ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2018
ნაკლებად სავარუდოა რევოლუციამ სომხეთის საგარეო ვექტორი შეცვალოსუნდა გახდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი? ***
ნაკლებად სავარუდოა რევოლუციამ სომხეთის საგარეო ვექტორი შეცვალოს
"სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" პირველი ეტაპი გამარჯვებით დასრულდა, სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრი აღარ არის და ახლა დიდი ინტერესია, რა იცვლება სომხეთში ამ რევოლუციით, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს მოვლენები ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების საფუძველიც გახდეს, მით უფრო, რომ ამ საპროტესტო აქციების მთავარი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი სომხეთზე რუსეთის გაზრდილ გავლენებს ხშირად აპროტესტებდა. მაგალითად, პაშინიანის ოპოზიციურ ფრაქციას ეკუთვნის გასული წლის სექტემბერში პარლამენტში შეტანილი ინიციატივა, რომელიც ევრაზიული კავშირიდან სომხეთის გამოსვლას უკავშირდება. გარდა ამისა, პაშინიანი სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდა 2013 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმებასაც, რითაც რუსეთს სომხეთის სამხედრო სფეროზე კონტროლი მიენიჭა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ნაკლებად სავარუდოა რევოლუციამ სომხეთის საგარეო ვექტორი შეცვალოს.
"ანალიტიკოსების აზრით, მარტო პრემიერ-მინისტრის გადაყენება არაფერს ცვლის, რადგან ხელისუფლებაში ისევ "რესპუბლიკური პარტიაა", ამიტომაც ოპოზიციის მოთხოვნა დროებითი მთავრობის შექმნასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლოგიკურია, თუმცა რამდენად გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას ხელისუფლება, ასევე პროგნოზი რთულია. ასევე რთულია იმის თქმაც, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რაც არ უნდა მოხდეს, საგარეო ვექტორის გადახედვა სომხეთში თითქმის გამორიცხულია, რადგან რუსეთის გავლენა ძალიან დიდია და სანამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იარსებებს, სომხეთი რუსეთზე უარს ვერ იტყვის. საგულისხმოა, რომ დღეს სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრია. გიუმრიში არის დიდი რუსული სამხედრო ბაზა, სომხეთსა და რუსეთს ხელი მოწერილი აქვთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მთელ სომხურ ეკონომიკას განაგებს რუსეთი", - განაგრძობს გამოცემა.
"ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთმა ასე ადვილად დათმოს სომხეთში საკუთარ ინტერესები. ამდენად, სომხეთს გაუჭირდება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან, ასევე ევრაზიული კავშირიდან გასვლა. მისი თქმით, რუსეთს სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით ჰყავს "დაჭერილი" - "ყარაბაღის კონფლიქტი რაიმე ფორმით რომ დარეგულირებული იყოს და მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, ნებისმიერი ასეთი რევოლუცია დააყენებს საფრთხის ქვეშ რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ კავშირს და ნებისმიერ მომენტში გახდება შესაძლებელი კურსის შეცვლა. ამიტომაც, ამ კონფლიქტის მიმართულებით არაფერი შეიცვლება და რუსეთიც ყოველთვის შეეცდება ეს ფაქტორი გამოიყენოს იმისათვის, რომ სომხეთი თავისი გავლენის სფეროში ჰყავდეს", - ამბობს სალუქვაძე. მისი აზრით, სომხური რევოლუციის შემდეგ არა საგარეო კურსის, არამედ სოციალური და ეკონიმიკური კუთხით შეიძლება დაიწყოს ცვლილებები", - დასძენს გამოცემა.
"ბოლო წლების განმავლობაში სომხეთში ყველა სწორედ ამ მიმართულებებზე საუბრობს, რომ მოსახლეობა სოციალური მდგომარეობითაა უკმაყოფილო და ახალი ხელისუფლების აქტივობებიც უფრო ამ მიმართულებით იქნება. საგარეო კურსის ცვლილება კი, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გაუჭირდებათ", - მიიჩნევს სალუქვაძე. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სომხურ რევოლუციაში საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს არანაირი გავლენა არ ჰქონდა, მთავარი პრობლემა იყო სერჟ სარგსიანის გადაყენება, რადგან მოსახლეობას მისი მმართველობა "ყელში ჰქონდა ამოსული" და თან, სარგსიანმა ხალხი მოატყუა, რომელმაც არჩევნების წინ პირობა დადო თანამდებობაზე არ მოვიდოდა და ეს პირობა არ შეასრულა, რამაც გამოიწვია ხალხის მის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა. მისი თქმით, სომხეთში საგარეო კუთხით არაფერი იცვლება და მოსკოვში კარგად იციან, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთზე გავლენებს არ დაკარგავს. აქციის განმავლობაშიც არსად თქმულა საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ და ეს მიანიშნებს, რომ ცვლილება არ კუთხით მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, - თვლის, რომ რუსეთი ამ პროცესებს ან თავად მართავდა, ან იცოდა რომ ეს მოხდებოდა. მაისაიას აზრით, კრემლი სარგსიანის მმართველობით კმაყოფილი არ იყო", - წერს სტატიის ავტორი.
"სარგსიანმა მოაწერა ხელი ევროკავშირთან გაფართოებულ ურთიერთობაზე ხელშეკრულებას ხელი, რომელიც ისეთი არ არის, როგორც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებითაა გაფორმებული, მაგრამ ვნახეთ, რომ ამ ხელშეკრულებას რუსეთი მაინცდამაინც სიხარულით არ შეხვდა. ამდენად მოსკოვი სარგსიანით მთლად კმაყოფილი არ იყო. ასევე ვიცით, რომ რუსეთმა გიუმრიში სამხედრო პოლიცია გადმოისროლა და ესეც საინტერესო მომენტია. როგორც ჩანს, კრემლი ამ პროცესების განვითარებას ან თვითონ მართავდა, ან იცოდა, რომ ეს განვითარდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ კრემლში ამ რევოლუციას მშვიდად შეხვდნენ და დღეს პოზიციები ისევ მყარად აქვთ. კარენ კარაპეტიანი, ვინც პრემიერ-მინისტრობის მოვალეობას ასრულებს, საერთოდაც "გაზპრომის" მენეჯერია და შესაძლოა ის დარჩეს პრემიერად. თუ პაშინიანმა ვერ მოახერხა, რომ ვადამდელი არჩევნები ერთ თვეში ჩატარდეს, მაშინ მისი ეს ამბოხებული ლიდერის ფონიც დაიკარგება და მხოლოდ დეკორატიულ ცვლილებებს მივიღებთ. ჰიპოთეტურად ვამბობ, რომ შესაძლოა ეს პროცესები კრემლიდან მართულიც კი იყო", - დაასკვნის მაისაია.
უნდა გახდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი?
"რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო და წარმოდგენილ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. როგორც ინიციატივის საკომიტეტო განხილვაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ თქვა, მართალია, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ საჭიროა, პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც იქნება განსჭვრეტადი და მკაფიოდ გაიწერება, რა ქმედება შეიძლება შეფასდეს ასეთად. კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან. ამ ჯგუფმა კვიციანის კანონპროექტი უნდა გადაამუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, ორგანიზაციების, ღვთისმსახურების ან მორწმუნეების მიმართ საჯაროდ სიძულვილის გამოხატვა ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა ისჯებოდეს. ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე რელიგიურ სიწმინდეებს ან რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს დააზიანებს, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით - უნდა გახდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი?
"არ ვიცი, კანონპროექტი რას ითვალისწინებს, წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ამას კანონი რომ უნდა არეგულირებდეს და ასეთი ქმედება დასჯადი რომ უნდა იყოს, ეს ვიცი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მსახიობი გია ბურჯანაძე.
"როცა სიტყვა "შეურაცხყოფას" ვხმარობთ, რა თქმა უნდა, დასჯადი უნდა იყოს და მით უმეტეს რელიგიური გრძნობების. ასე რომ, ამ საკითხში ემზარ კვიციანს ვეთანხმები. რაც შეეხება მართლმადიდებლობის მდგომარეობას თანამედროვე საქართველოში, თავი რომ დავანებოთ იმას, როგორ გაჯეჯილდა ბოლო დროს სხვადასხვა რელიგიური სექტა, ხდება პირდაპირი შეტევა არა მარტო ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენაზე, არამედ კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგაც კი ფუთფუთებენ საეჭვო რელიგიური მრწამსის ადამიანები, რომლებიც შემძვრალნი არიან დღეს ქართულ ეკლესიაში სხვადასხვა მიზნით. ამიტომ რელიგიური გრძნობების დასაცავად კანონი უნდა გამკაცრდეს. შეურაცხმყოფელს ჩვენც შეურაცხყოფითვე რომ ვუპასუხოთ, ეს მართალი არ იქნება. კანონმა უნდა განსაჯოს და არა ადმიანთა ჯგუფმა დედის გინებით", - აღნიშნავს მწერალი რეზო მიშველაძე.
"რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, კარგი საქმე არ არის, მაგრამ როგორ იქნება განსაზღვრული, რა არის შეურაცხყოფა და რა არ არის, ეს საკითხია მთავარი. ვფიქრობ, რომ სანამ ეს არ იქნება გარკვეული, ამის კანონად გატანა არ შეიძლება", - დასძენს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.
"ამ საკითხში ემზარ კვიციანს ვეთანხმები, რადგან თუ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სხვის რელიგიას პატივი ვცეთ, მაშინ სხვაც ვალდებულია, ასევე მოიქცეს. თავისუფლება თავზე გადავლას არ ნიშნავს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეკლესია, კათოლიკურია, მუსულმანური თუ სხვა. გააჩნია დასჯის ზომას, თორემ ამის მომხრე ვარ ცოტა მტკიცე ხელით", - მიიჩნევს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.

























