ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2018
სანდრო თვალჭრელიძე - "ვფიქრობ, ტატუნაშვილის მკვლელობას ჰააგის სასამართლო განიხილავს"ტყვარჩელში სკოლის კონცერტზე მეგრული სიმღერის შესრულებამ აფხაზეთში აჟიოტაჟი გამოიწვიადავით უსუფაშვილი - "ვისაც სურს "ოცნების" მორჩილი და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები!" * * *
სანდრო თვალჭრელიძე - "ვფიქრობ, ტატუნაშვილის მკვლელობას ჰააგის სასამართლო განიხილავს"
"ცხადია, პრემიერის წერილის მიზეზია არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვა და დღემდე ცხედრის დაუბრუნებლობა. მისი მთავარი მიზანიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თავს ზევით ძალა არ გვაქვს. დღეს რუსეთის წინააღმდეგ ხისტი მოქმედება აბსოლუტური სიბეცე იქნებოდა. ყველამ ვიცით, რომ ამით არაფერი გამოვა. ერთხელ უკვე წამოვეგეთ რუსეთის პროვოკაციას და ამის სამწუხარო შედეგს დღემდე ვიმკით. ვინც დღეს ხელისუფლებას რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს და ზომიერების გამო აკრიტიკებს, მიმაჩნია, რომ პოპულისტურად და არასახელმწიფოებრივად იქცევა. ეს გულზე მჯიღის ცემა ყოვლად უსაფუძვლოა და პიარით არის გამოწვეული. მართალი გითხრათ, არც ის მგონია, რომ პრემიერის წერილს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვფიქრობ, ტატუნაშვილის მკვლელობას ჰააგის სასამართლო განიხილავს" / "კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ჰააგის სასამართლოში ტატუნაშვილის საქმეც მიემატება და გახდება რუსეთთან ურთულესი ურთიერთობის ნაწილი. ეს იციან სეპარატისტებმაც და ოკუპანტებმაც, ამის ეშინიათ" / "ასეთი არაეფექტიანი ორგანო, როგორიც ჩვენი პარლამენტია, არც მინახავს. ორ კვირაზე მეტი გავიდა ამ ტრაგედიიდან და ვერაფრით მოახერხეს სამფურცლიანი წერილის დაწერა, რომლითაც მომხდარს დაგმობდნენ..."
"როგორც უკვე აღვნიშნე, მისი მთავარი მიზანი ცხედრის დაბრუნებაა. ვნახოთ, ეს დიპლომატიური სვლა რა შედეგს მოიტანს. ისმის კითხვა: თუ თავიდანვე უშედეგობისკენ იყო განწირული, მაშ, რა საჭირო იყო ამგვარი მიმართვა? მე პრემიერის განცხადება უფრო დასავლური დიპლომატიის ჭრილიდან წავიკითხე. ვფიქრობ, სწორედ მათთვის არის მისაღები ამგვარი დიპლომატიური სვლები. ბიბილოვი, აშკარაა, სახელმწიფობანას თამაშობს - გველაპარაკება ექსპერტიზის მნიშვნელობაზე, საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე და ა.შ. არადა, ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპაციური რეჟიმის მოქმედებამ აჩვენა, რომ ეს მკვლელობა იყო. უკვე საჭიროც აღარ მგონია ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ეს ექსპერტიზა, უპირველესად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციურმა რეჟიმმა ვერ გაიარა. ცხადზე ცხადია, ისინი ცხედრის გადმოცემაზე უარით ცდილობენ, დანაშაულის კვალი დაფარონ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ დანაშაულში უკვე მხილებულნი არიან არა მხოლოდ ჩვენს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც. ბოლოს და ბოლოს, დაგვიბრუნებენ ცხედარს, თუმცა მანამდე მოგვიწევს ამ დავიდარაბის გადატანა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერას გრძნობს. აშშ-ის ელჩი ლამის ყოველდღე აკეთებს განცხადებას, ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, მომხდარს მკაცრად ეხმაურება... დღეს ოსურ-რუსული პოზიცია კრიტიკას ვერ უძლებს. და ესეც ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია - ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ტრიბუნაზე, სადაც კი ხელი მიგვიწვდა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი მთავარ თემად წამოიჭრა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
"სიმართლე გითხრათ, ასეთი არაეფექტიანი ორგანო, როგორიც ჩვენი პარლამენტია, არც მინახავს. ორ კვირაზე მეტი გავიდა ამ ტრაგედიიდან და ვერაფრით მოახერხეს სამფურცლიანი წერილის დაწერა, რომლითაც მომხდარს დაგმობდნენ... ახლა ამ კვირისთვის გვპირდებიან ამ დოკუმენტის მიღებას... რაც შეეხება სანქციებს, საქართველო არ არის აშშ, აქ რუსი ოლიგარქები ფულს არ ინახავენ, არც მათი შვილები სწავლობენ ჩვენს ქვეყანაში... მოკლედ, მათ ვერაფერს ავუკრძალავთ. ვერ წარმომიდგენია იმ სანქციების ნუსხა, რომელიც შეიძლება საქართველომ რუსეთს დაუწესოს. მეც ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, მაგრამ სახარბიელო ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოიღოს სავიზო რეჟიმი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი დაზარალდება, რადგან ბოლო წლების მაჩვენებლებით რუსი ტურისტების წილი ძალიან გაიზარდა. თუ ხელჩასაჭიდი და მტკივნეული სანქციების შემოღება და განხორციელება არ შეგიძლია, მგონი, ჯობს, ამაზე საერთოდ უარი თქვა. ვფიქრობ, ტატუნაშვილის მკვლელობაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს განსახილველ საკითხად იქცევა. ეს იციან სეპარატისტებმაც და ოკუპანტებმაც, ამის ეშინიათ. მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ესეც მიემატება და გახდება რუსეთთან ურთულესი ურთიერთობის ნაწილი", - დაასკვნის რესპონდენტი.
"რაც შეეხება ევროინტეგრაციას - ევროპელები დიდ შეშფოთებას მაინც "ქართული კრიმინალის" გამო გამოთქვამენ, არადა ეს ხომ ახალი პრობლემა არ არის! პოსტსაბჭოთა სივრცეში ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ქართველების წილი საკმაოდ დიდია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ისინი ევროპის ქვეყნებში მიმოიფანტნენ. გვახსოვს მასშტაბური სპეცოპერაციები ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში და ა.შ. ვიზალიბერალიზაციამდე კარგა ხნით ადრე. ვფიქრობ, ჩვენმა სამართალდამცავებმა ამ მიმართულებით მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ევროპულ ქვეყნებთან. სხვათა შორის, ეს საქართველოს ინიციატივაა. ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, უფრო ადრე გამოგვეჩინა ამ თანამშრომლობის სურვილი, რათა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილიყო. ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზების გაცვლა, საქართველოდან ევროპაში კრიმინალთა ტალღის შესამცირებლად კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებზე ერთობლივად მუშაობა უფრო აქტიურ პროცესად უნდა იქცეს და ვფიქრობ, ასეც იქნება. რაც შეეხება გერმანიას, მიმაჩნია, რომ აქ სურათი, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია. არ ვიცი, ვისი ან რისი მიზეზით, მაგრამ ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა აშკარად გადააჭარბეს", - განაგრძობს ექსპერტი.
"დღეს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით მართლაც ლიდერია. ჩვენი ქვეყანა შეუდარებლად წინ არის უკრაინასა თუ მოლდოვასთან შედარებით. ამ ქვეყნებიდან არანაკლებია ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი და მხოლოდ საქართველოს პრობლემას და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ახლა რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს... ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები მოწადინებული არიან, საქართველოსთან ურთიერთობა უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდეს. ამისკენ ისწრაფვის საქართველოც, ამიტომ ეს პროცესი, ჩემი აზრით, შეუქცევადია. რა თქმა უნდა, პრობლემები და პროცესის შეფერხების მცდელობა აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვან ბარიერს ვერ შექმნის. ევროპელებსაც არ აძლევთ ხელს საქართველოსთვის პრობლემების შექმნა, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მათაც სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა", - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - "ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები... გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნების" კანდიდატები, შესაძლოა, თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი იყვნენ..." - პასუხობს:
"რატომაც არა, იყოს ქალბატონი, მაგრამ მხოლოდ ამ ნიშნით კანდიდატის შერჩევა არასწორი მგონია... მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ძალიან შეზღუდულია, მომავალ პრეზიდენტს კვლავაც ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. ის უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის სახეს საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით კი იტვირთოს არბიტრის ფუნქცია, იყოს ქვეყნის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და მარგველაშვილივით ოპოზიციაში არ ჩაუდგეს მმართველ ძალას. თეა წულუკიანზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა... თუ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ჰარაკირი სურს, თამამად შეუძლია წულუკიანი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელოს. მაგრამ არა მგონია, "ქართულმა ოცნებამ" მისი კანდიდატურა წამოაყენოს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის არის ადამიანი-პარადოქსი. არც მისნაირ პრეზიდენტს ვისურვებდი. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტი ქართულად მაინც ხომ უნდა ლაპარაკობდეს გამართულად. ახსენეს თამარ ჩუგოშვილის გვარ-სახელიც, მაგრამ მას საპრეზიდენტოდ ასაკი არ უწყობს ხელს და არა მგონია, ამის გამო კონსტიტუცია ".
"ჩემი აზრით, ისინი, ვის შესახებაც კულუარებიდან ინფორმაციამ გამოჟონა, მხოლოდ ვითარების მოსასინჯად არიან დასახელებულნი, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატად სრულიად სხვა ადამიანს შეარჩევს და ის, შესაძლოა, ქალი არც იყოს... აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" შიგნით საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა ძალიან გაუჭირდებათ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ის პარტიის გარედან შეარჩიონ და არა - პოლიტიკური წრიდან... რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, ჩემი აზრით, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს არა მხოლოდ თანასწორი პაექრობის, არამედ გამარჯვების შანსიც, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭიროა ფინანსები, 20 მილიონი მაინც! ძნელი წარმოსადგენია, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი მდიდარიც იყოს, ამიტომ მას მოუწევს შეთანხმება, გამარჯვების შემთხვევაში კი გარკვეული ძალებისთვის ვალის დაბრუნება. ეს როგორ წაადგება ქვეყანას, უკვე აღარ ვიცი... ერთი კანდიდატის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება კი წარმოუდგენელია. ქართველები ამბიციური ხალხია, სხვას ყველას რომ თავი დავანებოთ, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც" კი ვერ შეთანხმდებიან ერთ კანდიდატზე",- დასძენს თვალჭრელიძე.
ტყვარჩელში სკოლის კონცერტზე მეგრული სიმღერის შესრულებამ აფხაზეთში აჟიოტაჟი გამოიწვია
"რა ხდება, გალი უკვე საქართველოა?! რა კულტურული გაცვლაა ქართული სიმღერებით, ვინ დაუშვა ეს?! რატომ ცოცხებით არ გაყარეს?!" - ასე გამოეხმაურა აფხაზური საზოგადოება ტყვარჩელის ერთ-ერთ სკოლაში გამართულ მოსწავლეების სარვამარტო კონცერტს, სადაც გალელმა მოსწავლეებმა მეგრული სიმღერა შეასრულეს. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ეს აფხაზების მხრიდან ასეთი დამოკიდებულების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა, ცენტრის დირექტორ ნანა შონიას თქმით, ამჯერად დაპირისპირება სოციალურ ქსელებში ნეგატიური კომენტარების იქით აღარ წასულა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტყვარჩელში სკოლის კონცერტზე მეგრული სიმღერის შესრულებამ აფხაზეთში აჟიოტაჟი გამოიწვია / "ეს ხომ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა შეურაცხყოფაა... ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ".
"აღსანიშნავია, რომ აფხაზური მხარე ხშირად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ ამა თუ იმ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებზე აფხაზეთის წარმომადგენელთა, მათ შორის საბავშვო ანსამბლებისა თუ სპორტული გუნდების, გამოსვლის დაბლოკვაში. წერენ, რომ პოლიტიკა და სპორტი, პოლიტიკა და ხელოვნება გამიჯნული უნდა იყოს და აფხაზების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება უზნეობაა. ამჯერად კი აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი 8 მარტს ტყვარჩელის მე-5 სკოლაში გამართული საბავშვო კონცერტი და ინტერნეტში გავრცელებული ამ კონცერტის ერთი ვიდეოჩანაწერი გახდა. ამ ჩანაწერში გალიდან ტყვარჩელში ჩასული მოსწავლეები მეგრულ სიმღერას ასრულებენ. "რა ხდება, გალი უკვე საქართველოა? აფხაზურად და რუსულად სიმღერა არ შეეძლოთ? ეს ხომ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა შეურაცხყოფაა. ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ" - ამ და მსგავს კომენტარებს მრავლად შეხვდებთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოზე. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორ ნანა შონიას თქმით, აფხაზების მხრიდან ქართველებისა და ზოგადად, ქართული კულტურისადმი ასეთი დამოკიდებულება ხშირია", - აღნიშნავს გამოცემა.
"სარვამარტო კონცერტები გაიმართა ყველგან - გალის რაიონშიც, ტყვარჩელშიც და სხვაგანაც. სკოლების კოლექტივები მონაწილეობდნენ. ტყვარჩელში ბავშვებმა მეგრული სევდიანი სიმღერა "ჩონგური" შეასრულეს და ამას მოჰყვა აღშფოთება აფხაზების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან აფხაზები კრძალავენ მეგრული და ქართული სიმღერების შესრულებას. ბავშვებს ავალდებულებენ, იმღერონ აფხაზურ და რუსულ ენებზე. ეს არც პირველი შემთხვევაა. დიდი ხანია, ასეა. თუმცა ამ ვიდეოში აღშფოთებული საზოგადოების ხმა არ ისმის, სოციალურ ქსელში კი ვინც ესწრებოდა ალბათ იმან დადო. "ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომელი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და უშუალოდ ვინ იყვნენ ეს ბავშვები. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, დასჯა და ამდაგვარი რამ არ მომხდარა. თუმცა დიდი ხანია, სცენაზე ქართული სიმღერებისა და ცეკვების შესრულება იკრძალება", - განაცხადა შონიამ. ტყვარჩელში მომხდარ ინციდენტს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კრიზისის შედეგი უწოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ახალაძემ. მისი თქმით, ეს ურთიერთობა რუსული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში", - განაგრძობს გამოცემა.
"ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი და საინტერესო სახელი იკითხება, რომლითაც ქართველებიც და აფხაზებიც იამაყებენ, მაგრამ ეს ურთიერთობა რუსული იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. პირველი ბზარი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო. სწორედ იმ დროიდან რუსეთმა მიზანმიმართული პოლიტიკა გაითამაშა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობის ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, რაც იმპერიის გადასარჩენად მებრძოლ ძალებს ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიდა ამ ერებზე გავლენის შესანარჩუნებლად. "გათიშე და იბატონე"-ს რომისდროინდელი პოლიტიკა ჯერ გასული საუკუნის 20-იანი წლების, ხოლო მოგვიანებით 90-იანი წლების კავკასიურ ავანსცენაზე გათამაშდა. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ თამაშებში ქართველები და აფხაზები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ", - ამბობს ახალაძე. მისივე თქმით, აფხაზური სიმღერებისა და, ზოგადად, ფოლკლორის დიდი ნაწილი განიცდის ქართულ გავლენას, ან პირიქით", - დასძენს გამოცემა.
"ისტორიკოსებმა, ეთნოლოგებმა, ფოლკლორისტებმა, ეთნომუსიკოსებმა იციან, რომ აფხაზური სიმღერებისა და ფოლკლორის დიდი ნაწილი განიცდის ქართულის გავლენას და პირიქით. არის შემთხვევები, როცა აფხაზურ და ქართულ სიმღერებს საერთო საფუძველი აქვს და შეუძლებელია, დააზუსტო, რომელია მათ შორის პირველადი. მიუხედავად ჩვენ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ჩემთვის დაუჯერებელია, მუსიკა გახდეს პრობლემის საფუძველი. საქმე გვაქვს განათლების დეფიციტთან, ან გამიზნულ პოლიტიკურ თამაშთან, რომელსაც არ უნდა წამოვეგოთ არც აფხაზები და არც ქართველები. ვიცი, რომ სოხუმში უსმენენ ქართულ სიმღერებს. ანალოგიური სიტუაციაა ენგურს გამოღმაც - სხვადასხვა ფესტივალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს აფხაზური სიმღერები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლია ახალაძე.
"მართალია, დღეს ჩვენი კულტურული და ყოფითი ურთიერთობა კრიზისს განიცდის, რისი გამოძახილიცაა ტყვარჩელის ინციდენტიც, მაგრამ მეგრული (ქართული) სიმღერა ისეთივე ორგანული და მისაღები იყო აფხაზისთვის, როგორც ჩემთვის აფხაზური "ვარადა"... ჩემს ბავშვობაში არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ლექსი და სიმღერაც ქართული არ იყო. როცა მოგვიანებით გავიგე, მივხვდი, შეუძლებელია, ქართველისთვის "ვარადა" და აფხაზური სიმღერის ნებისმიერი ნიმუში უცხო ყოფილიყო, რადგან ის სადღაც სამეზობლოში კი არ შექმნილა, არამედ აქვე, ჩვენ შორის, ჩვენივე სოციუმის განუყოფელი ნაწილის მონაწილეობით. შეუძლებელია, ემოციის გარეშე ვუსმინოთ აფხაზურ სიმღერას "შიშნანი". დარწმუნებული ვარ, ისევე უემოციოდ ვერ ისმენს ვერც ერთი ნორმალური აფხაზი ქართულ სიმღერებს: "აშო, ჩელა", "ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო" და ა. შ., რადგან მუსიკა, რომელიც აფხაზებმა და ქართველებმა შექმნეს, ერთი სოციუმის ემოციური სამყაროს შინაგანი გამოძახილია", - დასძენს ახალაძე.
დავით უსუფაშვილი - "ვისაც სურს "ოცნების" მორჩილი და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები!"
"პრემიერი ვალდებულია გაუმკლავდეს მძიმე მორალურ და პოლიტიკურ დილემებს, მაგრამ ვთვლი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველოს უნდა მოეთხოვა და არა ეთხოვა. თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალებად ან ჩადენილი დანაშაულების გადამფარავ კეთილშობილურ საქციელად ჩაითვლება. ეს არის ოკუპაციისა და დე ფაქტო ომის პირობებში მყოფი ქვეყნის რეალობა, სადაც უმძიმესი ადამიანური ტრაგედიებიც კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრატეგიის კონტექსტშია დასანახი. საეჭვოა ამ კონკრეტულ კონტექსტში გლობალური სახელმწიფოთაშორისი საკითხების წამოწევაც. ისე არ გამოგვივიდეს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებს გვტაცებდეს, გვიხოცავდეს, ცხედრების დაბრუნებით "კეთილ პოლიტიკურ ნებას" ავლენდეს და ჩვენგანაც საპასუხო კეთილშობილურ ქცევას ითხოვდეს", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვისაც სურს "ოცნების" მორჩილი და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები!"
"მკაცრი სახელმწიფოებრივი პოლიტიკაა საჭირო როგორც რუსეთთან, ისე ცხინვალსა და სოხუმთან. ის, რომ საქართველო გამორიცხავს პრობლემების იარაღით მოგვარებას, ნათელი პოზიციაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება საკმარისი ნაბიჯი იქნება იმაში დასარწმუნებლად, რომ რუსეთს კეთილი პოლიტიკური ნება ამოძრავებს... შეიარაღებული გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არც კი უნდა გავივლოთ თავში. ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკების ფორმატი, მაგრამ რუსეთთან ერთი ერთზე არასოდეს არ უნდა დავრჩეთ. ჩვენი მთავარი ძალაა დემოკრატიული სამყაროს თანადგომა, მაგრამ, თუ ვინმე ამბობს, რომ ამ დიდი ტრაგედიის ფონზე ყველაფერი უნდა გადავდოთ, და თუ ამ ნაბიჯს გადმოდგამს კრემლი, ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ ჩვენი კეთილგონივრული წინადადება გაითვალისწინეს, სწორ შედეგამდე ვერ მივალთ. პირიქით, ტრაგედიების ჯაჭვში თუ ამ კონკრეტულ საკითხს დავუკავშირებთ რუსეთთან ერთად მომავალზე საუბრის მზაობას, წამგებიან შედეგამდე მივალთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს განცხადება იმისთვის გაკეთდა, სრულიად სხვა ვითარებაში უპირატესობა მოიპოვოს რუსეთმა და დაგვაშანტაჟოს. ფაქტია, დღეს მმართველი გუნდი მძიმე მდგომარეობაშია და ეს გასაგებია, თუმცა, არ უნდა ვეხვეწებოდეთ რუსეთს, ჩვენს განცხადებებს უნდა ჰქონოდა მოთხოვნის კილო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.
"დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით პოლიტიკური ცხოვრების არსებული ვითარება აუცილებლად შეიცვლება, 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის განვითარების მიმართულებას. თუ იგი იქნება - "ვინ მოგვერევა მე და ბიძინას" სულისკვეთებიანი "ოცნების" სახელისუფლებო გუნდის წევრი, ანუ "ოცნების ფარი", მაშინ ქვეყანას უბიძგებს დამღუპველი სტაგნაციისკენ. თუ იქნება "ჯერ ბიძინა და "ოცნება" გავუშვათ და დანარჩენი გამოჩნდება" ფორმულით გაერთიანებული ჭრელი ოპოზიციური ლაშქრის ლიდერი, ანუ "ოპოზიციის ხმალი", მაშინ ის ქვეყანას მორიგი რევოლუციის უფსკრულისკენ წაიყვანს. თუ იგი იქნება "საქართველო ყველასია და მე ყველას სახელმწიფოს მეთაური ვარ" პლატფორმის მქონე ზეპარტიული და არა აპოლიტიკური ან არაპოლიტიკოსი პრეზიდენტი, მაშინ იგი უზრუნველყოფს განვითარებას და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დამყარებას. მე მხარს ვუჭერ "საქართველო ყველასია" პრეზიდენტის ვარიანტს, რადგან სწორედ ასეთ მეთაურს ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუციური მოდელი; "ოცნების ფარი" პრეზიდენტიც და "ოპოზიციის ხმალი" პრეზიდენტიც არასწორ გზაზე დააყენებენ პროცესებს; სწორედ ამ ვარიანტის გარშემოა შესაძლებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია; სწორედ ამ პლატფორმას აქვს არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი. სახელმწიფოს მეთაური ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს და მან საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დაიცვას. მთელი ქვეყანა რომ ერთმანეთს გადავეკიდოთ, პრეზიდენტი უნდა დარჩეს ერთიანობისა და თანხმობის მაძიებლად. პრეზიდენტმა სწორედ ამ გზით უნდა შეცვალოს სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკური ცხოვრება", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"არასწორია იმაზე აპელირება, რომ მას აღარაფერი ეკითხება და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება იგი. პრეზიდენტის ხელში გავლენის მთავარი ინსტრუმენტი ავტორიტეტი უნდა იყოს, ამის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა. აუცილებელია მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა დარწმუნებაც, რომ პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ მათთან ბრძოლას კი არ გააგრძელებს, კონსტიტუციისა და ზნეობის ფარგლებში ჩატეულ მათ ინტერესებსაც მოემსახურება. პრეზიდენტმა უნდა აცოცხლოს ეროვნული ღირსება და მომავლის იმედი. მან უნდა ითანამშრომლოს თითოეულ მოქალაქესთან, როგორც სახელმწიფოს თანამფლობელთან... ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მიერ საკუთარი როლის სწორად გააზრებაც. მაგალითად, თუ ყოველდღიურ პერსონალურ-პარტიულ-პოლიტიკურ კინკლაობაშია ჩართული თუ ჩათრეული, მაშინ ის სუსტია; თუ ზოგადსახელმწიფოებრივ-კონსტიტუციურ-ზნეობრივი გადმოსახედიდან განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთვება პოლიტიკურ დებატებში, მაშინ მისი სიტყვა გავლენიანია, ხოლო როგორც პრეზიდენტი ძლიერი", - დასძესნ უსუფაშვილი და შეკითხვაზე - "თქვენ თუ გეგმავთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? ამბობენ, რომ კონსულტაციებს მართავთ ბიძინა ივანიშვილთან", - პასუხობს:
"ასეთ ჭორებს რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ვისაც სურს "ოცნების" მორჩილი, პასიური და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები არც კანდიდატად და არც მხარდამჭერად; ვისაც სურს რევანშისტი და მორიგი რევოლუციის ბელადი პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები; ვისაც სურს პოპულისტი და სანახაობების გამმართავი პრეზიდენტი, არც მათ გამოვადგები; ვისაც სურს საზოგადოების გამაერთიანებელი, პოლიტიკური კომპრომისების მაძიებელი, პოზიტიური, ოპტიმისტი და სათანამშრომლო გარემოს დამამკვიდრებელი პრეზიდენტი, მეც შეიძლება გამოვადგე როგორც კანდიდატად, ისე მხარდამჭერად".

























