ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენ ცხელი დღეები გველოდება, რუსეთის სტრატეგიული პერსპექტივა პუტინის ხელში კი შავ ფერებში მესახება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი" საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თებერვლის თვეში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 5,5% შეადგინა. 2018 წლის თებერვალში, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 250 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.9%-ით მეტია 2017 წლის თებერვლის თვის მონაცემთან შედარებით.
2018 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის 25%-იანი, ხოლო იმპორტის 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქონლის წმინდა ექსპორტის წვლილმა ეკონომიკის რეალურ ზრდაში დაახლოებით 2.7%-იანი პუნქტი შეადგინა. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და 166.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით, 2.0%-იანი პუნქტი შეადგინა.
თქვენ როგორ შეაფასებდით, იმ მონაცემებს, რომელიც გასულ კვირას ბოლოს მედიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ნიქაბაძემ გააცნო?
- კარგია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ერთი თვის მონაცემები არაფრის მთქმელია. ჩვენ ფისკალური წლები უნდა შევადაროთ ერთმანეთს. აქ კი მდგომარეობა ისეთი სახარბიელო არ არის, როგორც ამას სახელმწიფო მოხელეები გვიხატავენ.
ჩვენ ფისკალური წლები უნდა შევადაროთ ერთმანეთს. აქ კი მდგომარეობა ისეთი სახარბიელო არ არის, როგორც ამას სახელმწიფო მოხელეები გვიხატავენ… ჩვენ მშპ-ს წლიური ორნიშნა ზრდა გვესაჭიროება, მაგრამ ვერ ვხედავ იმ ეკონომიკურ და მმართველობით ინსტრუმენტებსა და ბერკეტებს, რომლებიც ასეთ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს
პრემიერ-მინისტრმაც გამოაცხადა, რომ საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ორი ხელით ვეთანხმები ამ მოსაზრებას - ჩვენ მშპ-ს წლიური ორნიშნა ზრდა გვესაჭიროება, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმ ეკონომიკურ და მმართველობით ინსტრუმენტებსა და ბერკეტებს, რომლებიც ასეთ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.
ჩვენ სისტემური რეფორმა გვესაჭიროება. ერთ-ერთ ინტერვიუში სიამოვნებით ამ თემას გავავრცობდი, თუკი თქვენ ისურვებთ და მთელ ინტერვიუს ეკონომიკის საკითხებს დაუთმობთ.
- ქართულ პრესაში გახშირდა „ერ-ემ-ჯი ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ კრიტიკული მასალები. უმეტესად ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ამ კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად აზიანებს გარემოს. მისი ხელმძღვანელობის მტკიცებით, კომპანია საქართველოში წარმატებით საქმიანობს - გასულ წელს კომპანიამ 150 მილიონის პროდუქციის ექსპორტირება განახორციელა. მეტიც, წელს დაგეგმილია თეთრი წყაროს რაიონში ბნელი ხევის საბადოსა და ბოლნისის რაიონში მუშევანის ოქროსა და სპილენძის საბადოების სრულად ამოქმედება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ექსპორტს.
იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ საქართველოში სამთო-გეოლოგიური საქმიანობის საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე საქმეში ჩახედულ სპეციალისტი ხართ, გვინდა სწორედ თქვენ გკითხოთ - როგორ შეაფასებდით საქართველოში „ერ-ემ-ჯი ჯგუფისა“ და „ერ-ემ- ჯი გოლდის“ საქმიანობას?
- ერ-ემ-ჯი (RMG – Rich Metal group) ჯგუფი მსხვილი ინვესტორია და პრაქტიკულად ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სპილენძის კონცენტრატსა და ოქროს დორეს შენადნობს აწარმოებს.
უნდა ითქვას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯგუფმა 2 ათას კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ ორი საბადო - ბნელი ხევისა და ბექთაქარის - გახსნა, დანარჩენი აქტივები კი მას მემკვიდრეობით, წინა ინვესტორისგან ერგო. საერთოდ კი მადნეულისა და საყდრისის საბადოები ქართველი გეოლოგების მიერ წინა საუკუნის მიწურულს არის გახსნილი, მოძიებული და ათვისებული.
ერ-ემ-ჯის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არაპროფესიული და ოდნავ გადაჭარბებულია... "ერ-ემ-ჯი ჯგუფის" ძირითადი პრობლემა უმაღლესი რგოლის მენეჯერების ხშირი ცვლა და არაპროფესიონალიზმია
ამ ჯგუფთან მე არავითარი კონტაქტი არა მაქვს გარდა იმისა, რომ იქ ბევრი ჩემი კოლეგა მუშაობს. მაინც მეჩვენება, რომ ჯგუფის ძირითადი პრობლემა მმართველობის პრობლემაა - მესაკუთრეები არც გეოლოგები და არც სამთოელები არიან და ისინი ძალიან ხშირად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ჯგუფს, რასაკვირველია, აქვს ხარვეზები, თანაც დიდი - მაგალითად, ისინი ხშირად თავის საქმიანობაში გამოყოფილი მიწის მისაკუთვნის ფარგლებს სცილდებიან. ამასთან, ერ-ემ-ჯის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არაპროფესიული და ოდნავ გადაჭარბებულია, თუმცა, მე გაცილებით მეტის თქმა შემიძლია განსხვავებულ ჭრილში.
- ოპოზიციის მტკიცებით, გარემოს დაცვის ყოფილი სამინისტროს წამყვანი სპეციალისტები იმავე კომპანიებში აღმოჩდნენ გადაბარგებულ-დასაქმებული, რომელთა საქმიანობაზე საეჭვო ლიცენზიები მათ მიერვეა გაცემული.
ასეთ ვითარებაში ალბათ ლოგიკურად გამოიყურება კითხვა - ეკოლოგიური თვალსაზრისით რამდენად უსაფრთხოა ამ კომპანიების საქმიანობა საქართველოში და სავარაუდოდ, რამდენად ადეკვატურად გამოიყურება ამავე კომპანიების მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები?
- ოპოზიციის მტკიცება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. "ერ-ემ-ჯი ჯგუფმა" ლიცენზია 2010 წელს აუქციონზე მოიგო. მოგეხსენებათ, ამ დროს ლიცენზიას ენერგეტიკის სამინისტრო გასცემდა, მინისტრი კი ალექსანდრე ხეთაგური იყო.
"ერ-ემ-ჯი ჯგუფმა" ჩათვალა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ შემოთავაზებული თანხა ზეჭარბია და მან მისი გადახდა არ მოისურვა. აქ ორი მიდგომა შეეჯახა ერთმანეთს პოლიტიკური - ოღონდ რუს ინვესტორებს რამე წავართვათ - და ეკონომიკური.
გარემოს დაცვის სამინისტროს არც ერთი იმდროინდელი ან შემდგომი ჩინოვნიკი, როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანიაში არ მუშაობს. ბიუჯეტში ჩარიცხულ თანხებს კი შემოსავლების სამსახური ამოწმებს. რამე მნიშვნელოვან დარღვევას რომ ჰქონოდა ადგილი, ჩვენ დაპატიმრებების სერიას ვიხილავდით.
გავიმეორებ, "ერ-ემ-ჯი ჯგუფის" ძირითადი პრობლემა უმაღლესი რგოლოს მენეჯერების ხშირი ცვლა და არაპროფესიონალიზმია.
- შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ „ნაცმოძრაობის“ მიერ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ შექმნა, რომელმაც „ერ-ემ-ჯი გოლდს“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბოლნისში ერთ-ერთ მონაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი მოუგო. ასევე ის, რომ ამავე მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიას იმ ხის შესყიდვაზე გამოცხადებული აუქციონი მოუგო, რომელსაც ეს ხე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაეტანა.
ამ საქმეს პოლიტიკური შემადგენელი რომ ჩამოვაშოროთ, მისი ფინანსური შედეგი ასეთია - ქვეყნის ბიუჯეტი ბოლნისში მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვით თავიდან დაგეგმილი 15 ათასი ლარის ნაცვლად, 5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო ხის აუქციონზე გაყიდვით, დაგეგმილი 7 ათასი ლარის ნაცვლად, 20 ათას 20 ლარს. „ნაცმოძრაობა“ აუქციონებში გამარჯვებას ასე აფასებს - ივანიშვილთან ბრძოლა შესაძლებელია და ისინი ამ მიმართულებით მასთან დაპირისპირებას მომავალშიც გააგრძელებენ.
თუ „ერ-ემ-ჯი ჯგუფსა“ და „ერ-ემ-ჯი გოლდის“ უკან მართლაც ივანიშვილი დგას, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, გაუგებარია როგორ წააგეს მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გამართული აუქციონები.
რა უნდა ვიფიქროთ - ივანიშვილი „ნაცმოძრაობას“ აუქციონებზე ეთამაშება, თუ იმის დადგენას ცდილობს, სავარაუდოდ რა ფინანსური რესურსების მობილიზება შეუძლიათ მათ მხარდამჭერების დახმარებით?"
- "ერ-ემ-ჯი ჯგუფს" ორი რუსი მფლობელი ჰყავს და ისინი ივანიშვილთან დაახლოებული პირები არ არიან. აუქციონზე კი ელემენტარული რამ მოხდა. "ერ-ემ-ჯი ჯგუფმა" ჩათვალა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ შემოთავაზებული თანხა ზეჭარბია და მან მისი გადახდა არ მოისურვა. აქ ორი მიდგომა შეეჯახა ერთმანეთს - პოლიტიკური, ოღონდ რუს ინვესტორებს რამე წავართვათ, და ეკონომიკური.
"ერ-ემ-ჯი ჯგუფთან" და ივანიშვილის ჯგუფებთან ცალკეული აუქციონების მოგება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ეს ხშირად არ მოხდება - ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსები მალე ამოიწურება
მერწმუნეთ, "ერ-ემ-ჯი ჯგუფთან" და ივანიშვილის ჯგუფებთან ცალკეული აუქციონების მოგება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ეს ხშირად არ მოხდება - ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსები მალე ამოიწურება.
- გასულ კვირას ქართული მედია არა მარტო მორიგ სამთავრობო ცვლილებებზე, არამედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სავარაუდო ჩანაცვლების ვარიანტებს აქტიურად განიხილავდა.
ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პრემიერის აპარატის უფროსმა ქალბატონმა ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა.
პრემირმა კი განაცხადა, რომ მისი გადადგომის მოსურნეებს, რომლებიც ამ თემას „ყვავ-ყორნებივით არიან შესეული“ ტაიმერი აქვთ ჩართული, მაგრამ დაგვარწმუნა, რომ „ეს ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს“.
ოპოზიციის მტკიცებით, ალავიძის მთავრობიდან წასვლა მის უწყებაში კორუფციულ სკანდალებს უკავშირდებოდა თუმცა, პრემიერმა ეს ვარაუდები უარყო.
თქვენ როგორ შეაფასებდით, პრემიერის განცხადებებს ერთი მხრივ ალავიძის წასვლის, ხოლო მეორე მხრივ იმის თაობაზე, რომ იგი პრემიერის პოსტზე რამდენიმე წელი კიდევ იქნება?
- არ მინდა ჭორების დონეზე დავიდე, მე აბსოლუტურად არავითარი წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ხელისუფლების კულუარებში. ისე, პრემიერ-მინისტრის ჩასანაცვლებლად ვერავითარ ობიექტურ მიზეზს ვერ ვხედავ - „ქართული ოცნება“ იგივე ეკონომიკურ პოლიტიკას გააგრძელებს, როგორიც ახლა გვაქვს და პრემიერ-მინისტრი ამ პოლიტიკას კარგად, ყოველ შემთხვევაში - სხვაზე ბევრად უკეთესად, ეწევა.
თუკი პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის ჩანაცვლება მართლაც მოხდა, რისიც ნაკლებად მჯერა, ეს მხოლოდ სუბიექტური მიზეზებით იქნება განპირობებული
თუკი პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის ჩანაცვლება მართლაც მოხდა, რისიც ნაკლებად მჯერა, ეს მხოლოდ სუბიექტური მიზეზებით იქნება განპირობებული.
- ფაქტია, რომ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა საერთაშორისო ასპარეზზე. ვგულისხმობ, ერთი მხრივ, რუსეთ-ამერიკას, ხოლო მეორე მხრივ, ევროპა-რუსეთს შორის დაპირისპირებას. ბრიტანულ-რუსულმა სკანდალმა კიდევ უფრო გაართულა რუსეთთან მიმართებაში ისედაც ჩიხში მყოფი საერთაშორისო ურთიერთობები.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თვალსაზრისით სადღეისოდ ჩამოყალიბებულ ვითარებას?
- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სკრიპალის დიდ ბრიტანეთში მოწამლვა რუსეთში არჩევნების წინ - ეს პუტინის ან მისი ადმინისტრაციის მიერ მოგონილი ყოვლად ცინიკური პიარ ტექნოლოგიაა.
პუტინმა ორი მთავარი მეტოქე ჩამოიშორა - ნემცოვი მოკლეს, ხოლო ნავალნის, როგორც სისხლის სამართლით გასამართლებულს, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო.
პუტინმა სავსებით შეგნებულად „ცივი ომი“ გააჩაღა. ეხლა „ბრძოლის ველის“ ერთ მხარეზე მხოლოდ რუსეთია, მეორეზე კი ცივილიზებული სამყარო … საქართველო ერთგული უნდა იყოს თავისი პარტნიორების მიმართ, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან, „ცივი ომი“ კი მალე არ დასრულდება
და მაინც, იმისთვის რომ პუტინი სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს რუსეთის „მეფედ“, მას მტრის ხატის შექმნა სჭირდება. ამ თვალსაზრისით არც საქართველომ და არც უკრაინამ ივარგა - წონითი კატეგორიები რუსეთთან შედარებით განსხვავებულია. ამიტომ პუტინმა სავსებით შეგნებულად „ცივი ომი“ გააჩაღა. ეხლა „ბრძოლის ველის“ ერთ მხარეზე მხოლოდ რუსეთია, მეორეზე კი ცივილიზებული სამყარო.
პუტინს იმაშიც გაუმართლა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპია, რომელიც რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის შექმნას მოერიდება. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენ ცხელი დღეები გველოდება. რუსეთის სტრატეგიული პერსპექტივა პუტინის ხელში კი შავ ფერებში მესახება.
- ამ თემებზე საუბრისას ჩვენში ხშირად გაიგონებთ ამგვარ მსჯელობას - პირობით დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს. მეტიც, გარკვეული პოლიტიკური ძალები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისაგან დაჟინებით მოითხოვენ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას.
თქვენი აზრით, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებულ მართლაც ურთულეს ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა საერთაშორისო ასპარეზზე ოფიციალური თბილისის ქცევის საუკეთესო ვარიანტი?
- საქართველო ერთგული უნდა იყოს თავისი პარტნიორების მიმართ, მე მგონია, რომ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან. „ცივი ომი“ კი მალე არ დასრულდება.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























