ზაზა ფირალიშვილი - რუსული პროპაგანდა საქართველოში ყოველთვის ბუტაფორიული ნაციონალიზმისა და სულმოკლეობის გაღვიძების გზით მიდიოდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში ვითარება ვერ ქმნის განაცხადს, რომ ხელისუფლებას ძალუძს გაუმკლავდეს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებულ არაერთ პრობლემას.

ასეთ ფონზე შსს უპასუხოდ ტოვებს ბაზრობებზე ხანძრების გაჩენის მიზეზებს. ფაქტია, რომ გაჟღერებული ვერსიების არავის სჯერა. სუს-ი ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს დეპუტატ თემურ გორგაძეს აკავებს, რაზეც ხელისუფლება აცხადებს, რომ კორუფციას ებრძვის. თუმცა, დაუჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ „ქართულ ოცნებაში“ გორგაძის კორუფციულ მიდრეკილებებს ვერავინ ამჩნევდა.

ბორჯომის საკრებულოში მომხდარმა ინციდენტმა, რომელიც უკავშირდებოდა ჩინოვნიკების მცდელობას გაზრდოდათ ხელფასები, ვერც ხელისუფლებას და ვერც ქვეყანას ვერაფერი შესძინა.

თუ ამას სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, მხედველობაში მაქვს არაერთი დანაშაულის ჩამდენი მოსამართლეების სამუდამოდ დანიშვნა, გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებას და დამძიმებულ სოციალურ ფონს დავუმატებთ, აშკარად კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? არც ისე სახარბიელო ვითარებაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას, მოქმედებასა თუ უმოქმედობას?

- „ოცნება“ რომ ხელისუფლების ხელში ასაღებად მზად არ აღმოჩნდა, ყველანი ვხედავთ. თუ ადრე ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომები დროებითი იყო და რომ ახალი ხელისუფლების ადაპტაციური კრიზისი ქრონიკულ სახეს არ მიიღებდა, დღეს ეს იმედი შესუსტებულია.

ბევრჯერ მითქვამს, რომ „ოცნება“ იმთავითვე ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების უსისტემო ნაზავი იყო. მისმა ლიდერმა ვერ შეძლო ამ ნაზავის მოწესრიგება და ერთიანი ეროვნული პროექტის ფარგლებში მოქცევა.

„ოცნება“ იმთავითვე ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების უსისტემო ნაზავი იყო. მისმა ლიდერმა ვერ შეძლო ამ ნაზავის მოწესრიგება და ერთიანი ეროვნული პროექტის ფარგლებში მოქცევა

უფრო მეტიც, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნებოდა, რომ ის ხელოვნურადაც ინარჩუნებდა ამ არაერთგვაროვნებას, რათა უმაღლესი არბიტრის მდგომარეობა ჰქონოდა გარანტირებული.

კორუფციული სკანდალების გახშირება და კრიმინალური ვითარების გამწვავება, რამდენადაც ვიცი, უკვე ფაქტია ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის რეანიმაცია, სწორედ სახელისუფლებო ვერტიკალის დახლეჩილობისა და კონცეპტუალური სიმწირის ნიშანია.

ივანიშვილის პოლიტიკური ავანსცენიდან კულისებში გადანაცვლებამ რეალურ შედეგად ლამის ათეულობით დიდი თუ მცირე მასშტაბის ლიდერების გაჩენა მოიტანა, სათითაოდ რომ ცდილობენ, მისი ავტორიტეტის ექსპლუატირებით გაიმყარონ მდგომარეობა.

არ გამოვრიცხავ შიდაპარტიულ ურთიერთსაბოტაჟსაც. ვხედავთ, რომ საკმარისია „ოცნების“ რომელიმე ლიდერმა საკმარისზე მეტი ავტორიტეტი მოიპოვოს, რომ მის წინააღმდეგ მთელი მანქანა იწყებს მუშაობას და ამაში მნიშვნელოვან როლს ოპოზიციად დანიშნულები ასრულებენ. შედეგი კი ადმინისტრირების პროცესის საგრძნობი პარალიზებაა.

ველოსპორტში სიურპლასს უწოდებენ სიტუაციას, როდესაც ორი მრბოლელი ელოდება, როდის ამოძრავდება მეტოქე, რათა უკან ამოუდგეს და მომგებიანი მდგომარეობა მოიპოვოს. თუ ველოსპორტში ეს გამართლებულია, პოლიტიკაში იგივე ხერხი ყოველგვარი ინიციატივის ჩახშობას და ადმინისტრაციული ვერტიკალის პარალიზებას ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა, საკმაოდ კვალიფიციურები ჩანან კვირიკაშვილი, კალაძე, გახარია, კობახიძე და ზოგი სხვა, მაგრამ ისინი ჯერ მაინც ვერ ქმნიან ეფექტიან ადმინისტრაციულ სისტემას. თითქოს მთელი მმართველობა ურთიერთიზოლირებულ სფეროებად არის დაყოფილი და მისი მთლიანობის გარანტირება კულუარებიდან ხდება

ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ „ოცნებაში“ არ არიან ადამიანები, ვისგანაც მეტს შეიძლება ველოდეთ. მიუხედავად იმისა ვეთანხმები თუ არა, საკმაოდ კვალიფიციურები ჩანან კვირიკაშვილი, კალაძე, გახარია, კობახიძე და ზოგი სხვა, მაგრამ ისინი ჯერ მაინც ვერ ქმნიან ეფექტიან ადმინისტრაციულ სისტემას. თითქოს მთელი მმართველობა ურთიერთიზოლირებულ სფეროებად არის დაყოფილი და მისი მთლიანობის გარანტირება კულუარებიდან ხდება.

რაც შეეხება ხანძრებს, ისინი იმავე ეჭვს მიჩენენ, როგორიც ამ ზაფხულს სრულიად სხვადასხვა ადგილებში გაჩენილი ხანძრები მიჩენდა. ვიღაც თითქოს საგანგებოდ ცდილობს შიშისა და უიმედობის განწყობების გაღვივებას. თავად განსაჯეთ, ვინ შეიძლება ამაზე ზრუნავდეს. ხოლო თუ რომელიმე ბიზნესმენი ამით ხეირობს, ეს ჩვენი დღევანდელი ბიზნესისთვის ბუნებრივიცაა.

პოლიტიკური და ბიზნესინტერესები ხელიხელჩაკიდებული დადიან. ხანძრები, ხმები ცოფისა თუ ციმბირული წყლულის ეპიდემიის შესახებ და სხვა დიდი ხანია, ჩვენი სახელმწიფოებრივი ნავის დარწევის საშუალებებად იქცა. ამ ხერხს ჯერ კიდევ სააკაშვილის პროპაგანდა იყენებდა 2003 წლის მოვლენების წინ. გაიხსენეთ, როგორი აჟიოტაჟით გვატყობინებდნენ ხოლმე, რომ რუსთავში თუ ზესტაფონში ძაღლმა კაცს უკბინა და რომ „არ იყო გამორიცხული,“ ძაღლი ცოფიანი ყოფილიყო.

- არც ისე დიდი ხნის წინ კონსტიტუციონალისტმა ბატონმა ვახტანგ ძაბირაძემ ქართულ პრესაში ასეთი აზრი გამოთქვა - „ჩვენი სახელმწიფოს მოქმედების სისტემა ძალიან ჰგავს საბჭოურ და ტოტალურ სისტემას. ორი უკიდურესობაა - ეს სისტემა ან უნდა მართო ისე, როგორც სააკაშვილი მართავდა, ან გინდა არ გინდა მივალთ იქ, როგორც შევარდნაძის დროს იყო. ან უნდა მართო სააკაშვილივით, ან მივალთ შევარდნაძემდე.“

შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლება რაღაც სფეროებში ავლენს კიდეც სურვილს სააკაშვილივით მართოს, მაგრამ აშკარად არ გამოსდის. ვერც იმას ვიტყვით, მთლად შევარდნაძის დროს რომ იყო, ისე იმართება ქვეყანა, ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლება გარკვეული ტიპის კრიტიკაზე რეაგირებს.

თქვენი დაკვირვებით, ვინაიდან ხელისუფლება სააკაშვილივით ქვეყანას ვერ მართავს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ იგი შევარდნაძის მმართველობას დაემსგავსოს, ანუ როგორც ბატონი ვახტანგი ამბობს - „მივალთ შევარდნაძემდე?

- ბატონ ვახტანგს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი სწორედ ამ ორ მოდელს შორის მოძრაობს. მართალია, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი თითქოს ცდილობს ხელისუფლებას რაღაც სახე შესძინოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. რეალურ ბერკეტებს ვერ ფლობს. სიტუაცია ხშირად მართლაც ემსგავსება შევარდნაძის მმართველობას 2002-2003 წლებში.

მაშინაც მუშაობდა სახელისუფლებო ჯგუფების მიერ ურთიერთბლოკირების მექანიზმები, მაშინაც ასე უგულებელყოფდნენ კრიტიკულ აზრს, სჯეროდათ, რომ საზოგადოებრივი აზრის მართვა იოლად შეეძლოთ და, რაც მთავარია, რამდენიმე ადამიანი არც მალავდა, რომ უმაღლეს მდგომარეობას უმიზნებდა.

მართალია, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი თითქოს ცდილობს ხელისუფლებას რაღაც სახე შესძინოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. რეალურ ბერკეტებს ვერ ფლობს. სიტუაცია ხშირად მართლაც ემსგავსება შევარდნაძის მმართველობას 2002-2003 წლებში

მაგრამ მაშინაც კი ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია, ასე ტლანქად და საქმის ცოდნის გარეშე დაეწესებინა კონტროლი საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის. არ არის აუცილებელი დიდი გამოცდილება რათა მიხვდე, რომ კანონში საეჭვო ცვლილებების შეტანით იმთავითვე გამორიცხავ ამ მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობასაც და მასმედიის სხვა ორგანოების მხრიდან პროფესიულ სოლიდარობასაც. ამ დანაკრგს ვერავითარი დამატებითი შემოსავლით ვერ აინაზღაურებ.

- ოპოზიციისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების ფორმულა ცნობილია - ყურადღებას მათ კრიტიკას არ მივაქცევთო. ამის შესახებ ჯერ ოდნავ ხმადაბლა და მორიდებულად ბრძანა კახი კალაძემ, შემდეგ უფრო მკაფიოდ და დამაჯერებლად შსს მინისტრმა გიორგი გვახარიამ.

თუ პარლამენტში ოპოზიციასთან თანამშრომლობის ილუზიის შექმნის მცდელობებს არ მივიღებთ მხედველობაში, ფაქტია, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე უარი აქვს ნათქვამი.

გასაგებია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში ხელისუფლება-ოპოზიციის თანამშრომლობის ტრადიცია ჩვენ პრაქტიკულად არც გვაქვს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ თუ ამგვარი რამ ვერ მოხერხდა ამან, შესაძლოა, ავნოს ქვეყნის პერსპექტივას.

გასაგებია, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის მარგინალიზაცია იმის გამო აწყობს, რომ ასეთ ვითარებაში მას ძალაუფლების შენარჩუნება არ გაუჭირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გაუმართავი პოლიტიკური სისტემა გარე საფრთხეების ჭარბად მქონე ქვეყნისთვის პრობლემა, თანაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.

ძნელი დასაჯერებელია, რომ მმართველ გუნდში ეს არ ესმოდეთ...

- ამ პრობლემას ორი მხარე აქვს. ხელისუფლება რეალურად არა მხოლოდ არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან, არამედ, როგორც თქვით, უგულებელყოფს კიდეც მის არსებობას. არადა, ცალი თვალი მაინც რომ გადაევლოთ წინა ხელისუფლებების თავგადასავლებისათვის მიხვდებოდნენ, რომ თავადაც კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდნენ.

ოპოზიციაში ჯერ არ ჩანს სათანადო ენერგიის ადამიანი, ვინც ახალ ეროვნულ პროექტს განასახიერებდა. მშვიდად ყოფნის საშუალებას „ოცნებას“ სწორედ ეს აძლევს. არადა, ეს სიმშვიდეა სწორედ ცუდი ნიშანი.

დარწმუნებული ვარ, რეალური ოპოზიცია რომ გამოჩენილიყო და „ოცნებას“ რეალური საფრთხე ეგრძნო, უფრო ფხიზლად იქნებოდნენ და მეტი პოზიტიური დინამიკა გვექნებოდა. სწორედ ესაა ძლიერი ოპოზიციის მთავარი სიკეთე.

ოპოზიციაში ჯერ არ ჩანს სათანადო ენერგიის ადამიანი, ვინც ახალ ეროვნულ პროექტს განასახიერებდა. მშვიდად ყოფნის საშუალებას „ოცნებას“ სწორედ ეს აძლევს. არადა, ეს სიმშვიდეა სწორედ ცუდი ნიშანი... შედეგი კი ისაა, რომ ოპოზიციის არარსებობა კიდევ უფრო აღრმავებს რადიკალურ განწყობებს

ჩვენთან ასე ხდება ხოლმე: ხელისუფლება წარმატების ინერციას მიენდობა და ცდილობს მთლიანად დაეუფლოს პოლიტიკურ ველს. სურათის დამაჯერებლობისათვის კი ხელოვნურად ხდება ამა თუ ჯგუფის ოპოზიციად „დანიშვნა,“ ისიც სრულიად განსაზღვრულ ფარგლებში.

შედეგი კი ისაა, რომ ოპოზიციის არარსებობა კიდევ უფრო აღრმავებს რადიკალურ განწყობებს. ხელისუფლებას ყველაზე ცუდად საქმე სწორედ მაშინ აქვს, როდესაც დარწმუნებულია, რომ ყველა მეტოქე პერიფერიაზეა განდევნილი. სწორედ ამ დროს ხდება, რომ უბრალო ადამიანები ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს და შედეგად ხელისუფლებათა მშვიდობიანი ურთიერთმონაცვლეობის ნაცვლად ახალი რევოლუციის მოლოდინს ვიღებთ. ეს მოუვიდათ შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც და სამწუხაროდ, იმავე გზას ადგას “ოცნებაც”.

პრობლემის მეორე მხარე თავად ოპოზიციაა. ოპოზიციად დანიშნულებს არ ვგულისხმობ. სამწუხაროდ, 1991-92 და 2003 წლების ხელისუფლების შეცვლის მეთოდი ჩვენი პოლიტიკური სინამდვილისათვის „არქეტიპული“ აღმოჩნდა. ოპოზიციასაც მოსაძებნი აქვს ფსევდორევოლუციურისაგან განსხვავებული პოლიტიკური ლინგვისტიკა.

უბრალო ადამიანს შეიძლება ჯერ არ ესმოდეს თუ რა მადლია ქვეყნისათვის, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება რეალურად პოულობენ შეხების წერტილებს. მაგრამ, როდესაც ეს არ ესმით პოლიტიკოსებს, საქმე მართლაც ცუდადაა

ჩემს ბავშვობაში იყვნენ ისეთი ძველი ბიჭებიც, სიგარეტ “პრიმას” რომ არ ეწეოდნენ, წითელ კოლოფშიაო. როდესაც პოლიტიკოსები იქცევიან ამგვარი ლოგიკით და პარტიებს შორის კონკურენციის სახელით ერთმანეთთან თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, ეს უკვე უბედურებაა ქვეყნისათვის. უბრალო ადამიანს შეიძლება ჯერ არ ესმოდეს, თუ რა მადლია ქვეყნისათვის, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება რეალურად პოულობენ შეხების წერტილებს. მაგრამ, როდესაც ეს არ ესმით პოლიტიკოსებს, საქმე მართლაც ცუდადაა.

სამართლიანები რომ ვიყოთ, როგორც მახსოვს, მერის არჩევნების შემდეგ კალაძემ თავად შესთავაზა თანამშრომლობა ყოფილ ოპონენტებს და უარი მიიღო. არადა, ის ამგვარ თანამშრომლობას საჭიროებს. მისი მკვეთრი მოძრაობები მისივე პარტიის შიგნით ბევრს უკვე აღიზიანებს. მსგავსი გზა გაიარა კვირიკაშვილმაც.

- ამას წინათ „ნაციონალებმა“ „ევროპელი დემოკრატები“ იმაში დაადანაშაულეს, რომ მათ ღიად დაიწყეს საუბარი მათსავე საპრეზიდენტო კანდიდატზე. გააკეთეს განცხადებები, რომ „ნაციონალებთან“ ერთად მათ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებათ.

„ნაციონალებსა“ და „ევროპელ დემოკრატებს“ შორის დაპირისპირების ფონზე მათ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი გაუგებარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, „ნაციონალები“ მათსავე განაყოფებს ხელისუფლებასთან ფარულ კავშირებში ადანაშაულებენ.

რა ხდება „ნაციონალებსა“ და „ევროპელ დემოკრატებს“ შორის ვხედავთ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით - რატომ ხდება?

- ამ თემაზე ბევრია ნათქვამი და ახალს ვერაფერს ვიტყვი. ყველა ისეთ კანდიდატს ეძებს, მაქსიმალურად კომფორტული რომ იქნება მისთვის. ეს კი იმთავითვე უპირისპირდება იმ იდეას, რაც პრეზიდენტის თანამდებობასთან დაკავშირებით ჩაიდო კონსტიტუციაში.

პრეზიდენტი სახელმწიფოებრივი ცხოვრების უზენაესი არბიტრი უნდა იყოს. ქვეყანამ ასეთი არბიტრი უნდა აირჩიოს - ადამიანი, რომლის მორალური თვისებები და კვალიფიკაცია კრიტიკულ სიტუაციებში სამართლიანი გადაწყვეტილების გარანტიას რომ მოგვცემდა. პრეზიდენტი ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის საგანია და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ჭირვეული ნებისა.

ჩვენში ასეთი რამ ძნელია მოხდეს. არათუ საპარლამენტო ძალები, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ერთგვაროვანი პოლიტიკური ძალებიც კი ვერ შეთანხმებულან ერთიან კანდიდატზე.

არაერთხელ შეუდარებიათ ჩვენი პოლიტიკური რელიეფი ფეოდალური პლურალიზმისათვის. ხოლო იქ, სადაც ფეოდალები ახალი გავლენის სფეროების მოპოვებას ცდილობენ, საშოვარზე არიან გამოსულები, ძნელია სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიმატს და სამართლიანობის იდეის მსახურებას ველოდეთ, მით უმეტეს - ამ ნიშნით არჩეულ პრეზიდენტს

არაერთხელ შეუდარებიათ ჩვენი პოლიტიკური რელიეფი ფეოდალური პლურალიზმისათვის. ხოლო იქ, სადაც ფეოდალები ახალი გავლენის სფეროების მოპოვებას ცდილობენ, ან პირდაპირ რომ ვთქვათ, საშოვარზე არიან გამოსულები, ძნელია სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიმატს და სამართლიანობის იდეის მსახურებას ველოდეთ, მით უმეტეს - ამ ნიშნით არჩეულ პრეზიდენტს.

- მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალები“ „ევროპელი დემოკრატებს“ ხელისუფლებასთან ფარულ კავშირში ადანაშაულებენ, პარლამენტში მიმდინარე პროცესები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მმართველი გუნდი „ევროპელ დემოკრატებთან“ ცდილობს თანამშრომლობას.

ამის კარგი მაგალითია თუნდაც „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენლის სერგი კაპანაძის გაჟღერებულ ინიციატივაზე, ე.წ. „ითხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებაზე, მმართველ გუნდის უარყოფითი დამოკიდებულება. თან ეს მაშინ, როცა ახლა ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის თემა საკმაოდ მტკივნეული და აქტუალურია.

ფაქტია, რომ სერგი კაპანაძის იდეა მცირედით მაინც შეუშლის ხელს იმ დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმების ადეპტებში ჩამოყალიბდა.

თქვენი აზრით, რატომ ამბობს უარს მმართველი გუნდი ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით „ევროპელი დემოკრატების“ რაციონალური ინიციატივის განხილვაზე?

- თანამშრომლობის თემას უკვე შევეხე. ვინმეს ვინმესთან თანამშრომლობაში დადანაშაულება წეღან ნახსენები ძველი ბიჭის ლოგიკას ჰგავს. რაც შეეხება სიას, ვფიქრობ, მის არსებობას არაფერი უდგას წინ. საქმე ეხება მძიმე დანაშაულს - ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას არასაომარ ვითარებაში. ამ დროს თავის შეკავება არა მხოლოდ გაუგებარია, არამედ უნებურად ხელსაც ვუწყობთ, რომ მომავალში მსგავსი რამ განმეორდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ტატუნაშვილის მკვლელობას ხელი შეუწყო იმ ფსიქოლოგიურმა ფონმაც, რომელიც ოთხოზორიას მკვლელობის შედეგად შეიქმნა. ასე ხომ ჩვენივე მოქალაქეების დაბეჩავებას ვუწყობთ ხელს. ამ დროს გამოჩნდება მავანი და შეეცდება, დაბეჩავებული ადამიანების აგრესია ნატოსა და აშშ-ზე გადაიტანოს, ხოლო მოძალადე მსოფლიო ზნეობის დამცველად გამოაცხადოს. მსგავს ბოდვებს ყოველთვის აქვს თავისი ფსიქოლოგიური წანამძღვრები და პოლიტიკოსებს ამის განჭვრეტა უნდა შეეძლოთ.

თუ ხელისუფლებაში ან არასამთავრობო სექტორში ვინმეს იმედი აქვს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის არარსებობა და პოზიციების უკიდურესი შერბილება სეპარატისტებთან დიალოგს გააადვილებს და ერთხელაც ჩვენი სულგრძელობით გულაჩუყებულები მკერდში ჩაგვეკვრებიან, რბილად რომ ვთქვათ, ცდება

რუსულ ზურგს ამოფარებულმა ნაძირლებმა უნდა იცოდნენ, რომ დადგება დღე, როდესაც მათ დღევანდელ ავკაცობას პასუხი მოჰყვება. ხოლო თუ ხელისუფლებაში ან არასამთავრობო სექტორში ვინმეს იმედი აქვს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის არარსებობა და პოზიციების უკიდურესი შერბილება სეპარატისტებთან დიალოგს გააადვილებს და ერთხელაც ჩვენი სულგრძელობით გულაჩუყებულები მკერდში ჩაგვეკვრებიან, რბილად რომ ვთქვათ, ცდება.

- მსოფლიო მედია აქტიურად განიხილავს პუტინის ყოველწლიურ მიმართვას სენატისა და სახელმწიფო სათათბიროსადმი. ფაქტია, იგი ნამდვილად აშკარად გამორჩეული იყო კონფრონტაციული რიტორიკით.

თქვენი აზრით, რეალურად რა უთხრა პუტინმა რუსეთის მოსახლეობას, ევროპას, აშშ-ს და მათ შორის ჩვენ საქართველოს?

- „ვაგნერის“ განადგურებამ პუტინი მძიმე დღეში ჩააგდო. როგორც ჩანს, მის გარემოცვაშიც სერიოზული უკმაყოფილებაა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის, სირიაში მიღებული დარტყმისა და სანქციების გამო დაკარგული მილიარდების მიზეზით.

პუტინის მიმართვის შინაარსი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. იგი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ სრულიად აკონტროლებს ვითარებას და რომ რაღაც განსაკუთრებულ იარაღსაც ფლობს.

ნეოიმპერიული ინერცია ძალზე ძლიერი აღმოჩნდა. მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ აგრესიამ საკუთარი ძალების შეფასება არ იცის. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება

ნეოიმპერიული ინერცია ძალზე ძლიერი აღმოჩნდა. მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ აგრესიამ საკუთარი ძალების შეფასება არ იცის. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები დიდხანს ვერ გაუძლებს ამ დაძაბულობას. ეს იციან იმათაც, ვისი მოკავშირეობის იმედიც აქვთ რუსებს.

მთავარი ის კი არ არის, რომ სირიაში გამოჩნდა ამერიკული იარაღის უპირატესობა, მთავარია ის სიმშვიდეა, რომლითაც ამერიკელებმა ოპერაცია ჩაატარეს. ამით მათ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიაღწიეს და ყოვლისშემძლე და არნახულ იარაღზე საუბარი უმალ დაბნეულობის ნიშანს ჰგავს.

ამით პუტინი მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ დასავლეთი კიდევ უფრო გაამკაცრებს სანქციებს და გაზპრომის მიერ დაფინანსებული ევროპელი პოლიტიკოსები ძველებურად თამამად ვეღარ იქნებიან.

ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად პუტინი მზად არის რუსეთი ჩრდილო კორეის გზით წაიყვანოს. მაგრამ საიმისოდ, რომ მისი სოციალური ბაზა, ეს აგრესიულად მორჩილი მასა უსიტყვოდ წაჰყვეს, აუცილებელია დიადი გამარჯვებების ილუზია შექმნას.

დღეს რუსულ ხელისუფლებაში, სულ მცირე, სამი-ოთხი სალდაფონი ირგებს ბონაპარტეს მუნდირს. ამ ვითარებაში „დიადი გამარჯვების“ შთაბეჭდილება სწორედ ყოფილ საბჭოთა ბანაკში დაკონსერვებული თუ დაუკონსერვებელი აგენტურის მეშვეობით რამე წარმატების მიღწევამ შეიძლება შექმნას. ამ სტრატეგიის კონტურებს დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ

დღევანდელი სიტუაცია მას აღარ აძლევს საშუალებას, დედამიწის რომელიმე წერტილში მცირე, მაგრამ ძლევამოსილი სამხედრო გამარჯვების ილუზია შექმნას. როგორც ჩანს, ისევ სირიაში შეეცდება რევანშის შთაბეჭდილება შექმნას, ოღონდ ისე, რომ ამერიკელები ძალიანაც არ გააღიზიანოს. ეს კი ძალზე ცოტაა ნეოიმპერიალისტური ვნებების დასაოკებლად. პროცესები მის კონტროლს აღარ ექვემდებარება.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ დღეს რუსულ ხელისუფლებაში, სულ მცირე, სამი-ოთხი სალდაფონი ირგებს ბონაპარტეს მუნდირს. ამ ვითარებაში „დიადი გამარჯვების“ შთაბეჭდილება სწორედ ყოფილ საბჭოთა ბანაკში დაკონსერვებული თუ დაუკონსერვებელი აგენტურის მეშვეობით რაიმე წარმატების მიღწევამ შეიძლება შექმნას. ამ სტრატეგიის კონტურებს დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ.

- ფაქტია, რომ ასეთ საკმაოდ რთულ ფონზე ჩვენში ევროსკეპტიკოსები არა მარტო გააქტიურდნენ, შეიძლება ითქვას, შეტევაზეც კი არიან გადასულები. ამის კარგი მაგალითია ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილის მიერ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი გაგზავნილი მიმართვა.

ჩვენში დემოკრატია და პლურალიზმია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს.

მაგრამ, თუ მიმართვაზე ხელმომწერები მართლაც დამღუპველად მიიჩნევენ საქართველოს საგარეო კურსსა და ვექტორს, სოციალურ ქსელში ბატონმა გია ნოდიამ სავსებით ლოგიკური კითხვა დასვა - გაუგებარია რატომ მიმართავენ ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსს და არა საქართველოს მთავრობას? მე კი მხოლოდ დავამატებ, მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანაში ბევრ მათგანს მონაწილეობაც აქვს მიღებული?

- აშკარაა, რომ დიპლომატიურ კორპუსს საერთაშორისო რეზონანსის მისაღწევად მიმართეს. იმედი მაქვს, ისინი ვერ იაზრებენ, რომ მათი ლოგიკა იდენტურია იმ ქალის ლოგიკისა, რომელიც მოიტაცეს, იძალადეს და ახლა აცხადებს, სხვა რა გზა მაქვს, ცოლად უნდა გავყვეო. ესაა ლოგიკა იმ მავანისა, ვის ცხოვრებაშიც ჰარმონია და წესრიგი მხოლოდ მაშინ მყარდება, თუ ვიღაც თავის ჭირვეულ ნებას თავს ახვევს.

ჩვენი სიმცირე და სისუსტე არ არის ის მთავარი არგუმენტი, რომლითაც რუსეთთან ურთიერთობას უნდა მივუდგეთ. განა ცოტა გინახავთ ფიზიკურად სუსტი ადამიანი, რომელიც თავისი რაციონალური სიმშვიდით და თავის ღირსებაზე ხაზგასმით აჩერებს ასგზის უფრო ძლიერ მოძალადეს? ფიზიკური ძალა არც საბოლოო არგუმენტია და არც გამარჯვების გარანტია და ეს ჩვენ, ქრისტიანებმა, ყველაზე კარგად უნდა ვიცოდეთ.

რუსული პოლიტიკა კარგად ხედავს, რომ ჩვენში თაობები შეიცვალა, რომ ისტორიას ბარდებიან ის ადამიანები, ვისთვისაც მონობა ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ასპარეზზე გამოდის თაობა, ვისთვისაც ქართული სახელმწიფოებრიობა ღირსების საქმეა. და არა მხოლოდ ისეთები, ვისაც პრიორიტეტები ვერ დაულაგებია და ნარკოტიკების მომხმარებლების უფლებებისათვის ან ერთნაირსქესიანთა ქორწინებისათვის ბრძოლა უპირველეს ამოცანად მიუჩნევია.

რუსული პოლიტიკა კარგად ხედავს, რომ ჩვენში თაობები შეიცვალა, რომ ისტორიას ბარდებიან ის ადამიანები, ვისთვისაც მონობა ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ასპარეზზე გამოდის თაობა, ვისთვისაც ქართული სახელმწიფოებრიობა ღირსების საქმეა... ამიტომაც ჩქარობენ, აამოქმედეს ყველა რესურსი, ყველა ხერხით ცდილობენ ქაოსი შეიტანონ ჩვენს მსოფლმხედველობრივ ცხოვრებაში

ხედავენ და ამიტომაც ჩქარობენ, ამიტომაც აამოქმედეს ყველა რესურსი, ყველა ხერხით ცდილობენ ქაოსი შეიტანონ ჩვენს მსოფლმხედველობრივ ცხოვრებაში, თავდაყირა დააყენონ ისედაც ჩამოუყალიბებელი პრიორიტეტები და ასე შემდეგ. მათი საყრდენია ის იდეოლოგიური სნობები, ვისაც ვერ გაუგია, რომ ნებისმიერ კულტურას, მათ შორის ქართულსაც, თავისი მყარი მეტაფორათა სისტემა აქვს და ამ სისტემასთან დაპირისპირება მაშინ, როდესაც მტერი შენსკენ მოიწევს, საკუთარ რიგებში არეულობის შეტანის ტოლფასია.

ვგულისხმობ იმ იდეოლოგებს, ვინც პატრიოტული რიტორიკა, როგორც „არათანამედროვე“ და „ჩამორჩენილობის ნიშანი“ მტერს და მის აგენტურას გადაულოცა.

საგანგებოდ არ ვახსენებ ლიბერალებს. ლიბერალიზმი, როგორც მსოფლმხედველობა, კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. ვგულისხმობ იმათ, ვინც ლიბერალიზმის ნიღბით გვთავაზობს იმას, რაც ქართველ კაცს, რუსეთის გარდა, მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ შიშით და უნდობლობით აღავსებს და ამას ან ბოროტი წინასწარგანზრახვით ან ავადმყოფური სნობური ტკბობით აკეთებს.

ცხადია, ასეთები სერიოზულ კრიტიკას იმსახურებენ. ჩვენი შინნაზარდი პუტინიზმი ცდილობს, ეს კრიტიკა ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობილებების გასაღვივებლად გამოიყენოს და ტყუის, თანაც ტყუიან ბოროტად და მიზანდასახულად. რუსეთის დახატვა ტრადიციებისა და იდენტობის დაცვის გარანტად ისეთივე ნონსენსია - მეტი რომ არ ვთქვა - როგორც ტანკზე შემჯდარი რუსული მართლმადიდებელი მღვდლის გაიგივება სერაფიმ სოროველთან ან რუსული ყუმბარების ზეციურ ცეცხლად წარმოდგენა.

როდესაც მოსკოვი და პეტერბურგი გეიკლუბებისა და სექსმუშაკთა ოდენობით შორს უსწრებს თავისუფალი ზნეობრივი ცხოვრებით ცნობილ ევროპულ ქალაქებს, როდესაც მსოფლიოში მოხმარებული ჰეროინის 24%, ხოლო ჰეროინით გარდაცვლილთა 40% რუსეთზე მოდის, როდესაც რუსეთმა დიდი ხანია გაუსწრო ყველას მკვლელობების, ოჯახების დაშლის, ბავშვებზე ძალადობის სტატისტიკით, რა ტრადიციულ ღირებულებებზე, მითუმეტეს, ქრისტიანობაზე შეიძლება ლაპარაკი?

ევროპა მრავალფეროვანია. მას თავისი კულტურის კრიტიკოსები ჰყავს, კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ჟან ბოდრიარის „ბოროტების გამჭირვალობა“ და ამაში იოლად დავრწმუნდებით.

ჩვენი შინნაზარდი პუტინიზმი ცდილობს კრიტიკა ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობილებების გასაღვივებლად გამოიყენოს და ტყუის, თანაც ტყუიან ბოროტად და მიზანდასახულად

დასავლეთი ცოცხალი ორგანიზმია, რომლისთვისაც უცხოა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ჭეშმარიტებები და თუკი ჩნდება საშიშროება, რომ ვიღაცამ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებების სახელით დაიწყო მართვა და ამითი ჩიხში შეჰყავს საზოგადოება, ჩნდება მავანი ტრამპიც თავისი მარტივი ადამიანური სიმართლეებით და არაიდეოლოგიზებული აზროვნებით.

ეს ორგანიზმი თავადვე შობს თეზასაც და ანტითეზასაც და სწორედ ამით არის ცოცხალი განსხვავებით რუსული საბჭოთა მუმიფიცირებული „ტრადიციული“ და „ზნეობრივი“ ბუტაფორიისაგან.

- გასაგებია, რომ მიმართვაზე ხელმომწერები დღევანდელი საქართველოს მეინსტრიმს

არ წარმოადგენს, მაგრამ მეტად საეჭვოდ გამოიყურება მათი გააქტიურების დრო.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ახლა საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება ურთულესია. სულ უფრო მეტად იკვეთება რომ მოსკოვში დიდი მსოფლიო არეულობის იმედი აქვთ, რომლის დროსაც მას პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენის საშუალება შეიძლება მიეცეს.

ასეთ ვითარებაში სულაც არაა გამორიცხული, რომ ქართული ინტელიგენციის ერთი ნაწილის რუსეთის მიმართულებით გააქტიურება კრემლში საქართველოში რუსეთის მოწვევის მცდელობადაც კი იქნას აღქმული. თუ ასეა, ძნელი დასაჯერებელიც კია, რომ ამ ადამიანებს ეს არ ესმოდეთ. მაშ რა ხდება?

- ამ განცხადების ერთი მიზეზი უკვე დავასახელე. პუტინიზმი ყოფილ საბჭოთა სატელიტებში თავისი მოკავშირეების მობილიზებას ცდილობს, რათა მათი მეშვეობით გადაწონოს ამერიკელებთან დაპირისპირებაში განცდილი მარცხი.

ალბათ არსებობს მეორე, უფრო კონკრეტული მიზეზიც. ტატუნაშვილის მკვლელობით გამოწვეული ანტირუსული განწყობილებები სტოკჰოლმის სინდრომის პრინციპით ნატოს წინააღმდეგ იქნა წარმართული.

რუსული პროპაგანდა საქართველოში ყოველთვის ბუტაფორიული ნაციონალიზმისა და სულმოკლეობის გაღვიძების გზით მიდიოდა. ყველა შემთხვევაში, პრორუსული ძალების მოქმედება საქართველოში თანდათან ემსგავსება შულავერის კომიტეტის საქმიანობას. არ არის გამორიცხული, უკვე ისეთ ზღვარზე ვართ, რომ სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება იყოს საჭირო მსგავსი პროპაგანდის წინააღმდეგ.

ამ რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე, რომ თურმე ნატო მოძველებული რეალობაა და რომ ტრამპის არჩევის შემდეგ მის მომხრეობას თუ მოწინააღმდეგეობას აზრი დაეკარგა. ესაა კონცეპტუალური ქაოსის შექმნის მცდელობის ტიპური ნიმუში, მეორე მხარე იმ მედლისა, რომლის ერთ მხარესაც აწერია, რომ ნატო გვღუპავს. ამგვარ განცხადებებს ფსევდოინტელექტუალურ წრეებზე წმინდა ემოციური ზემოქმედება აქვს მიზნად, თორემ არა მგონია, მის ავტორებს თავად სჯეროდეთ, რომ დასავლეთის ქვეყნები უიმედოდ არიან ჩარჩენილები ძველ რეალობაში. ხოლო რუსეთი ნატოსთან თავისი ირაციონალური დაპირისპირებით სინამდვილეში ცდილობს, რომ მოძველებული წარმოდგენებიდან იხსნას მთელი სამყარო.

პრორუსული ძალების მოქმედება საქართველოში თანდათან ემსგავსება შულავერის კომიტეტის საქმიანობას. არ არის გამორიცხული, უკვე ისეთ ზღვარზე ვართ, რომ სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება იყოს საჭირო მსგავსი პროპაგანდის წინააღმდეგ

ამ თემაზე ამდენი ლაპარაკი, ალბათ, არც ღირდა. ეს ყველაფერი იმ სიმღერის გაგრძელებაა, რომ, თურმე, ტრამპი რუსეთის კაცია და მხოლოდ ამის შესანიღბად გაანადგურა ორი თუ სამი ასეული რუსი მოხალისე სირიაში.

არადა, ახალი რეალობის მაუწყებელი ტრამპიც რომ მოითხოვს ევროპელი მოკავშირეებისაგან ნატოს დაფინანსებაში უფრო ქმედით მონაწილეობას? მოკლედ, ქართული პუტინიზმის ტრამპით აღტაცება მთელი ფაზით ჩამორჩა რუსულს. ეს უკანასკნელები უკვე იმედგაცრუების ფაზასაც გასცდნენ.

რუსული საინფორმაციო ომის მთავარი მიზანი სწორედ ამგვარი საინფორმაციო და აზრობრივი ქაოსის შექმნაა. რაც მეტად გაღრმავდება ქაოსი, მით უფრო იოლი იქნება დაბნეულ და გაჭირვებულ ობივატელს გამოსავლად რუსული „მართლმადიდებელი“ სამოთხე შესთავაზონ.

განა კონცეპტუალურ ქაოსს არ ემსახურება ისიც, რომ დღეს აქ და ახლა ათასობით ახალგაზრდის ყურადღება ნარკომანთა ბედზე იქნა გადართული. სამწუხაროდ, თითქმის არავინ დაინტერესებულა, როგორ შეიძლებოდა ამით ჩვენს შინაურ ნარკობარონებს ესარგებლათ და რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პარალიზებას მივიღებდით.

„ჩადებამ“, როგორც უმსგავსო მეთოდმა, შედეგად ეს მოგვცა. მაგრამ არ შეიძლება ერთ ბოროტებას მეორე ბოროტების დაშვებით ებრძოლო და მით უმეტეს, ამ ბრძოლის ქარცეცხლში ქვეყნის მთავარი სატკივარი დაივიწყო.

ასე ცდილობენ მავანნი და მავანნი, რომ ნიადაგი მოამზადონ ახალი შულავერის კომიტეტის შესაქმნელად. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც ისე შორეულ მომავალში უკვე საჯარო განცხადებებსაც ვიხილავთ. ჯერჯერობით კი ნატოსთან დაახლოების იდეა უნდა დაასამარონ. ის, რომ ქართველ ხალხს ერთ-ერთი ტელევიზიის ეკრანიდან საჯაროდ მოულოცეს 25 თებერვალი აშკარა ნიშანია, რომ პუტინისტური ძალები კიდევ უფრო აგრესიულები გახდებიან და თანაც არც ისე შორეულ მომავალში.

ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადების ავტორები მხოლოდ თავს კი არ იტყუებენ, არამედ ასობით ადამიანსაც ყალბ იმედებს უჩენენ. გულწრფელად მაინტერესებს, რომელიმე მათგანი თუ იკისრებს პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რაც ნატოსთან ინტეგრირების პროცესის შეჩერებას შეიძლება მოჰყვეს?

როგორც ვთქვი, პუტინს დღეს სხვა საერთაშორისო გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს და არსებობს საშიშროება, რომ მთელს თავის რესურსებს აქეთ წარმართავს - სხვაგვარად რომელიმე ახლად გამოჩეკილი რუსი ბონაპარტეს მსხვერპლად იქცევა.

ნატოსთან დაკავშირებით ეზოპეს ერთი იგავი მახსენდება. მგლებმა ცხვრებს შერიგების პირობად ნაგაზებზე უარის თქმა წაუყენეს. ჰოდა, ცხვრებიც დათანხმდნენ. შედეგი რაც იქნებოდა, აშკარაა.

ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადების ავტორები მხოლოდ თავს კი არ იტყუებენ, არამედ ასობით ადამიანსაც ყალბ იმედებს უჩენენ. გულწრფელად მაინტერესებს, რომელიმე მათგანი თუ იკისრებს პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რაც ნატოსთან ინტეგრირების პროცესის შეჩერებას შეიძლება მოჰყვეს? იაზრებენ თუ არა, რომ თუ გაუმართლათ, რამდენიმე თაობა მათ მიერ თავის მოტყუების მსხვერპლად იქცევა? ესმით კი მათ, რომ ვინც მათი განცხადების ორგანიზება მოახდინა, მიზნად ისახავდა პუტინის ავტორიტეტის გადარჩენას და საინფორმაციო კაკაფონიაში ტატუნაშვილის სადისტური მკვლელობის მიჩქმალვასაც ცდილობდა?

- დაახლოებით ათიოდე დღის წინ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა -“მნიშვნელოვანია მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ - თუ თქვენ არ განსაზღვრავთ ნარატივს თქვენი ქვეყნისთვის, ამას ვინმე სხვა ჩრდილოეთისკენ განსაზღვრავს“

რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს ელჩის მხრიდან მთავრობისათვის იმის შეხსენება, რომ მას საგარეო ვექტორთან დაკავშირებით მკაფიო ნარატივი არ აქვს?

- ალბათ იმას, რომ სწორედ დღევანდელი ხელისუფლების ორბიტაში საკმაოდ აღმოჩნდნენ პრორუსი მოღვაწეები. უფრო მეტიც, გაძლიერდა ტელევიზია, რომელიც სიტყვის თავისუფლების სახელით აგრესიულ პრორუსულ პროპაგანდას ეწევა. თუ არ ვცდები, 2012 წელს სომხეთის საგარეო პოლიტიკა ქართულისათვის იდეალურ ნიმუშად იქნა გამოცხადებული. ყველაფერი ეს ფაქტია.

ჩვენში დღეს მართლაც მსოფლმხედველობრივი ქაოსია, მაგრამ ამაში დიდად შეგვიწყო ხელი დასავლეთში შრედერისა და ბერლუსკონის მსგავსი ლიდერების არსებობამ

თუმცა, მე საკითხს სხვაგვარადაც დავსვამდი. ევროატლანტიკური ნარატივი დაასუსტა მავანი დასავლელი მოღვაწეების გულგრილობამაც ჩვენი ბედის მიმართ. რა დასამალია და „გაზპრომი“ დიდ სახსრებს ხარჯავს საიმისოდ, რომ ამგვარ გულგრილთა ოდენობა ევროპის პოლიტიკურ წრეებში მუდმივად საკმარისი იყოს.

თუ დღეს ნარატივი შესუსტებულია, ამაში დიდი წვლილი მოსალოდნელი შედეგების უსასრულო ლოდინსაც აქვს. დღეს ეს მოღვაწეები ჩვენ გვნებენ. ხვალ კი მათი საქმიანობის შედეგები მათივე ქვეყნების საწინააღმდეგოდ წარიმართება.

ამიტომ, ვფიქრობ, კრიტიკას ვიმსახურებთ. ჩვენში დღეს, მართლაც, მსოფლმხედველობრივი ქაოსია, მაგრამ ამაში დიდად შეგვიწყო ხელი დასავლეთში შრედერისა და ბერლუსკონის მსგავსი ლიდერების არსებობამ. ჩვენს მიერ დასავლეთისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს არ შეიძლება მუდმივად „გაზპრომთან“ დაკავშირებული პირების, არსებითად, საბოტაჟი ხვდებოდეს. დარწმუნებული ვარ, იან კელიმ ეს კარგად იცის. ჩვენც გვაქვს გარკვეული მოთხოვნების საფუძველი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი