რამაზ საყვარელიძე - ვთვლი, რომ ჩვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ზედმეტ ემოციებს ვხარჯავთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, არჩევნების წინ მმართველ პარტიაში რყევების შედეგად “ქართული ოცნება” დაიშალა. კოალიციაში შემავალი პარტიების არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის იდეა რომ არც “რესპუბლიკელებს” და არც “ეროვნულ ფორუმს” ეკუთვნოდა, ცხადია. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 6 თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაწყებულ პროცესებსა და საარჩევნო თვალსაზრისით არსებულ ვითარებას?
- დავაზუსტებ სტერეოტიპად ქცეულ ფრაზას “კოალიცია დაიშალა”. 2012 წლიდან პარლამენტში კოალიციის პარტიები, “თავისუფალი დემოკრატების” გარდა, აცხადებენ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში განაგრძობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ეს ნიშნავს, რომ კოალიცია ამჟამად დაშლილი არაა, რადგან კოალიცია თანამშრომლობას გულისხმობს. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ ოქტომბრის არჩევნებში აღარ შექმნიან წინასაარჩევნო კოალიციას. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ვამბობთ, რომ “კოალიცია დაიშალა”, ოღონდ არ ვაზუსტებთ ამჟამინდელ კოალიციაზეა საუბარი, თუ სამომავლოზე, რაც, ვფიქრობ, გაუგებრობას აჩენს ხოლმე. ამგვარი გაუგებრობაა, რომ, მაგალითად, მოითხოვენ ამჟამად მოქმედი იმ მინისტრების გადაყენებას, ვინც მომავალ კოალიციაში არ იქნება.
თუ დღეს კოალიცია არსებობს, ოღონდ მომავალ არჩევნებზე მისი ყველა წევრი დამოუკიდებლად აპირებს გასვლას, ეს ის პოლიტიკური სტილია, რაც ევროპამ ათწლეულობის განმავლობაში გამოიმუშავა. იქ პარლამენტში იქმნება კოალიცია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი ხმები არც ერთ პარტიას არ აქვს. შემდეგ იქმნება კოალიციური მთავრობა. ოღონდ, კოალიციურ მთავრობას გაუდის ვადა მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლისას. როცა მოდის არჩევნების დღე, ყველა პარტია დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ამით პარტიების პრეტენზიის ხარისხი ამომრჩეველზე ხდება დამოკიდებული და არა პოლიტიკურ გარიგებებზე.
მომავალ არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად გასვლა არსებული კოალიციის დაშლას არ ნიშნავს და ამის გამო ევროპაში არავინ იტყვის “კოალიცია დაიშალაო”. იქნებ, ჩვენც გავითვალისწინოთ ეს
მომავალ არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად გასვლა არსებული კოალიციის დაშლას არ ნიშნავს და ამის გამო ევროპაში არავინ იტყვის “კოალიცია დაიშალაო”. იქნებ, ჩვენც გავითვალისწინოთ ეს.
ახლა, რაც შეეხება იმ რყევებს, რომელმაც მოამწიფა მომავალ არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად გასვლის საკითხი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ცალ-ცალკე ბრძოლის იდეა “რესპუბლიკელებს” და “ფორუმს” არ ეკუთვნოდაო, რაც ჩემთვისაც სავსებით ლოგიკურია, მათ გარანტირებული არა აქვთ მხარდამჭერთა საჭირო პროცენტი.
ამავე ლოგიკით გვრჩება ერთადერთი ვერსია, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დაშალა პარტია “ქართულმა ოცნებამ”. მას ამის მოტივიც ჰქონდა. ამომრჩევლის ხმების ძირითად ნაწილს იღებდა პარტია “ქართული ოცნება”, მაგრამ სადეპუტატო თუ სამთავრობო თანამდებობებს უნაწილებდა მასთან შეხიზნულ პოლიტიკურ პარტნიორებს. ხიზანი, სტუმრისა არ იყოს, მცირე ხნით კარგია, ხოლო მუდმივად არავის უნდა. მიღებული გადაწყვეტილებით, “ოცნებამ” თავი აარიდა პარტნიორ პარტიებთან გარიგებებს და ამასთანავე უარი თქვა “ორთქმავლის” პრინციპით პარლამენტის უმრავლესობის შექმნაზე, რითაც ხარკი გადაუხადა დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებს. ამ მოვლენას დადებითად ვაფასებ.
- თქვენი კოლეგა სოსო ცისკარიშვილის აზრით, “ქართულ ოცნებაში” რღვევა შეუქცევად პროცესად მას შემდეგ იქცა, რაც კოალიციის წიაღში ამოტივტივდა “ევრაზიული ფრაქცია”. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ “ქართული ოცნების” სია სწორედ “ევრაზიული ფრაქციით” იყოს დაკომპლექტებული? თუ ამის ალბათობა დიდია, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს იმ ვითარებაში, როცა “ევრაზიულ კავშირზე” კარგა ხანია რუსეთშიც აღარავინ საუბრობს?
- სოსო მიყვარს, მაგრამ ჭეშმარიტება კიდევ უფრო მეტად. არა მგონია, რომ მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის იდეის გაჩენა “ევრაზიული ფრაქციის” დამსახურება იყოს. ჯერ ერთი, ამ ჯგუფის ერთი ნაწილი თავადაც ირთულებს ცხოვრებას და დამოუკიდებლად გადის არჩევნებზე. მეორეც, “ფრაქცია”, რომელსაც ევრაზიული ეწოდა, ისევე, როგორც “ჩრდილო-ატლანტიკური ფრაქცია”, ყოველთვის არსებობდა კოალიციაში, მაგრამ მათი დაპირისპირება საგრძნობი არ იყო. ვფიქრობ, დღეს მათ შორის დაპირისპირება სწორედ იმიტომ გამოვიდა სააშკარაოზე, რომ მიუღებელი გამხდარიყო სამომავლო კოალიციის შექმნა. ამ დაპირისპირების ამოტივტივებამ შეასრულა თავისი ფუნქცია და ვეჭვობ, რომ მომავალში “ოცნებაში” არსებული პოლიტიკური განსხვავებები ისევ ამოტივტივდეს.
რაც შეეხება ტერმინს, თქვენი თქმისა არ იყოს, “ევრაზიული კავშირი” რუსეთში აღარ ახსოვთ და საქართველოში მისი გახსენება არ ეგების. სოსოც, ალბათ, ამ ტერმინში კონკრეტულ პროექტს არ გულისხმობს, მას იყენებს მხოლოდ იმ ადამიანებზე მისანიშნებლად, ვინც, ზოგადად, დასავლეთის მიმართ უფრო კრიტიკულია, ვიდრე რუსეთის მიმართ. რუსეთისკენ გადახრა ჩვენთან იშვიათობას არ წარმოადგენს. ის ბევრი ფაქტორის შედეგია, რაც ცალკე საუბრის თემაა. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ “ქართულ ოცნებაში” ამ პოზიციის ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ მათმა არსებობამ დიდად არ უნდა შეგვაშფოთოს.
საქართველოს დასავლეთთან დაახლოება ბუნებრივი სოციალურ-პოლიტიკური პროცესია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ვეღარ შეცვლიან
პარლამენტში 150 პუტინი რომ აღმოჩნდეს, საქართველოს დასავლური ვექტორი არ შეიცვლება. დასავლეთში პოლიტიკური და ეკონომიკური დონე მაღალია და ამიტომ ყველა დასავლეთისკენ მიისწრაფვის, მათ შორის, ჩვენც. თანაც დღეს, წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, დასავლეთსაც სურს ჩვენი გათავისება. საქართველოს დასავლეთთან დაახლოება ბუნებრივი სოციალურ-პოლიტიკური პროცესია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ვეღარ შეცვლიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ზედმეტ ემოციებს ვხარჯავთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია.
- დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, “მეჭიაური მთავრობის კურსს ეწინააღმდეგება”. თქვენი აზრით, იქნება თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მეჭიაური? თუ არა, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თიანეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ქუცნაშვილი და მეჭიაური ერთმანეთს დაუპირისპირდებიან?
- ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ცუდია, როცა კოალიციის ერთი პარტიის პოპულარობის ხარჯზე სხვა პარტიებიც იღებენ მანდატებს. ზუსტად ამის ანალოგიურია პროპორციული საარჩევნო სისტემა, სადაც ლიდერის პოპულარობის ხარჯზე დეპუტატის მანდატს იღებენ ადამიანები, რომლებსაც დამოუკიდებლად არჩევნებზე გასვლის შემთხვევაში შეიძლება მხარდამჭერი არ ჰყოლოდათ.
ჩემი ნება რომ იყოს, მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებით დავაკომპლექტებდი პარლამენტს. ამიტომ ვთვლი, რომ სჯობს თიანეთის რაიონის მცხოვრებლებმა გააკეთონ არჩევანი ქუცნაშვილსა და მეჭიაურს შორის, ვიდრე რომელიმე მათგანი პარლამენტში შევიდეს საარჩევნო სიას ამოფარებული. მე არ მაქვს ვარაუდი იმაზე, თუ რა მოხდება, მაგრამ სასურველად მიმაჩნია, რომ ყველა საჭოჭმანო კანდიდატის საკითხი მაჟორიტარულ რეჟიმში გადაწყდეს.
- როგორც სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, ვინაიდან ბევრ პარტიას “პულსი არ ესინჯება”, 2016 წლის არჩევნებზე საკმაოდ ბევრი პარტია შეეცდება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ბლოკების შექმნას. სავარაუდოდ, როგორ დაჯგუფდებიან პარტიები ბლოკებად? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პარტიები იდეოლოგიისა და საგარეო ორიენტაციის მიხედვით დაჯგუფდნენ?
- პოლიტიკური პოზიციების მიხედვით თუ შეიკვრებიან ბლოკებად ის პარტიები, ვისაც “პულსი არ ესინჯებათ”, შეიძლება თავად ბლოკი აღმოჩნდეს პულსდაკარგული. ამიტომ სავარაუდოა, რომ ხმების მაქსიმალური მობილიზაციისთვის პარტიებმა ყურადღება არ მიაქციონ პოზიციების განსხვავებებს, როგორც ეს მოხდა 2012 წელს.
მეჩვენება, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა “მოდაში შემოდის”, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საგანი ხდება
მეორე მხრივ, მეჩვენება, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა “მოდაში შემოდის”, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საგანი ხდება. თუ ეს ვარაუდი სწორი გამოდგა, ბლოკები არ შეიქმნება, მით უფრო, რომ დიდი შედეგის მომტანი არ იქნება ბლოკები და პოლიტიკური ღირსების მოპოვებას შეიძლება მიეცეს უპირატესობა.
- ვალერიან გორგილაძის აზრით, “თუ საგარეო ორიენტაციის თემა კვლავ აქტუალური აღმოჩნდა, ეს საფრთხისშემცველი იქნება... მთავარია საზოგადოების პროდასავლურ-პრორუსულ ძალებად დაყოფა არ მოხდეს და საგარეო ორიენტაცია არ იყოს ნაკარნახევი დღის წესრიგი.” თქვენი აზრით, იქნება თუ არა საგარეო ორიენტაციის თემა ამ არჩევნებზე აქტუალური და მისი აქტუალიზაცია შეიცავს თუ არა საფრთხეს?
- რადგან ამ ინტერვიუში მე, ძირითადად, კომენტარების კომენტატორის როლში ვარ, განსხვავებული არგუმენტაციის შემოთავაზებასაც ვცდილობ. საგარეო ორიენტაციის თემა, რაც აქამდე განუწყვეტლივ მუსირებდა ქართულ პოლიტიკაში, დათვურ სამსახურს უწევს ამ პოლიტიკას. ძალზე ადვილია იმაზე ლაპარაკი, რომ დასავლეთი უკეთესია, ვიდრე აგრესიული რუსეთი. ამიტომ პოლიტიკოსები ხშირად ამ იოლ გზას ირჩევენ. ამასთანავე, ისინი საჭირო ყურადღებას აღარ უთმობენ ისეთ ტრადიციულ საპარლამენტო თემებს, როგორიც არის ბიუჯეტის გაზრდის და მისი გადანაწილების პრობლემები. ამ მდგომარეობის გამო დღემდე არ ჩამოყალიბდა საქართველოში მკაფიო მემარჯვენე თუ მემარცხენე პარტიები და მათი მოქმედების წესი.
თუ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაკლები აქცენტი გაკეთდება საგარეო პოლიტიკაზე, მით უფრო მიუახლოვდება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყნის შიდა პრობლემების გადაწყვეტას
მეეჭვება, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მემარჯვენეები სოციალურ შეღავათებს ითხოვდნენ ან პოლიტიკაში მოსულ მილიარდერს მემარცხენე პარტია შეექმნას. ამგვარ ნორმებს ყველა ქვეყანაში ამ ქვეყნის ცხოვრება აყალიბებს. შესაბამისად, თუ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაკლები აქცენტი გაკეთდება საგარეო პოლიტიკაზე, მით უფრო მიუახლოვდება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყნის შიდა პრობლემების გადაწყვეტას, ისევე, როგორც ეს ხდება ჩვენთვის მისაბაძ ბევრ სხვა ქვეყანაში.
- ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაზე, რომ პოლიტიაკში ივანიშვილის გამოჩენამდე პოლიტიკური სივრცე “მოსუფთავებული” იყო. თუ 2011 წელს პოლიტიკური ველი “მოსუფთავებული” იყო, ახლა შეიძლება ითქვას, რომ იგივე პოლიტიკური სივრცე ზედმეტადაც კი აშკარად ფრაგმენტიზებულია. ისეთი პირი უჩანს, რომ 2016 წლის არჩევნებზე მრავლად იქნებიან აუტსაიდერი პარტიები, მაგრამ ახლა მკვეთრად გამოხატულ ფავორიტებზე საუბარი აშკარად ჭირს. ვგულისხმობ იმას, რომ რომელიმე ერთ პარტიას გაუჭირდება ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე ოდნავ მეტის მიღება. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- 50%-იანი ბარიერი ახალი ხილია, ის ბევრ სიახლესაც მოიტანს. ერთ-ერთი სიახლე, უდავოდ, იქნება მეორე ტურების სიჭარბე, რადგან დიდი თუ პატარა პარტიისთვის რთული იქნება ბარიერის გადალახვა. გეთანხმებით, ნაკლებად პროგნოზირებადი არჩევნები იქნება, რაც იმის პირობაა, რომ თავად არჩევნები დინამიური იყოს და მომავალი პარლამენტი – მრავალპარტიული.
- გია ბარამიძემ განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობა” არ გამორიცხავს კოალიციის შექმნის შესაძლებლობას. თუმცა, პარტიიდან ამგვარი რამ სხვას არ დაუდასტურებია. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ “ნაციონალების” ბლოკში მათი მმართველობის დროს მათთან დაახლოებული პარტიები შეიძლება გაერთიანდნენ. თქვენი აზრით, “ნაციონალების” მხრიდან ბლოკის შექმნაზე საუბრის დაწყება რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ანალიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა ეს განცხადება პიარ-სვლად მიიჩნია. შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ “ნაციონალებმა” მხარში ამოიყენონ ის პარტიები, რომლებიც მათი ხელისუფლების პირობებში მათ სატელიტებად განიხილებოდნენ. ეს უფრო წააგავს მორალური მხარდამჭერის ძიებას, რადგან ხმების მოტანის მხრივ ამგვარი ბლოკი დიდად შედეგიანი არ იქნება.
- დამკვირვებელთა ნაწილი და “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ამ პარტიებს 5% ბარიერის გადალახვის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მათივე მტკიცებით, ბარიერის გადალახვის დაბალი შანსები აქვთ ასევე “ეროვნულ ფორუმსა” და “კონსერვატორებს”. უკვე ცნობილია, რომ არც “რესპუბლიკელები” და არც “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციის შექმნას არ აპირებენ. მეტიც, “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ. თქვენი აზრით, პარლამენტში მოხვედრის რა შანსები აქვთ მმართველ კოალიციაში ნამყოფ პარტიებს, რომლებიც არჩევნებზე ახლა ცალ-ცალკე გავლენ?
- “ნაოცნებარ პარტიებს”, ისევე, როგორც სხვებს, ბერიერის გადალახვის შანსი აქვთ, თუ მიიზიდეს ამომრჩევლის ყურადღება, გაუჩინეს მას მხარდაჭერის ინტერესი. ამას სჭირდება ენერგიული მოქმედება პროფესიულად გათვლილი პროგრამის მიხედვით. ბორის ელცინის მეორედ არჩევის წინ მისი რეიტინგი 6% იყო. ამერიკელი და რუსი პიარ-ტექნოლოგების ერთობლივი შრომით შედგა პროგრამა, რომელიც მოწაფესავით შეასრულა ელცინმა და არჩევნები მოიგო. ამდენად, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ საარჩევნო პროფესიონალიზმი და ენერგეტიკა საჭიროა.
ნაკლებად პროგნოზირებადი არჩევნები იქნება, რაც იმის პირობაა, რომ თავად არჩევნები დინამიური იყოს და მომავალი პარლამენტი - მრავალპარტიული
- პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, მაგრამ ახლა მთავარია პროკურატურამ დაადგინოს არა მარტო ის, თუ ვისი დაკვეთით ვრცელდებოდა ამ ტიპის კადრები, არამედ მათ გავრცელებასთან არიან თუ არა კავშირში რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და რა მიზანს ისახავდნენ ისინი. შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი?
- არაერთმა უცხოელმა გვითხრა, რომ კიბერტერორი ძნელი გამოსავლენი და დასამარცხებელია, თოფიან ტერორზე უფრო ძნელია. უცხოელებს მეტი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში, მათ ნათქვამს ვერ შევუსწორებ, მხოლოდ დავუმატებ, რომ სირთულე კიდევ უფრო მატულობს, თუ ამ ტერორში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები არიან ჩართული.
ამიტომ არ მეჩვენება სწორ დამოკიდებულებად, რომ ველოდოთ ამ საქმის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს. ოღონდ, არც მეორე უკიდურესობაა მისაღები, რომ სირთულის მომიზეზებით არც ერთ კითხვას არ გაეცეს პასუხი, როგორც იყო აქამდე.
ვეჭვობ, რომ ის გამოძიება, რაც ამაჟმად მიმდინარეობს, ვიდეოკომპრომატების პოვნისთანავე შეიძლებოდა ჩატარებულიყო. ახლა საზოგადოების აღშფოთებამ აამოძრავა პროკურატურა. ამიტომ, ამ საქმეში არსებულ კითხვებს იმდენად გაეცემა პასუხი, რამდენადაც გაგრძელდება საზოგადოებრივი წნეხი შედეგიანი გამოძიების მოთხოვნით.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























