ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2018

რუსული ხომალდები სირიის პორტებს ტოვებენ, სირიის ნაპირებთან ამერიკული ხომალდების რაოდენობა იზრდება...მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა უფრო მისაღები?ბანკები მთავრობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ

* * *

რუსული ხომალდები სირიის პორტებს ტოვებენ, სირიის ნაპირებთან ამერიკული ხომალდების რაოდენობა იზრდება...

"ამერიკული საბრძოლო ხომალდი "უინსტონ ჩერჩილი" გუშინ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და სირიის ნაპირებისკენ აიღო გეზი. სირიის ნაპირებთან უკვე იმყოფება კიდევ ერთი კრეისერი "ჯეიმს კუკი". თითოეული მათგანი რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა "ტომოჰავკითაა" აღჭურვილი. სირიისაკენ ასევე მიემართება ამერიკული ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი". ამის პარალელურად პენტაგონში აცხადებენ, რომ სირიის ქალაქ დუმაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხო ზომები კონფლიქტის ესკალაციის საფრთხესთან თანხვედრაში უნდა იყოს. გაეროში კი რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მასშტაბური კონფლიქტის თავიდან აცილების აუცილებლობაზე საუბრობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ომი გადაიდო / რუსული ხომალდები სირიის პორტებს ტოვებენ, სირიის ნაპირებთან ამერიკული ხომალდების რაოდენობა იზრდება, თუმცა დარტყმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"ჩვენს პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიაში შესაძლო მოქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ აშშ და ჩვენი მოკავშირეები თუ გადაწყვეტენ სირიაში მოქმედებებს, ეს გაკეთდება იმ პრინციპების დასაცავად, რომლებზეც ჩვენ ყველა ვთანხმდებით, იმ ფუძემდებლური ნორმების დასაცავად, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება", - ეს განცხადება გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ლეილიმ გააკეთა. მისივე თქმით, ამერიკის შეფასებით, სირიის ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის პერიოდში, ქიმიური იარაღი, სულ მცირე, 50-ჯერ გამოიყენა, ხოლო საზოგადოებრიობის შეფასებით - 200-ჯერ. გაეროში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია კი აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, არ მიიყვანონ მსოფლიო სახიფათო ზღვრამდე და სირიაში არსებული სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავალი იპოვონ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა კი გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ მსოფლიოში "ცივი ომი დაბრუნდა". მისივე თქმით, "აქამდე არსებული ესკალაციის შემაკავებელი მექანიზმები უკვე აღარ მოქმედებს". პენტაგონში ვარაუდობენ, რომ სირიაზე იერიშის მიტანამ, შესაძლოა რუსეთთან და ირანთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს. როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, საფრთხეებისა და რისკებზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აუცილებელია სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბაშარ ასადის როლზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის დასარწმუნებლად, რომ აუცილებელია სამხედრო მოქმედება. პენტაგონის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საპასუხო ზომები უნდა იყოს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხესთან თანხვედრაში. ამის პარალელურად, გუშინ რუსულმა სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის სიახლოვეს მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვეს. ეს იმ სატელიტური სურათებით დასტურდება, რომელიც ისრაელის კომპანიამ "აისიაიმ" გამოაქვეყნა. კომპანიის მონაცემებით, ჩვეულებრივ პორტში 9 რუსული გემი მაინც იყო, თუმცა, 11 აპრილის მონაცემებით, ადგილზე მხოლოდ ერთი წყალქვეშა ნავი რჩება. "აისიაის" სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის საზღვაო გემების პორტიდან გასვლა დაკავშირებულია აშშ-ის მოსალოდნელ სარაკეტო დარტყმაზე, რომელიც ვაშინგტონი ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აპირებს", - განაგრძობს გამოცემა.

"ბრიგადის გენერალის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძის შეფასებით, აშშ-რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირება არ იქნება. როგორც ის აღნიშნავს, ორივე მხარე შეეცდება, რომ ერთმანეთის სამხედრო მოსამსახურეებს საფრთხე არ შეუქმნას. შესაბამისად, თუ აშშ სირიაზე სარაკეტო დარტყმას გადაწყვეტს, იერიშის შესახებ წინასწარ აცნობებს რუსეთის თავდაცვის უწყებას, რათა მას საბაბი არ მიეცეს. რაც შეეხება იმას, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო დატყმას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჯერჯერობით საზღვაო დაჯგუფების კონცენტრაცია მიმდინარეობს და სავარაუდოდ პროცესები აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში განახლდება. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ რაღაც ეტაპზე ორივე სახელმწიფოს მხრიდან უკან დახევის მომენტები ჩაერთვება", - წერს სტატიის ავტორი.

"მართალია, ირანის მხრიდანაც გაისმა მუქრაა, რომ აშშ-ის ჩარევის შემთხვევაში ძალას გამოიყენებს, მაგრამ არ მგონია, რომ პირდაპირ საომარ დაპირისპირებაში შევიდეს მასთან. იმიტომ, რომ, მიუხედავად რუსეთის რიტორიკისა, თუ აშშ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს, ვერ წარმომიდგენია, რომ ამას რუსეთმა უპასუხოს. ის უბრალოდ შესაძლოა დაეხმაროს ასადის რეჟიმს, რომ მან უპასუხოს ამერიკას, როგორც ეს ხდებოდა წინა საუკუნეში უამრავი კონფლიქტის დროს. კრემლის ყველა განცხადებაში მკაფიოდ ჩანს, რომ სირიაში მოქმედ რუს სამხედრო მოსამსახურეებს არ უნდა შეექმნას საფრთხე. აქ ამაზეა საუბარი. თავის მხრივ, არც რუსეთმა უნდა შეუქმნას საფრთხე აშშ-ის კონტინგენტის წევრებს სირიის ტერიტორიაზე. ამისთვის არსებობს პენტაგონსა და რუსეთის თავდაცვის უწყებას შორის სამხედრო ცხელი ხაზი, რომელსაც ასეთი შემთხვევებისთვის იყენებენ ხოლმე. წინა სარაკეტო იერიშის დროს სწორედ ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ჩააყენეს რუსეთი საქმის კურსში. დარწმუნებული ვარ, ახლაც, თუ ამერიკა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ანალოგიურად მოიქცევა და რუსეთს არ ექნება საბაბი, რომ ძალისმიერი პასუხი განახორციელოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

"იმისთვის, რომ აშშ-მა ეფექტიანი ხანმოკლე ან შედარებით ხანგრძლივი სამხედრო კამპანია ჩაატაროს. ამისთვის საჭიროა მძლავრი დაჯგუფების შექმნა. საუბარია დიდი ბრიტანეთის ჩართვასათან დაკავშირებითაც. ამას საშუალოდ 2 კვირა დასჭირდება და როდესაც ეს პროცესი დასრულდება, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის სარაკეტო დარტყმები განხორციელდეს. მანამდე რუსეთმა დაიწყო საზღვაო სწავლებები სირიის მიმდებარედ, რომელიც 26 აპრილამდე გასტანს. გარდა იმისა, რომ მას სადემონტრაციო ხასიათი აქვს, ტარდება იმისთვის, რომ გარკვეულწილად ხელი შეუშალონ ამერიკის ფლოტის მანევრებს. ვნახოთ როგორ განვითრდება მოვლენები. სავარაუდოდ, პროცესების გააქტურებას აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისთვის უნდა ველოდოთ", - დასძენს ამირან სალუქვაძე.

"დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო 1 წლის წინაც, როდესაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მუქარა შეასრულა და 2017 წლის 7 აპრილს სირიის აეროდრომს სარაკეტო დარტყმა მიაყენა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პოზიცია არ იყო ისეთი მკვეთრი, როგორიც დღეს არის. თუ წინა შემთხვევაში ეს ამბავი ჩაყლაპა, დღეს უკვე დაიმუქრა, რომ საპასუხოდ აქტიურ ქმედებებს განახორციელებს. ახლა ტრამპი თავისივე სიტყვების ტყვეობაშია, თქვა და უნდა შეასრულოს როგორც ზესახელმწიფოს პრეზიდეტმა. თუმცა, ამას შემდეგ რა მოჰყვება, ესაა ყველაზე საინტერესო. მე მაინც მგონია, რომ გარკვეულ ეტაპზე ჩაერთვება უკან დახევის პროცედურები, როგორც მოსკოვში, ისე ვაშინგტონში. ერთ-ერთი მხარე ვერ შეასრულებს მუქარას, თუმცა, ორივე ეცდება გამარჯვებულის პოზიციდან გამოვიდეს და პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს", - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა უფრო მისაღები?

"ქართული ოცნება" შიდა დოკუმენტის მიღებას აპირებს, რომლითაც, როგორც დეპუტატები განმარტავენ, პარტიის შიგნით ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განისაზღვრება. პარლამენტარ სოფო კილაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ნებაყოფლობითობის პრინციპს დაეფუძნება. "საუბარი არის კონკრეტულ წესებზე, რომელზეც ნებაყოფლობით ყველანი ერთად შევთანხმდებით. აქ მხოლოდ ნებაყოფლობითობაზეა საუბარი. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს თამაშის წესები პოლიტიკური პარტიის შიგნით. ამ წესებს სცემენ პატივს და ეს არ ითვლება დემოკრატიის შეზღუდვად. არსებობს ელემენტარული წესები, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. საუბარია პარტიის შიდა დოკუმენტზე, რომელიც იქნება ყველას შეთანხმების საგანი ნებაყოფლობითობის საფუძველზე. უნდა არსებობდეს წესები, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ - ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება", - განაცხადა კილაძემ. ამის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ "რაღაც ქაღალდებით გამაგრება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ" - "თუკი ჩვენი ქცევა ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვერავითარი საბუთი ვერ დამაკავებს, რომ ამ წესებს დავემორჩილო. თუკი ეს იქნება ჩვენი ამომრჩევლისა და მოქალაქეების ინტერესებში, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ვემორჩილები. რაღაც ქაღალდებით გამყარება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ. ადამიანს გააჩნია სიტყვა, შინაგანი ენერგია და ამით უნდა იხელმძღვანელოს. როდესაც ადამიანი დასმული კითხვების გამო ფილარმონიიდან გარბის, რა უნდა ვქნათ, საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?! ქაღალდზე დაწერილი ქცევის წესები მე არ მჭირდება", - განაცხადა ჭიჭინაძემ", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა თქვენთვის უფრო მისაღები?

"ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკოსებთან, რომლებიც თავისი მოქმედებისას დიპლომატიის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდნენ. მე აქ დიპლომატიას ვერ ვხედავ. გასაგებია რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი, ეს ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებული საკითხია. ისიც გასაგებია, რომ ფოფხაძეს არ უნდა ზედმეტად ლიბერალური ფსევდო დემოკრატიის შემოტანა, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურებში და ტელევიზიაში. მაგრამ, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა არის არადიპლომატიური. არსებობს დიპლომატიური ენა, რომელსაც პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ფლობდეს და არ უნდა ამბობდეს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "დისციპლინა". აქ საჭიროა კორექტული, დიპლომატიური გამოსვლა, მაგრამ არ მიკვირს, რომ ის ასე საუბრობს, რადგან მას დიპლომატიის სკოლა არ გაუვლია. პარლამენტის ყველა წევრმა და მინისტრმა უნდა გაიაროს სამთვიანი დიპლომატიური კურსები, რომ პოლიტიკური ენა ისწავლონ, რადგან მათ ეს არ იციან და ერთმანეთისადმი მიმართვა დაახლოებით ქუჩური აქვთ. აქედანაა ეს ყველაფერიც" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

"საერთოდ, საპარლამენტო მუშაობა გულისხმობს დებატებს და დისკუსიას ნებისმიერ საკითხზე. მაგრამ, როდესაც მმართველ გუნდზეა საუბარი, ამ დროს განსხვავებული შიდა პოზიციები კარდინალურ საკითხებში შეიძლება გარკვეულწილად არასტაბილურობის გამომწვევი იყოს. ამაზე უნდა დაფიქრეს ყველა, თორემ, რასაკვირველია, ყველა ერთაირად რომ აზროვნებდეს, მიუღებელია. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რაკი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეა, მან უნდა გამონახოს საერთო ენა ყველა დეპუტატთან და რაკი დეპუტატები პასუხისმგებლობას გრძნობენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ისინიც თავის განცხადებებში მოზომილნი უნდა იყვნენ", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"ყოველთვის ვარ იმ ადამიანების მომხრე, რომლებიც ვიღაცას აკრიტიკებენ და თან სამართლიანად. ამ კრიტიკას აქვს საფუძველი. პარტიის შიგნით ყველაზე კარგად იციან სინამდვილაში რა ხდება და მათ ყველაზე მეტი უფლება აქვთ შენიშვნები მისცენ ადამიანს, რომელიც იმ პრინციპებს არღვევს, რომელიც პარტიას აქვს დასახული. ანუ, კრიტიკოსთა პოზიციებს ვემხრობი", - მიიჩნევს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"მგონია, რომ ეს დაპირისპირება ერთჯერადი იყო. თითოეული დეპუტატი თავის მანტიას უნდა გაუფრთხილდეს, რომელიც ხალხმა მიანიჭა. ცუდი არ იქნება, თუ დეპუტატთა ქცევის წესი შემუშავდება. ვერ ვიტყოდი, რომ მმართველ პარტიაში რამე ისეთი დაპირისპირება არსებობდეს. რაც იყო, ჩაცხრა. თავს გაართმებენ და არ ვფიქრობ, რომ დაიშლებიან და ვინმე სადმე წავა. მგონია, რომ ფოფხაძეც ბრუნდება გუნდში და არსად წასვლას არ აპირებს იურისტი ქეთი ბექაური - ამბობს იურისტი ქეთი ბექაური.

ბანკები მთავრობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ

"ეკონომიკაზე საბანკო სექტორის გავლენის თემა ტემპს კრებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით ბანკები საკმაოდ უკმაყოფილონი დარჩნენ. მათი აზრით, საბანკო სისტემა არა ეკონომიკის მუხრუჭი, არამედ მისი ძირითადი დამფინანსებელია. მათთვის მიუღებელია კრიტიკა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებითაც. მიუხედავად ამისა, მამუკა ბახტაძე პოზიციას არ ცვლის. მის პათოსს დეპუტატებიც იზიარებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბანკები მთავრობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ / "სწორედ საბანკო სისტემა აღარიბებს ბიზნესს და აღატაკებს მოსახლეობას"

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის გარდა სხვა დარგებშიც გვქონდეს სწრაფი ზრდა. სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა კონკურენტუნარიანი პროექტებისა და იდეების განხორციელებაში. შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტაპების განვითარებას. მინდა ხაზი გავუსვა ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას: ეს არის სიღარიბის დამარცხება. მისი არსი გადის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებაზე და მათ წახალისებაზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ", - აღნიშნა ბახტაძემ. მინისტრისეულ "საბანკო დიაგნოზს" სავსებით ეთანხმება პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი. მისი აზრით, საბანკო სისტემა, რომელიც დღეს ძირითადად ორი ბანკით არის წარმოდგენილი, არის ბიზნესის გაღარიბებისა და მოსახლეობის გაღატაკების მთავარი მიზეზი - "სწორედ საბანკო სისტემა აღარიბებს ბიზნესს და აღატაკებს მოსახლეობას. რასაკვირველია, ამის შემდეგ ქვეყნის განვითარება შეფერხებულია და ბანკები იქცნენ ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად" - თქვა ოქრიაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკების წინააღმდეგ კამპანია აგორდა ისინი უკან დახევას არ აპირებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ფინანსთა მინისტრის განცხადებას ქვეყნის წამყვან ფინანსურ ცენტრებში უკვე გამოეხმაურნენ და დაუფარავად მიანიშნეს კიდეც, რომ მისი პოზიცია მიუღებელია. "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის - "საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის დამფინანსებელი. იგი არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული. სწორედ საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში გვაქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი. უფრო მეტიც, ჩვენგან დაფინანსებული ქართული კორპორაციები და კომპანიები უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს იხდიან, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთებია", - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მხოლოდ ქართული საბანკო სისტემა, რაც სამწუხარო ფაქტია", - განაგრძობს გამოცემა.

"საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით კრიტიკას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე - "მინისტრს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს რეალობაა. ჩვენ თუ შევადარებთ ბევრ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, განაკვეთები შესაფერისია ამ ქვეყნებთან", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება სასტარტო კაპიტალის პროგრამასთან და სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა. "სტარტაპების დაფინანსება მართლაც რთულია - ეს დასავლეთის ბევრ ქვეყანაშიც ასეა. ძალიან ძნელია და დიდი რისკიდან გამომდინარე ხდება ასე. მიუხედავად ამისა, "საქართველოს ბანკი" ცდილობს არა მარტო სტარტაპების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ინიციატივა გამოიჩინოს. ჩვენ ბიზნესის დაფინანსებაში აქტიურად ვართ ჩართულნი და ვთანამშრომლობთ მთავრობასთან. ახალი ინიციატივა რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას", - განაცხადა კიკნაველიძემ, რომლის თქმით, სურთ ამ პროცესში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა", - დასძენს გამოცემა.