ივანე ნორაკიძე - დიდუბის, მთაწმინდის და საბურთალოს უბნებიდან ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენლები სრულიად უკანონოდ გამოაძევეს

დიდუბის პირველ, მთაწმინდის მე-6 და საბურთალოს 72-ე საარჩევნო უბნებიდან ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენლები სრულიად უკანონოდ გამოაძევეს, - ამის შესახებ დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენელმა ცესკო-ში ივანე ნორაკიძემ განაცხადა.
მისი მტკიცებით, ელისაშვილის წარმომადგენლები ხელს არ უშლიდნენ საარჩევნო პროცესს და ცესკო-მ მხოლოდ იმიტომ გამოაძევა, რომ მას სურს შედეგების გაყალბება.
ნორაკიძე ამომრჩეველს მოუწოდებს იაქტიუროს, დააფიქსიროს თავისი ხმა და გაყალბებას შეუშალოს ხელი.
„3 საუბნო საარჩევნო კომისიიდან ჩვენი წარმომადგენლები გამოაგდეს სრულიად უკანონოდ, თითქოს ისინი რეგისტრატორების მუშაობას უშლიდნენ ხელს. განცხადებაში მითითებულია, რომ ისინი დაჟინებით აკვირდებოდნენ სიებს და ამით უშლიდნენ ხელს რეგისტრატორების მუშაობას. ცესკო მთელი დღეა თავის ბრიფინგებზე იმას გაიძახის, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ჩანაწერების გაკეთების და სიებზე დაკვირვების საშუალება აქვთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მიზეზით დაატოვებინეს ჩვენს წარმომადგენლებს უბნები.
ჩანაფიქრი გასაგებია, ცესკო-ს არ უნდა, რომ ჩვენი წარმომადგენლები დაესწრონ ხმის დათვლის პროცესს, რომელიც მალე დაიწყება. არჩევნები ყალბდება ძალიან მასობრივად, ერთადერთი წამალი ამისთვის არის ის, რომ ყველა მოვიდეს არჩევნებზე. აქტივობა თუ იქნება მაღალი, ცესკო ვერ შეძლებს იმ რიცხვების დაფიქსირებას, რაც მას წინასწარ აქვს განსაზღვრული“, - განაცხადა ნორაკიძემ.

























