ლევან იზორია - საქართველოს აშშ ”ჯაველინების” მიყიდვაზე 10 წლის განმავლობაში უარს ეუბნებოდა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს აშშ ”ჯაველინების” მიყიდვაზე 10 წლის განმავლობაში უარს ეუბნებოდა. როგორც იზორიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, აშშ-მა მხოლოდ 2017 წელს დააფასა გატარებული რეფორმები და თანხმობა განაცხადა საქართველოს მხრიდან ”ჯაველინების” შეძენაზე.
”ჩვენ მთელი 10 წლის განმავლობაში ვითხოვდით ”ჯაველინების” სისტემის შეძენას, თუმცა არსებობდა გარკვეული გარემოებები, რის გამოც თითოეულ წელს, როდესაც ეს საკითხი იყო დაყენებული, უარი ითქვა. თუმცა, როდესაც 2017 წლის მარტში მივმართეთ ამერიკულ მხარეს, დააფასეს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები და ეს იყო გადაწყვეტილებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. დააფასეს, რომ ჩვენი კურსი რეფორმების ნაწილში არის ურყევი. საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო სფეროში არის ახალ ეტაპზე გადასული, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს მათთან”, - განაცხადა იზორიამ.

























