ირაკლი ნადარეიშვილი - დაზარალებულად ცნობილ 154 პირს დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა

ირაკლი ნადარეიშვილი - დაზარალებულად ცნობილ 154 პირს დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის გამოძიება ათეულობით საქმეზე დასრულდა, შედეგად 21 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 154 პირს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა.

დეპარტამენტის საქმიანობაზე, წარმოებაში არსებულ საქმეებზე და მიმართულებებზე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ნადარეიშვილს ვესაუბრეთ:

- ბატონო ირაკლი, თითქმის ორი წელია საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ არაერთი უკანონოდ მსჯავრდებული გაამართლა. აქამდე რატომ ჭიანურდებოდა ეს პროცესი, მიზეზი გამოძიების ეფექტიანობის პრობლემაში ხომ არ იყო?

- მოგახსენებთ, ამის მიზეზი გამოძიების არაეფექტურობა კი არა, არამედ შესაბამისი საკანონმდებლო ბერკეტის არარსებობა იყო. 2016 წლის ივლისში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, კერძოდ, 310-ე მუხლს დაემატა ,,ზ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე, ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის.

აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის შემუშავებაშიც საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურა, შესაძლებელი გახადა უკანონოდ გასამართლებული მსჯავრდებულების, მათ შორის პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა საქმეების გადასინჯვა, რაც აქამდე ფერხდებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არქონის და ამ მიმართულებით პრაქტიკის არარსებობის გამო. აქვე აღვნიშნავ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გახდა მოქნილი და რაც ყველაზე მთავარია, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკას მორგებული, განაჩენების გადასინჯვის ეფექტური მექანიზმი.

- შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ ხელი შეუწყო საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის განცდას?

- დიახ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, 1 წლის და 8 თვის მანძილზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს 54 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 21 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენ თითოეულ საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარება გვიწევს, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი შედეგი.

- თუ შეიძლება პოლიტპატიმრების საქმეებთან დაკავშირებით რომ გვესაუბროთ. აღნიშნული კატეგორიის საქმეების გამოძიება რა ეტაპზეა და რა შედეგები აქვს პროკურატურას?

- ჩვენი დეპარტამენტი როგორც ყველა მიმართულებით ამ კატეგორიის საქმეებზეც აქტიურად მუშაობს. 54 მსჯავრდებულიდან, რომელთა უფლებების დარღვევაზე პროკურატურამ შესაბამისი დადგენილება გამოიტანა, 11 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს. პროკურატურის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე სასამართლომ 3 პოლიტპატიმარი უკვე გაამართლა, დანარჩენების მიმართ კი სასამართლო განხილვები გრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურა აგრძელებს უკანონოდ გასამართლებულ პირთა საქმეების ხელახალ გამოძიებას, მათ შორის აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული სპეციალური სტატუსის მქონე პირების საქმეებთან დაკავშირებით. პროკურატურა პერიოდულად საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგების და უკანონოდ გასამართლებული მსჯავრდებული პირების დარღვეული უფლებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გარდა პროკურატურის მიერ ხელახალი გამოძიების ჩატარების შედეგად განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობისა, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, სსსკ-ის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.“ ამდენად, ნებისმიერ პირს რომელიც ზემოაღნიშნული სტატუსით სარგებლობს, მიეცა საშუალება შუამდგომლობით თავად მიმართოს სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

- ბატონო ირაკლი, თქვენი დეპარტამენტი გარკვეულ ეტაპზე მხოლოდ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან ასოცირდებოდა და საზოგადოების ნაწილში უსამართლობის განცდასაც იწვევდა. რამდენადაც ცნობილია, თქვენს დეპარტამენტს არაერთი გახმაურებული საქმე ჰქონდა წარმოებაში, ამ მიმართულებით რა გაკეთდა?

- ჩვენი დეპარტამენტი თანაბრად უთმობს საკუთარ დროს, რესურს და ენერგიას ყველა საქმეს. უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება ასევე მნიშვნელოვანი პროცესია დაზარალებულთა დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით.

რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, განაჩენების გადასინჯვის ახალი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, პროკურატურამ გარდა პოლიტპატიმრების საქმეებისა, სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ისეთ საქმეებზე, როგორებიცაა: ე.წ.ფოტოგრაფების საქმე; კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ნორა არღვლიანის საქმე; ცოტნე გამსახურდიას საქმე, სადაც დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ასევე, აქციების დროს დაკავებული პირების და ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მყოფი ქონების მეპატრონეთა საქმეებზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მსჯავრდებულ პირთა უფლებების დარღვევის თაობაზე შესაბამისი დადგენილებები.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს დაზარალებულთა დარღვეული უფლებების აღდგენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - პროკურატურის მიერ გამოძიებული ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად, დაზარალებულად ცნობილ 154 პირს დაუბრუნდა დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ აღნიშნულ დანაშაულებში მხილებული იქნა 43 საჯარო მოხელე. სისხლისამართლებრივი დევნა იქნა დაწყებული 12 პირის მიმართ, მათ შორის მაღალი და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა მიმართ.

- სამომავლოდ, უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ბევრ ახალ საქმეს?

- დიახ, პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას და უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას, მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი აქვს და ჩვენი დეპარტამენტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.