ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2018

ივანიშვილის საპრეზიდენტო სიურპრიზირამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ივანიშვილი იყოს? ***

ივანიშვილის საპრეზიდენტო სიურპრიზი

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატის ოფიციალურად დასახელებას ივლისის ბოლომდე არ აპირებს, თუმცა კანდიდატების აქტიური განხილვა დაწყებულია და რამდენიმე ვარიანტი "ასარჩევად" ბიძინა ივანიშვილსაც უკვე წარუდგინეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილისთვის შეთავაზებულ გვარებს შორის არიან: სოზარ სუბარი და თედო ჯაფარიძე. ითქვა, რომ მას სოზარ სუბარი ძალიან მოსწონს და ეს შეთავაზება მოიწონა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. დასახელდა ერთი პრობლემაც, პრეზიდენტად კენჭისყრაში მონაწილეობაზე "ოცნებას" ბევრმა უარი უთხრა. ითქვა, რომ პოეტ დავით მაღრაძეს თავად ივანიშვილმა შესთავაზა პრეზიდენტობა, მაგრამ უარი მიიღო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ივანიშვილის საპრეზიდენტო სიურპრიზი / "2 ადამიანი შევთავაზე, მაგრამ მათი დათანხმება ჭირს"

"ქართული ოცნების" ლიდერები კანდიდატების აქტიურ განხილვას ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდე დიდი დროა და პარტია კანდიდატს მხოლოდ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს. პარტიაში ამბობენ, რომ ყრილობის შემდეგ იგეგმება პოლიტსაბჭოს შეკრება და სწორედ იქ შეარჩევენ კანდიდატს. უმრავლესობის კულუარებში ამბობენ, რომ პარტიაში დაბრუნების შემდეგ პირადად ივანიშვილი მართავს კონსულტაციებს გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად. მასთან დაახლოებული "ოცნების" დეპუტატი თემურ ჭკუასელი ადასტურებს, რომ ივანიშვილი უკვე არჩევს კანდიდატებს, თავადაც შესთავაზა ორი კანდიდატურა და ერთ-ერთ მათგანზე მათი აზრები დაემთხვა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჭკუასელი თავს იკავებს, დაასახელოს კანდიდატის სახელი და გვარი, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანების პრეზიდენტობის კანდიდატად დათანხმება ჯერჯერობით "ცოტათი უჭირთ". ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, თქვენი მონა-მორჩილიც არჩევს და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს, მერე კი უნდა შევაჯეროთ. მეც ორი კანდიდატურა შევთავაზე, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კანდიდატურები. მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების და ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც ფიქრობდა თურმე ამ ადამიანზე და დაემთხვა ჩვენი აზრები", - არის თუ არა ჭკუასელის მიერ წარდგენილი კანდიდატი სოზარ სუბარი, ამაზე დეპუტატი დუმილს ამჯობინებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი წარდგენილი ფიგურა კაცია და ყველასთვის საყვარელი ადამიანი“, - აცხადებს გამოცემა

"თავად სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ის კონსულტაციებში ჩართული არ არის და, საერთოდ, ვინც უნდა დაასახელოს მმართველმა პარტიამ, მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს. "მსჯელობა, რა თქმა უნდა, დაწყებულია. კონსულტაციებში მე პირადად არ ვარ ჩართული. არ იქნება არც ერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება, კონკურენცია გაუწიოს "ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იქნება პარტიის თავმჯდომარე, მისი გავლენა კი, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მაღალი", - განაცხადა დევნილთა მინისტრმა. სუბარის კანდიდატურის განხილვაზე ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "სოზარი არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელება ახლა არ იქნება რელევანტური“, - დასძენს გამოცემა.

"არც კორექტული არ იქნება იმიტომ, რომ ვერსად ვერ მივალთ ასე დასახელებით, რადგან არ გვიმსჯელია ჯერ ამ საკითხზე. მოგვიანებით გვექნება პოზიცია", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სოზარ სუბარის კანდიდატურაზე ცნობა "ოცნებიდან" კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო "2030-"მა გაავრცელა. ხოლო "პირველი რადიოს" ცნობით, "ოცნების" მეორე ჯგუფმა ივანიშვილს თედო ჯაფარიძის კანდიდატურა შესთავაზა. ჯაფარიძე ამჟამად პრემიერ კვირიკაშვილის მრჩეველია საგარეო საკითხებში და ამ ჯგუფის მთავარი არგუმენტიც ისაა, რომ იგი დიპლომატია და კავშირი აქვს როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან. მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი, ერთ თვეზე მეტია, დაწყებულია. რამდენიმე სავარაუდო კანდიდატიც უკვე დასახელდა, თავად ბიძინა ივანიშვილი, მაია ცქიტიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ბახტაძე, თუმცა რას გადაწყვეტს ივანიშვილი, უცნობია“, - წერს სტატიის ავტორი

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ივანიშვილი იყოს?

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, პარტიის ყრილობაზე, რომლიც 11 მაისს არის დაგეგმილი, ახალ თავმჯდომარესთან ერთად, საპრეზიდენტო კანდიდატიც გამოცხადდეს. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი, შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს. მიმომხილველებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი ამ ვერსიისკენ იხრება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ივანიშვილს შემდეგი ლეგიტიმაცისთვის პრეზიდენტობა სჭირდება. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ივანიშვილი იყოს? - ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

"ნებისმიერი კანდიდატურა შეუძლიათ, დაასახელონ, ისეთიც კი, საერთოდ რომ არ გვიფიქრია, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა. ახლა კი, შესაძლოა, ამ ყველაფრის დასალაგებლად ივანიშვილის კანდიდატურა წამოაყენონ, რაც მაინც ნაკლებად რეალურად მეჩვენება. ვინც ახლა პარლამენტშია, არ მგონია, ვინმე იმათგან შემოგვთავაზონ, რადგან სიტუაცია დაშლის პირასაა, პრეზიდენტობის დროს კი რაც მოხდება, ცხადია. უფრო ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც დაალაგებს სიტუაციას, საჭიროა, იგრძნობოდეს, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრეზიდენტი", - აღნიშნავს კინორეჟისორი გოგი თორაძე

"არ მიმაჩნია რეალურად. მესმის ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ მას პასუხი ექნება გასაცემი ყველა იმ დაპირებაზე, რაც საზოგადოებას მისცა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ ვერ შესრულდა ეს დაპირებები, თითოეული მათგანი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიბრუნებს ის ავტორიტეტს, რომელიც ადრე აშკარად ჰქონდა. არ მგონია, ბატონმა ბიძინამ გარისკოს და თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინოს", - აცხადებს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"ძალიან რეალურად მიმაჩნია, მომწონს ეს აზრი და მივესალმები", - დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე