ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2018
სანდრო თვალჭრელიძე - "პარლამენტში მომხდარით წააგო ქართველმა საზოგადოებამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაინახა, როგორი პარლამენტი და პრეზიდენტი ჰყავს"ნარკოსკანდალის შემდეგ ექსპერტები მიხეილ გიორგაძის გადადგომას ითხოვენქართულ ინტერნეტში შავი ბაზარი სახიფათოდ ფართოვდება * * *
სანდრო თვალჭრელიძე - "პარლამენტში მომხდარით წააგო ქართველმა საზოგადოებამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაინახა, როგორი პარლამენტი და პრეზიდენტი ჰყავს"
"მიმაჩნია, რომ პრინციპული განსხვავებაა პარტიულ ლიდერობასა და ხელისუფლებაში ყოფნას შორის. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის ლიდერები ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, ამჯერად ბიძინა ივანიშვილს პარტიის სათავეში ჩადგომისთვის სულ სხვა მიზეზები ჰქონდა. ჩემი აზრით, მას შეეშინდა იმ აბსოლუტურად გაუმართლებელი პროცესების, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში ნინია კაკაბაძის გამო დაიწყო. ამ ყოვლად გაუგებარ და უაზრო დაპირისპირებას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეეძლო არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილმაც, როგორც ჩანს, ეს საფრთხე დაინახა და გადაწყვიტა, პარტიულ საქმიანობას ჩასდგომოდა სათავეში.", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "აღმაშფოთებელი იყო მარგველაშვილის გაქცევა პარლამენტიდან, ეს სააკაშვილსაც კი არ უქნია" / "პარლამენტში მომხდარით წააგო ქართველმა საზოგადოებამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაინახა, როგორი პარლამენტი და პრეზიდენტი ჰყავს" / "ქართული ოცნების" ადგილზე, საპრეზიდენტო კანდიდატად წამოვაყენებდი სრულიად აპოლიტიკურ ფიგურას. ადამიანს, რომელსაც დიდი პოლიტიკური ამბიციები არ ექნება, მაგრამ იქნება საქართველოს სახე... და რომელიც აუცილებლად გადაიტანს საპრეზიდენტო რეზიდენციას ორბელიანების სასახლეში".
"სიმართლე რომ ვთქვათ, ის პოლიტიკური პროცესებისგან მაინცდამაინც შორს არასდროს წასულა. ივანიშვილი აქამდეც მუდმივად მონაწილეობდა პარტიულ თავყრილობებში, ბოლო არჩევნების გარდა, ყველა საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული და ა.შ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ის არ მონაწილეობდა ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში. პარტიას სჭირდება პარტიული ცხოვრების აწყობა, რაც "ქართულ ოცნებაში" ვერა და ვერ მოხერხდა. გიორგი კვირიკაშვილი პარტიას ვერ უვლიდა. პრემიერ-მინისტრობა ადვილი არ არის, პარტიისთვის მას დრო ვერ დარჩებოდა. მერად არჩევის შემდეგ პარტიისთვის აღარ ეცალა არც კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მეტისმეტად ხისტი, გამოუცდელი და არცთუ ჭკვიანია. ამ ყველაფერმა განაპირობა ივანიშვილის ნაბიჯი. ვისი ბრალია ეს? ვინ შეარჩია ეს გუნდი? - ბიძინა ივანიშვილმა! სწორედ მან შეკრიბა ადამიანები, რომელთაც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მართლაც ძალიან უჭირთ და ივანიშვილს მუდმივად უწევდა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. მოკლედ, მან, როგორც ჩანს, იგრძნო ეს პასუხისმგებლობაც და ახლა თვითონ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
"ძალიან კარგია, როდესაც ახალგაზრდები მოდიან პოლიტიკაში - მათ ახალი და ძლიერი ენერგეტიკა მოაქვთ, მაგრამ პოლიტიკური პარტია ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან კონგლომერატად, სადაც გამოცდილება და ახალგაზრდული ჟინი ერთმანეთს დააბალანსებს. არ შეიძლება ასაკოვანი ხალხის შესაძლებლობასა და გამოცდილებაზე უარის თქმა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს იყო სააკაშვილის ტრაგიკული შეცდომაც. დღესაც ძალიან ბევრი საჭირო ადამიანი თამაშგარე მდგომარეობაშია. ჩემი აზრით, შემდეგი არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილმა ეს უნდა გამოასწოროს - განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ. მიმაჩია, რომ "ქართულ ოცნებას" სწორედ ამ არჩევნებისთვის დასჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, თუ მისი მოგება უნდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ძალიან პირობითი მგონია დაპირისპირებული ჯგუფების სავარაუდო დიფერენციაცია. ვითომ კალაძისა და კობახიძის გუნდი ერთი გუნდია? ძალიან მეეჭვება. როგორც წესი, პარტიულ და, ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში არის დროებითი ალიანსი, დროებითი კავშირი, რომელიც ზოგჯერ მყარდება, ზოგჯერაც წყდება. მე "ქართულ ოცნებაში" უფრო მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებას ვხედავ. როგორც უკვე ვთქვი, ეს პარტია ჯერჯერობით სწორედ მსოფლმხედველობრივ ერთიანობად ვერ ჩამოყალიბდა. მიმაჩნია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის არჩევისას გედევან ფოფხაძის ქმედება აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაადეკვატური იყო. ჩვენ თუ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, მაშინ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ თუ რომელიმე ორგანოში არსებობს კვოტები უმრავლესობისა და უმცირესობისთვის, მაშინ უმრავლესობამ უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი მას, ვისაც უმცირესობა ირჩევს... ყველაზე ამაზრზენი კი იყო ის ბოდიშები, ნინია კაკაბაძისთვის ხმის მიცემის გამო სოფო კილაძემ და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა რომ იხადეს. ადამიანს საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება უნდა შეეძლოს და გადაწყვეტილებები ასე იოლად არ უნდა გადათქვას", - მიიჩნევს ექსპერტი.
"რაც შეეხება პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილს აქვს რაღაც სტრატეგია, როგორ აპირებს პარტიის მართვას. "ქართულ ოცნებას" დასჭირდება განახლება, ამ ცვლილებებს კი განახლებას ვერ დავარქმევთ. ეს არც იყო ცვლილება - შეამცირეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და იქ ახალი ჯერ არავინ მოსულა. ვერ ვიტყოდი, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდა, თითქოს ივანიშვილი რომელიმე ჯგუფის პოზიციას იზიარებს... 2012 წლიდან რასაც ვუყურებ, ბიძინა ივანიშვილს განახლება და თანამდებობებზე ადამიანების გადათამაშება უყვარს, მაგრამ არა მგონია, სამთავრობო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორციელდეს; ვფიქრობ, მთავრობის განახლებას სწორედ არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ. სიმართლე გითხრათ, კვირიკაშვილი მაინცდამაინც ცუდ პრემიერად არ მიმაჩნია, მაგრამ პროცესების ანალიზი მკარნახობს, რომ პრემიერობისთვის გიორგი გახარიას ამზადებენ, თუმცა ამას გარედან დაკვირვების შედეგად ვამბობ და არა - რაიმე ინფორმაციაზე დაყრდნობით. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა რომელიმე ოფიციალური პოსტი დაიკავოს, ან თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატობას აპირებდეს. ამ შემთხვევაში მას მოუწევს იმის კეთება, რაც ძალიან არ უყვარს - ეს არის მოგზაურობა", - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
"ქართული ოცნების" ადგილზე, საპრეზიდენტო კანდიდატად წამოვაყენებდი სრულიად აპოლიტიკურ ფიგურას. ადამიანს, რომელსაც დიდი პოლიტიკური ამბიციები არ ექნება, მაგრამ იქნება საქართველოს სახე... და რომელიც აუცილებლად გადაიტანს საპრეზიდენტო რეზიდენციას ორბელიანების სასახლეში... სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ეს მოხსენება ჩემთვის ძალიან უინტერესო აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, არ ილაპარაკა. მისი გამოსვლით მართლაც ყველა უკმაყოფილო დარჩა, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მარგველაშვილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს არ მიჰყვება. აღმაშფოთებელი იყო ჯერ მისი მოთხოვნა, პარლამენტს დაერღვია რეგლამენტი და ყველა გამომსვლელი დეპუტატისთვის მაშინვე ეპასუხა, მერე კი მისი გაქცევა პარლამენტიდან. ეს მიხეილ სააკაშვილსაც კი არ უქნია "ქართული ოცნების" პარლამენტის დროს - ეს სრულიად გააზრებული და, ვფიქრობ, დაგეგმილი ნაბიჯი იყო. მას, როგორც ჩანს, არ სურდა ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა და ამიტომ გამოვიდა ასეთი დემარშით", - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - "ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით თითქმის აშკარად დაადანაშაულა კორუფციაში..." - პასუხობს:
"სამწუხაროდ, კობახიძე ძალიან ხშირად აჭარბებს, მით უფრო - პრეზიდენტთან ურთიერთობისას. ის აშკარა ზიზღს ვერ ფარავს... ოღონდ რითია ეს ზიზღი გამოწვეული - პოლიტიკური დაკვეთაა თუ პიროვნული დამოკიდებულების შედეგი, არ ვიცი... უფრო გაუგებარი იყო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ თურმე ეს პოლიტიკური შეფასებები იყო და მარგველაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არავინ აპირებს. ეს რას ნიშნავს? შეიძლება ადამიანს ასე ხელაღებით დასწამო ცილი და ეს პოლიტიკურ შეფასებად გაასაღო?! ბევრ ქვეყანაში არსებობს ე.წ. დიფამაციის კანონი. ვფიქრობ, ეს საქართველოშიც შემოსაღებია - მერე კი ყველას მოუწევს საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება! ჩვენთან ძალიან ადვილია ადამიანისთვის ჩირქის მოცხება და სიტყვაც ფასს კარგავს. ვხედავთ, რამდენს ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, მაგრამ მათი არავის სჯერა. ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე სწორედ ის არის, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია, პასუხს კი არავინ აგებს".
მარგველაშვილი, თუ დაინახავს, რომ რაღაც რეიტინგი აქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რასაკვირველია, მიიღებს... გაუგებარია ისიც, ვის წარადგენს "ქართული ოცნება". ჯერჯერობით ვერც პარლამენტში, ვერც ივანიშვილის გარემოცვაში და ვერც მთავრობაში ასეთ ფიგურას ვერ ვხედავ. ერთადერთი გიორგი კვირიკაშვილი შეიძლება განვიხილოთ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად "ქართულ ოცნებაში" კიდევ დიდხანს მოუწევთ ფიქრი. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას, სამწუხაროდ, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. სტრატეგია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ამ მიმართულებით აირჩია, სამწუხაროდ, მცდარია, უფრო სწორად, სტრატეგია არც არის. გვახსოვს მათი პროგრამა 20/20, შემდეგ იყო 20/30, მაგრამ, აშკარაა, რომ ეს პიარზე აგებული ეკონომიკა არ მუშაობს! რაღაცები კეთდება, მაგრამ ძირითად სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. თითქოს ბიზნესის ლობირება შეიმჩნევა, საპარტნიორო და თანადაფინანსების ფონდებიც საქმიანობენ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ამიტომაც არ იცვლება სიტუაცია ქვეყანაში და არის სრული სტაგნაცია. ქვეყნის წინსვლას ეკონომიკის ნახტომისებური განვითარება სჭირდება; ამისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაა აუცილებელი, ჩვენთან კი ეს არ ხდება", - დასძენს თვალჭრელიძე.
ნარკოსკანდალის შემდეგ ექსპერტები მიხეილ გიორგაძის გადადგომას ითხოვენ
"ქართული ოცნება" კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, ამ დრომდე დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებით გარდაიცვალა. ჰქონდა თუ არა ლევან კალანდაძეს კულტურის სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე გავლილი ნარკოტესტი და როგორ მოხვდა ნარკომომხარებელი საჯარო უწყებაში, უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხით დაინტერესებას აპირებს. მით უფრო, რომ მეფედრონს ბოლო 2 კვირაში უკვე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. შაბათს თბილისში გარდაცვლილი ორი ადამიანიდან, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს, ერთ-ერთი კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი, 39 წლის ლევან კალანდაძეა. ის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოჯახს უკვე მიუსამძიმრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ნარკოსკანდალის შემდეგ ექსპერტები მიხეილ გიორგაძის გადადგომას ითხოვენ / "მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს"
"აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებში დასაქმებულ პირებს ნარკოტესტის ჩაბარებას კანონი ავალდებულებს. "სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, გაცემული ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა", - აღნიშნულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხით დაინტერესდებიან. "ნებისმიერი ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა, გახდება ჩვენი მსჯელობის საგანი, განსაკუთრებით იმ კომიტეტებისა, ვისაც ეს საკითხი ეხება", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია, რომელის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას "ცოტა გაზვიადებულად" მიიჩნევს, თუმცა კონკრეტული გარემოებები შესასწავლია - როდის გახდა ეს ადამიანი სახელმწიფო მოხელე, გაიარა თუ არა ტესტი და სხვა, ხოლო ინფორმაციას მნიშვნელოვანი დასკვნისთვის საკმარისად არ თვლის", - აღნიშნავს გამოცემა.
"პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრ დიმიტრი ხუნდაძის თქმით კი, ამ საკითხით შს სამინისტრო უნდა დაინტერესდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პარლამენტმა ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებაზე იმუშაოს. მისი აზრით, საჯარო უწყებებში არაგეგმური შემოწმებები უნდა ხდებოდეს. "ამ საკითხით შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს. გამოძიებული უნდა იქნეს და დადასტურებული, თუ რა გარემოებაში მოხდა, რა იყო ამის მიზეზი და შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმაზე, რა დამატებითი ზომებია მისაღები. რეგულაცია არსებობს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ საჯარო მოხელე ტესტირების გავლის პერიოდში არ მოიხმარდეს ნარკოტიკს, მაგრამ იყოს მომხმარებელი. რა თქმა უნდა, ამის თეორიული შანსი არსებობს. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდულობით არაგეგმური შემოწმება უნდა ხდებოდეს. ალბათ მოგვიწევს მუშაობა. კანონთან დაკავშირებით სამუშაო გვაქვს", - უთხრა "რეზონანსს" ხუნდაძემ. ის ფაქტი, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი მაღალი რანგის ჩინოვნიკი აღმოჩნდა, სახელმწიფოსთვის დიდ გამოწვევად მიაჩნია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჩინოვნიკი აბარებს ნარკოტესტს, რაც საქართველოში აღარ ტარდება", - დასძენს გამოცემა.
"ეს საქართველოშიც ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი რატომღაც დაივიწყეს. დღეს თითქოს რაღაც განუკითხაობაა ამ თვალსაზრისით. ეს კამპანია მუდმივად უნდა ტარდებოდეს საქართველოში და ჩინოვნიკი ავტომატურად წარადგენდეს ცნობას, ამასთან, მოულოდნელი რეიდები უნდა ტარდებოდეს ყველა უწყებაში. ნარკომანია არ არის მხოლოდ ტრაგედია და სოციალური მოლენა. თუ სახელმწიფოს მმართველობაში ასეთი ადამიანები გვყავს, გასაგებია, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ცუდი გაგებით. მაშინ, რა ხელისუფლებას ვქმნით?! რად გვინდა, ყველაფერზე ხელის მომწერი მთავრობა?! რა თქმა უნდა, ეს ქმნის პრობლემებს მთავრობის ეფექტური მუშაობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით", - აცხადებს ხუხაშვილი - ის მიიჩნევს, რომ შესაბამისი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, თუმცა ამ ქვეყანაში ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. მომხდარი ქვეყნისთვის უდიდეს გამოწვევად მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მასშტაბი სულ უფრო იზრდება", - წერს სტატიის ავტორი.
"ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია სახელმწიფო მოხელეზე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ალბათ მათ უფრო მიუწვდებათ ხელი ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა სახელმწიფო მართვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. უნდა მოხდეს ეფექტური გამოძიება, საიდან შემოვიდა ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში. რამდენადაც ცნობილია, მსუბუქი ნარკოტიკის გარდა, ვგულისხმობ მარიხუანას, სხვა ტიპის ნარკოტიკი აქ არ იწარმოება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რა გზით შემოდის. მე ვფიქრობ, ამ ვითარებაში აუცილებლად უნდა დადგეს კონკრეტული პირების და მათ შორის კულტურის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთანავე, უწყებებში უნდა ჩატარდეს წმენდა", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
ქართულ ინტერნეტში შავი ბაზარი სახიფათოდ ფართოვდება
"ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ თბილისში ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების გამო გარდაიცვალა, საზოგადოება შეძრა. კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა კი, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით კლინიკებში მოხვდა მძიმე ინტოქსიკაციით, მათგან ზოგს მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა და ერთხანს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება ინტერნეტით შეიძინეს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით შავი ბაზარი ინტერნეტში / ასეთი ტიპის საიტები ან ნომრები, როგორც წესი, რეგისტრირებულია და განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, რომლებზეც არ ვრცელდება ევროსაბჭოს "კიბერდანაშაულის შესახებ" კონვენციის მოქმედება".
"ჩემს მობილურ ტელეფონში ახლაც არის შენახული რუსულ ენაზე კონკრეტული ნომრიდან "ვაიბერით" მოსული შეტყობინება, სადაც ტექსტის ავტორი "ტელეგრამის" საშუალებით ნარკოტიკების შეძენას მთავაზობს. აქვე მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ იაფი ნარკოტიკებით და პროდუქციის მიწოდება სომხეთსა და საქართველოში დილერების საშუალებით შეუძლიათ. შემოთავაზებულ "ასორტიმენტშია" ე. წ. სპაისები, ანაშა, ჰაშიში, მოსაწევი ხსნარები, მეფედრონი, კოკაინი და სხვ. ამავე წერილში მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ ცეცხლსასროლი იარაღითაც ლიცენზიის გარეშე და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მომყიდონ ავტომატი, პისტოლეტი, საბრძოლო შაშხანა, რევოლვერი და კიდევ რამდენიმე სახეობისა და მარკის ცეცხლსასროლი იარაღი. აქვე მითითებულია, რომ ეძებენ და დაასაქმებენ ოპერატორებსა და კურიერებს პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში გასავრცელებლად. ასეთი ვებგვერდების არსებობის შესახებ ინფორმაცია აქვთ შს სამინისტროშიც, თუმცა ამბობენ, რომ დაბლოკვის მიუხედავად, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით შეძენის შესაძლებლობა მაინც არსებობს. ასეთ საიტებთან დაკავშირებით სამინისტროს მიუმართავს კომუნიკაციების მარეგულირებლისთვის, დაუბლოკავთ, თუმცა ფაქტია, რომ ელექტრონული სივრცის სრულად გაკონტროლება, სადაც დანაშაული ხდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რით გვემუქრება შავი ონლაინბაზარი? ექსპერტებს ამ კითხვით მივმართეთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"განვითარებულ ქვეყნებში წელიწადში ერთხელ მაინც იკვლევენ შავ ბაზარს, რათა შეისწავლონ, რა ნარკოტიკებია ბრუნვაში და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ამ კონკრეტული ნივთიერების შესახებ, რათა ადამიანმა იცოდეს, რაზე მიდის, როცა ამ ნარკოტიკს მოიხმარს. ჩვენთან ასეთი კვლევები არ ეწყობა და ვარაუდებით, გავრცელებული ინფორმაციითა და ჭორებით გვიწევს ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი. შარშან ანაკლიაში გოგონა გარდაიცვალა და დღემდე არ არის დადგენილი კონკრეტული ნივთიერება, ისევე როგორც 2013 წელს თბილისში, ღამის კლუბში ახალგაზრდის დაღუპვის გამომწვევი ნარკოტიკი. მაშინაც იყო ლაპარაკი მეფედრონზე, რადგან პირველად ამერიკაში ეს პრეპარატი სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა. შვეიცარიის, გერმანიის, ინგლისის კლუბებში სპეციალური ტესტერები არსებობს, სადაც მოწმდება, რა ნარკოტიკები ხვდება შიგნით. ჩვენ კი ნარკოლოგებსაც არ გვაქვს ინფორმაცია, ძირითადად, რა ნარკოტიკული საშუალებები ბრუნავს შავ ბაზარზე. სისტემურ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ ამის გამოსაკვლევად~, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
"ინტერნეტში უკანონო ვაჭრობა დღევანდელი სამართლებრივი რეგულაციებით ვერ ექცევა კიბერდანაშაულის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, რადგან კონვენციის შექმნისას ის არ ყოფილა აქტუალური მოვლენა და ბოლო დროს გავრცელდა. საქმეს ის ართულებს, რომ ვებგვერდები, რომელთა გამოყენებითაც უკანონოდ ვაჭრობენ, საქართველოში არ მდებარეობს. არც ის ნომრებია საქართველოში რეგისტრირებული, საიდანაც "ვაიბერით" ან სხვა საშუალებით გვეგზავნება შეტყობინებები. ასეთი ტიპის საიტები ან ნომრები, როგორც წესი, რეგისტრირებულია და განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, რომლებზეც არ ვრცელდება ევროსაბჭოს "კიბერდანაშაულის შესახებ" კონვენციის მოქმედება, ანუ ისინი ჩართული არ არიან კიბერდანაშაულებზე რეაგირებისთვის შექმნილ 24/7-ზე ურთიერთდახმარების ქსელში. მისი დანიშნულებაა მყისიერი დახმარების მიღება მხოლოდ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით და ის არ მოიცავს თუნდაც ნარკოტიკებით ან იარაღით ვაჭრობას, რაც ასეთი საქმეების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას ართულებს. რეაგირების მექანიზმი ეფექტიანია, როცა საქმე ეხება კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს - კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას, ჰაკერული პროგრამების დამზადებას ან გავრცელებას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ კონვენციას არ მიერთებია რუსეთი, საიდანაც ხშირია ესა თუ ის კიბერშეტევა ან სხვა კიბერდანაშაული. საქართველოში ნარკოტიკის შეძენის შეთავაზებაც რუსული ნომრებიდან მოდის", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კიბერდანაშაულის სისხლისსამართლებრივი რეგულირების საკითხებში სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი.
"შსს-ს განცხადებით ირკვევა, რომ ასეთი ტიპის საიტები მათ საქართველოს ტერიტორიაზე დაბლოკეს ანუ ინტერნეტმომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მომხმარებლები, ქართული აი-პი-მისამართებით (უნიკალური ქსელური მისამართი ინტერნეტში) ვერ შეძლებენ ინტერნეტრესურსის გახსნას, მაგრამ ეს ვერ აგვარებს პრობლემას, რასაც საგამოძიებო ორგანოებიც ადასტურებენ, რადგან ვისაც ნარკოტიკის ან იარაღის შეძენა სურს, ამას პირადი აი-პიდან არც ეცდება და გამოიყენებს აი-პი-მისამართის შემცვლელ პროგრამებს ან/და ინტერნეტსაიტებს. ასეთი სერვისი ოფიციალურ ანტივირუსის მწარმოებელ კომპანიებსაც აქვთ, რათა ჰაკერული შეტევები ავიცილოთ თავიდან. ამის გამო საიტების დაბლოკვა არ კმარა. თუმცა, შსს-ს ამ ტიპის რეაგირება მაინც აუცილებელია", - მიიჩნევს ზაქაშვილი.
"ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობის გამოძიება ისეთივე რთულია, როგორიც კიბერდანაშაულის. თეორიულად, საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ გამოავლინონ კონკრეტული ტრანზაქცია, მყიდველი და გამყიდველი, თუმცა სავაჭრო ქსელის უკან მდგომი "აბონენტების" გამოვლენა ძნელია. 2011 წელს იყო შემთხვევა, როცა ქართულმა საგამოძიებო ორგანოებმა, ნატოს ექსპერტებთან ერთად, გამოავლინეს რუსი ჰაკერი, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე აგროვებდა ინფორმაციას. ქართულმა მხარემ შეძლო არა მხოლოდ შეტევების უკან მდგომი პირის იდენტიფიცირება, არამედ კონტროლი მოიპოვა მის კომპიუტერზე და მისივე ლეპტოპის ვიდეოთვალით სურათიც კი გადაუღეს. უკანონო ონლაინვაჭრობასთან ბრძოლაში აუცილებელია ასეთი გამოცდილების გაზიარება. ეს შემთხვევაც ქართულ საგამოძიებო სამსახურების კარგ გამოცდილებაზე მეტყველებს", - დასძენს ექსპერტი. P.S. სტატიის წერას ვასრულებდი, როცა მსგავსი შეტყობინება ტელეფონზე "ლიზას" სახელით ჩემმა კოლეგამაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების გარდა, ყალბი დოკუმენტაციის დამზადების სერვისიც გამოჩნდა. მათ შორის ყალბი პასპორტის, მართვის მოწმობის, დიპლომის, ატესტატისა და სამხედრო ბილეთის დამზადების შესახებ. როგორც ჩანს, შავი ონლაინბაზარი შესაძლებლობებს აფართოებს", - წერს სტატიის ავტორი.

























