თინათინ ხიდაშელმა ლიბერალ ინტერნაციონალის კონგრესის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

თინათინ ხიდაშელმა ლიბერალ ინტერნაციონალის კონგრესის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიბერალ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის 196-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა სხდომის ფარგლებში გამართულ თემატურ კონფერენციაზე - „ექსპანსიისა და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის პირისპირ.“

მათივე განმარტებით, თავდაცვის მინისტრმა გამოსვლისას საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„იმ საქმიანი შეხვედრების გარდა, რომელიც კონგრესის ფარგლებში გაიმართა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამგვარი ღონისძიებების მასპინძელი ხდება საქართველო, თბილისი. ეს აჩენს მეტ თავდაჯერებულობას მთელი მსოფლიოსთვის, რომ თბილისი არის დაცული ადგილი, ქალაქი, სადაც შესაძლებელია ჩახვიდე და მსოფლიო კონგრესები გამართო. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ღონისძიებები საქართველოში, მით მეტად გაიზრდება რწმენა და განცდა, რომ თბილისი, ბათუმი... საქართველოს სხვა ქალაქები არის ჩვეულებრივი ევროპული ქალაქები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი ქვეყანაა, სადაც ლიბერალ ინტერნაციონალის კონგრესი გაიმართა.