ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2018
ევროპაში ლტოლვილად ჩაბარების "საფასური" - კაცზე 200-350 ევროეთანხმებით თუ არა მამა შალვას მოსაზრებასსაყვარელიძე: "ხელისუფლებისთვის უპარტიო კანდიდატი უფრო დიდი კონკურენტია, ვიდრე ოპოზიცია" ***
ევროპაში ლტოლვილად ჩაბარების "საფასური" - კაცზე 200-350 ევრო
“2014 წლიდან ქვეყნიდან მასობრივად გაედინება შრომისუნარიანი მოსახლეობა. ისინი მზად არიან, ნებისმიერი მეთოდებით საქართველო დატოვონ. პირველ რიგში, ცდილობენ, სასურველ ქვეყნამდე ჩააღწიონ და შემდეგ ლტოლვილთა არმიაში ჩაეწერონ. საინტერესოა, რატომ არის მიმზიდველი თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის მიღება და რა მატერიალურ დახმარებას იღებენ ქართველები უცხო ქვეყნებში გადახვეწის შედეგად. ემიგრაციაში წასულ პირებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პირობებს სთავაზობენ. საფრანგეთში სახელმწიფო ერთ ადამიანს თვეში 350 ევროს უნაზღაურებს; გერმანიაში საფეხურების მიხედვით იღებენ დახმარებას, თუმცა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საბოლოო საცხოვრებელში მცხოვრებ პირს სახელმწიფო 230 ევროს უხდის. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი არიან ფართით, რაც ქართველებისთვის, როგორც ჩანს, საკმარისია ელემენტარული არსებობისათვის. სულ ეს არის, რის გამოც პირველ ეტაპზე თანხმდებიან ემიგრაციაში წასული და ჩასაბარებლად გამზადებული ადამიანები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ევროპაში ლტოლვილად ჩაბარების "საფასური" - კაცზე 200-350 ევრო / მინიმალური თანხისა და არალეგალურად მუშაობის პერსპექტივით მოსახლეობის დიდი ნაწილი თანახმაა, ქვეყნიდან გადაიხვეწოს.
"მძიმე სოციალური პირობები გახდა იმის მიზეზი, რომ კეკუთიების ოჯახს გერმანიისთვის თავშესაფრის მოთხოვნით მიემართა. იქ ჩასულებმა ლტოლვილის სტატუსი მიიღეს და უკვე მესამე წელია, ცხოვრობენ. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ლევან კეკუთიამ აღნიშნა, რომ მას, მის მეუღლესა და ორ შვილს გერმანიის მთავრობა თვეში 920 ევროთი ეხმარება. ხანდახან მუშაობენ კიდეც, შესაბამისად, შემოსავალს არ უჩივიან, საქართველოში კი ამას ვერაფრით მოახერხებდა. კეკუთიას თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გერმანიაში წავედით და უკვე მესამე წელია, ემიგრაციაში ვარ ოჯახთან ერთად. თავიდან მეორად საერთო საცხოვრებელში ვიყავით, საკვებით გვეხმარებოდნენ და კვირაში 180 ევროს გვიხდიდნენ. იქ პირობები არ იყო ისეთი, რომ ბავშვებთან ერთად მეცხოვრა. შემდეგ გადაგვიყვანეს საბოლოო საცხოვრებელში, სადაც საკმაოდ ნორმალური პირობებია. მე, ჩემს მეუღლესა და ორ შვილს სახელმწიფო თვეში 920 ევროთი გვეხმარება. ხანდახან ვმუშაობთ კიდეც, შესაბამისად, შემოსავალს არ ვუჩივით. საქართველოში ამდენზე ოცნებაც არ შემეძლო", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამუშაო ადგილების ნაკლებობით ხსნის ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელს ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე. გაზრდილი ემიგრაციული ნაკადი ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში აყენებს. აროშიძის თქმით, სახელმწიფომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხს ყოფა შეუმსუბუქოს და წლების განმავლობაში ქვეყანა არ დატოვონ. აროშიძის თქმით, ეს საკითხი სოციალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. პირველი არის ის, რომ ადამიანები ვერ შოულობენ სამუშაოს და იძულებულნი არიან, ოჯახის სარჩენად წავიდნენ ემიგრაციაში ან შეიძლება მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის სამსახურში არიან წლობით დასაქმებულნი და უკვე გაუსაძლისია მათი მდგომარეობა. საქართველოში უმუშევრობა ჯერ კიდევ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, ამიტომ რეალური სამუშაო ძალა უცხოეთში მიდის. ისინი მძიმე სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ტოვებენ ქვეყანას. წლების შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი ლეგალურად დასაქმების უფლებასაც იღებს, რაც კიდევ უფრო დიდ შანსს აძლევს სამსახურისა და შემოსავლის გაზრდის კუთხით. ეს, ერთი შეხედვით, აქ დარჩენილი ადამიანებისთვის კარგია, ფულადი გზავნილების მეშვეობით საქართველოში რამდენი ადამიანი ირჩენს თავს (გარდა ამისა, ვიცით, რომ უცხოეთიდან ტრანზაქციები მეტ-ნაკლებად მოქმედებს ეროვნული ვალუტის გამყარებაზე), თუმცა ძალიან ცუდია ის, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე იცლება. ალბათ ამაზე სახელმწიფოც თანახმაა, რადგან ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უხდება ბიუჯეტიდან იმ ადამიანებზე, ვინც წასულები არიან“, - დასძენს გამოცემა.
"აროშიძის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ადამიანებმა დატოვონ ქვეყანა. არავინ წავა საზღვარგარეთ, თუ აქ სამუშაო ადგილები იქნება და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით მოგვარდება ის პრობლემა, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა წლების განმავლობაში ოჯახებს წყდება. არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა ადამიანებს მაღალი კვალიფიკაციის გამო ძალიან კარგ სამუშაოს სთავაზობენ, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. მოსახლეობის ქვეყანაში დამაგრება მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ გახდება შესაძლებელი, ამაზე კი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს", - წერს სტატიის ავტორი.
ეთანხმებით თუ არა მამა შალვას მოსაზრებას
"დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, დღეს ეკლესიაზე ისეთი შეტევაა, როგორიც კომუნისტების დროს იყო. მისი თქმით, დღეს სასულიერო პირს საზოგადოებაში არსებულ ყველა პრობლემასთან აქვს შეხება, იქნება ეს ოჯახური კონფლიქტები, შვილებთან ურთიერთობა თუ ასე შემდეგ. "შემოტევაა, რაც კომუნისტების დროს იყო. მაშინ სხვა კი არაფერი ხდებოდა, ეს ხდებოდა პროკლამაციების დარიგებით სასულიერო პირებზე. შედეგად რა მივიღეთ? - ეკლესიების ნგრევა. ამას სასულიერო პირებმაც შეუწყვეს ხელი თავიანთი არასწორი საქციელით. მიწაზე იდეალური მდგომარეობა არ შეიძლება სადმე იყოს" - განაცხადა მამა შალვამ. მისივე თქმით, დღეს საზოგადოებას იმას ეუბნებიან, რომ ეკლესია არ სჭირდება. ანუ, წყაროს, საიდანაც ადამიანმა უნდა ისაზრდოოს, საიდანაც ადამიანი უნდა იკვებებოდეს, გლეჯენ. დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, ეკლესიის როლის გააქტიურება აუცილებელია, რადგან მთელი ერი უმძიმეს მდგომარეობაშია", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ეთანხმებით თუ არა მამა შალვას მოსაზრებას, რომ დღეს ეკლესიაზე ისეთივე შეტევაა, როგორიც კომუნისტების დროს იყო?
"მე რასაც ვხედავ, გარკვეული ზეგავლენა არის ეკლესიაზე. ყველაზე უკეთ ამას სასულიერო პირი გრძნობს, რადგან პროცესებს შიგნიდან აკვირდება. უნდა გავიზიაროთ ეს ტრაგიკული ფაქტი, რადგან, ვფიქრობ, რეალურია", - აღნიშნავს მხატვარი გია ბუღაძე.
"მე ნიუანსები არ ვიცი, მაგრამ რადგან თავად სასულიერო პირები არიან შეწუხებულები, რა უფლება გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ. ალბათ წნეხს გრძნობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებით სასულიერო პირი არ გამოვა. ძალიან ბევრი მოძღვარი და ბერია, რომელთა რეპუტაციაც, რბილად რომ ვთქვათ, "არაწესიერი" მსახურების გამო ილახება. ჩვენ კომუნისტური რეჟიმი გავიარეთ და რა გასაკვირია, სასულიერო ორგანიზმშიც ყოფილიყო შეგზავნილი, მაშინ უშიშროება ამას მიზანმიმართულად აკეთებდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად სასულიერო პირებმა თვითონ უნდა ატეხონ განგაში", - აცხადებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"ეკლესიაში დუღილის პროცესი მიმდინარეობს, ვფიქრობ, მზადდება ძალიან სერიოზული, არ ვიცი, რა დავარქვა, აჯანყება, რეფორმატორული მოძრაობა თუ დაშლა. თუ ეკლესია მოდერნიზების გზას არ დაადგა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. მთავარია, ის ორიენტირებული იყოს მრევლსა და ზნეობაზე და არ ჩაერიოს პოლიტიკაში", - დასძენს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
საყვარელიძე: "ხელისუფლებისთვის უპარტიო კანდიდატი უფრო დიდი კონკურენტია, ვიდრე ოპოზიცია"
"საპრეზიდენტო კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელება კარგი იქნება "ოცნების" კანდიდატი ქალებისთვის, რადგან როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" სახელისუფლებო სკამისკენ გაიწევს ხოლმე, საზოგადოება მაშინვე ხმას აძლევს "ოცნების" კანდიდატს - ოღონდ "ნაციონალები" ისევ არ მობრუნდნენო. ასე რომ, რულოვსის გამოჩენამ, შესაძლოა, ბევრი ხმა მოუტანოს "ქართულ ოცნებას", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაჩენილი გამოწვევები, საპრეზიდენტო არჩევნები, "ღამის ეკონომიკის განვითარება" - ის საკითხებია, რაზეც "რეზონანსი" პოლიტოლოგს ესაუბრა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საყვარელიძე: "ხელისუფლებისთვის უპარტიო კანდიდატი უფრო დიდი კონკურენტია, ვიდრე ოპოზიცია"
"დასავლეთის ქვეყნებში ქართველების მხრიდან ჩადენილი კრიმინალისა და თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო ევროპელი ლიდერები მოსალოდნელ ცუდ შედეგებზე საუბრობენ. თუმცა საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების კუთხით საფრთხე არ არსებობს. კორესპონდენტის კითხვაზე, - სინამდვილეში რა უარყოფით შედეგებზეა საუბარი, რამაზ საყვარელიძის თქმით, როდესაც საფრთხეზე საუბრობენ, ევროპელი ლიდერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა ვარიანტს გულისხმობენ. "შევწყვეტთ ვიზალიბერალიზაციასო, ეს არც ევროპელებს უთქვამთ. ამ მხრივ ხელისუფლება მართალია, ეს საფრთხე არ არსებობს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ვიფიქრებთ შეზღუდვების შემოღებაზეო, ეს ნამდვილად გვითხრეს და საკმაოდ ხმამაღლაც. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენი ხელისუფლების აქტივობაზე. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდად შედეგიანი არ აღმოჩნდება ძალისხმევა და მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება, საქართველოს ხელისუფლება თუ მკაფიოდ აჩვენებს დასავლეთს, რომ ის ძალისხმევას არ იშურებს, ეს დამოკიდებულება უკვე პოზიტიურად იქნება აღქმული და ბევრი თვალსაზრისით დააბალანსებს იმ ემოციებს, რომელიც გერმანელებს ამჟამად აქვთ", - ამბობს საყვარელიძე. მისე განმარტებით, დიდი ტერორისტული აქტები იყო დასავლეთში, მაგრამ რადგან მოქალაქეები ხედავდნენ, რომ მთავრობები ამის შესაჩერებლად ძალას არ იშურებენ, ამას ხელისუფლებების მიმართ საპროტესტო რეაქცია არ მოჰყოლია, - პირიქით, რაღაცნაირად მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდა. შესაბამისად, თუკი დაინახეს, რომ ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, იქ სადამსჯელო ნაბიჯებს არავინ გაადგამს“, - აღნიშნავს გამოცემა.
"კორესპონდენტის კითხვაზე, რამდენად რეალურია იმ საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენა, რომლებზეც გასულ კვირას საუბრობდნენ, საყვარელიძის აზრით, ერთი პირობა იფიქრებ, რომ ეს სარვამარტო ვერსიებია... "თუ ცოტა სერიოზულად შევხედავთ, არც ერთი მათგანი არ არის გამორიცხული. განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ბევრი ისეთი რამ აქვს, რაც კარგი იქნება მომავალი პრეზიდენტისთვის. ეს არის დიპლომატიური გამოცდილება, ევროპულ სტანდარტებზე ორიენტაცია, პრინციპულობა და იმ წრეების ცოდნა, რომლებთანაც პრეზიდენტს მოუწევს ურთიერთობა. მაგრამ როგორც ერთ, ისე მეორე კანდიდატურას აქვს თუ არა საკმარისი რეიტინგი ფართო საზოგადოებაში, რომ საყოველთაო არჩევნების გზით გაიმარჯვონ, ამაში ეჭვი მეპარება იმიტომ, რომ არც ერთი არ არის საიმისოდ პოპულისტი, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში საკუთარ იმიჯზე ეზრუნათ და თავი დაემკვიდრებინათ. ასე რომ, ჩვენთვის გამარჯვების თვალსაზრისით ორივე კანდიდატი სათუოა, თუმცა თუ გაიმარჯვებენ, განსაკუთრებით ზურაბიშვილი, შეიძლება კარგი პრეზიდენტები იყვნენ", - დაასკვნის საყვარელიძე, რომლის თქმით, სანდრა რულოვსის დასახელება კარგი იქნება "ოცნების" კანდიდატი ქალებისთვის, რადგან როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" სახელისფლებო სკამისკენ გაიწევს ხოლმე, საზოგადოება მაშინვე ხმას აძლევს "ოცნების" კანდიდატს - ოღონდ "ნაციონალები" ისევ არ მობრუნდნენო. ასე რომ, რულოვსის გამოჩენამ, შესაძლოა, ბევრი ხმა მოუტანოს "ქართულ ოცნებას"... რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სერიოზული კონკურენტი იქნება ალეკო ელისაშვილი, საყვარელიძის თქმით, მერის არჩევნებმა გვიჩვენა, რომ უპარტიო კანდიდატი, იგივე ელისაშვილი, სერიოზული კონკურენტია, - დასძენს გამოცემა.
"ამ არჩევნებშიც, ვფიქრობ, რომ ალტერნატივა არის ხელისუფლება, ოპოზიცია და უპარტიო კანდიდატი. ამათგან მესამის შანსი საკმაოდ დიდია, რადგან პარტიების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა. ამიტომ ხელისუფლებისთვის უპარტიო კანდიდატი უფრო დიდი კონკურენტია, ვიდრე ოპოზიცია. რაც შეეხება გამარჯვებას, საეჭვოა, რომ უპარტიო კანდიდატმა გაიმარჯვოს, რადგან მას არჩევნებში პარტიული მანქანა მოაკლდება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამარჯვებისთვის“, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

























