ლევან იზორია - ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

ჩვენი საბოლოო მიზანია, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლიც ცენტრში, ცენტრის გახსნის ორი წლის იუბილეზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
"საბოლოო მიზანია დავუახლოვდეთ ნატო-ს და გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ნატო-ს მხრიდან. მინდა გამოვყო ნატო-ს ძირითადი ჯგუფის მხარდაჭერა და მადლობას ვუხდი ამისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის", - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცენტრი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის მიზანია ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება.
"იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებითაც ტარდება წვრთნები, არის აბსოლუტურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. რეგიონში ასეთი ცენტრი არის უპრეცედენტო. ასეთი წვრთნების შედეგად ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს, ვიდრე თუნდაც 2 წლის წინ. მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აშშ-ს მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სიმულაციურ საველე და სამეთაურო სწავლებებს. თავდაცვითი შესაძლებლბების გაზრდას ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების M-240-ით აღჭურვა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. მე გადავეცი ეს ტყვიამფრქვევი 43-ე ბატალიონს, რომელიც გაივლის პირველ წვრთნებს საქართველოს მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში",- განაცხადა იზორიამ.

























