ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2018

ტრამპის გზავნილი საქართველოს1-მილიონიანი არმია მევახშეებისა და ლომბარდებისკენ დაიძვრებარამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგას? ***

ტრამპის გზავნილი საქართველოს

"აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ნატოს კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ნატოს ღირებულებებს და წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატოს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების რამდენიმე ალტრენატივა არსებობდეს, რისთვისაც ნატოს წევრი სახელმწიფოების კონსენსუსია საჭირო. იმ ფონზე კი, როდესაც აშკრაა აშშ-ისა და წამყვანი ქვეყნების, საფრანგეთი-გერმანიის, კიდევ უფრო დაახლოება, კონსენსუსის მიღწევა სულ უფრო რეალური ხდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტრამპის გზავნილი საქართველოს / "პრეზიდენტი ნატოს წევრებს მოუწოდებს, ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულება შეასრულონ"

"შეგახსენებთ, რომ თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება. უეს მიტჩელის თქმით, საქართველო ძლიერი პარტნიორია, ვინაიდან ამერიკის გვერდით დგას საერთო საფრთხეების წინაშე ბრძოლაში. "თქვენ ასევე ხართ ჩვენი პარტნიორები იდეების სამყაროში. ეს ეხება ჩვენს ერთობლივ რწმენას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. საქართველო თავისუფლების ძლიერი სიმბოლოა. "მხოლოდ საქართველოს შეუძლია თავისი მომავლის არჩევა. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოს წევრობაზე. "წელს ჩვენ ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ათი წლისთავს აღვნიშნავთ, რომლის მიხედვით, საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ამ დეკლარაციას. "პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატოს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ", - დასძინა მან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას". "ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და იმ რეგიონებში თავისუფალი ჰუმანიტარული წვდომა უზრუნველყოს", - განაცხადა მან. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწის სახალხო დიპლომატიის საკითხებში - თაჩან ილდემის თქმით კი, მას აქვს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩატარდა ნატოს მინისტერიალი, სადაც ასევე აღინიშნა მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პოზიტიურ ტენდენციას. "ჩვენ ერთგული ვართ პირობისა - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. მნიშვნელოვანია საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში და მათ შორის საქართველოში", - განაცხადა თაჩან ილდემმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართევლო ნატოსთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, საქართველოს ნატოში გაწვერიანების რამდენიმე ალტერნატივა არსებობდეს, რასაც ევროპული სახელმწიფოების კონსენსუსი, ასევე, ქართველი და ამერიკელი დიპლომატების ბევრი მუშაობა სჭირდება. "ჩვენ ვიცით, რომ აშშ როგორც ბუშის, ისე ობამას და ტრამპის ადმინისტრაციების პირობებში ყველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. აქ აუცილებელია, კონსენსუსის მიღწევა ნატოს წევრ სახლემწიფოებს შორის. თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. "ბოლო პერიოდში შედგა ტრამპის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ასევე, გერმანიის კანცლერთან. სხვადასხვა საკითხი განიხილეს და საქართველო დღის წესრიგში არ ყოფილა. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ნატოს ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის აშკარად კიდევ უფრო დაახლოება ხდება, რაც ჩვენთვის მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. უფრო მეტი შანსი არსებობს, რომ ნატოს წამყვანი სახელმწიფოები დაიყოლიონ და ამ საკითხში კონსენსუსის მიღწევა მოხდეს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ თუკი საქართველო ნატოს წევრი დაჩქარებული წესით გახდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე დგება. "რაც შეეხება ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებას, რა თქმა უნდა, კარგია. თუ ნატოს მეხუთე მუხლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში მიიღებენ ამ რეგიონების გარეშე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული და იგივე იქნება ნატოს შემთხვევაშიც", - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის - ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აშშ-ის მოსაზრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, აღნიშნული განცხადება საკმაოდ მკაფიო გზავნილია. იგი აღნიშნავს, რომ განვლილ პერიოდში საქართველოს მიერ ნატოსთან ერთად გაწეულმა სამუშაომ ბევრი რამ ჩვენდა სასიკეთოდ შეცვალა, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულებაში. "შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალიანსის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, აშშ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან როგორც ნატოს ფარგლებში, ისე მის გარეთ. შესაბამისად, ეს განაცხადი კიდევ ერთი მტკიცე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი სტრატეგიული დიდი მოკავშირე მხარს უჭერს, რაც თავისთავად დადებითი როლის მატარებელია. "მე ვფიქრობ, განვლილ პერიოდში საქართველოს მიერ ნატოსთან ერთად გაწეულმა სამუშაომ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებაში. შესაბამისად, როდესაც საკითხი დადგება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თემას მოწინააღმდეგე და ოპონენტი არ ეყოლება", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი“, - წერს სტატიის ავტორი

1-მილიონიანი არმია მევახშეებისა და ლომბარდებისკენ დაიძვრება

"ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებები მოსახლეობაზე, შესაძლოა, სასიკეთოდ არ აისახოს, რადგან კრედიტებზე ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ 1 მლნ მომხმარებელს სესხით სარგებლობა შეეზღუდება. ამ მიზეზის გამო ისინი დაფინანსების სხვა წყაროს მოძებნიან და კერძო გამსესხებლებთან გადაინაცვლებენ. საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ სებ-ის მიერ გატარებული ცვლილება შედეგს არ მოიტანს და არაეფექტური იქნება “, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 1-მილიონიანი არმია მევახშეებისა და ლომბარდებისკენ დაიძვრება

"ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, დაუდასტურებელი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე. სებ-ის სამუშაო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აკრძალულია სესხის გაცემა, როდესაც კრედიტის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყვოფის კოეფიციენტი აღემატება დადგენილ ზღვარს, ანუ გამსესხებელს არ შეეძლება, პირს სესხის მომსახურებაში შემოსავლის კონკრეტულ პროცენტზე მეტი მოსთხოვოს. მაგალითად, პირს, რომლის ხელფასიც 500 ლარს არ აღემატება, ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის, მაქსიმუმ, შემოსავლის 15%-ის (მაქსიმუმ, 75 ლარი) დაფარვა შეეძლება. შემოსავლის ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელიც მატულობს, 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურებაზე მხოლო 20% უნდა მიდიოდეს და ა. შ. ასევე, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ სამუშაო დოკუმენტში ნათქვამია, რომ იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 20 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხისა - 10 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის - 4 წელი“, - აღნიშნავს გამოცემა

"დაუშვებელია ისეთი სესხის გაცემა, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს - ვადის ბოლოს. "საზოგადოება და ბანკების"დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებით ჩვენ ვუბიძგებთ ადამიანებს, გადაინაცვლონ გაუმჭვირვალე საფინანსო ბაზარზე. ამით დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაზარალდება. "ეროვნული ბანკის ცვლილების შედეგი ბევრ ადამიანზე აისახება. დადებითი მეტი იქნება თუ უარყოფითი, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ამ ცვლილების მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. ყოველთვიურად მცირეშემოსავლიან ადამიანს 15%-ზე მეტის გადახდა რომ არ მოუწევს, ერთი მხრივ, ეს გათვლაა იმაზე, რომ მას სესხის გარდა სხვა ხარჯიც აქვს და შემოსავალი მხოლოდ კრედიტის დასაფარად არ უნდა მიიმართბეოდეს. მით უმეტეს, რომ მოსახლეობის უმეტესობას ერთდროულად რამდენიმე სესხის დაფარვა უწევს. აქედან ბანკები ასეთ გამოსავალს მოძებნიან -ვადის გახანგრძლივება. მაგალითად მე თუ ვიღებდი ერთწლიან სესხს და ვერ ჩავჯდები პარამეტრებში, ბანკი შემომთავაზებს სესხის ვადის გაზრდას. ამ პირობით ყოველთვიური გადასახადი კი შემცირდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადასახადი გაიზრდება, რადგან რაც უფრო დიდია ვადა, უფრო მეტ თანხას ვიხდით“, - განაგრძობს გამოცემა.

"სებ-ის ცვლილება თვითდასაქმებულ ადამიანებს ეხება, მაგრამ სესხზე მოთხოვნა ამით ვერ შემცირდება. ხალხს ყოველთვის ენდომება, ფული ისესხოს, რაც წაახალისებს ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების ბაზარს. იქ კი სესხი გაცილებით უფრო ძვირია და გამოვა, რომ ადამიანი, რომელსაც ბანკში უნდა აეღო სესხი, სხვაგან წავა და გაცილებით მეტს გადაიხდის. ჩვენ ვუბიძგებთ ადამიანებს, გადაინაცვლონ მევახშეებთან, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეეხება. შესაბამისად, ეს ცვლილება ბევრ ადამიანზე იმოქმედებს დადებითად თუ უარყოფითად ამას დრო გვიჩვენებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კეპულაძემ. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აღნიშნავს რომ სებ-ის ცვლილებას შესაბამისი ეფექტი არ ექნება. ეს არის ნახევარზომა, ადამიანები კერძო გამსესხებლების ხელში აღმოჩნდებიან და უფრო დაზარალდებიან“, - დასძენს გამოცემა.

"სებ-ს გაეკეთებინა ის, რაც ბელორუსში სულ ახლახან შემოიღეს. სესხის მომსახურება არ უნდა იყოს 40%-ზე მეტი ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირის თუ ოჯახისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო გონივრული იქნებოდა. 30-40% არის კრედიტის ზღვარი, რომელსაც ადამიანი უმტკივნეულოდ შესწვდება. ის ზომა, რასაც ეროვნული ბანკი გვთავაზობს, არის უეფექტო. კომერციული ბანკები შეწყვეტენ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე სესხის გაცემას და ისინი იძულებულნი იქნებიან, ლომბარდებს თუ კერძო მევახშეებს მიმართონ. საქართველოში რატომღაც გრძელვადიანი სესხი უფრო ძვირი ხდება, ვიდრე მოკლევადიანი. თუ იპოთეკური სესხის გაცემის კულტურა არ მიუახლოვდა დასავლეთის ქვეყნებისას, სადაც 30 წელი არის ნორმალური ვადა, ფაქტობრივად, აქ ხალხი მუდმივად ვალებში იქნება გაჭედილი. უცნაური გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს არაფრით აქვს გამაგრებული, არც გაანგარიშებული, რომ შეიძლება სხვა მხრივ წარიმართოს ვითარება. მიმაჩნია, რომ ეს არის ნახევარზომა, რომელსაც არ ექნება ეფექტი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ელიავამ. სანამ საფინანსო ინსტიტუტები სესხებს გასცემენ, თვითდასაქმებულთა ფინანსური მდგომარეობა უნდა შეისწავლონ ფაქტობრივად, შესწავლის შემდეგაც განსაზღვრულია სესხის ზედა ზღვარი, რომლის ზევითაც ამ კატეგორიის ადამიანებზე "სასურველია", სესხი არ გაიცეს. ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტში წერია, რომ ტაქსისტის სესხის მოცულობამ, სასურველია, არ გადააჭარბოს 6000 ლარს; რეპეტიტორისა - ასევე 6000 ლარს; პროფილაქტიკის ხელოსნის კრედიტის მოცულობაც ასეთივეა და სასურველია, ბანკმა ამ კატეგორიაზე 6000 ლარზე მეტი არ გასცეს. ძიძის სესხი 2000 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო დალაქს შეუძლია, მეტი აიღოს, ოღონდ სასურველია, არ გადააჭარბოს 3500 ლარს. ფულადი გზავნილების მიმღებ პირთა სესხის მოცულობამ კი, სასურველია, არ გადააჭარბოს 2000 ლარს“, - წერს სტატიის ავტორი.

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგას?

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - უეს მიტჩელის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატოს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ. თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიტჩელმა განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აშშ საქართველოს მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო ძლიერი პარტნიორია, ვინაიდან ამერიკის გვერდით დგას საერთო საფრთხეების წინაშე ბრძოლაში.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჩან ილდემი კი აცხადებს, რომ მას აქვს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის და რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩატარდა ნატოს მინისტერიალი, სადაც ასევე აღინიშნა მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პოზიტიურ ტენდენციას", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგას?

"ეს ჩვენზე და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაინც რუსეთია, რადგან შეერთებული შტატები, ასე თუ ისე, მაინც ანგარიშს უწევს მას", - აღნიშნავს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე

"მე ვფიქრობ, ეს საკითხი პიროვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ერთადერთ ხელის შემშლელ ფაქტორად რუსეთთან ურთიერთობა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა მიმაჩნია. სანამ ასეთი მდგომარეობა იქნება, ნატოს გაუჭირდება ჩვენი მიღება. ნატოს თავდაცვის მეხუთე მუხლით, თუ ამ რეგიონებში რამე წინააღმდეგობა შეიქმნება, პროგრამა ამოქმედდება, რაც მსოფლიო ომის ტოლფასია", - აცხადებს პროფესორი თემურ ნანეიშვილი

"არ მგონია, ეს ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდეს. ტრამპს ნაკლებად აინტერესებს საქართველო, მას სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, შიდა მდგომარეობაზე არის ორიენტირებული", - ამბობს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"ეს საკითხი რეალურია, ტრამპი არაორდინარული პრეზიდენტია. ლოგიკაშიც ჯდება, საქართველო, დიდი ხანია, ნატოსკენ მიისწრაფვის, ამერიკის პოზიცია კი ამ თემასთან დაკავშირებით არ იცვლება. ტრამპი, ვფიქრობ, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს", - დასძენს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი