ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2018

გია ხუხაშვილი - "მინდა ყველა დავამშვიდო, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ"დავით ჭიჭინაძე - "დეპუტატების ნაწილი კვირიკაშვილს არ ემორჩილებოდა"სოსო ცინცაძე - "შენგენის ზონაში უკანონო მიგრაციისთვის ადამიანის დაჭერა არ შეიძლება" * * *

გია ხუხაშვილი - "მინდა ყველა დავამშვიდო, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ"

"სამთავრობო პარტიაში მღელვარება ვერც ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლამ ჩააცხრო. ამჯერად პარტიის ლიდერები იმაზე ნერვიულობენ, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლოა პოლიტსაბჭოს დატოვებამ მოუწიოს. ისედაც დაზაფრულ მეოცნებეებს გია ხუხაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია თავზე მეხივით დაეცათ. გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილის ახალ გუნდში აუცილებლად იქნება ხუხაშვილი - "ოცნების" კულუარებში ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ის შესაძლოა პოლიტსაბჭოს წევრიც გახდეს. მმართველ პარტიაში ჯერ არ იციან როდის გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. სამაგიეროდ, იციან იმ პირთა ვინაობა, ვისაც წასვლა მოუწევს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გია ხუხაშვილი ივანიშვილის გუნდში ბრუნდება? / "მინდა ყველა დავამშვიდო, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ".

"პარტიული თანამდებობა შეიძლება დატოვოს თბილისის მერმა კახა კალაძემ. მას, სავარაუდოდ თან მიჰყვება პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე. შემცირებაში მოყოლის კანდიდატები არიან: აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი დავით კოღუაშვილი - ეს უკანასკნელი 2 წლის კინაღამ პარტიიდან გარიცხეს. ის გიორგი კვირიკაშვილის კადრია და საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველ ათეულში ადგილი გარანტირებული ჰქონდა და საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობასაც დაიკავებდა. თუმცა პარტიის ყრილობის შემდეგ მედიასთან საუბარში გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი დადებითად მოიხსენია. ამან მისი პოლიტიკური კარიერა კინაღამ დაასამარა. პოლიტსაბჭოდან შესაძლოა კობახიძე-კალაძის დაჯგუფების წევრები, დეპუტატები მამუკა მდინარაძე, ირინა ფრუიძე, სოფო კილაძე, აკაკი ზოიძე გაუშვან. საბჭოს შემადგენლობაში დარჩებიან გიორგი კვირიკაშვილი, გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ირაკლი ტრიპოლსკი და თემურ ჭკუასელი", - აღნიშნავს გამოცემა.

"პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრო გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადახალისება საჭიროა. ახალ შემადგენლობაზე მონახაზი არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მთავრობის მეთაური პოლიტსაბჭოში უნდა დარჩეს - ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სახავს... ვფიქრობ, ის აუცილებლად უნდა იყოს პოლიტსაბჭოში, - განაცხადა ვოლსკიმ. ასეთივე თავგამოდებით ის პარლამენტის სპიკერს და თბილისის მერს ის მხარს არ უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტსაბჭოში კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის ყოფნაც საჭირო და აუცილებელია... როგორ აღვნიშნეთ, "ოცნებაში" გია ხუხაშვილის მეორედ მოსვლაზე ალაპარაკდნენ. ის შესაძლოა ივანიშვილის ორბიტაზე კვლავაც დაბრუნდეს, მაგრამ პოლიტსაბჭოში შესვლას არ აპირებს", - განაგრძობს გამოცემა.

"არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ხმები. ვინც ამის გამო აღელდა, უნდა დავამშვიდო, "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ. ჩემთვის პოლიტიკური თანამდებობა საინტერესო არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია თავისუფლება", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"2011-2013 წლებში ხუხაშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. ის დიდი გავლენით სარგებლობდა ივანიშვილის კარზე, რის გამოც "ოცნების" ბევრი ლიდერი ნერვიულობდა. მის წინააღმდეგ ჭორებსაც ხშირად ავრცელებდნენ და როცა წამოვიდა თქვეს, რომ ივანიშვილმა გამოუშვა. "ამბობენ, რომ გამომიშვეს. "ოცნებიდან" ჩემი ნებით წამოვედი. თავიდან პოლიტიკაში იძულებით ჩავერთე. 2011 წელს ისეთი სიტუაცია იყო ქვეყანაში, რომ ივანიშვილს გვერდით უნდა დავდგომოდით. იმ პერიოდში ვთქვი, რომ როგორც კი ეს ციკლი დასრულდებოდა, მე წამოვიდოდი "ოცნებიდან" ეს განცხადება ახლა აღარ ახსოვთ. სისტემაში ყოფნა რომ მდომებოდა, იქ ვიყავი და არ წამოვიდოდი. მე სისტემაში მუშაობა არ შემიძლია და ჩემი მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა, ჩინოვნიკობა არ გამომივა. თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე დიდი ტრაგედიაა, შესაბამისად, სისტემაში ვერ ვიმუშავებ. ასე რომ, ვინმე ჩემს მიერ რამე თანამდებობის დაკავების გამო თუ ნერვიულობს, შეუძლია მშვიდად იყოს" - ამბობს ექსპერტი. წამოსვლის შემდეგ ხუხაშვილი ხელისუფლებას ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა, ივანიშვილის მიმართ კი ყოველთვის დადებით პოზიციას აფიქსირებდა. ბოლო დროს ხშირად საუბრობდა მისი დაბრუნების აუცილებლობაზე, პოლიტიკაში მის დაბრუნებას სიხარულით შეხვდა და მზად არის, ისევ დადგეს მის გვერდით", - დასძენს გამოცემა.

"მე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილისთვის საპრეზიდენტო ფორმა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, თუმცა ეს არ არის პრინციპული საკითხი, მთავარია, რომ მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში - რა ფორმით ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იყო... არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს. ერთადერთი რაც შემიძლია, ვიყო ისე, როგორც ადრე ვიყავი ჩართული. სისტემური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. ჩვენ დიდი ხანია დავრწმუნდით, რომ სახელების და გვარების გამოცვლით არაფერი იცვლება", - ამბობს ხუხაშვილი. მის თქმით, ივანიშვილს სპონტანური გადაწყვეტილებები არ სჩვევია და მის დაბრუნებას მმართველ პარტიაში შექმნილ კრიზისს უკავშირებს, რაც უკვე ქვეყნისთვის ხდებოდა პრობლემა. ხუხაშვილის აზრით, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების გადაწყვეტილება იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - მას რაიმე თანამდებობა არ სჭირდება და ეს საკმარია, რომ აღადგინოს დისციპლინა", - წერს სტატიის ავტორი.

დავით ჭიჭინაძე - "დეპუტატების ნაწილი კვირიკაშვილს არ ემორჩილებოდა"

"არ მიმაჩნია, რომ მწვავე განცხადებებს ვაკეთებდი. მე მხოლოდ იმ რეალობას ავსახავდი, რაც პარტიაში იმ მომენტისთვის იყო. არ ვთვლი, რომ ეს დაპირისპირება იყო, ყველა საკუთარ აზრს გამოხატავდა. ივანიშვილის დაბრუნება მხოლოდ მისასალმებელია, მარტო მე არ ვარ კმაყოფილი, ამით ყველა კმაყოფილია... "ოცნებაში" ისე არ დგას საქმე, რომ წმენდის ჩატარება იყოს საჭირო. ვიღაცა შეიძლება ჩრდილში მოექცეს, მაგრამ ეს ალბათ არავის ეწყინება. ახლა ივანიშვილს უნდა დავუდგეთ გვერდით და ხალხს დანაპირები შევუსრულოთ" - აცხადებს დაპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ჭიჭინაძე: "სუფრა ვინც გაშალა, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ უნდა შეეცადო" / "დეპუტატების ნაწილი კვირიკაშვილს არ ემორჩილებოდა".

"ბიძინა ივანიშვილის ჩრდილში თუ მოექცევი, რატომ უნდა გეწყინოს? აქედან გამომდინარე, ვიღაცებს ამბიციების გვერდზე გადაწევა გაუიოლდებათ. ყველა ადამიანს ვისაც რაღაც თანამდებობა უკავია ამბიციები გააჩნია - ეს არ არის ახალი. უბრალოდ, არის ასეთი წესი, სუფრა ვისი გაშლილიც არის, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ უნდა შეეცადო. სწორედ ამიტომ სთხოვა პარტიამ ივანიშვილს დაბრუნება. ის დაბრუნდა და ყველაფერი დალაგდება. მისი დაბრუნებით ყველა კმაყოფილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია უკვე დალაგდა... არანაირი კრიზისი "ქართულ ოცნებაში" არ არის. საკუთარი აზრის გამოხატვას ყველა შეძლებს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზირება აღარ მოხდება - ყრილობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე და მისი გადაწყვეტილებების რევიზირებას ვერავინ შეძლებს", - ამბობს ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - "მის დაბრუნებამდე პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იყო. გინდათ თქვათ, რომ მის გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებოდნენ?" - პასუხობს:

"არ ემორჩილებოდნენო, არ მითქვამს. ვთქვი, რომ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზირებას ვეღარავინ გაბედავს - გედევან ფოფხაძემ პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება საკმაოდ ემოციურად გააჟღერა, კვირიკაშვილი მის გადარწმუნებას შეეცადა, დაელაპარაკა მას და დარჩენა სთხოვა, სხვა დეპუატტებსაც ურჩია, სიტუაცია არ გაემწვავებინათ. შედეგად რა მივიღეთ?! - ზოგიერთი დეპუტატი გამოვიდა და გედევანზე დაიწყეს განცხადებების გაკეთება. ფოფხაძეზე ის დეპუტატებიც საუბრობდნენ, ვისაც პარტიაში არანაირი თანამდებობა არ ეკავათ: მათ ამით მოახდინეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების გადახედვა, რაც არასწორი და ულამაზო იყო. ახლა ივანიშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე და ამას ვეღარავინ გააკეთებს... პოლიტსაბჭო უნდა გადახალისდეს, რაც უფრო ცოტა ხალხი იქნება პოლისაბჭოში, მით უფრო მობილურად იმუშავებს ის, პარტიაც უფრო მობილური იქნება. ივანიშვილის დაბრუნება ძალიან მალე გამოიღებს თავის დადებით შედეგს".

სოსო ციცნცაძე - "შენგენის ზონაში უკანონო მიგრაციისთვის ადამიანის დაჭერა არ შეიძლება"

"სიმართლე გითხრათ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შენგენის ზონაში უკანონო მიგრაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, მოულოდნელი არ იყო, რადგან ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ქაოტურად მოქმედებს. თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთელ მთავრობას კამპანია უნდა ეწარმოებინა, ადამიანებთან ახლო კონტაქტი ჰქონოდა, აეხსნათ, რაც ნიშნავს პირველ რიგში ქვეყნისთვის ეს მონაპოვარი და მისი დაკარგვა რა ძვირი დაუჯდება ქვეყანას. აეხსნათ ადამიანებისთვის რისი უფლება აქვთ და რისი არა. მეტიც, სოფლებში უნდა ჩასულიყვნენ ჩვენი მინისტრები, მოადგილეები, დალაპარაკებოდნენ ადამიანებს, რომ მერკელი და მაკრონი ყვავილებით ხელში არ დახვდებიან, რომ ეს გზა სახიფათოა. ეს არავინ გააკეთა და ახლა რას ვხედავთ?... ასეთი მკაცრი ზომების მიუღებელია. თუ ადამიანი იქ გაჭირვებას გაექცევა ლუკმა-პურის საშოვარზე წავა, ამისთვის ციხე უნდა მიუსაჯონ? ეს გაუგონარი რამეა", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: "შენგენის ზონაში უკანონო მიგრაციისთვის ადამიანის დაჭერა არ შეიძლება".

"ისე, მე არ მგონია ეს კანონპროექტი გავიდეს, ისევე როგორც - რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებით კვიციანის ინიციატივა... არ მგონია, ვინმე ჭკუათმყოფელი მოიძებნება, რომელიც იტყვის - იმიტომ, რომ სამუშაოს ეძებს ადამიანი, რის პირობებსაც ჩვენ ვერ ვუქმნით, უნდა დავიჭიროთ?" ამავე დროს ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ დაემუქროს. მე მაინც მგონია, რომ შევინარჩუნებთ ამ სიკეთეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე და შეკითხვაზე - "თუმცა მართლაც სამარცხვინოა უკვე ლამის ყოველდღე გერმანიაში, საფრანგეთში ქართველების ქურდობა, ამდენი ქართული კრიმინალური დაჯგუფების არსებობა..." - პასუხობს:

"კურსი გვქონდა ასეთი: მთავარია ქურდები ჩვენთან არ იყვნენ და სხვაგან, სადაც გინდა იქ იყვნენ. ეს არასწორი პოლიტიკა იყო. ეს ქურდები ჯერ რუსეთში გადავიდნენ და შემდეგ რუსეთიდან ევროპაში წავიდნენ. ქურდები ყველა ქვეყანაში არიან, მაგრამ აქ მთავარია, რომ მდიდარი ქვეყანა არ ახდენს ქურდების ექსპორტს - როგორც წესი, ქურდები ღარიბი ქვეყნებიდან არიან. ევროპულ ძალებთან მეტი თანამშრომლობაა საჭირო. ევროპაში მგონი უკვე იმდენი ქართული კრიმინალური დაჯგუფებაა, რომ ყველას სახელი და გვარი შეიძლება ჩვენმა შს სამინისტრომ არც კი იცოდეს. ქურდობა ყველა ქვეყნოს პრობლემაა, მაგრამ როდესაც ეთნიკური ნიშანი ჩნდება, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რაც ღირსებას ნამდვილად არ გვმატებს..."