ცესკო ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებაზე - საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია დასაშვებია

ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენლის, ივანე ნორაკიძის განცხადებას პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ დიდუბეში 34-ე, 35-ე და 36-ე უბნებთან, ასევე, ვაკეში 51-ე უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან და წინასწარ შედგენილ სიებში ინიშნავენ ამომრჩევლის მისვლას.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია დასაშვებია.
„კანონმდებლობის თანახმად, აგიტაცია იკრძალება მხოლოდ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია არის დასაშვები და ასევე, კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, საკუთარი ამომრჩევლების, მხარდამჭერების მობილიზებაც მოახდინოს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ამასთან, ივანე ნორაკიძის განცხადებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.
მისი თქმით, ეს არის დარღვევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას როგორც ცესკო-ს, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.

























