ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2018
ვახტანგ ძაბირაძე - "ტყუილად ჰგონია ვინმეს თუ რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის უარს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე"პანიკა აფხაზეთში - "ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია...""ოსური მილიცია იმ ობიექტებში შედის, სადაც აჩიკო დადიოდა" * * *
ვახტანგ ძაბირაძე - "ტყუილად ჰგონია ვინმეს თუ რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის უარს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე"
"ჟენევის მოლაპარაკებებზე კრემლი მუდმივად ცდილობს წარმოადგინოს თითქოს რუსეთი არაფერ შუაშია და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს უნდა ელაპარაკოს... რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი - იმპერიალისტური მიდგომებით აღადგინოს იმპერია საბჭოთა კავშირის საზღვრებში - კვლავაც ძალაშია. შესაბამისად, ჯერჯერობით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ამ ფორმატის ან დახურვა, ან ჩაშლა არაფრით არ შეიძლება. უნდა არსებობდეს პრობლემატურ საკითხებზე საუბრისთვის სივრცე, რადგან როცა დადგება პროცესის დარეგულირების დრო და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება, არ უნდა მოგვიხდეს რუსეთთან საუბრის ნულიდან დაწყება, რაღაც ეტაპები მაინც უნდა გვქონდეს გავლილი. მოკლედ, ამ ფორმატში ქმედითი ნაბიჯის გადადგმისთვის პირობები არც დღეს არის და, დიდი ალბათობით, არც ექვსი თვის შემდეგ იქნება, მაგრამ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ რუსეთი იმპერიის სამხედრო ძალით აღდგენას გადაწყვეტს, მაშინ..." / "რუსეთისთვის უმთავრესი პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტია" / "ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება და სათანადოდ უპასუხოს იმ რუსულ პროპაგანდას, რომელიც სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება" / "ტყუილად ჰგონია ვინმეს, თუ ჩვენს დასავლურ კურსზე უარს ვიტყვით და რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე უარს".
"თუ ვინმე მოინდომებს ჟენევის ფორმატის ჩაშლას, ეს არამც და არამც არ უნდა იყოს საქართველო, ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს. თუ რუსეთი ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, ძალით მაგიდასთან ვერავის დავსვამთ, მაგრამ არც რუსეთს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ირიბად, აფხაზებისა და ოსების გამოყენებით ჩაშალოს ეს პროცესი.... რაც შეეხება კარასინის განცხადებას ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციის ხელმოწერის თაობაზე - ვეჭვობ, ეს ინფორმაცია ასეთი ფორმით საგანგებოდ გაახმაურეს, რათა ენახათ, რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს საზოგადოებას ამ დეკლარაციის მიღების შემთხვევაში. მოგეხსენებათ, წერილობით დოკუმენტზე არც ყოფილა ლაპარაკი, ამბობდნენ, რომ ზეპირი შეთანხმება იქნებოდა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის გარდა, აფხაზები და ოსებიც შეუერთდებოდნენ. ამ ინფორმაციამ ქართველი საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამან საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას დარწმუნებულიყო, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ქართველი საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა - პრობლემა ის იყო, რომ თუნდაც ზეპირი დეკლარაციის მონაწილედ აფხაზებისა და ოსების აღიარება პირდაპირ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მათი სტატუსი იცვლებოდა, ისინი დიალოგის სრულფასოვან მხარეებად წარმოჩნდებოდნენ, რაც ასე ძალიან სურს რუსეთს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
"ამგვარი დეკლარაციის მიღება იმის ირიბი ნიშანი იქნებოდა, რომ ჟენევის ფორმატი შეიცვალა. ჯერ ამ ტერიტორიების დეოკუპაციაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა ფორმატში აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი. მოკლედ, ამგვარ დეკლარაციას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთისთვის - თუ მოახერხებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც მონაწილე მხარეების, ლეგიტიმაციას, მაშინ ფორმატიც შეიცვლება და მოლაპარაკებაში მონაწილე სუბიექტებიც. რუსეთი დამკვირვებლის ფუნქციას შეიძენს, ისე, როგორც დასავლელი თანათავმჯდომარეები, საბოლოოდ კი აზრს დაკარგავს ის შეთანხმება, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტით არის ცნობილი, სარკოზის ძალისხმევით გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ უკანასკნელს ავალდებულებს 2008 წლის 7 აგვისტოს სტატუს-კვოს აღდგენას. დარწმუნებული ვარ, პრემიერის წერილში, სადაც ლაპარაკი იყო ფორმატის გააქტიურებასა და ცვლილებაზე, სულ სხვა რამე იგულისხმებოდა - ეს შეეხებოდა ამ ფორმატში უფრო მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ჩართვას და არა მონაწილეთა სტატუსის შეცვლას" - განაგრძობს რესპონდენტი.
"რუსეთთან 200-წლიანი ურთიერთობა რომ არ გავიხსენოთ, ბოლო 30 წლის განმავლობაშიც კი ვერა და ვერ ჩამოვაყალიბეთ პრინციპული პოზიცია რუსეთთან. სულ რაღაც ქიმერულ გზებს ვეძებთ. შესაბამისად, ყველა ხელისუფალი ფიქრობს, წინა ხელისუფლებას არ დაელაპარაკნენ, მაგრამ მე დამელაპარაკებიანო. ანუ ყველა ახალ ხელისუფლებას უჩნდება ილუზია, რომ ის შეძლებს რუსეთთან დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას, შედეგად კი სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, დღემდე არ თუ ვერ ვაკეთებთ სწორ ანალიზს იმისას, თუ რა სურს რუსეთს ჩვენგან. ზოგიერთის აზრით, რუსეთის აგრესია და ოკუპაცია განაპირობა საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვამ, მაგრამ გაიხსენეთ გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ლაპარაკი არც ნატოზე იყო, არც ევროკავშირზე, არც გაზსადენსა და არც ნავთობსადენზე... ეს ვერ შეძლო იმ ადამიანმაც, ვინც საქართველოში ყველაზე უკეთესად ერკვეოდა რუსული პოლიტიკის ლაბირინთებში, არც ის ეშლებოდა, როდის საიდან ამოდიოდა მზე და არც მედლების ჩამოკიდება... შევარდნაძეს ვგულისხმობ. თუ ვინმეს შეეძლო საქართველოში პრობლემები რუსეთთან მოლაპარაკებით გადაეწყვიტა, მასზე უკეთესი კანდიდატი არც მანამდე არსებობდა და არც დღეს არსებობს, მაგრამ მანაც ვერაფერი მოახერხა", - თვლის ექსპერტი.
"ტყუილად ჰგონია ვინმეს, თუ ჩვენს დასავლურ კურსზე უარს ვიტყვით და რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე უარს. ნატოს რაკეტები 400 კილომეტრით იქით იქნება თურქეთის ტერიტორიაზე თუ 400 კილომეტრით აქეთ, ეს რომ ბევრს არაფერს ცვლის დღევანდელი სტრატეგიისა და სამხედრო ტექნიკის პირობებში, ხომ ძალიან ელემენტარულია? არის სხვა მიზეზი, რისი აღიარებაც არაფრით არ გვინდა - საქმე ის არის, რომ რუსეთისთვის უმთავრესი პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტია. სანამ ამას არ მივხვდებით, ვაღიარებთ და სახელმწიფო დონეზე არ გავიაზრებთ, მანამდე არაფერი გამოვა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იცოდნენ კრემლში, რომ რამე თუ მოხდებოდა, ბალტიისპირა რესპუბლიკებს აუცილებლად დაკარგავდნენ, რადგან სახელმწიფო დონეზე კი არა, ყოფით დონეზე, ყველა ნაბიჯზე ბალტიისპირელები იგნორირებას უკეთებდნენ რუსეთს, რუსულ ენასაც, კულტურას, ტურისტებს და ა.შ. იქ ცალსახად იყო ჩამოყალიბებული აზრი ყველა დონესა და სფეროში, რომ უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი და რუსეთთან უნდა ელაპარაკათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ ამას დღემდე ვერ მივაღწიეთ", - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
"როცა ქვეყანაში ვერ ვაღწევთ შეთანხმებას, თვითონ საზოგადოებაში არ არის ამის თაობაზე ერთიანობა, ეს ყოველთვის უტოვებს რუსეთს იმის განცდას, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველო დავიჭიროთ და დავტოვოთ ჩვენს ორბიტაზეო. როცა ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაშინ ის პოლიტიკა, რაც დღეს გვაქვს - ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა, შეუთანხმებლობა და ა.შ. - აღარ გვექნება. მაშინ მხოლოდ ტატუნაშვილის ტრაგედიის დროს არ გამოვფხიზლდებით და არ დავიწყებთ განხილვას, უნდა ატარებდნენ თუ არა ქართველი მომღერლები კონცერტებს მოსკოვში. ემოციურ ნიადაგზე პოლიტიკის ჩამოყალიბება არაფერს მოიტანს - დიდ პოლიტიკას სჭირდება ცივი გონება და ჩარჩოები, რომელთა დიაპაზონშიც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო ნებისმიერ დონეზე. მათ შორის ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება და სათანადოდ უპასუხოს იმ რუსულ პროპაგანდას, რომელიც სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ჩემი აზრით, ეს ჯერჯერობით ჩვენს საზოგადოებაზე მნიშვნელოვნად არ მოქმედებს, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ?!" - ამბობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება ჩრდილო კავკასიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას, ეს უფრო ძალის დემონსტრირება მგონია და არა მისი გამოყენების რეალური გეგმა. საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხე სულ არსებობდა და არსებობს დღესაც, 90-იანი წლებიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. სანამ რუსეთს ექნება განცდა, რომ უნდა აღადგინოს რუსული იმპერია საბჭოთა საზღვრებში, ეს საფრთხე მანამდე იარსებებს. დღეს მსოფლიო "ცივი ომის" მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ ვითარება უფრო დაიძაბება, შესაბამისად, რუსეთი კონტრზომებს იღებს და ცდილობს იქით დააშანტაჟოს დასავლეთი, თუმცა მეეჭვება გაბედოს სამხედრო მოქმედებების წამოწყება. თუმცა, თუ რუსეთი გადაწყვეტს, სამხედრო ძალით აღადგინოს იმპერია, ამის აღკვეთა, სამწუხაროდ, ნაკლებად იქნება ჩვენზე დამოკიდებული. ერთი კია, არ უნდა მივცეთ მას პროვოცირების საშუალება. დიდი სიფრთხილე გვმართებს. ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი ვისხდეთ, პირიქით, უნდა ვიმოქმედოთ თავდაცვისუნარიანობის, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ა.შ.", - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - "ხელისუფლებამ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა და საქართველოს დატოვება 7 დღეში მოსთხოვა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა დაგვიანებულად შეაფასა..." - პასუხობს:
"არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება საჭირო დროს მიიღო. ჩვენ ვერ ვიქნებით ანტირუსული პოლიტიკის ავანგარდში, მაგრამ ვერც გულგრილი დავრჩებით. მას მერე, რაც ვნახეთ დასავლეთის ქვეყნების სოლიდარული მოქმედება, ჩვენც შევუერთდით პროტესტს, რომელიც რუსეთმა დაიმსახურა.
პანიკა აფხაზეთში - "ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია..."
"ფაროსანას გავრცელების საფრთხის მომიზეზებით ჯერ რუსეთმა დაუწესა ემბარგო ოკუპირებულ აფხაზეთს და, ამასთან, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, "საქართველოდან აფხაზეთში გაშვებული ბიოლოგიური დივერსია იყოს", შემდეგ კი რუსეთიდან ემბარგოს გამო განაწყენებულმა სოხუმის რეჟიმმა დანარჩენი საქართველოდან აკრძალა ნებისმიერი მცენარეული პროდუქციის შეტანა, რუსეთიდან შეზღუდვას კი "ბლოკადა" უწოდა, რომელიც აფხაზებს კატასტროფულად დააზარალებს. აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ამ ნაბიჯის გამო უკმაყოფილებას არ მალავს, აცხადებს, რომ ფაროსანა საქართველოდან გავრცელდა და ამის მიუხედავად, რუსეთი მაინც აგრძელებს საქართველოსთან ვაჭრობას, აფხაზები კი დასაჯა - 2 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში ხილ-ბოსტნეულსა და მწვანილს ვეღარ შეიტანს. გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო, მიზეზად კი აფხაზეთში ფაროსანას გავრცელების კრიტიკული მასშტაბი დაასახელა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პანიკა აფხაზეთში: "ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია..."
"გარდა ამისა, "როსსელხოზნადზორი" გამოთქვამს ვარაუდს, რომ ფაროსანა შეიძლება "საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ამერიკულ ლაბორატორიებში იყოს გამოყვანილი და შემდეგ განგებ შეტანილი აფხაზეთის ტერიტორიაზე", ისევე, როგორც თავის დროზე "შეიტანეს" ამ რეგიონიდან რუსეთის ტერიტორიაზე "ღორის ჭირის" ვირუსი. რუსეთიდან დაწესებულ ამ შეზღუდვას სოხუმში უკმაყოფილოდ შეხვდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ცვინარია აცხადებს, რომ მათი შემოსავალი დამოკიდებულია ტვირთბრუნვაზე, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის ჩათვლით. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აფხაზეთიდან ტვირთის მთელი ექსპორტი დაიხურება. განცხადებით გამოვიდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ასლან კობახიაც - "ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია. მრავალი სათბურიდან ბევრი აშენებულია რუსული ინვესტიციებით, ხალხმა ბანკებიდან კრედიტები აიღო და ეს ყველაფერი გასკდება. ფაროსანა რომ მხოლოდ აფხაზეთის პრობლემა იყოს, მაშინ ეს გასაგები იქნებოდა. მწერმა საზღვრები არ იცის. საქართველო მშვენივრად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან და არავის არაფერი დაუწესებია, ხოლო აფხაზეთთან დაწესდა. გამოდის, რომ "როსსელხოზნადზორის" მსხვერპლი მარტო ჩვენ ვართ", - ამბობს კობახია. ამ განცხადებების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა და მცენარეული პროდუქციის შეტანა დანარჩენი საქართველოდან აკრძალა", - აღნიშნავს გამოცემა.
"სოხუმის ე.წ. "სახელმწიფი ინსპექციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდინარე ენგურის გამშვებ პუნქტზე მიმდინარე საკარანტინო ფიტოსანიტარიული შემოწმებისას საქართველოდან მომავალი მგზავრების ხელბარგში არაერთხელ აღმოჩნდა ფაროსანა, რომელიც საშიში პოლიფაგია სუბტროპიკული რეგიონებისთვის, რადგან წელიწადში რამდენჯერმე შეუძლია გამრავლება და აკლიმატიზაციის გავლის შემთხვევაში სწრაფად იკავებს პოტენციურ არეალს - "წინასწარი გათვლით, მისი გავრცელების შემთხვევაში აფხაზეთს 1 მლრდ რუბლის ოდენობის ზარალი მიადგება. ამდენად, მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, 31 მარტიდან მოსაზღვრე ტერიტორიიდან შემომავალ პირთა მიერ ხელბარგითა და ბარგით ყველა სახის მცენარეული პროდუქციის შემოტანა დროებით შეიზღუდოს", - ნათქვამია განცხადებაში. "ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, მთელი ამ ემბრაგოს ისტორია არის რუსული პოლიტიკა, რომ კიდევ ერთხელ რაღაც დააბრალოს საქართველოს და დივერსიის მოწყობაში საქართველო და აშშ "ამხილოს", - დასძენს გამოცემა.
"ადრე იყო ნათქვამი, რომ ფაროსანა საქართველოში სწორედ რუსეთიდან გაჩნდა - როდესაც სოჭის ოლიმპიადის დროს ჩამოიტანეს ხის სამშენებლო მასალა ჩინეთიდან, მას მოჰყვა ეს მწერი. ვერ გეტყვით, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ვერსია ასეთია. რუსეთი კი ცდილობს, საქართველო გარკვეულ დივერსიაში დაადანაშაულოს. ამიტომ ბოლო ერთი კვირაა, რუსულ მედიაში ჯერ თითქოს ნეიტრალური ინფორმაციები გაჩნდა ფაროსანაზე, თუმცა მინიშნებით საქართველოზე, ბოლოს კი რუსეთის ხელისუფლებამ დააგვირგვინა თავისი განცხადებით და თავისი ჭკუით დაარტყა ლუგარის ლაბორატორიას. ალოგიკური განცხადებაა. რუსეთი ცდილობს, თავისი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ სწორედ საქართველოა დამნაშავე, ფაროსანა რომ რუსეთის ტერიტორიაზე გაჩნდა. ამ განცხადების ნაწილია აფხაზებისთვის ემბარგოს დაწესებაც. ახლა ისეთი პერიოდია, რომ აფხაზეთიდან რუსეთში არაფერი არ გადის ისეთი, რაზეც ემბარგოა დაწესებული. ამიტომ ეს აკრძალვა აფხაზებს ძალიან დიდ ზიანს ვერ მოუტანს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლის ცქიტიშვილი.
"მით უმეტეს, სოჭის საბაჟოზე პერიოდულად მაინც არ უშვებდნენ აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას სხვადასხვა მიზეზით, რადგან ხან რას პოულობენ, ხან - რას. ამიტომ ის, რომ ამ ემბარგოთი ძალიან დიდი ზიანი მიადგება აფხაზებს, სასაცილოა. ეს ემბარგო უნდა განვიხილოთ იმ განცხადების გაგრძელებად, რომ თითქოს საქართველო უწყობს დივერსიას რუსეთს. რუსეთს ანერვიულებს ლუგარის ლაბორატორიის არსებობა, ამიტომ ცდილობენ, რაღაც დივერსიები დააბრალონ და ამით თითქოს აშშ-ის იმიჯს დაარტყან. ამ მიზნისთვის კი ახლა აფხაზეთიც გამოიყენეს. აფხაზები უნდა შეეგუონ, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ, არიან მხოლოდ პაიკები საჭადრაკო დაფაზე და რუსეთი მათ ყოველთვის გაუკეთებს იმას, რაც თავად დასჭირდება. ამ შემთხვევაში რუსეთს აფხაზეთზე ეს ბლოკადა სჭირდებოდა და სულ არ ანაღვლებს, აფხაზები ამას როგორ შეხედავენ," - დაასკვნის ექსპერტი.
"ოსური მილიცია იმ ობიექტებში შედის, სადაც აჩიკო დადიოდა"
"მას შემდეგ, რაც ცხინვალში ქართველი არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს, იქაურების თქმით, ახალგორის რაიონში თითქოს დრო გაიყინა, თუმცა, ე.წ. ძალოვანები გააქტიურდნენ - იციან, რომ ახალგორელების უმეტესობას ქართული პასპორტი აქვს და ზოგი მილიციაში დაიბარეს, ზოგსაც შინ მიაკითხეს... ეკითხებიან, აქვთ თუ არა ქართული პასპორტი... როგორ ცხოვრობს დღეს ახალგორის მოსახლეობა, ამის გარკვევას "კვირის პალიტრა" შეეცადა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "ოსური მილიცია იმ ობიექტებში შედის, სადაც აჩიკო დადიოდა".
"თითქოს დაბას სუდარა გადააფარეს. აქ ისედაც ყველაფერი ჩამკვდარი იყო. სახლების უმეტესობა დაკეტილია და ეზოები - გაველურებული. ბოლო წლებია, ღამე სასაფლაოსავით ჩაჩუმებულ რაიონში უპატრონობისა და სიძველისგან ჩამოშლილი სახლების სახურავების ხმა გვაღვიძებს. ადრე უფრო მზარავდა ეს ხმა - მივდიოდი და ვნახულობდი, ვისი სახლი ჩამოინგრა, მაგრამ ახლა ამასაც შევეჩვიეთ. ხმის მიხედვით ვხვდებით, ვისი იყო... რამდენიმე თვე ისე გაივლის, უცხო ადამიანს თვალსაც ვერ მოჰკრავ, ბოლო ხანებში კი ცხინვალიდანაც ჩამოვიდნენ მილიციის თანამშრომლები და პოლიტიკოსები. ხშირად დადიხართ საქართველოშიო? - მკითხეს. როგორც საშუალება გვაქვს-მეთქი, ვუპასუხე. იქ ვინ გყავთო? ნათესავები-მეთქი... ზოგს შვილები გორში ან თბილისში ჰყავს, თვითონ კი სახლ-კარს ვერ ტოვებს... უშიშროებამ ჩვენზე უკეთ იცის ყველაფერი - აქ მხოლოდ უშიშროების სამსახური მუშაობს. დანაშაულს ვერ ხსნიან, მაგრამ საქმეებს აგროვებენ. განსაკუთრებით იმ მაღაზიებსა და ობიექტებს უკირკიტებენ, ვისთანაც აჩიკოსა და მის მეგობრებს სურსათი დაჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც იცოდნენ, რა შემოჰქონდათ...", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგორის მკვიდრი ეთერი.
"ახლა, ამ ამბების შემდეგ, როგორც ამბობენ, რუსეთის ხელმძღვანელობისგან მიიღეს საყვედური "გაუაზრებელი და სულსწრაფი გადაწყვეტილების" გამო. ეტყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსაყვედურეს, თორემ აქ მთავარი ამრევი რუსეთია, რომლის მითითებასაც ასრულებს ხან ერთი და ხან მეორე ხელისუფლება... აქ ყველამ იცის, რამდენს უმართავდა ხელს აჩიკო. ეროვნების მიხედვით არავინ გაურჩევია. ესეც იციან, მაგრამ მაინც გვეკითხებიან, რომელ ოსს ეხმარებოდაო. ჩვენგან უნდათ გაიგონ, რომ მერე ჩვენი სახელით მიადგნენ... ცდილობენ, ადგილობრივებს შორისაც შუღლი ჩამოაგდონ. როგორი საბჭოთა გარემოც არის, ისეთი საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ, დაგვაპირისპირონ. აქ გადარჩენისთვის ბრძოლაა, მხოლოდ ის ცხოვრობს შედარებით ნორმალურად, ვინც პოლიტიკაში გაერია და ახლა პოსტის შენარჩუნებას ცდილობს" - დასძენს რესპონდენტი.
"აქ ხალხი პენსიამდე მაღაზიებში ნისიას აგროვებს. ვალებს პენსიით ისტუმრებენ, მერე კი ისევ იღებენ და ასე... სამსახური თითქმის არ არსებობს. ჩემს ახალგორელ ნათესავს ოსი ქმარი ჰყავს და ცხინვალთან ახლოს სურსათის მაღაზია აქვს. 10 დასახელების პროდუქტი თუ ექნება, მეტი არა... ერთი უსახური, უფანჯრებო, 10-12 კვმ შენობაა. უკვე მერამდენე კვირაა, მაღაზიის მეპატრონეს ხან ერთი მილიციელი მიაკითხავს, ხან - მეორე. ხან ემუქრებიან, ხან ეხვეწებიან, თქვი, რომ ტატუნაშვილი აქ რაღაცებს ინახავდა და გთხოვდა, არავისთან გაგემხილა, მერე კი ჩუმად მიჰქონდაო. დაჰპირდნენ, უსაფრთხოდ იქნები, ხელს არავინ გახლებსო, მაგრამ ვერ დაიყოლიეს... მერე დაემუქრნენ, თუ არ იტყვი, მაღაზიას დაგიხურავთო. ცეცხლიც წაჰკიდებია, თუ გინდათ, მე თვითონ დავხურავო, უთხრა..", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ახალგორის მკვიდრი ემა.
"ამ კაცის ნათესავები ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტები არიან და ბიბილოვის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. ალბათ, ამიტომ ვერ ბედავენ აქტიურ მოქმედებას, თორემ ამათთვის "აღიარებითი ჩვენების მიცემა" რა პრობლემაა! რამდენი შემოჰკვდომიათ ასე წამებით, არავინ იცის... ჩამკვდარ და დაცარიელებულ ახალგორში მხოლოდ მილიცია მუშაობს. აფუთფუთდნენ, მოსვენებას არ გვაძლევენ, დადიან "ნივებით" და ქართული პასპორტი გაქვთ თუ არაო, უამრავჯერ გვეკითხებიან. დავიღალეთ! კბილებით გვიჭირავს ის ძაფი, რომელიც გვაკავებს, მაგრამ როდის გაწყდება, არავინ იცის... არ ვიცით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ჩვენთვის, ვერ ვგრძნობთ. მხოლოდ სამედიცინო მომსახურება არ არის საკმარისი. თუ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან პროდუქტის შემოტანას აკრძალავენ, არსებობას ვეღარ შევძლებთ", - დაასკვნის ახალგორის მკვიდრი.

























