რაშიც დღესაა.
ამიტომ, რუსი პროპაგანდისტების უკანასკნელი ვოიაჟი თბილისში დიდი ხიფათის შემცველი არაა, რადგან მას რუსეთისთვის არანაირი შედეგი არ მოაქვს. მეორე მხრივ, თავმოყვარე სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ღონისძიებები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნისგან ფინანსდება. პარადოქსულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულ კერძო პირს შენთან არ უშვებ, მაგრამ კარს უხსნი ოკუპანტის მიერ დაფინანსებულ სტრუქტურებს და ღონისძიებებს. ვთვლი, რომ ჩვენი ღირსების საკითხია, გავამკაცროთ პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მიერ დაფინანსებული სტრუქტურების და ღონისძიებების მიმართ.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

























