ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2018

რა ინტრიგა შემოინახა "ოცნებამ" 8 სექტემბრისთვის

"ხელისუფლებას ამ არჩევნების მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდება"

***

რა ინტრიგა შემოინახა "ოცნებამ" 8 სექტემბრისთვის

"საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ჩიხშია შესული. სადღეისოდ ჩამოყალიბებული სურათიდან, ანუ კანდიდატებიდან, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, არავინ ჩანს, მმართველ გუნდს "ნაცმოძრაობის" კანდიდატის გამარჯვება თავიდან ააცილოს - ასე ფიქრობს ექსპერტთა გარკვეული ნაწილი. მათი თქმით, "ოცნებას" რჩება ერთი გზა - ან დაასახელოს თავისი კანდიდატი, როგორც კულუარებში ამბობენ, ზურაბ აბაშიძე, ან დაუბრუნდეს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის გეგმას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რა ინტრიგა შემოინახა "ოცნებამ" 8 სექტემბრისთვის / "არ არის გამორიცხული, რომ ზურაბ აბაშიძის კანდიდატურაზე შეჩერდნენ"

"დარჩენილ დღეებში რა შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკურ ბაზარზე და რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს "ოცნებამ", ამის თაობაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს ესაუბრა. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ "ოცნებამ" 8 სექტემბრამდე გარკვეული ინტრიგა შემოინახოს და საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს. "მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება დამოუკიდებელ კანდიდატად, ყველას ახსოვს, როგორ დაუჭირა მხარი "ოცნებამ" მას საპარლამენტო არჩევნებში. "ისიც ყველამ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს კონსულტაციები ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან, თუმცა მისმა განცხადებებმა გარკვეული უხერხულობა შეუქმნა მმართველ გუნდს. "ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ 8 სექტემბრამდე "ოცნებამ" რაღაც ინტრიგა შემოინახოს და 8 სექტემბერს თავისი კანდიდატი დააყენოს, ერთ-ერთი ვერსიით, იგი შეიძლება ზურაბ აბაშიძეც იყოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემი აზრით, ზურაბ აბაშიძე გაცილებით უკეთესი კანდიდატია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ბატონი ზურაბის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა "ოცნების" შეთავაზებას. თუ "ოცნება" ზურაბ აბაშიძის კანდიდატურას დააყენებს, იგი "ნაცმოძრაობის" მთავარი კონკურენტი იქნება და ვფიქრობ, რომ საარჩევნო გარემოც უფრო კონკურენტული გახდება", - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ. "ოცნების" მიერ ზურაბ აბაშიძის კანდიდატურის დასახელებას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი იგორ კვესელავაც, თუმცა ფიქრობს, რომ ვადის ამოწურვამდე სხვა კანდიდატებიც შეიძლება გამოჩნდნენ. "ვერ ვიტყვი, რომ "ოცნება" კანდიდატთან დაკავშირებით ჩიხშია შესული, ეს უფრო ბუნდოვანი სიტუაციაა. ჩიხიდან გამოსვლა მართლაც ძნელი იქნებოდა, ბუნდოვანი მდგომარეობიდან გამოსვლა კი "ოცნებას" არ გაუჭირდება.

"რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ ზურაბ აბაშიძის კანდიდატურაზე შეჩერდნენ, თუმცა 8 სექტემბრამდე კიდევ არის დრო და შეიძლება სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ", - განაგრძობს გამოცემა.

"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის შესაძლო მხარდაჭერის სცენარმა, ვფიქრობ, არ იმუშავა, რადგან როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამ მოსაზრებას წინააღმდეგობა შეხვდა და თავად გუნდშიც არ იყო ერთსულოვნება, უყოყმანოდ დაეჭირათ მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის", - განაცხადა იგორ კვესელავამ. არჩილ გამზარდია: "ოცნება" საკმაოდ უპასუხისმგებლოდ იქცევა, გაუგებარია მათი მიდგომა და ლოგიკა ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ისინი ამ არჩევნებს უყურებენ, რამდენად პოლიტიკურად მომგებიანი იქნება მათთვის და გადაწყვეტილებასაც ამ ორიენტირებით იღებენ, რომ ერთი პარტია არ ფარავდეს ყველა ინსტიტუტს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს, პრეზიდენტის სავარძელს, უთმობენ ოპოზიციას. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა.

სავარაუდოდ, ისინი თვალყურს ადევნებენ პროცესს და თუ გამოჩნდა საპირწონე, იქით გადაიხრებიან და ამის მიხედვითაა მათი განცხადებებიც. პარტია ვალდებულია, თავისი კანდიდატი ჰყავდეს და თუ თავი ძალად მიაჩნია, იგი თავისი სივრციდან წამოაყენოს. "ოცნებას" საიმიჯო ჩიხი კი აქვს, მაგრამ რესურსების ჩიხი - არა და საკუთარი კანდიდატის წამოყენების შემთხვევაში მას გამარჯვების შანსი აქვს. ჩემი აზრით, პოლიტიკურ სპეკულაციებზე არჩევნების აგება არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ ოპოზიციის მხრიდან უფრო დაამძიმებს საარჩევნო გარემოს", - განაცხადა "რეზონანსთან" არჩილ გამზარდიამ", - დასძენს გამოცემა.

"კორნელი კაკაჩია კი არ ფიქრობს, რომ "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გეგმა შეცვალოს. პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, თუ მორალური და ადამიანური კატეგორიებიდან ამოვლენ, ყველა შემთხვევაში უნდა დაუჭირონ მხარი, მან უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რაც იოლი საქმე არ იყო. არა მგონია, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით "ოცნებამ" გეგმა შეცვალოს, თუ რაიმე შეცდომას კიდევ არ დაუშვებს. მისი მხარდაჭერა შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან და მთავარია, რას იტყვის ივანიშვილი", - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ", - წერს სტატიის ავტორი.

"ხელისუფლებას ამ არჩევნების მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდება"

"პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოსა და პრეზიდენტობის კანდიდატების შანსს აფასებს. მისი აზრით, იმ ფაქტმა, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში არ მონაწილეობს, გარკვეული პოლიტიკური გარემო შექმნა, რომელიც მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. მას ჰქონდა შანსი, რომ ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიეღო და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამაერთიანებელი მთავარი რგოლი ყოფილიყო, თუმცა, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, კომფორტულად ყოფნა ამჯობინა და პროცესებს განერიდა. ლაგაზიძე აცხადებს, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება და ხელისუფლებას ამ რჩევნების მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდება“ - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ხელისუფლებას ამ არჩევნების მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდება"

"გიორგი მარგველაშვილი რომ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა, მე ეს ერთი წლის წინაც ვიცოდი და ჩემთვის ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ამის პროგნოზი რთული არ იყო. ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი კომფორტი ყველაფერზე წინ დააყენა. მას ჰქონდა საშუალება, ყველა სხვა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მეტი გაეკეთებინა. ის უნდა ყოფილიყო ან ივანიშვილისკენ ან ხალხისკენ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არავისკენ არ იყო. მარგველაშვილი მთელი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მხოლოდ საკუთარი თავისკენ იყო. მან ისიც კი არ გააკეთა, რომ ოპოზიცია და საზოგადოება 6 ან 9 თვით ადრე მაინც გაეფრთხილებინა, რომ ხელმეორედ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა. მას შეეძლო, ამ მრჩევნებში მთელი ოპოზიციის გამაერთიანებელი რგოლი ყოფილიყო. მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია მის გადაწყვეტილებას ელოდებოდა, მან კი ისიც კი არ მოისურვა, რომ საზოგადოება და ოპოზიცია უფრო ადრე გაეფრთხილებინა. არ მგონია, ასე განზრახ მოიქცა, უბრალოდ, ის არ არის ლიდერი პოლიტიკოსი. ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოებას მისთვის ხმა არ მიუცია და მისი სახელითა და გვარით ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. მას კი ახლა ჰქონდა შანსი, რომ ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ის ფაქტი, რომ მარგველაშვილი არჩევნებში არ მონაწილეობს, "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. მას, როგორც უკვე აღვნიშნე, წინასწარ რომ გაეფრთხილებინა საზოგადოება და ოპოზიციური ფლანგი, მმართველი გუნდის საქმე უფრო რთულად იქნებოდა. ყველა კუთხეში პრეზიდენტობის კანდიდატს აღარ შეხვდებოდით. ვნახეთ, რომ დავით უსუფაშვილმა მას ოპოზიციის გაერთიანებისკენ მოუწოდა, თუმცა მარგველაშვილმა არ ისურვა. არ მგონია, რომ "ოცნებაც" მას ელოდებოდა. სადაც მე მივხვდი, რომ ის მეორედ კენჭს აღარ იყრიდა, ივანიშვილი ხომ უფრო კარგად იცნობს მას და ზუსტად იცოდა, რომ პრეზიდენტობას აღარ მოისურვებდა. თუმცა ოპოზიციის უფრო ადრე გაფრთხილება ქვეყანას წაადგებოდა და სიტუაცია სრულიად სხვანაირი იქნებოდა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ზურაბიშვილის მხარდაჭერა და ე. წ. არასახელისუფლო დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა მმართველმა გუნდამა დასავლეთის თვალის ასახვევად გადაწყვიტა. ეგონათ, რომ ისინი ამ ფანდს "ჭამდნენ". თუმცა როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე დასავლეთშიც ყველამ კარგად იცის, რომ იგი "ოცნების" სხვა წევრებზე მეტად პარტიული აქტივისტი და მხარდამჭერია. ზურაბიშვილის კანდიდატურის შერჩევა კიდევ იმიტომაც გადაწყდა, რომ პარტიაში შიდა ჯგუფებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა და რომელიმე ჯგუფის კანდიდატი არ გასულიყო და დაპირისპირება უფრო არ გამწვავებულიყო. გარდა ამისა, იგი პრეზიდენტობის კანდიდატად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ივანიშვილისთვის იდეალურია. საქმე ისაა, რომ ზურაბიშვილი კონფრონტაციული ხასიათისა და თავისებების გამო ვერასდროს გახდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი. მის გარშემო ოპოზიცია გაერთიანებას ვერასდროს შეძლებს. ასევე, "ოცნებას" ყოველთვის ექნება რესურსი, რათა ის ჩუმად ჰყავდეს. პრეზიდენტობის შემთხვევაში იგი ყოველ კვირა ახალ-ახალი განცხადებებით მედიისთვის საინტერესო სკანდალებს ამოაგდებს და მთელი ყურადღება მისკენ იქნება მიმართული. მოკლედ, ყვედა კუთხით ზურაბიშვილი მმართველი გუნდისთვის მისაღები ფიგურაა. თუმცა ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში არჩევნების მოგება ყველაზე მეტად გაუჭირდება და მისი გაყალბების კუთხით ნამდვილად დიდი სამუშაო ექნება“, - დასძენს გამოცემა.

"ჩემი აზრით, ამ არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა მაღალია. ზურაბიშვილთან ერთად, სავარაუდოდ, მეორე ტურში ან დავით ბაქრაძე ან გიორგი ვაშაძე გავა. თუმცა ამ სამეულისთვის მაინც ყველაზე დიდი საფრთხე დავით უსუფაშვილია, თუკი ის ხელისუფლების მხარდაჭერით ისარგებლებდა, ამ შემთხვევაში მისი "ნაციონალურ მოძრაობასაც" შეეშინდება. იგი სახელმწიფოებრივად ყველაზე გაწონასწორებული და მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც პოლიტიკაში ახალგაზრდების შემოყვანის შიში არა აქვს. მისი ფიგურა დასავლეთისთვისაც მისაღებია. უსუფაშვილი "ოცნებისთვის" არახელსაყრელია, რადგან საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია, ვისი გაკონტროლებაც ნაკლებად იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა მას ამ არჩევნებში დიდი ფული და ადამიანური რესურსი დასიჭრდება, რათა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გადაბირება შეძლოს“, - აცხადებს გამოცემა.

"სალომე ზურაბიშვილი პირველსვე ტურში იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ თამაშში ისევ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთვება. მაშინ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია რომ იგი უკვე თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოდის. ჩემი აზრით, სააკაშვილიც კარგად აცნობიერებს, რომ მმართველი გუნდი მისივე დახმარებით არჩევნებში იმარჯვებს ხოლმე. ამიტომ მან ეს პოლიტიკა თუ კვლავ გააგრძელა, მაშინ სხვა რამესთან გვექნება საქმე. ისე კი მგონია, რომ ზურაბიშვილი პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვებს. დააკვირდით, ზურაბიშვილი გააჩუმეს. მიხვდნენ, რომ ლაპარაკით იმ მცირე რეიტინგსაც კი კარგავს, რომელიც აქამდე მაინც ჰქონდა, მიხვდნენ, რომ სჯობს, გაუჩმდეს და არჩევნებამდე პირაკრული მივიდეს“, - წერ სტატიის ავტორი.