ქართული პრესის მიმოხილვა 05.04.2018

რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე აქტიურ მუშაობას იწყებსთბილისი ენგურთან ცივილიზებული და კანონიერი "ერგნეთის" შექმნას აპირებსქვეყანა ენერგეტიკული კრიზისისკენ მიექანება * * *

რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე აქტიურ მუშაობას იწყებს

"რუსეთი საომარი მდგომარეობისთვის ემზადება - ასეთია იმ ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრება, რომლებიც ამის არგუმენტად რუსეთის ხელისუფლების იმ გეოსტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებს ასახელებენ, რომლებიც მას პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ აქვს. მათ შორის, პირველ რიგში, საქართველო მოიაზრება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე აქტიურ მუშაობას იწყებს.

"როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, თავის დროზე რუსეთმა უარი თქვა ე.წ. ხუთსაფეხურიანი ოპერატიული მმართველობის ფორმაზე და გადავიდა ახალ ე.წ. ოთხსაფეხურიან სისტემაზე, რადგან ეს უკანასკნელი, მისი აზრით, უნდა ყოფილიყო უფრო ეფექტური საფრთხეებზე რეაგირებისას. თუმცა, მოგვიანებით, ახალი "ცივი ომის" მოახლოებამ, სირიის სამხედრო კამპანიამ, უკრანაში განვითარებულმა მოვლენებმა და საქართველოსთან წარმოებული ასიმეტრიული ომის პირობებმა, ისევე როგორც პუტინის ახალი ვადით არჩევამ, გამოიწვია გეოსტრატეგიული ამბიციებისა და ამოცანების შეცვლა. მაისაიას მტკიცებით, პუტინმა ფაქტობრივად უკვე დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მუშაობა და ამას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, რუსეთის გეგმები მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არ არის აგებული. საქართველო მთელი ამ სქემის მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთია. ძალების ამგვარი კონცენტრაცია და სამხედრო სტრატეგიების დაგეგმვა, პირველ რიგში, განკუთვნილია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლოს გასვლა ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის მიმართლებით. ეს ყველაფერი გამიზნულია იმ დიდ გეოსტრატეგიულ ამბიციურ გეგმებზე, რასაც საბჭოთა კავშირის აღდგენა ჰქვია. კავკასია ყოველთვის იყო რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო-სტრატეგიულ კონფიგურაციაში განსაკუთრებული ყურადღების არეალი იმიტომ, რომ კავკასიაზე ბატონობით საბჭოთა კავშირს შეეძლო გასვლა, იგივე თუნდაც, სამხრეთ ევროპისა და აღმოსავლეთის მიამრთულებით, ასევე, ინდოეთის ოკეანის მიმართულებით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"დღეს პუტინმა ფაქტობრივად აღადგინა საბჭოთა კავშირის დროინდელი შეტევითი სამხედრო დოქტრინის პრინციპები და დივიზიების შემოყვანა ამის ერთგვარი დადასტურებაა. ფაქტობრივად პუტინი ცდილობს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი. რუსეთი სამხედრო ძალების დემონსტრირებით ცდილობს, რომ საქართველოს შეაცვლევინოს საგარეო პოლიტიკური კურსი ევრაზიულ კავშირში შეყვანით. ამას აკეთებს სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან მიმართებითაც. როდესაც პუტინი კიდევ ერთი ვადით გახდა პრეზიდენტი, მას არც დაუმალავს, რომ მთავარი ამოცანაა საბჭოთა კავშირის აღდგენა. მან, გარდა საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინისა, აღადგინა საბჭოთა კავშირის დროშა და ჰიმნიც, ასევე შეიარაღებულ ძალებში ყველა ის წესი, რაც მოქმედებდა საბჭოთა არმიაში. ეკონომიკური კუთხით კი, რუსეთს შემთხვევით არ შეურჩევია ბელორუსია, ყაზახეთი ან სომხეთი. მან შეარჩია ის სახელმწიფოები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ საბჭოთა კავშირის ფუძემდებლები. აზერბაიჯანთან მიმართებით რუსეთი ატარებას ასევე პრაგმატულ პოლიტიკას, რადგან ის ფაქტობრივად გამოთიშულია დასავლეთის კომფორტის გავლენის ზონიდან და გადასულია უფრო მეტად ევრაზიულ სივრცეში. ამათგან დარჩა მხოლოდ საქართველოს გაევრაზიელობა და ციკლი შეიკვრება. ამას ემატება ყაზახეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები", - განმარტავს რესპონდენტი.

"სხვათა შორის, თურქმენეთის პრეზიდენტის ჟესტიც ერთგვარი მინიშნება იყო. თურქმენეთის ისტორიაში პირველად მოხდა შემთხვევა, როდესაც ქალთა საერთაშორისო დღის მილოცვა პრეზიდენტმა გააკეთა, რომელიც გამოვიდა და ქალებს რუსული საბჭოთა პოპულარული ჰიტი უმღერა, ანუ თურქმენეთიც კი ექცევა ამ ევრაზიული გეოსტრატეგიულ სივრცეში. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან უკვე დაიწყო რუსეთთან კულტურული და ეკონოკიური ურთიერთობების განვითარება. ასევე, აზერბაიჯანიც უკვე შესულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაში, ისევე როგორც მოლდოვა, სადაც ეს პროცესები საკამოდ დინამიკურია. მართალია, უკრაინა ცდილობს, რომ შეამციროს, მაგრამ მისთვის რუსეთი მაინც ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, ცენტრალური აზიის თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო რუსეთზეა ეკონომიკურად მიბმული და რუსეთი ეკონოკურადაც ახრჩობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს", - ამბობს მაისაია.

"აქ ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო ინტეგრაცია, ანუ კოლექტიური უსაფრთხობის ორგანიზაციისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნა, რომელიც, ბუნებრივია, მიმართულია ნატო-ს წინააღმდეგ. ამას ემატება ჩვენი მიმართებით კუნთების თამაში, რუსეთი უკვე ცდილობს, მთიან ყარაბაღშიც შეიყვანოს თავისი მშვიდობისმყოფელები და ასევე - უკრაინაში, რათა თავისი სამხედრო გავლენა გააძლიეროს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამას ემატება ისიც, რომ ბალტიისპირეთს ემუქრება პირდაპირი სამხედრო ინტერვენციით. ეს ყველაფერი რა მიზანსაც ემსახურება, უკვე მოგახსენეთ", - დაასკვნის სამხედრო ექსპერტი.

თბილისი ენგურთან ცივილიზებული და კანონიერი "ერგნეთის" შექმნას აპირებს

ოფიციალური თბილისი აფხაზებსა და ოსებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას სთავაზობს, ვაჭრობის გამარტივების, განათლების მიღებისა და უვიზო მიმოსვლისა თუ ექსპორტით სარგებლობის კუთხით. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეეძლებათ, ბიზნესი ისე დაარეგისტრირონ, რომ ქვეყანა "საქართველო" არ მიუთითონ, არც საქონლის ეტიკეტზე დააწერონ, რომ "დამზადებულია საქართველოში". მათ საგადასახადო შეღავათებიც ექნებათ და ყველაფერი ამისათვის გამყოფ ხაზებზე სპეციალური სავაჭრო ზონაც შეიქმნება. პირველი ეს იქნება რუხში, რომელიც ასევე შესაძლოა, თავისუფალ სავაჭრო ზონადაც იქცეს. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეეძლებათ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ ოსურად ან აფხაზურად, ზოგადი უნარების ჩაბარება კი არ მოუწევთ. უცხოეთში სწავლის მსურველებს 1 წელის გადამზადების კურსებზე, ე.წ. მე-12 კლასში მოამზადებენ კიდეც", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თბილისი ენგურთან ცივილიზებული და კანონიერი "ერგნეთის" შექმნას აპირებს.

"გუშინ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტი, "ახალია სამშვიდობო ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". დოკუმენტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მიერააა შექმნილი. ის საკმაოდ დიდია. პრეზენტაცია გუშინ მოხდა და ძირითადი აქცენტი ვაჭრობის გამარტივებაზე გაკეთდა. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საგადასახადო კოდექსში შეიდს ცვლილებები, რომელთა თანახმად ნებისმიერ პირს, მათ შორის პირადი ნომრით რეგისტრირებულს, შესაძლებლობა ექნება სპეციალური საწარმოს სტატუსით დარეგისტრირდეს და სავაჭრო ოპერაციები გამყოფი ხაზების გასწვრივ საგადასახადო შეღავათებით განახორციელოს. ამას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება, მაგრამ დოკუმენტში გათვალისწინებულია სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები", - აღნიშნავს გამოცემა.

"მაგალითად, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუტურის განთავსება გამყოფი ხაზების გასწვრივ - სპეციალური ეკონომიკური სივრცე, სადაც განთავსდება ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება, რომელიც შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმითაც. ვფიქრობთ, ასეთი სივრცე სოფელ რუხში განთავსდეს, სადაც უკვე არსებობს გარკვეული ინფრასტრუტურა - იქ მიმდინარეობს მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სივრცის სრულად განთავსება გამყოფი ხაზების გასწვრივ სხვა მონაკვეთებზეც განიხილება, იქიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელი იქნება გადაადგილების თავისუფლება", - აღნიშნა ციხელაშვილმა. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებები ამ შემოთავაზებაზე არ წამოვლენ, ხოლო თავად აფხაზები და ოსები წამოვლენ თუ არა ამ შემოთავაზებაზე, ეს რთული საკითხია", - განაგრძობს გამოცემა.

"არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ისინი რაღაცაზე მოდიან, არსებობს და ვიცით, რომ ჯანდაცვის პროგრამა მუშაობს. თუმცა ჯანდაცვის პროგრამას განსაკუთრებული კომპონენტი აქვს, რადგან აქ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმდენად კრიტიკულია ჯანდაცვის მხრივ მდგომარეობა, რომ სხვა საშუალება არ აქვთ და იძულებული არიან, ამ პროგრამას მიმართონ. დე ფაქტო ხელისუფლბებიც ამაში ხელს არ უშლიან და არც უწყობენ, მაგრამ ეს ეხება ადამიანის სიცოცხლეს", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისისკენ მიექანება

"საქართველო მოკლე დროში შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. მოსახლეობის პროტესტმა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მასობრივი სახე მიიღო. აქციები იმართება ყველგან, თუნდაც ამის საჭიროება არ იყოს. ენერგეტიკოსები და ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ ჰესი ზიანს არ აყენებს გარემოს, ის აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ქვეყანაში ელექტოროენერგიაზე მოთხოვნა მზარდია, მისი უზრუნველყოფა კი ვერ ხერხდება. რაიონებიდან პროტესტმა თბილისშიც ჩამოაღწია. გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. მონაწილეების აცხადებდნენ, რომ დაუშვებელია სვანეთში მოხდეს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ბუნებას აზიანებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისისკენ მიექანება / "თუ ჰესები არ აშენდა, შეიძლება, მომავალში საერთოდაც ვერ შევძლოთ იმპორტის შემოტანა".

"ორიოდე დღის წინ დიდი შეხლა-შემოხლა იყო სვანეთში, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური გზაც კი გადაკეტა. რამდენიმე დღეში საპროტესტო აქცია იგეგმება ონში, შემდეგ კი იმერეთში. "ვუერთდებით საქართველოში უგუნური პროექტების განხორციელების წინააღმდეგ აქციებს, რომლებიც გვართმევს ძვირად ღირებულ ბუნებას. ვითხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ საკითხი ჩვენს მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფო ინსტიტუტები. თითქმის ყველა ჰესი, რომელიც აშენდა ან დაინგრა, ან ექსპლოატაციაში ვერ შევიდა ბოლომდე, რაც მეტყველებს, რომ გარკვეული პრობლემებია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამხილვის შემდეგ თუ დადგინდება, რომ მშენებლობა გასაჩერებელია, უნდა შეჩერდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით გულბანმა. ენერგეტიკოსებიც ადასტურებენ რომ ჰესების მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს, ხოლო ენერგეტიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის", - აღნიშნავს გამოცემა.

"დეპუტატი რეზო არველაძე აცხადებს, რომ საქართველო დგას ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე და აუცილებელია ჰესების საშუალების დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც საზოგადოებაში გაჩნდა. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაიაც ეთანხმება მოსაზრებას ენერგეტიკული პროექტის განხორციელების აუცილებლობის შესახებ. თუ ჰესი ზიანს არ აყენებს გარემოსა და საზოგადოებას, იგი მისაღებია. მისი საშუალებით ქვეყანა ელექტროენერგიის ახალ წყაროს მიიღებს. ბოლო წლებში მოთხოვნა მუდმივად მზარდია როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა აიგოს ელექტროენერგიის გენერაციის ახალი სადგურები", - წერს სტატიის ავტორი.

"საქართველოს ენერგეტიკული რესურსებიდან გააჩნია წყალი და ნახშირი. ნახშირი გარემოს როგორ აზიანებს, ვიცით. ამიტომ ის უნდა ჩანაცვლდეს სხვა რესურსით. საზოგადოებამ უნდა აწონ-დაწონოს კონკრეტულ ადგილას მიმდინარე მშენებლობა უფრო მეტ ზიანს მოუტანს გარემოს, თუ მეტ სარგებლობას ხალხს - როდესაც ჰესისი პროექტირება ხდება, ერთ მხარეს დაიდება ის მავნე ზემოქმედება, რომელიც შეიძლება ამ ობიექტმა გარემოს მოუტანოს, მეორე მხარეს იქნება ის სიკეთე, რიტაც მთელი ქვეყანა ისარგებლებს. თუ უფრო მეტ ზიან მოიტან, თავისთავად ცხადია, არ უნდა აშენდეს... ვინც ჰესების აშენებას ეწინააღმდეგება, ისინი უბრალოდ აპროტესტებენ ყველაფერს. თადარიგი თუ არ დავიჭირეთ ახლო მომავალში დიდი პრობლემები შეგვექმნება. უკვე დღეს ვყიდულობთ ძალიან ბევრ ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. სამომავლოდ ამ ქვეყნებშიც გაიზრდება მოთხოვნა და შესაძლოა საერთოდ ვეღარ შეძლონ ჩვენი მომარაგება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა რეზო არვეაძე.

"თუ გარემოზე ზემოქმედების დასკვნა მისაღებია, ჰესის აშენებას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ხალხი ყოველთვის აპროტესტებს მსხვილმასშტაბიან პროექტებს. მაგალითად, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმ ჰესების აშენებას, რომლებიც დღეს გამართულად მუშაობს. ენერგობაზრის მოცულობა იზრდება, რასაც მოთხოვნის მატებასაც უწყობს ხელს. ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა გვქონდეს ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყაროები", - დასძენს გამოცე,ასთან საუბრისას ემზარ ჯგერენაია.