თინა ხიდაშელმა ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია გახსნა

თინა ხიდაშელმა ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია გახსნა

ქართული საზოგადოების და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების არჩევანი არის აბსოლუტურად ურყევი და უკომპრომისო, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში განუცხადა.

თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის პლენარული სესია გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების გამოწვევებზე, პარტნიორობის მნიშვნელობასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. თინა ხიდაშელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის წევრები დანაპირებს შეასრულებენ და ვარშავის სამიტზე საქართველო სასურველ შედეგს მიიღებს.

"ყველაზე მთავარია, რომ ვარშავისკენ მიმავალ გზაზე რაც შეიძლება მეტად ვაჩვენოთ ყველა ფორუმზე, იქნება ეს სამხედრო თუ პოლიტიკური, ვაჩვენოთ პირველ რიგში ჩვენი მზადყოფნა. მეორე, ის რომ ქართული საზოგადოების და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების არჩევანი არის აბსოლუტურად ურყევი და უკომპრომისი და მესამე, ვაჩვენოთ როგორ ვაპირებთ ამ გზაზე სიარულს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მსგავსი კონფერენციები, ამ ტიპის ღონისძიებები ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო შესაძლებობაა.

"ეს საუკეთესო შესაძლებობაა, რომ ადამიანებმა ადგილზე, პირდაპირ ჩვენთან საუბრისას, ნებისმიერ იმ პირთან ვისთანაც სურთ საუბარი, გარკვევა და კითხვის დასმა, გაიგონ ყველაფერი, მიიღონ ინფორმაცია, რომ ეს არ არის ერთი თავდაცვის მინისტრის, ერთი პრემიერ-მინისტრის, ერთი პრეზიდენტის, ერთი დეპუტატის რაიმე ახირება და სურვილი, რომ ეს არის საერთო პოზიცია. სხვათა შორის, გუშინ მიღებაზე ყველა ამბობდა, რომ როგორც ერთი ისე ლაპარაკობთ ყველა და რაიმე დაწერილი ტექსტი ხომ არ გაქვთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შთაბეჭდილება მივიღოთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია - 2015" საქართველოში 8-10 ივნისს იმართება. კონფერენციის მასპინძლები ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები არიან. კონფერენციის მონაწილეები ტრანსფორმაციის საკითხებსა და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევებს განიხილავენ.