ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2018
კოშმარი გუდაურშიროგორ აფასებთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებას ერთობლივ რეზოლუციაზე?დასავლეთმა პუტინს ომი გამოუცხადა * * *
კოშმარი გუდაურში
"გუდაურში გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად, როცა საბაგირო ჯერ უკუსვლით ამოძრავდა, შემდეგ კი სიჩქარე აკრიფა, 11 ადამიანი დაშავდა - უკრაინის 4, შვედეთის 1, რუსეთის 2 და საქართველოს 4 მოქალაქე. თავად დამსვენებლები აღნიშნულ ფაქტს სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობას უკავშირებენ, ოფიციალურ უწყებებში კი უერთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოდიან. ყაზბეგის მერის - ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ელექრტოენერგიის გათიშვა იყო, თუმცა, როგორც მან მოგვიანებით "ენერგო პრო ჯორჯიაზე" დაყრდნობით განაცხადა, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ ყოფილა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კოშმარი გუდაურში / "პანიკა ატყდა... რთული იყო ორიენტირება და იმის გადაწყვეტა, უნდა გადახტე თუ დარჩე".
"თავად დამსვენებლები ყვებიან, რომ საბაგირომ ჯერ უკან სვლა დაიწყო, შემდეგ კი სიჩქარე აკრიფა, რის გამოც პანიკა ატყდა და მათმა უმეტესობამ საბაგიროდან გადახტომა დაიწყო. პანიკა ატყდა. ყველამ გადახტომა დაიწყო. ბევრი დაშავებული იყო", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. კიდევ ერთი დამსვენებლის თქმით კი, აშკარა იყო ელევატორის გაუმართაობა - "სამუხრუჭე სისტემა გაჩერდა. ელევატორმა ვერ შეძლო ხალხის მასის შეკავება, სიმძიმის გამო დაიწყო ბრუნვა. ასეთ მომენტში რთული იყო ორიენტირება და იმის გადაწყვეტა, უნდა გადახტე თუ დარჩე", - თქვა მან. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საყურადღებოა უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეების მდგომარეობა, რადგან უკრაინის მოქალაქეს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა აქვს, შვედეთის მოქალაქე კი ორსულადაა და წელის ტკივილი აღენიშნება. ისინი მოგვიანებით ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ იგივე საბაგირო მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა, რის გამოც 1 დღე არ მუშაობდა. როგორც გუდაურის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერდა, ამის მიზეზი "საბაგიროსთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა" გახდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიზეზებზე ვარაუდის გამოთქმა უჭირს, რადგან საქმეში სპეციალისტები უკვე ჩართულები არიან და ოფიციალურ დასკვნას დაელოდება. "ახლა მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს. ასევე ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები, ვინც უშუალოდ მონტაჟში მონაწილეობდა და დაიდება შესაბამისი დასკვნა, თუმცა ზუსტი დროის თქმა გამიჭირდება. "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება არ ყოფილა. ეს დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს და ამის გარდა ყველა მიმართულებით შემოწმდება. უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რა იყო მიზეზი", - აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი. რაც შეეხება 1 კვირით ადრე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლას, ყაზბეგის გამგებელი ამბობს, რომ ამის მიზეზი მისთვის უცნობია. ამასთან, აღნიშნავს, რომ საბაგირო პერიოდულად მოწმდება, თუმცა ბოლოს როდის შემოწმდა, კონკრეტული თარიღის თქმა უჭირს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით კი, გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. ამასთან, კომპანია, რომელმაც საბაგირო დაამონტაჟა, საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული გერმანული კომპანიაა", - განაგრძობს გამოცემა.
"ზაუტაშვილის თქმით, ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, მთლიანად საბაგირო გაჩერდებოდა და მსგავსი შედეგიც არ დადგებოდა. "ჩვენთან ელექტროენერგიის გათიშვაზე არ შემოსულა ინფორმაცია. მსგავსი შემთხვევა რომ ყოფილიყო, პირიქით, საბაგირო გაითიშებოდა. საბაგირო არ გაითიშა და ეს იყო პრობლემა", - თქვა მან. მთის კურორტების განვითარების კომპანიის გენერალური დირექტორის - სანდრო შელიას ინფორმაციით, მათმა ინსპექტორებმა ეს საბაგირო 22 დეკემბერს შეამოწმეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს არის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარვეზი, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისგან შელია თავს იკავებს. "აღნიშნული საბაგირო გასული წლის 22 დეკემბერს შევამოწმეთ. მაშინ იდეალურ მდგომარეობაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების დროს ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ მონაცემებს. საბაგირო ისეთი ობიექტია, რომ თუ სწორი ექსპლუატაცია არ მოხდა, შესაძლოა, იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ორ დღეში მწყობრიდან გამოვიდეს. რაც შეეხება საბაგიროების ინსპექტირების პერიოდულობას, კანონის თანახმად, 1-დან 4 წლამდე პერიოდია. ყველაზე ხშირად კი ინსპექტირება წელიწადში ერთხელ ტარდება", - აღნიშნა შელიამ. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს" - დასძენს გამოცემა.
"ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უკმაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაშია დამნაშავე. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დადგება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეს შემთხვევა იმოქმედებს თუ არა ტურისტულ სეზონზე, ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ამან ნეგატიური გავლენა არ იქონიოს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიას თავისი კერძო მაშველები ჰყავს, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში მოქმედებენ. შესაბამისად, მათთვის სავარაუდო მიზეზები უცნობია. "112-ში ადგილიდან ზარი არ განხორციელებულა, რომ დახმარება სჭირდებოდათ. ჩვენი მაშველები თავიანთი ინიციატივით მივიდნენ ადგილზე და ადამიანების ჩამოყვანაში დაეხმარნენ. შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა და მიზეზები დადგინდება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში", - წერს სტატიის ავტორი.
"ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება - "ვფიქრობ, სხვებთან ერთად დივერსიის ვერსიაც სერიოზულადაა გამოსაძიებელი - არც პარანოია მაქვს, არც რამეს ვიჩემებ. საქმე გვაქვს მაგ სფეროს წამყვანი მწარმოებლის საუკეთესო მოდელის სავსებით ახალ მექანიზმთან, რომელსაც აქვს უმაღლესი კატეგორიის დაცვა, 5 სამუხრუჭე სისტემა - სამი ელექტრონული, ორი მექანიკური და არც ერთმა არ იმუშავა", - ამბობს თარგამაძე", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გივი თარგამაძე: "გუდაურის საბაგიროზე დივერსიას არ გამოვრიცხავ" / დენის გათიშვის გამო საბაგირო უკან დატრიალდა - ხალხი სავარძლებიდან პირაპირ თოვლში ხტებოდა.
"რომ წარმოიდგინოთ - პროგრამა აირია, ერთი გაითიშა, მეორე ირთვება, მერე მესამე. ვთქვათ, საერთოდ დაეკიდა პროგრამა - შემდეგ მოდის მექანიკური მუხრუჭი, რომელსაც, თუ მოწყდა, მეორე მექანიკური მუხრუჭი აზღვევს. აი, ამ ყველა კომპონენტიდან არც ერთმა არ იმუშავა, ესაა დასადგენი. დივერსიის აზრი მარტივადაა გასაგები - დარჩები მხოლოდ რუსი ტურისტების ამარა. უსაფრთხოების სისტემის დღევანდელი ჩამოშლის ფონზე წარმოუდგენელი სულაც არაა. ბუნებრივია ეს ვერსია არ უნდა იქნეს კონკრეტული ადამიანების დანაშაულის დაფარვის მექანიზმად. მთლად სისულელეა სამთავრობო მედიის ხაზი, რომ ასეთი შემთხვევა სხვაგანაც ხდება და რას იზამ. ასევე იმაზე საუბარი, რომ პასუხისმგებელი კარგი ტიპები არიან და არ უნდა გავწიროთ. მოკლედ, ცივილიზებულ ქვეყანაში გამოძიება ყველა ვერსიას ამოწურავდა", - დასძენს თარგამაძე.
როგორ აფასებთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებას ერთობლივ რეზოლუციაზე?
"არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" იქნება გათვალისწინებული და რუსეთისთვის სანქციები დაწესდება. "გარდა ამისა, ეს იქნება რეზოლუცია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ქმედებებს დაგმობს; პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთის ფედერაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, როგორ აღვუდგეთ მსგავს სამარცხვინო და ტრაგიკულ ფაქტებს. ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები, პრაქტიკულად, შეთანხმებული ვართ პრინციპებზე და საერთო ტექსტზე, დაგვრჩა რაღაც კონკრეტული ტექნიკური სამუშაოები დასამთავრებელი, რასაც ალბათ შემდეგ რამდენიმე დღეში დავამთავრებთ", - განაცხადა კაპანაძემ, რომლის თქმით, როგორც ჩანს, ოთხშაბათს მიიღებენ ამ ერთიან რეზოლუციას", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - როგორ აფასებთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებას ერთობლივ რეზოლუციაზე?
"რა სანქციებს უწესებენ, რუსეთი რითი უნდა შეაშინონ?! ამ ტრაგიკულ ისტორიაში ერთადერთი კარგი რაც არის, ისაა, რომ არსებობს რაღაც საკითხები, სადაც თურმე უმრავლესობასა და უმცირესობას შეუძლია, იყოს ერთსულოვანი. ეს უკვე სასიამოვნოა, რომ ასეთ გლობალურ საკითხებზე, რაც სამშობლოს ღირსებას ეხება, მათ მონახეს კონსენსუსი. რაც შეეხება სანქციებს, რუსეთს გავარდნილი ტყვიის არ ეშინია და საქართველოს სანქციები რას უზამს?! რომელი აშშ საქართველოა, რომ რუსეთი სანქციებით შეაშინოს. ეს ცოტა სასაცილოდ მიმაჩნია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჟურნალისტი ანა რატიანი.
"რა თქმა უნდა, სახელმწიფომ, ეს იქნება ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ნებისმიერმა ადამიანმა, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ტატუნაშვილის ცხედარი სასწრაფოდ დაგვიბრუნდეს. ამისთვის არანაირ კომპრომისზე არ უნდა წავიდეთ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვაიძულოთ რუსეთი, ეს იქნება ემბარგო თუ სხვა სახის სანქციები. ეჭვი მეპარება, რუსეთმა ეს გააკეთოს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ყველაფერზე უნდა წავიდეს იმისთვის, რომ უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული იყოს. რა თქმა უნდა, თუკი ამ საკითხში ოპოზიცია და უმრავლესობა გაერთიანდება, მხოლოდ მივესალმები", - ამბობს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.
"ძალიან კარგია, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია შეთანხმდნენ. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, ძალიან რთული ეკონომიკური საკითხია. რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია საპასუხო ნაბიჯები. ეს ყველაფერი თუ გათვლილია, კი, ბატონო. არც პოლიტიკოსი და არც ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ უნდა აიწონ-დაიწონოს და გადაწყვეტილება შემდგომ იქნეს მიღებული", - მიიჩნევს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
"არ მგონია, რომ ამ თუნდაც მნიშვნელოვან საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია შეიძლება შეთანხმდნენ. მთავარი არაა, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდებიან თუ არა, მთავარია, რომ პარლამენტმა შეაფასოს და ის ობიექტური რეალობა ასახოს, რაც მოხდა. მნიშვნელოვანი არაა, შეუერთდება თუ არა ოპოზიცია, მთავარია, რომ ეს უნდა ", - დასძენს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
დასავლეთმა პუტინს ომი გამოუცხადა
ლონდონსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება "სკრიპალის საქმის" გამო უფრო და უფრო მწვავდება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქიმიური საწამლავით რუსეთის "გრუ"-ს ყოფილი ოფიცრის მოკვლის გადაწყვეტილების მიღებაში პირადად ვლადიმირ პუტინს ადებს ხელს. ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, თავად პუტინმა გასცა ბრძანება, რასაც კრემლში უმალვე მოჰყვა აღშფოთებული პასუხი, რომ "ეს ბრალდება შოკისმომგვრელი და უპატიებელი დიპლომატიური დარღვევაა". დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის დადანაშაულება მკვლელობის შეკვეთაში რუსეთის სრულ იზოლაციას ნიშნავს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დასავლეთმა პუტინს ომი გამოუცხადა.
"საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად არის მომენტები, როდესაც მთავარი ის კი არ არის, ბრალდება რამდენად სამართლიანია, მთავარი ისაა, ამ ბრალდების რამდენად სჯერა მოსახლეობას. რუსეთის მოთხოვნა, რომ დამამტკიცებელი საბუთები წარუდგინონ, ფუQი გასროლაა და არავისზე არ მოქმედებს. რუსეთმა მიაღწია იმას, რომ მისი უკვე აღარავის სჯერა. ავტომატურად ყველა იჯერებს რუსეთზე ყველაზე უფრო სასტიკ ბრალდებასაც. ამიტომ ყველას სჯერა, რომ რუსეთი ამის გამკეთებელი იქნებოდა, რომ პუტინი ასეთ ბრძანებას გასცემდა და პუტინი ამას ვერავის დააბრალებს. ეს არის რუსეთის სრული იზოლაცია. ჯონსონმა პირველ განცხადებაში პუტინი არა, მაგრამ რუსეთი დაადანაშაულა. მას ტრამპიც გამოეხმაურა და მანაც თქვა, კი, რუსეთის გაკეთებულია ესო. იზოლაციას თავის დროზე ნაპოლეონმა ვერ გაუძლო და ჰიტლერმა ვერ გაუძლო, მთელი ევროპა დაპყრობილი ჰყავდათ", ამბობს ცინცაძე და დასძენს, რომ ბრიტანეთმა პუტინი კრიმინალად გამოაცხადა.
"საქმე შეიძლება აღიძრას რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველამ იცის, რომ რუსეთში არაფერი ხდება პუტინის ნებართვის გარეშე. ყავას ვერ სვამს ჩინოვნიკი პუტინთან შეთანხმების გარეშე და ადამიანების მოწამვლა პუტინის ბრძანების გარეშე არ მოხდებოდა. მაგრამ უშუალოდ მის წინააღმდეგ საქმე არ აღიძრება. აქ მთავარი ისაა, რომ რუსეთი იზოლაციაში ვარდება. რუსეთს ძალიან უჭირს ტექნოლოგია, ამ დროს კი სულ ახალ-ახალ სანქციებს უწესებენ, რის გამოც ძალიან გაუჭირდება. მათ ეგონათ, რომ საქციები დასრულდებოდა. მაგრამ პირიქით, სასტიკი სანქციები წესდება, უფრო და უფრო ფართოვდება და უფრო გაუჭირდებათ. რამდენინიმე წელიწადში ტექნოლოგიები მოძველდება, სანქციები კი იმუშავებს და რუსეთი ახალ ტექნოლოგიებს ვერ მიიღებს. ამ იზოლაციას კი ვერ გაუძლებს", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება "დიდი ალბათობით" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა. მან გაიმეორა მოსკოვის მისამართით წინა კვირის ბრალდებაც რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაზე და თქვა, რომ "რუსეთი არალეგალურად ავითარებს და ინახავს "ნოვიჩოკს". რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პუტინის წინააღმდეგ ბრალდებას "შოკისმომგვრელი და დიპლომატიურიწესების სამარცხვინო და უპატიებელი დარღვევა" უწოდა... მანამდე ბრიტანეთის პრემიერმე ტერეზე მეიმ პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი, რომ ჩართული იყო სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, რომ ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკი" რუსეთში მზადდება და ეს არის "ბრიტანეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტი".

























