მინდია ჯანელიძე - პატივს ვცემ იმ ადამიანების თავისუფალ არჩევანს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და დღეს უკრაინაში იმყოფებიან

მინდია ჯანელიძე - პატივს ვცემ იმ ადამიანების თავისუფალ არჩევანს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და დღეს უკრაინაში იმყოფებიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად გვერდში უდგას უკრაინას მძიმე წუთებში. ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. ამით მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის სერგო რატიანის კითხვას უპასუხა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს განცხადება გაიხსენა უკრაინაში გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით.

როგორც მინდია ჯანელიძემ აღნიშნა განცხადებაზე, რომელიც მაშინ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, შემდეგ იყო განმარტება, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუმცა სამწუხაროდ, ეს გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.

"ჩვენ არაერთხელ და მეც პირადად არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, რომელსაც უკრაინელი ხალხი ეწევა.

ჩვენ, სახელმწიფო, მთავრობა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდში უდგას უკრაინას მძიმე წუთებში.

მე პატივს ვცემ და ჩვენ პატივს ვცემთ იმ ადამიანების თავისუფალ არჩევანს, რომლებმაც, გასაგებია, ჩვენი ხალხების ურთიერთობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება და დღეს უკრაინაში იმყოფებიან. მაგრამ ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი, მე პატივს არ ვცემ იმას, რომ მოუწოდებენ საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომ მათ დატოვონ შეიარაღებული ძალების რიგები და სამუშაოს სთავაზობენ", -განაცხადა ჯანელიძემ.