ხათუნა ლაგაზიძე - რატომ ვაწერთ ხელს იმას, რაც რუსეთის მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, რა უნდა იყოს რუსეთის შემხვედრი ნაბიჯი? ამ კითხვებზე ჩვენ ხელისუფლებისაგან პასუხი ჯერ არ მოგვისმენია

ხათუნა ლაგაზიძე - რატომ ვაწერთ ხელს იმას, რაც რუსეთის მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, რა უნდა იყოს რუსეთის შემხვედრი ნაბიჯი? ამ კითხვებზე ჩვენ ხელისუფლებისაგან პასუხი ჯერ არ მოგვისმენია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე რეზოლუცია მიიღო. ამ რეზოლუციაზე მსჯელობისას ყურადღება იმაზე მახვილდება რეზოლუციის მიღების კენჭისყრაში თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა „ნაცმოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“.

რეზოლუციასთან მიმართებაში „ნაცმოძრაობის“ არგუმენტები ასეთია - „ვითარებაში როცა ქვეყნის პირველი პირი საუბრობს "აფხაზებისა და ოსების შემორიგების" აუცილებლობაზე, ჟენევის ფორმატის გადახედვაზე და თხოვნით მიმართავს ოკუპანტს, დაეხმაროს "კონფლიქტის" მოგვარებაში "აფხაზებთან და ოსებთან", აღარ უნდა ისმოდეს კითხვა ხელისუფლების რეალურ სულისკვეთებაზე. თუ ამას დავუმატებთ ხელისუფლების დაშვებას, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, შესაძლოა, სეპარატისტებმა მოაწერონ ქართულ მხარესთან, რეზოლუცია სხვა არაფერია თუ არა მსხვერპლს ამოფარებული დანაშაულებრივი ფარისევლობა, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითია.“

თქვენ როგორ შეაფასებდით ტატუნაშვილის მკვლელობაზე პარლამენტის რეზოლუციას? თქვენთვის რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ის ბრალდებები, რაზეც „ნაცმოძრაობა“ საუბრობს?

- მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო მსგავსი ტიპის რეზოლუცია, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მოვალეობა იყო, მაგრამ არსებული საგარეო პოლიტიკური რეალიების ფონზე ის იქნება რეზოლუცია რეზოლუციისთვის.

მას თან რომ არ მოსდევდეს ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციაზე საქართველოს სავარაუდო მიერთება, მაშინ კიდევ შეიძლება გვესაუბრა მის რეალურ შინაარსზე.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის დუმის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უკვე მისცა მძაფრი რეაქცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, ხაზი გაუსვა რა, რომ რუსეთ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობები ამ სიის მიღება-არმიღებაზე იქნება დამოკიდებული.

მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო მსგავსი ტიპის რეზოლუცია, მაგრამ არსებული საგარეო-პოლიტიკური რეალიების ფონზე ის იქნება რეზოლუცია რეზოლუციისთვის

რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას, ანუ რატომ არ მიუერთდნენ ისინი რეზოლუციას - ამით მათ ჩათვალეს, რომ ერთის მხრივ, ხელი შეუშალეს „ოცნებას“ შეინარჩუნოს პროდასავლური იმიჯი, ხოლო, მეორე მხრივ, შეეცადნენ „ევროპელი საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მიეკერებინათ ხელისუფლებასთან გარიგებულის იმიჯი.

მართალია, ძალიან შორს დგას ჩვენი საუბრის თემიდან, მაგრამ რადგან საუბარმა მოიტანა, არ გამოვრიცხოთ, რომ მართლაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი სამთავრობო კოალიციის ფესვებთან იდგეს: კალაძის, ბახტაძის, გახარიას გუნდებით წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ და პოლიტიკურად გამოცდილი და დასავლეთთან საერთო ენის მცოდნე - „ევროპული საქართველო“.

არჩევნებზე, ცხადია, ამ ტიპის კონგლომერატს ხმას არავინ მისცემს, მაგრამ არჩევნების შემდგომ მათი შემადგენლობით სამთავრობო კოალიცია, შესაძლოა, მოლაპარაკების საგნად იქცეს. თუმცა 2020-მდე იმდენი რამ შეიძლება შეიცვალოს, რომ „ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ საჭიროება აღარც დაუდგეს ან პირიქით.

- პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების თემაზე „ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა - „უფრო მნიშვნელოვანი იყო საპროტესტო რეზოლუციის ტექსტი პარლამენტს დროულად და ერთობლივად მიეღო, ვიდრე ის, დაერთვებოდა თუ არა ამ ტექსტს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", ამ სიას არც რეალური ეფექტი ექნება და ვერც პრევენციის ფუნქციას შეასრულებს“.

ვინაიდან, რეზოლუცია აშკარად დაგვიანებით იქნა მიღებული, როგორც ჩანს, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ვერ მოხვდებიან სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა, ვინაიდან ჩვენ მათ უკვე ჟენევის ფორმატში ველაპარაკებით.

თუ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემია, რატომ დაკარგა პარლამენტმა ამდენი დრო და მომხდარზე დროულად არ მოახდინა პოლიტიკური რეაგირება?

- თქვენ ეხლა ძალიან მნიშნელოვანი ასპექტი აღნიშნეთ. კერძოდ ის, რომ თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის პოტენციურ კანდიდატებთან ერთად ჩვენ ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდას ვუზივართ და სულ რამდენიმე დღეში ისინი კიდევ უფრო ღრმა დიალოგში შემოგვყავს, მაშინ რაღა სანქციებს ვავრცელებთ და ვისზე?!

ამიტომაც ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას, სიითურთ, დიდწილად ფორმალური ხასიათი ექნება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიწელა დროში რეზოლუციის მიღება. საქართველოს მთავრობა, მგონი სრულ გაურკვევლობაშია: მივყვეთ ქრონოლოგიურად - არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, სასტიკი მკვლელობა და ცხედრის არგადმოცემა, რასაც პასუხად კვირიკაშვილის განცხადება მოჰყვა, რომელიც ბევრისგან რუსეთთან ჩოქბჯენში ჩადგომად შეფასდა და რასაც მაშინვე მოჰყვა სახელისუფლო პიარის მხრიდან ამ განცხადების ახსნის უკბილო მცდელობა, ლამის ამერიკის დაწერილად გამოაცხადეს კვირიკაშვილის ტექსტი.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების პოზიციის ნათლად გარკვევას ითხოვდა, იმიტომ რომ აშშ-ი უპრეცედენტო დახმარებას გვიწევს, რაც ადასტურებს მის გამორჩეულ ინტერესს რეგიონში შენს მიმართ და იმასაც, რომ ის შენს დათმობას არავისთვის არ აპირებს... ეტყობა, ჩვენს ხელისუფლებას ბევრ მხარესთან ბევრი რამ ჰქონდა გასარკვევი რეზოლუციის მიღების წინ

თუცა, სულ რამდენიმე დღეში იგივე სახელისუფლო პიარმა, 6 წლის მანძილზე პირველად, შესაშური კონსოლიდირებულობა და ეფექტურობა გამოამღავნა და სრულიად მოულოდნელად ამერიკის და საფრანგეთის ელჩებისგან, ნატოს გენერალური მდივნისგან და ა.შ. ქართველი ჟურნალისტების პასუხად მოვისმინეთ თითქმის ერთი და იგივე შინაარსის შემცველი ტექსტები.

მაგალითად, ამერიკის ელჩმა იან კელიმ პოსტის დატოვების წინ დაგვიბარა - „რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ არის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა. ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად... და თუკი მოცემულ დროში არ მუშაობს ჟენევის არსებული ფორმატი, გადახედეთ ფორმატს. მე არ ვიტყვი, როგორი უნდა იყოს ის. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს.“

„შთამბეჭდავია რუსეთთან დიალოგის დაწყების ინიციატივა აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზეო“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეინს სტოლტენბერგმა. ანალოგიურია საფრანგეთის ელჩის რიტორიკაც: „რა თქმა უნდა, ბატონ კვირიკაშვილს კარგად ესმოდა, რომ მისი განცხადება სარისკო ნაბიჯი იყო, მაგრამ ამავდროულად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს არის ჟესტი, რომ ნელ-ნელა დაიძრას ქმედებები და საპასუხოდ რუსეთისგან და დეფაქტო მმართველების მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯებს ველოდებით".

ამავდროულად ეს ის ამერიკაა, რომელიც საქართველოსთვის 3 წლიან, უპრეცედენტო სამხედრო დახმარების პროგრამას იწყებს, რომლის მსგავსიც 2003 წლის შემდეგ არ ყოფილა და რომელიც, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, ითვალისწინებს „ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას ცხრა ბატალიონისთვის“, მათ სრულფასოვან წვრთნას და განათლებას. საუბარია საქართველოს დახმარებაზე ჰაერში, წყალზე და მიწაზე.

აშშ საქართველოს დათმობას არავისთვის არ აპირებს, ამავე დროს გვეუბნება - რუსეთთან მოლაპარაკებებს ახალი სული შთაბერე, თან ისე, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს არ ავნოო

ეს ის ამერიკაა, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტის ტექსტში შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთი არის აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის ოკუპანტი და რომ ამერიკის მთავრობა არ დააფინანსებს არანაირ პროექტს, რომელიც „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ხელს შეუწყობს.“

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების პოზიციის ნათლად გარკვევას ითხოვდა - იმიტომ რომ აშშ-ი უპრეცედენტო დახმარებას გვიწევს, რაც ადასტურებს მის გამორჩეულ ინტერესს რეგიონში შენს მიმართ და იმასაც, რომ ის შენს დათმობას არავისთვის არ აპირებს. ამავე დროს, აშშ მისი ელჩის პირით გეუბნება - რუსეთთან მოლაპრაკებებს ახალი სული შთაბერე, თან ისე, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს არ ავნოო. ამიტომ, ეტყობა ჩვენს ხელისუფლებას ბევრ მხარესთან ბევრი რამ ჰქონდა გასარკვევი რეზოლუციის მიღების წინ.

- უკვე ცნობილია, რომ თბილისი მზადაა ჟენევის მოახლოებულ შეხვედრაზე სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოაწეროს დეკლარაციას ძალის არგამოყენების შესახებ. გრიგორი კარასინის მტკიცებით, მხარეებმა ამის შესახებ ზეპირ შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მიაღწიეს.

აქამდე, ძალის არგამოყენებაზე ქართულ მხარეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცალმხრივად ჰქონდა აღებული ვალდებულება. თბილისი მხოლოდ მოსკოვთან და არა სოხუმთან და ცხინვალთან ცდილობდა მოეწერა ხელი ძალის არგამოყენებაზე.

ახლა, როცა პრემიერი გ. კვირიკაშვილი აცხადებს - „რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ უკანონო ქმედებებს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სათანადო შეფასება უნდა მოჰყვეს“, გაუგებარია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული მზაობა ჟენევაში სოხუმისა და ცხინვალის წარმოდგენლებთან ერთად მოაწეროს ხელი ერთობლივ დეკლარაციას.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ფაქტია, რომ არსებულ სიტუაციაში ქართული მხარის პოზიცია აშკარად არათანმიმდევრულობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი - მოსკოვის არნახული ზეწოლა, რომლის შესახებ ჩვენ ცოტა რამ ვიცით, თუ დასავლეთის არაადეკვატური რეაქცია კრემლის მხრიდან თბილისის მიმართ ზეწოლაზე, რაზეც სავარაუდოდ, დასავლეთს მეტი ინფორმაცია აქვს?

- 27-28 მარტს ჟენევაში სავარაუდოდ მისაღები დეკლარაციის თაობაზე ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა განაპირობებს ამერიკელების თანხმობას დეკლარაციაზე, თუ ასეთი რამ არსებობს: საქართველოს პრობლემებით დაღლის სინდრომი? თუ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მორიგი აგრესიის გადაგორების მცდელობა? თუ კიდევ რაღაც სხვა, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. და რას ელის აშშ, როგორც მონაწილე ჟენევის ფორმატისა, ამ დეკლარციის თუ პოლიტიკური განცხადების შედეგად.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ვერც ერთი დასავლეთი შენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს: თუ შენ მზად ხარ პოზიციები დათმო, ამით მას მხოლოდ ზედმეტ თავის ტკივილს უმცირებ

ისევე, როგორც არ მოგვისმენია საქართველოს თანამდებობის პირებისგან რა შედეგს ელიან ამ პროცესისგან, რატომ ვაწერთ ხელს იმას, რაც რუსეთის მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, რა უნდა იყოს რუსეთის შემხვედრი ნაბიჯი და ა.შ.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერც ერთი დასავლეთი შენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს: თუ შენ მზად ხარ პოზიციები დათმო, ამით მას მხოლოდ ზედმეტ თავის ტკივილს უმცირებ.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟენევის ე.წ. დეკლარაციით, რომლის მიღება იგეგმება, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების სამართლებრივი სტატუსი ამაღლდება. სამართლებრივად, თამაშიდან „სუფთა“ გადის რუსეთი, ვინაიდან ჟენევის დეკლარაციის პარადიგმა ასეთია - საქართველო-აფხაზეთ--სამხრეთ ოსეთი.

გარდა ამისა, თუ მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს გაერო, ევროკავშირი, ეუთო არალიგიტიმურად თვლიდა, დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ რა სურათი გვექნება, გაუგებარია.

ჟენევის ჯერ არმიღებული დეკლარაციით რას იგებს მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი უკვე მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, რას იგებს თბილისი?

- ვფიქრობ, ჯერ ის უნდა დავადგინოთ, რის სანაცვლოდ გადაწყდა და როდის ამ დეკლარაციაზე მიერთება: თუ ეს ტატუნაშვილის გამო გადაწყდა, ამას ნამდვილად ექნება დამანგრეველი ეფექტი, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოს ჯარისკაცების გატაცებით, სიკვდილამდე ვანდალური წამებითა და სიკვდილის შემდეგ არგადმოცემით, მას შეუძლია საქართველოსგან სულ უფრო მეტი დათმობა მიიღოს.

თუ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში ერთხელ შემოუშვი, ხომ არ გახდება ეს წინაპირობა კონფედერაციის თემის გააქტიურების, რომელიც ითვალისწინებს სამი თანასწორუფლებიანი, სუვერენული ქვეყნის - საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას, რომლიდანაც გასვლის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნება ნებისმიერ წევრს?! და რის დათმობას აიძულებენ საქართველოს ამის სანაცვლოდ?! იქნება თუ არა, ეს ნატოზე უარის თქმა?!

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ დეკლარაციაზე საქართველოს თანხმობა რუსეთმა კარგა ხნით ადრე მიიღო, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსულ მედიაში აცხადებს, რომ ამ მიმართულებით „პროგრესი მიღწეულ იქნა ჟენევაში წინა რაუნდის დროს, 2017 წლის დეკემბერში და იმედი გავქვს, რომ განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მიღებულ იქნება მომავალი მოლაპარაკებების დროს".

"ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებო - განმარტავს კარასინი და მთავარი საფრთხე სწორედ აქ არის დამალული: თუ აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი, დაფიქსირდნენ როგორც ამ დეკლარაციის თანაავტორები ან მონაწილეები, ამით ისინი, ფაქტობრივად, საერთაშორისო სამართლის სივრცეში შემოგვყავს და თანასწორუფლებიან სუბიექტებად ვაღიარებთ, მაშინ როცა დღემდე ჟენევის ფორმატის მონაწილე მხარეები იყვნენ მხოლოდ საქართველო, რუსეთი და აშშ, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები მხოლოდ პიროვნულად მონაწილეობდნენ, რუსეთის მოთხოვნით, საკითხების განხილვაში.

არადა, რუსული მედია სწორედ ამ ინფორმაციას ავრცელებს - „ჟენევის კონსულტაციების მომავალ რაუნდზე საქართველო, აფხაზეთი, სახრეთ ოსეთი, აშშ და თანათავმჯდომარეები მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ამკვიდრებს იმას, რომ მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობაში გამორიცხავენ ძალის გამოყენებას.“

გაუგებარია რას იგებს საქართველო ამით, ისევე როგორც უცნობია, რა იქნება მერე: თუ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში ერთხელ შემოუშვი, ხომ არ გახდება ეს წინაპირობა კონფედერაციის თემის გააქტიურების, რომელიც ითვალისწინებს სამი თანასწორუფლებიანი, სუვერენული ქვეყნის - საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას, რომლიდანაც გასვლის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნება ნებისმიერ წევრს?! და რის დათმობას აიძულებენ საქართველოს ამის სანაცვლოდ?! იქნება თუ არა, ეს ნატოზე უარის თქმა?! და ა.შ.

ერთი რამ ცხადია, რომ კონფედერაციული საქართველო ვერ და არ იქნება დასავლური საქართველო, რადგან კონფედერაციაში შემავალი აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით რუსეთი მუდმივად აიძულებს საქართველოს ჯერ შევიდეს და შემდეგ კი დარჩეს მის ორბიტაზე დ ა.შ.

კონფედერაციული საქართველო ვერ და არ იქნება დასავლური საქართველო, რადგან კონფედერაციაში შემავალი აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით რუსეთი მუდმივად აიძულებს საქართველოს ჯერ შევიდეს და შემდეგ კი დარჩეს მის ორბიტაზე

- ახლა როცა პოლიტიკური კლასი ვერ თანხმდება რუსეთთან მიმართებაში ჩიხში ვართ თუ არა, სად მივყავართ ჩიხიდან გამოსვლის იმ გზას, რომელზეც ჯერ პრემიერის რუსეთისადმი მიმართვის ტექსტში იყო ფორმულირებული, რამაც ჟენევის ე.წ. დეკლარაციამდე მიგვიყვანა და ყველა იმაზე საუბრობს, თუ რა ნიბიჯები უნდა გადადგას თბილისმა მოსკოვის მიმართულებით, მგონი სულ მეტად აქტუალური ხდება ამგვარი კითხვა - რა არ უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ მისი პოლიტიკა ერთი მხრივ რუსეთის, მეორე მხრივ დასავლეთის, ხოლო მესამე მხრივ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ როგორც მინიმუმ გაუგებარი და სამართლებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ეროვნული ინტერესებისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს?

- რუსეთთან ურთიერთობაში უნდა მოვიგოთ დრო და დათბობის თუ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწეოდა 2012 წლიდან დღემდე და რასაც გარკვეული ახსნა ჰქონდა, ვერ უნდა გადაგვიყვანონ დათმობის პოლიტიკაზე.

რუსეთთან ურთიერთობაში უნდა მოვიგოთ დრო და დათბობის თუ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწეოდა 2012 წლიდან დღემდე და რასაც გარკვეული ახსნა ჰქონდა, ვერ უნდა გადაგვიყვანონ დათმობის პოლიტიკაზე

ეს არცთუ ისე იოლი იქნება, რადგან უმძიმეს ფაზაში შევდივართ: დაიწყო ვლადიმერ პუტინის ბოლო ვადა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, როცა რუსეთს და დასავლეთს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ: პუტინის მიზანია, ერთის მხრივ, შიდა პოლიტიკაში საკუთარი გარემოცვის ისე გაძლიერება, რომ 2024 წლის შემდეგაც ძალაუფლება მის პოლიტიკურ გუნდს დარჩეს, ხოლო საგარეო პოლიტიკაში - მისი პრეზიდენტობისას რუსეთის მიერ საერთაშორისო სივრცეზე დაბრუნებული პოზიციების შენარჩუნება-გამყარება და ახალი პოზიციების ათვისებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ამ კუთხით საფრთხე სწორედ საქართველოსკენაც არის მომართული.

რაც შეეხება დასავლეთის ამოცანას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პუტინისთვის დიდი ალბათობით ბოლო ვადაა, დასავლეთი შეეცდება რუსულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში იმგვარი განწყობების ხელშეწყობას, რომ პუტინის შემდეგ რუსეთში უფრო თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკური ელიტა მოვიდეს და ლიდერი, რომელიც დასავლეთთან დიალოგისთვის მზად იქნება. რუსეთში მოდის ე.წ. სმარტფონების თაობა, რომლის გამოყენებასაც აქტიურად ეცდება დასავლეთი პუტინის ჩასანაცვლებლად 2024-ში.

ასე, რომ ჩვენ წინ გველოდება საგარეო ურთიერთობებში ძალიან რთული ფაზა. შეიძლება გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ჩვენ გვქონდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს არ იქნება ერთ-ორ თვიანი, ან თუნდაც ერთ წლიანი პერიოდი. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იქნება. რუსეთ-აშშ-ს დაპირისპირების ნასხლეტები საქართველოს აუცილებლად მოხვდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, არ გავხდეთ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი სცენა.

რუსეთ-აშს-ს დაპირისპირების ნასხლეტები საქართველოს აუცილებლად მოხვდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, არ გავხდეთ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი სცენა

დამეთანხმებით, ეს არ არის მარტივი ამოცანა, მით უფრო მაშინ, როცა დათმობას, როგორც ჩანს, არც აშშ აპირებს. იმის ნათელი მაგალითი, რომ აშშ საკუთარ პარტნიორებს მარტივად არ ელევა და არ უშვებს საკუთარი გავლენის სფეროდან არის სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობზე, რომ თურქეთი ზენიტურ-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართავს. თუმცა, აქამდე ცნობილი იყო, რომ თურქეთი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სუ-400-ების შეძენას აპირებდა.

როგორც ჩანს, აშშ-მ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიუხედავად თურქეთთან გამწვავებული ურთიერთობისა, ნატოს წევრ და მის ბოლო დრომდე პარტნიორ ქვეყანაში არ დაეშვა რუსული შეიარაღება.

ვფიქრობ, რომ ეს აშშ-სა და რუსეთს შორის გავლენის სფეროების გაფართოებისთვის ბრძოლის საქართველოსთვისაც ანგარიშგასაწევი მაგალითია.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”