ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2018

"ოცნებაში" ელიან, რომ ნაჩხუბარ დეპუტატებს ივანიშვილი შეარიგებსროდის დაიწყებს ამერიკა სირიაზე სარაკეტო შეტევას?ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია? ***

"ოცნებაში" ელიან, რომ ნაჩხუბარ დეპუტატებს ივანიშვილი შეარიგებს

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებული მხარეები, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა შეარიგოს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის გამოჩენას. რაც შეეხება თავად "ჩხუბისთავ" გედევან ფოფხაძეს, იგი ამბობს, რომ მისთვის პრემიერის თხოვნა სულ ერთი არ არის, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს განცხადება გუნდში დარჩენას, უცნობია. "რეზონანსი" ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა ფოფხაძემ სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უახლოეს დღეებში "ქართული ოცნების" სხდომა გაიმართება და მმართველი პარტიის ბედი სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება. ირაკლი კობახიძის გაცხადებით, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრება თავად მასზე იქნება დამოკიდებული“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით "ოცნებაში" ელიან, რომ ნაჩხუბარ დეპუტატებს ივანიშვილი შეარიგებს

"ის არის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში მის გამოჩენას. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება და საპირისპირო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამას მთელი პარტიის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, არსებობს იმის რესურსი, რომ ურთიერთობა დალაგდეს, მაგრამ, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი წინაპირობები. მას არც ის დაუმალავს, რომ პარლამენტში არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მისი უშუალო საყრდენია, რაც არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. რაც შეეხება პირობებს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დაირღვა დისციპლინა თანაგუნდელისათვის შეურაცხყოფის მიყენებით, რაც განიხილება და შეფასდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ კონკრეტული წესები გაიწერება და ამ წესებთან მიმართებით გვექნება რეაგირების მექანიზმები. ასეთი წესები ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში არსებობს. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა დაწერილი და დაუწერელი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდება და ამ წესების შესაბამისად ვიმოქმედებთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას ზაქარია ქუცნაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, დაპირისპირების ნიშნები აშკარაა და ამ ნიშნებს მკურნალობა სიჭრდება, თუმცა რაც მმართველ გუნდში ხდება, კრიზისი არ არის, რადგან გუნდს გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს, კრიზისი კი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობას ნიშნავს“, - განაგრძობს გამოცემა.

" რესპონდენტის კითხვაზე შეიძლება თუ არა ეს მოვლენები "ოცნების" დაშლის დასაწყისი იყოს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, არავითარი დაშლა, უბრალოდ, ეტყობა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიცალა ამათთვის ამ დღეებში, რომ ყველა შეკრიბოს და ერთი დაუცაცხანოს. როგორც კი მივა, ან მის ნათქვამს გადასცემენ ამ აჯანყებულ დეპუტატებს, გაყუჩდებიან. შემდეგ დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ნახეთ, რა მაგარი ბიჭები ვართ, აზრთა სხვადასხვაობა იყო, ეს კი დემოკრატიაა და ყველაფერი გავარკვიეთო. თუმცა, ხატოვნად რომ ვთქვათ, თავიანთი ჭუჭყიანი საცვლები ქვეყანაში უკვე გამოფინეს, ნაგავი გარეთ გამოიტანეს და რაც კულუარებში ხდებოდა, ის ჟურნალისტების განსახილველი გახადეს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით სოსო ცინცაძე: ეტყობა, ივანიშვილმა ვერ მოიცალა ამათთვის, რომ ერთი დაუცაცხანოს

"სოსო ცისკარიშვილის თქმით კი, პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარის მიუღებლობა დაითესა მაშინ, როდესაც მისგან მოვისმინეთ, რომ მომავალ არჩევნებში მაჟორიტარები აღარ იქნებიან. ამაზე მაჟორიტარებმა ისეთი ყალყზე დამდგარი სცენები დადგეს, რომ ბატონმა კობახიძემ მაშინვე "გაიზიარა" მათი პოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, არა საკუთარი ინიციატივით. ეს იყო სერიოზული ნიშანი იმისა, რომ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე მართულია ადამიანისგან, რომელსაც კარგად ესმის, რა არის ბიზნესი, ბიზნესმენები და მით უმეტეს ყალყზე შემდგარნი. გავიდა დრო და ახლა სრულიად თითიდან გამოწოვილი მიზეზით ჩვენმა თეატრალებმა და პარლამენტში მათმა მხარდამჭერებმა როლი შეურჩიეს ბორჯომის გედს, რომელიც აღმოჩნდა ასევე არა მიზეზი, არამედ საბაბი იმისა, რომ საკუთარი თავი გამოემჟღავნებინათ ისეთ პარლამენტარებს, რომელთაც არ აქვთ არც სურვილი და არც ნიჭი, რომ მედიისთვის ხშირად იყვნენ საინტერესოები, თუმცა ამ შემთხვევაში ყველა მათგანი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, გამოჩენილიყო. ზოგიერთი საერთოდაც პირველად დავინახეთ, თურმე 6 წლის განმავლობაში პარლამენტში ყოფილან და ხმა არ ამოუღიათ. ეს არის ქმედება, რომელიც იგეგმებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ საქმეშიც საწყისი ყოფილიყო ვინმე, გარდა მაჟორიტარებისა. ბატონ ბიძინას ფეხის ერთი დაბაკუნება თავის ადგილებზე დასვამს ყველას. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ცისკარიშვილი: "ბატონი ბიძინას ფეხის ერთი დაბაკუნება თავის ადგილებზე დასვამს ყველას".

როდის დაიწყებს ამერიკა სირიაზე სარაკეტო შეტევას?

“მსოფლიო კვლავ სირიაზე სარაკეტო დარტყმის მოლოდინშია. ერთი მხრივ, აშშ აცხადებს, რომ სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად მზადაა, მეორე მხრივ კი, რუსეთი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ამგვარ მასშტაბურ ოპერაციას, მინიმუმ, რამდენიმეკვირიანი მზადება სჭირდება, ამიტომ ტრამპის ბუნდოვანი განცხადებები, შესაძლოა, ყურადღების მოდუნებას ემსახურებოდეს და სინამდვილეში სარაკეტო დატყმა სრულიად მოულოდნელად, თვის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში განხორციელდეს. 2 დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღია მუქარა "ტვიტერის" საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. იგი წერდა, რომ აშშ სირიის მიმართულებით რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებდა. ამას წინ უძღოდა 9 აპრილის განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემდა. გუშინ კი კვლავ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მას არასდროს უთქვამს, როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე - "ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც ისე მალე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, როდის დაიწყებს ამერიკა სირიაზე სარაკეტო შეტევას?

"ტრამპის განცხადებების საპასუხოდ რუსეთში აცხადებენ, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებენ და დაარტყამენ იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გაშვებული. შესაძლო დარტყმისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალებიც. როგორც ბი-ბი-სი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტერეზა მეი მზად არის, სირიის პროსამთავრობო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს შეუერთდეს. მეტიც, მან სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა. "სავარაუდოდ, მთავრობა მხარს დაუჭერს მეის გადაწყვეტილებას და დიდი ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ის ავიადარტყმებს, თუმცა ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აშშ-სა და საფრანგეთთან მოლაპარაკების გაგრძელებაა საჭირო," - წერს გამოცემა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სირიაში მოსალოდნელ იერიშთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაში ჰყავს რუსეთსაც. ამის შესახებ ინფორმაციას დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ შამანოვი ავრცელებს. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი "ტვიტერზე" ხშირად წერს ასეთ მიმართვებს, რომლითაც ის, შესაძლოა, ერთობა, ან, მეორე მხრივ, მის ნაწერებს გარკვეული მიზნები აქვს. სალუქვაძის თქმით, არ მგონია, რომ გუშინდელი განცხადებით ის უკან იხევდეს. შესაძლოა, იმ მოლოდინს უპასუხა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო მოიცვა. სავრაუდოდ, ეს გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოება არ ყოფილიყო ყოველ საათს აშშ-ის სარაკეტო იერიშის მოლოდინში. ამასთანავე, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი, ზუსტად გამოაცხადო იერიშის დრო. ამიტომ, შესაძლოა, ამით უბრალოდ მოადუნოს მათი ყურადღება, ვისი მისამართითაც აპირებს სარაკეტო დარტყმას და თუ ამერიკას ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს შეიძლება მოხდეს მოულოდნელად და არა წინასწარ გაცხადებით," - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე. მისი თქმით, მსოფლიო ახლა თვალს ადევნებს სირიის კონფლიქტის ძირითადი მონაწილეების ირიბ დაპირისპირებას, სადაც მათი ინტერესები მკვეთრად გადაიკვეთა და საკუთარ მოკავშირეებთან ერთად ჩიხში მოექცნენ“, - განაგრძობს გამოცემა.

"სალუქვაძის თქმით, ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იქნება. მხარეები სირიის ომში უკვე ნაკლებად იბრძვიან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ისინი მეტწილად დაკავებულები არიან საკუთარი ინტერესების გადაწყვეტით და ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ. მსგავი ვითარება ადრე არ ყოფილა. კითხვაზე, რა განვითარება ან დასასრული შეიძლება მოჰყვეს ამგვარ მუქარის შემცველ განცხადებებს, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ პირდაპირი დაპირისპირება არ იქნება, მაგრამ ირიბი დაპირისპირების პირობებში აშშ-ის მხრიდან სარაკეტო დარტყმები გამორიცხული არ არის. არ მგონია, ის მოლოდინი გამართლდეს, რაც აწუხებს მთელ მსოფლიოს. ბევრი სვამს კითხვას, იქნება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? მე გამოვრიცხავ უშუალო დაპირისპირებას აშშ-სა და რუსეთს შორის, ან დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ აშშ იმოქმედებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ საპასუხოდ კი რუსეთი იმოქმედებს ასადის რეჟიმის ხელით. იურიდიულად იმოქმედებს ასადი, მაგრამ მათ უკან იქნება რუსეთი. რაც შეეხება სარაკეტო იერიშის დაწყებას, ეფექტიანი მოქმედებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო დაჯგუფება არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, აშშ-ს თუნდაც წუთების შემდეგ შეუძლია იერიში, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისად მომზადებული, არ იქნება საიმისო მასშტაბი, რომ ამ ოპერაციამ გარკვეულ სამხედრო წარმატებას მიაღწიოს, მაშინ იგი ვერ იქნება ეფექტიანი. ამიტომ თუ ტრამპის ადმინისტრაციაში ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, ჩვენ უნდა დაველოდოთ სათანადო დაჯგუფების შექმნას, რასაც, ყველაზე მცირე, ერთიდან სამ კვირამდე დასჭირდება. შემდეგ უკვე საჭიროა ოპერაციის დაგეგმვა, შეთანხმება, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ალბათ თვის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე სერიოზულ ამბებს არ უნდა ველოდოთ. ისე, წინა ოპერაციის მსგავსი შეიძლება ახლაც იყოს, მაგრამ არ ექნება არც მასშტაბი და არც ეფექტი“, - წერს სტატიის ავტორი

ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია?

"პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც "დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია საქართველოში". კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია. "ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ."ფრიდომ ჰაუზმა" გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებზე მორიგი ანგარიში გუშინწინ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში სხვა საკითხების გარდა აღნიშნულია, რომ საქართველოში "არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საქართველოს დემოკრატიულ ფუნქციონირებაში", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია?

"ერთი მხრივ, ვეთანხმები. გარდატეხა, რომელიც 2012 წელს მოხდა, ნამდვილად მიმართული იყო დემოკრატიისკენ, ბერკეტები კი ამ გარდატეხისა ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ხელში იყო. ახლა როგორ მიდის პროცესი, სხვა საკითხია. ჩვენთან არა დემოკრატიის, არამედ დემოკრატების დეფიციტია, ეს არის ჩვენი საზოგადოების ორგანული სენი, რომელიც დროში უნდა დაიძლიოს. როცა გავხდებით შინაგანად დემოკრატები, მაშინ მოგვარდება პრობლემა", - აღნიშნავს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"გარკვეულწილად იმ დარღვევების, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების დარღვევების შემდეგ, რაც სააკაშვილის დროს იყო, მდგომარეობა გაუმჯობესდა. დემოკრატია ბევრ რამეს მოიცავს და არა მხოლოდ იმას, რომ ადამიანი დაცული იყოს. დემოკრატიული განახლებისა და ტერორისტული რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ლიდერი ნამდვილად ივანიშვილი იყო, თუმცა თვითონ ხალხია შემოქმედი დემოკრატიული გარდატეხისა და არა კონკრეტული ადამიანი", - აცხადებს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

"კატეგორიულად არ ვეთანხმები, არანაირი დემოკრატიული გარდატეხა ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა", - დასძენს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი