თამაზ მეჭიაური - ფულით არ უნდა ხდებოდეს პატრიოტიზმის ანაზღაურება
მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებაში და მხოლოდ ფულით არ უნდა ხდებოდეს პატრიოტიზმის ანაზღაურება და ჩანაცვლება, - ამის შესახებ ”ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.
თამაზ მეჭიაურს ზედმეტად მიაჩნია, რომ ჯარში მანდილოსნებიც გაწვეულნი იყვნენ, თუმცა, მისივე თქმით, მამაკაცებმა უნდა დაიცვან თავისი ქვეყანა, ვისაც ფიზიკურად ამის საშუალება გააჩნია.
”თუ გავითვალისწინებთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც მართლაც აქვთ ამ ნაწილში წარმატება, თუნდაც ისრაელი, იქ მათ შორის, ვალდებული არიან ქალბატონებიც და არავისზე ნაკლები ღირსება არ გააჩნიათ და არავის გაუპროტესტებია, რატომ არის ეს. აქ რომ მამაკაცებსაც კი თავისუფლად მივცეთ უფლება - უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყანა და უნდა არა, მე არ მიმაჩნია სწორად. ეს გამოიწვევს ქვეყნის დემორალიზებას. ქვეყანა თუ უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ ყველამ და უნდა გვქონდეს ამის ვალდებულება. არის ქვეყნები, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს, შეუძლიათ იქ წავიდნენ და იქ იდეზერტირონ ვისაც სურვილი ექნება”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა ხელი.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას.
''ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს'', - განაცხადა ხიდაშელმა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.

























