ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2018
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - "ტყიბულში "თვითმკვლელები" ბევრნი ვართ""მისთვის საინტერესო ერის" აზროვნების დამპყრობი რუსეთის ინფორმაციული არმიატენდერებში გამარჯვებული და დამარცხებული კომპანიები ბიუჯეტის ფულს ძმურად იყოფენ?!
* * *
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - "ტყიბულში "თვითმკვლელები" ბევრნი ვართ"
"ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარომ კიდევ 6 კაცის სიცოცხლე შეიწირა, 3 კი დაშავდა. უბედური შემთხვევის დროს 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა დაიღუპნენ. 5 აპრილს, გამთენიისას დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა, ანუ გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა გახდა, რაც ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელებას იწვევს. "საქნახშირის~ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ამჯერად ტყიბულის მაღაროში ტრაგედიის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა - მისი თქმით, "როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტყმის პრევენცია ვერ ხერხდება"... მაღაროელების არაერთი გაფიცვა და აქცია ყოფილა, როდესაც შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას, ხარისხიან სამუშაო ინსტრუმენტებს, სპეცტანსაცმელს, დამხმარე თუ დამცავ საშუალებებსა და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ, მაგრამ არაფერი იცვლება. სამუშაო პირობებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათი ანაზღაურება ისევ 400-დან 1200 ლარამდეა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "ტყიბულში "თვითმკვლელები" ბევრნი ვართ".
"როგორც აქამდე, ახლაც გარდაცვლილებს დაჰბრალდებათ ყველაფერი. არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ხარისხიანი აღჭურვილობა არა გვაქვს, რადგან ძვირი ჯდება და დამსაქმებელს არ უღირს. ვისაც საბჭოთა წლებში უმუშავია, ყველამ იცის, რომ მინდელის სახელობის მაღაროში, რომელიც რისკებიდან გამომდინარე ზეკატეგორიას მიეკუთვნება, აუცილებელია მეთანის რეგულარული გაზომვა. მაინტერესებს, ბოლოს ვინ ნახა მაღაროში მეთანის საზომი?! სპეცტანსაცმელიც კი არა გვაქვს, ვენტილაციაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. აქ ისევ საბჭოთა იარაღები და სისტემებია. რაც შეეხება სამთო დარტყმებს, რომელიც, როგორც ამბობენ, ბოლო დროს გახშირდა, შემთხვევითი არ არის - როდესაც ერთ ცვლაში 14 ტონა ქვანახშირის ნაცვლად 40 ტონის გამომუშავებას გთხოვენ და ამ დროს ტექნიკური უსაფრთხოება დაცული არ არის, დარტყმებსაც უნდა ველოდოთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაღაროელი ავთო.
"ნახშირის ყოველი ჩამოშლისას უფრო და უფრო მეტი სიცარიელე ჩნდება, ანუ ლავას გასაქანი აქვს, შესაბამისად, ტალღებიცა და სამთო აფეთქებებიც მომრავლდა. ასეთი სიცარიელიდან ამოხეთქილმა ჰაერის ჭავლმა დახოცა ისინი, ქანები ჩამოწვა და წნევით წამოსულმა ტალღამ მიახეთქა აქეთ-იქით. საქმე ის არის, რომ ნახშირის აქტიურად გამოტანის შემდეგ დარჩენილი ღრმულები, ანუ ცარიელი ადგილები, არ ივსება, ადრე კი სილიანი წყლით იფარებოდა. ამას "ზაილოვკას~ ვეძახით. ახლა ეს სივრცე ქანებს მოძრაობის საშუალებას აძლევს და რაც მეტია ასეთი სივრცე, მით მეტია სამთო აფეთქებების რისკი. სამთო აფეთქებას მაღაროში მზადყოფნა სჭირდება... მას არავინ დახურავს, რადგან ქვანახშირის მარაგი ძალიან დიდია. იციან, რომ ტყიბულში ამის გარდა სამუშაო არაფერია და "თვითმკვლელებიც" ბევრნი ვართ, თანაც, არასდროს არავინ დასჯილა", - დასძენს რესპონდენტი.
"მინდელის სახელობის მაღარო გამოირჩევა სამთო დარტყმებით, მაგრამ ის, რომ ამის გამო უნდა დაიხუროს, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, რიგ შემთხვევებში დაცულია, მაგრამ ინსპექტირების დროს ვაწყდებით ელექტრომომარაგების, განიავებისა და სანიაღვრე სისტემების, სალიანდაგო მეურნეობის, ელექტრომაგნიტის დამცველებისა და სხვა პრობლემებს და შემდეგ ინსპექტირების ოფისში შესაბამისი სანქციები წესდება... ერთობლივი მონიტორინგის დროს რამდენიმე ინსპექტირება ჩატარდა, თუმცა კანონით 6 თვეში ერთხელ ვატარებთ მონიტორინგს, ასევე მაშინაც, თუ უბედური შემთხვევა მოხდა ან შემოვიდა შეტყობინება მოსალოდნელ ავარიაზე... სულ 4 ტიპის სანქციაა: ყველაზე მსუბუქია არსებითი და შეესაბამება 150-ლარიანი ჯარიმა, მეორე ხარისხის არსებითს - 300-ლარიანი ჯარიმა, პირველი ხარისხის კრიტიკულს - 1500 ლარი და მეორე ხარისხის კრიტიკულს - 3000-ლარიანი ჯარიმა. თუმცა ჯარიმები შეკრებადია და თუკი საშახტო ინფრასტრუქტურაში რამდენიმე დარღვევაა, საჯარიმო თანხა იკრიბება. იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია მსხვერპლი ამჯერად, მიმდინარეობს გამოძიება... წინა წლებში, შეცდომა იყო მოპოვების პროცესში, მეტი ინფორმაცია არა გვაქვს, რადგან ჩვენი სამსახური გამოძიებას არ აწარმოებს. ჩვენ სანქციების გამოწერა გვევალება" - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო სააგენტოს ზედამხედველობის უფროსის მოადგილე რატი ობოლაძე.
"მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, ქვეყანას ვალდებულებების აღებამაც მოუწია. მომზადდა კანონი და შრომის ინსპექციაც შეიქმნა. მანამდე კი შრომის ინსპექცია საწარმოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიოდა, თუ მფლობელები მოისურვებდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიცოცხლისთვის საშიში შრომითი პირობები აღმოჩნდებოდა, საწარმოსთვის მხოლოდ რეკომენდაციების გაცემას სჯერდებოდნენ", - წერს სტატიის ავტორი.
"შრომის ინსპექციის შესახებ კანონი წელს მიიღეს, თუმცა წარმომადგენელს საწარმოში გაუფრთხილებლად შესვლის უფლება მაინც არა აქვს. შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის შემთხვევაში, ჯერ სასამართლოსგან უნდა აიღონ ნებართვა, რაც დროს მოითხოვს და მას ეფექტიანობას უკარგავს. რაც შეეხება სანქციებს, საჯარიმო სისტემა 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება, თუმცა ეს თანხა იმდენად აბსურდულია, რომ დამსაქმებელს შრომითი პირობების გაუმჯობესებას ჯარიმის გადახდა ურჩევნია. ის მაღაროელები, რომლებმაც საწარმოო ტრავმა მიიღეს, სასამართლოში ჩივილს ერიდებიან და დამსაქმებელთან ცდილობენ ურთიერთობის მოგვარებას. მინიმალურ კომპენსაციას თანხმდებიან, რაც, როგორც წესი, ერთჯერადია. არადა, სასამართლოს მეშვეობით შეუძლიათ დამსაქმებლისგან ყოველთვიური და სტაბილური დახმარების მიღება. იციან, რომ სასამართლოში საქმე გაჭიანურდება, მათ კი დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ანთაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი.
"5 აპრილის ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის - მინდელის მაღაროში ბოლო 8 წლის განმავლობაში მომხდარი უბედური შემთხვევების სია ასეთია: 2010 წლის 4 მარტს აფეთქების შედეგად 4 მაღაროელი დაიღუპა; 2010 წლის 27 აგვისტოს 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა; 2011 წლის 22 იანვარს ერთი მაღაროელი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა; 2011 წლის 6 ნოემბერს წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევას 2 მაღაროელი ემსხვერპლა; 2013 წლის 13 ოქტომბერს მიკროსამთო დარტყმის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა; 2015 წლის თებერვალში ქვანახშირის საბადოზე ერთი მუშა დაიღუპა; 2016 წლის ოქტომბერში გარდაცვლილი მუშა იპოვეს; 2017 წლის 7 მაისს, ისევ მინდელის მაღაროში, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ბაგირი გაწყდა და 4 კაცი დაიღუპა; დაბოლოს... 2018 წლის 5 აპრილს დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი... უფრო ადრე კი, 1961 წელს, ტყიბულის სტალინის სახელობის მაღაროში, რომელიც უკვე დახურულია, მეთანი აფეთქდა, რასაც 33 კაცი შეეწირა. მაღაროს ყოფილი დირექტორის, ჯემალ არაბიძის თქმით, მაშინ ადგილზე 3 მაღაროელი მუშაობდა და მათ დასახმარებლად სამთო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღაროში ეტაპობრივად ჩასულთაგან ცოცხალი ვერავინ დაბრუნდა. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ტყვარჩელის სამთო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ისინი მაღაროში არ ჩავიდნენ, ეს მაღარო სახიფათოა და ვერ გავრისკავთო...", დასძენს სტატიის ავტორი.
"მისთვის საინტერესო ერის" აზროვნების დამპყრობი რუსეთის ინფორმაციული არმია
საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს 2017 წლის ანგარიშს, რომელშიც ქვეყნის მთავარ საფრთხედ დასახელებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა... გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების არაერთი ცდა, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახერხონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას - პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით სასურველი შედეგის მიღწევას ცდილობენ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით აზროვნების დამპყრობელი "ი არმია" / "რუსეთის ინტერესი ყოველთვის ზედაპირზე დევს, რადგან ის იმპერიული ფსიქოლოგიის ქვეყანაა, რომლის მოქმედების ტაქტიკაც ყოველთვის უხეშია. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის სპეცსამსახურებს ურჩევნიათ, გამოიყენონ ტანკი, ვიდრე რთულ ფსიქოლოგიურ ამოცანებში ჩაერთონ" / "თბილისთან ახლოს ფუნქციონირებს მედრესეები, სადაც ზრდიან შაჰიდებს და ახალგაზრდებს ამას დაუფარავად ასწავლიან. ჩვენ რას ვაკეთებთ?"
"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად რომ ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ყველამ ვიცით და მისასალმებელია, რომ ამის შესახებ სუს-ის ანგარიშშიც აღინიშნა. ამ მხრივ მთავარი საფრთხეა რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც ყველა პლატფორმის გამოყენებით ცდილობენ ანტიდასავლური გზავნილებისა და განწყობის გაძლიერებას საზოგადოებაში, საკუთარი მიზნების მიღწევას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსული სპეცსამსახურების მოქმედებები სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, რაც ასევე მათი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. მაგალითად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აშკარად დადიან მოსკოვში, ღიად გამოხატავენ რუსეთისადმი სიმპათიებს. ასეთივე სქემა აქვს ზოგიერთ ე.წ. საზოგადოებრივ ორგანიზაციასაც. ანუ ქვეყნის ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს როგორც საჯაროდ და გაცხადებულად, ასევე - ფარულად. რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელია პოპულისტური მოწოდებები, განცხადებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქართველის გრძნობებზე, კერძოდ, რომ უცხოელები გვართმევენ მიწასა და ქართველობას, ქვეყანაში ქართველებისთვის ადგილი აღარ დარჩა, რომ არაბებმა ჩაგვანაცვლეს და ა.შ. რაც რეალურ საფრთხესთან დაკავშირებული არ არის და მხოლოდ რუსული ნარატივის კომპონენტია," - აცხადებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
"რუსეთის სასარგებლო ფარულ გზავნილებსაც გაიგონებთ - პირები თუ ორგანიზაციები მკაფიო პრორუსულ განწყობას არ ავლენენ, თუმცა ქვეტექსტებით სწორედ რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობენ... უნდა გაანალიზდეს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სად გვაქვს განსაკუთრებით პრობლემა, შემდეგ საკითხი უნდა დავამუშაოთ უცხოელ კოლეგებთან, რომლებსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ რუსული "ჰიბრიდული ომის" წინააღმდეგ ბრძოლაში. ინფორმაციული ომის ტექნოლოგიები თუ ფორმები სულ უფრო და უფრო იხვეწება და მას დასავლეთთან დაპირისპირებული ძალები აქტიურად იყენებენ... ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა კიდეც, რომ შექმნილია ე.წ. ი-არმია, ანუ ინფორმაციული ჯარი, რომელიც ცდილობს "დაიპყროს მისთვის საინტერესო ერის აზროვნება და მიზნები". სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით წინ წავიწიეთ - ჩვენი მიდგომა და მექანიზმები ისევ კონსერვატიულია და მხოლოდ გაწერილი პროცედურების მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სუს-ის ანგარიშიც მოწმობს, რომ უსაფრთხოების სისტემების განახლება აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამაში არა მხოლოდ სუს-ი, არამედ საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს", - დაასკვნის ნოდარ ხარშილაძე
"სუს-ის ანგარიში მოწმობს, რომ პრობლემა მწვავედ დგას და ეს ვითარება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხვალინდელ დღეს უქმნის საფრთხეს. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ სურთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სახელმწიფოს გადაყვანა სტრატეგიული მიზნებიდან საკუთარი ინტერესების რელსებზე. სხვათა შორის, მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. ანგარიშში ნახსენებ ქვეყნებში უნდა მოვიაზროთ როგორც ჩვენი მეზობლები, ისე - ოდნავ მოშორებით მდებარე სახელმწიფოები. ფაქტია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე ქვეყანა გავლენისთვის ერთმანეთს ებრძვის და ეს კარგად ჩანს თუნდაც ქვემო ქართლში შექმნილი ვითარების მაგალითზე, სადაც მუსლიმანური სახელმწიფოები გავლენისთვის აშკარად იბრძვიან. რეალური საფრთხე კი ქვეყნისთვის მას შემდეგ გახდება პრობლემა, როცა ამ ბრძოლაში ერთი რომელიმე ქვეყანა გაიმარჯვებს. სანამ ისინი გავლენისთვის ერთმანეთს ებრძვიან, ქვემო ქართლში ვითარების ესკალაცია გამორიცხულია. სამწუხაროდ, იგივე ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზოგან - შედარებით ნაკლები აგრესიით, ზოგან კი - ხისტი მოქმედებით", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.
"პოლიტიკაშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც აშკარად თუ ფარულად ცდილობენ რუსული თუ სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარებას. შესაძლოა, სუს-ის ანგარიში ვიღაცისთვის ზოგადია, მაგრამ მასში კარგად იკითხება უწყების სურვილი, ხალხმა და სახელმწიფომ გააცნობიეროს პრობლემის სიღრმე - სპეცსამსახურების ამოცანა არ გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, მათი ამოცანაა პრობლემის შეფასება და ანალიზის მიწოდება ხელისუფლებისთვის, აქ კი პოლიტიკური ნებაა საჭირო, რადგან სპეცსამსახურების აქტიურობითა და რეპრესიებით პრობლემები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, პრობლემა კი პრობლემად დარჩება. კერძოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტების, სოციალური და საინფორმაციო ხასიათის კამპანიების დასაგეგმად. მაგალითად, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საზოგადოებას მთავარ საკამათო საკითხად წარმოუჩენენ განსაკუთრებული ტიპის ქორწინების დაკანონებას და ვიღაცები უშინაარსოდ ყვირიან, რომ ქართველობას გვართმევენ, უნდა გვესმოდეს, რა მიზანია ყველა ამ ლოზუნგის უკან", - განმარტავს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - "ამ ტიპის ლოზუნგებით გამორჩეული ე.წ. საზოგადოებრივი ჯგუფების წევრები ცოტა ხნის წინ დააკავეს კიდეც, თუმცა რამდენად სერიოზულ საფრთხეს ქმნიან ისინი ქვეყანაში ესკალაციის პროვოცირებისთვის?" - პასუხობს:
"ერთი რამ უნდა გვესმოდეს - რუსეთის ინტერესი ყოველთვის ზედაპირზე დევს, რადგან ის იმპერიული ფსიქოლოგიის ქვეყანაა, რომლის მოქმედების ტაქტიკაც ყოველთვის უხეშია. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის სპეცსამსახურებს ურჩევნიათ, გამოიყენონ ტანკი, ვიდრე რთულ ფსიქოლოგიურ ამოცანებში ჩაერთონ. სხვები საზოგადოებაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მექანიზმს, რის წინააღმდეგ როგორც ჩვენს საზოგადოებას, ისე - სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა არ გააჩნია. კერძოდ, თბილისთან ახლოს ფუნქციონირებს მედრესეები, სადაც ზრდიან შაჰიდებს და ახალგაზრდებს ამას დაუფარავად ასწავლიან. ჩვენ რას ვაკეთებთ? არაფერს. საქართველოს არა აქვს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ეროვნული იდეა და ამას დამატებული ლიბერალური კანონმდებლობა სპეცსამსახურებს მოქმედებას უმარტივებს. სწორედ ეს გახლავთ მთავარი პრობლემა. რაც უნდა ბევრი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს სტრატეგიული გეგმა, რომ მათმა ინტერესებმა ჩვენი არ გადაწონოს.
ტენდერებში გამარჯვებული და დამარცხებული კომპანიები ბიუჯეტის ფულს ძმურად იყოფენ?!
"სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლო კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური ლობირების შესახებ არაერთხელ გვსმენია, თუმცა პრობლემა კიდევ უფრო ღრმა და მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო შესყიდვებში ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რისკები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ქვეკონტრაქტორის "ტყავში გახვეული" ინტერესთა კონფლიქტები, კორუფციული გარიგებები და პოლიტიკოსების ლობირებული სახელმწიფო შესყიდვები რთულად ამოსაცნობია", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით სატენდერო "ქსელური მარკეტინგი" / ტენდერებში გამარჯვებული და დამარცხებული კომპანიები ბიუჯეტის ფულს ძმურად იყოფენ?!
"ქვეკონტრაქტორი არის სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე კომპანია, რომელსაც უშუალოდ არ მოუგია ტენდერი, მაგრამ მოგებულმა კომპანიამ დაიქირავა ის სამუშაოს შესასრულებლად, ან საქონლისა და მომსახურების მისაწოდებლად. ხშირად ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოს მთლიანად ან დიდწილად ქვეკონტრაქტორები ასრულებენ. ამ პროცესის გამჭვირვალობა აუცილებელია, ამ თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან შედარებით შესაძლოა ბევრად წინ ვართ, მაგრამ ქვეკონტრაქტორების თემა რჩება ცუდ გამონაკლისად რომელიც სხვა პოზიტივს წითელ ხაზს უსვამს - შესაძლოა სახელმწიფო ტენდერი წარიმართოს ყველა პროცედურის დაცვით, აუქციონზე გაიმარჯვოს საუკეთესო პრეტენდენტმა, მაგრამ ამის მიღმა რა ხდება, ფაქტობრივად, არავინ იცის. შესაძლოა სწორედ ქვეკონტრაქტორი კომპანია იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ფიგურასთან, საჯარო მოხელესთან ან მათთან დაკავშირებულ ბიზნესებთან. შესაძლოა ეს იყოს კომპანია, რომელიც გამორჩეულია მმართველი პარტიისთვის შეწირულობებით. ფაქტების გარეშე რთულია ვინმეს დადანაშაულება, მაგრამ ის, რომ ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია გაუმჭვირვალეა და რომ ასეთი მასშტაბით მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, ანუ რეალურად ისინი ასრულებენ სახელმწიფო შეკვეთებს ტენდერში მონაწილე კომპანიების შუამავლობით, ბევრ ეჭვს ბადებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.
"ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობს, რომ ტენდერის მონაწილე არც ერთ მხარეს არა აქვს ვალდებულება, სატენდერო დოკუმენტაციაში მიუთითოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ძალზე ძნელია ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენა, რადგან ეს ტენდერების დახურული მხარეა. კვლევაში რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ, ესეც ბევრი ძიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად. არის ფაქტები, რომლებიც აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. თუ ამ გზებით არ გამჟღავნდა კონკრეტული ფაქტი, ქვეკონტრაქტორების მიკვლევა ტენდერებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული შემთხვევა ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა გამოააშკარავა. რომ არა მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევა, ამ შემთხვევის შესახებ, ალბათ, ვერაფერს გავიგებდით. მეტროსადგურის სარემონტო სამუშაო შპს "ყვარელრემმშენმა" 2017 წელს ჩაატარა. ამ სახელმწიფო შესყიდვის შესწავლისას საინტერესო ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სწორედ ქვეკონტრაქტორების საკითხს უკავშირდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
`ყვარელრემმშენმა~ მეტრო "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოს ტენდერის გარდა, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა, რომელიც "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერამდე 1 კვირით ადრე გამოცხადდა. ამ ტენდერში "ყვარელრემმშენს" ერთი კონკურენტი _ შპს "დამბა" ჰყავდა. "ყვარელრემმშენმა" ტენდერში სამუშაოს შესრულების ფასად 447.728 ლარი დაასახელა, ხოლო "დამბამ" - 523.215 ლარი. შესაბამისად, "ყვარელრემმშენმა" გაიმარჯვა დაბალი ფასის გამო. თუმცა "ყვარელრემმშენის" სატენდერო განაცხადსა და დოკუმენტაციაში რამდენიმე ხარვეზი აღმოჩნდა. კომპანიამ ხარვეზები გამოასწორა, მაგრამ სატენდერო კომისიამ შემდეგ სხვა ხარვეზები იპოვა. რადგან ხელმეორედ დაზუსტების უფლება კანონმდებლობით არ არის დაშვებული, "ყვარელრემმშენმა" დისკვალიფიკაცია მიიღო. შედეგად, ტენდერში "დამბამ" გაიმარჯვა 523.215-ლარიანი შეთავაზებით. "დამბამ" თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2016 წლის 12 დეკემბერს. იმავე დღეს ამ კომპანიამ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულებაზე ხელშეკრულება "ყვარელრემმშენთან" გააფორმა, როგორც ქვეკონტრაქტორთან. კონტრაქტის მიხედვით, `ყვარელრემმშენი~ ქვეკონტრაქტორობიდან მიიღებდა 491.822 ლარს, მის მიერ თავდაპირველად წარდგენილ თანხაზე მეტს. ეს არის ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით, როცა ტენდერში კონკურენცია მოჩვენებითია: კონკურენტი წარუდგენს შემსყიდველს ისეთ წინადადებას, რომელიც საგანგებოდ შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც ცნობილია, რომ შემსყიდველისთვის მიუღებელი იქნება. შეთანხმებული კომპანიები შემდგომ ხელოვნურად გაზრდილ თანხას იყოფენ და ხშირ შემთხვევაში ეს ქვეკონტრაქტორთან შეთანხმებით კეთდება. სამართალდამცავები თუ ამ კონკრეტული შემთხვევით აქამდე არ დაინტერესებულან, ახლა მაინც უნდა შეისწავლონ...", - დასძენს ანალიტიკოსი.

























